Facebook Twitter

ას-1119-1146-2011 10 ოქტომბერი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ შპს «ს. რ-ა»

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «ყ-ი»

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ვალდებულების არარსებობის აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 29 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს «ყ-მა» მოპასუხე შპს «ს. რ-ის» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა აღიარება იმისა, რომ არ გააჩნდა დავალიანება 2100 ლარის ოდენობით, რაც მოთხოვნილი იქნა მოპასუხის მხრიდან შპს «ს. რ-ის» ოპერატიული კონტროლის ცენტრის მიერ სადგურ რუსთავის სატვრთო და კომერციული საქმიანობის შემოწმების რევიზიის აქტის საფუძველზე (ტომი I, 2-6).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს «ყ-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელე გათავისუფლდა შპს «ს. რ-ის» ოპერატიული კონტროლის ცენტრის მიერ სადგურ რუსთავის სატვირთო და კომერციული საქმიანობის რევიზიის აქტის საფუძველზე დარიცხული თანხის _ 2100 ლარის გადახდისგან.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე უდავო ფაქტობრივ გარემოებებად მიიჩნია შემდეგი:

შპს «ს. რ-ასა» და შპს «გრანდს» შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება ¹სმგ-79/2 ¹1/3/ ისრის მეშვეობით რუსთავის რკინიგზის სადგურთან დაკავშირებული მოპასუხის კუთვნილი რკინიგზის ლიანდაგის მომსახურების შესახებ. 2008 წლის 10 ივნისს აღნიშნულ ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილება იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების მე-15 პუნქტს, რომელითაც გათვალისწინებული იყო იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებთანაც არსებული ხელშეკრულებების პირობებით განხორციელდებოდა ვაგონების მიწოდება, დაემატა სს «ყ-ი».

შპს «ს. რ-ის» სატვირთო გადაზიდვების დირექტორის 2010 წლის 04 თებერვლის ¹74/2 ბრძანების თანახმად, 2010 წლის თებერვლის თვეში შპს «ს. რ-ის» ოპერატიული კონტროლის ცენტრის მიერ ჩატარდა სადგურ რუსთავის სატვირთო და კომერციული საქმიანობის რევიზია. შემოწმდა 2007-2009 წლების პერიოდის სადგურ «რუსთავის» სატვირთო და კომერციული საქმიანობის დოკუმენტაცია.

მოსარჩელისათვის სადავო 2100 ლარის დარიცხვის საფუძველი გახდა ზემოაღნიშნული რევიზიის აქტი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით დაუდასტურებლად მიიჩნია ის გარემოება, რომ შპს «ს. რ-ამ» დროულად შეატყობინა სს «ყ-ს» ტვირთის მიღების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, შპს «ს. რ-ის» რევიზიის აქტის საფუძველზე არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო, რომ ვაგონების მოცდენა გამოწვეული იყო მოსარჩელის ბრალით. სასამართლოს დასკვნით, შპს «ს. რ-ის» მიერ ერთპიროვნულად შედგენილი რევიზიის აქტი უთანაბრდებოდა შპს «ს. რ-ის», როგორც მხარის, ახსნა-განმარტებას, რასაც თავის მხრივ, უპირისპირდებოდა მოსარჩელის საწინააღმდეგო ახსნა-განმარტება. ამასთან, საქმის მასალებიდან გამომდინარე, ასევე არ დატურდებოდა, თუ როდის ეცნობა სს «ყ-ს» ტვირთის მიღების შესახებ, ხოლო საქმეში წარდგენილი საერთო ფორმის აქტების შესაბამისად, რაც წარმოადგენდა ორმხრივ დოკუმენტს, არ დასტურდებოდა ვაგონების მოცდენის ფაქტი (ტომი I, ს.ფ. 107-114).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს. რ-ამ», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 123-134).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მაისის განჩინებით შპს «ს. რ-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას იმის შესახებ, რომ მასალებით არ დასტურდებოდა, რომ შპს «ს. რ-ამ» დროულად შეატყობინა სს «ყ-ს» ტვირთის მიღების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ მხოლოდ შპს «ს. რ-ის» რევიზიის აქტის საფუძველზე არ შეიძლებოდა დადგენილიყო მოსარჩელის ბრალი ვაგონების მოცდენაში, რადგან შპს «ს. რ-ის» მიერ ცალმხრივად შედგენილი რევიზიის აქტი მტკიცებითი მნიშვნელობით უთანაბრდებოდა შპს «ს. რ-ის», როგორც მხარის ახსნა-განმარტებას, რასაც თავის მხრივ, უპირისპირდება მოსარჩელის საწინააღმდეგო ახსნა-განმარტება. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, თუ როდის ეცნობა სს «ყ-ს» ტვირთის მიღების შესახებ. წარმოდგენილი საერთო ფორმის აქტების შესაბამისად, რაც წარმოადგენს ორმხრივ დოკუმენტს, არ დასტურდებოდა ვაგონების მოცდენის ფაქტი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებულ გარემოებათა საპირისპირო მტკიცებულება, აპელანტის მიერ სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა. საქმეზე დადასტურებული გარემოებების გათვალისწინებით კი, სს «ყ-ის» სარჩელი საფუძვლიანი იყო და შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილებულიყო (ტომი II, ს.ფ. 58-68).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს. რ-ამ», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი მიუთითებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ საერთო ფორმის აქტებით დასტურდება, რომ ვაგონების მოცდენა გამოწვეული იყო მოსარჩელის ანუ კლიენტის ბრალით, ხოლო მიზეზს წარმოადგენდა განბაჟების მოლოდინი ან ფიტოსანიტარული ნებართვის უქონლობა. მოპასუხემ დროულად ვერ უზრუნველყო გადაზიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დროული შესრულება, კერძოდ დროულად ვერ დაცალა ვაგონი, რის საფუძველზეც შპს «ს. რ-ამ» სწორად დაარიცხა მოსარჩელეს მომსახურების გაწევის საფასური _ 2100 ლარის ოდენობით. კასატორის მითითებით, საქმეში მტკიცებულებების სახით წარმოდგენილია მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამსახსოვროები და სადგურ რუსთავის დირექტორის მიერ გაცემული ინფორმაცია სადგურ რუსთავში დატვირთული ვაგონების შემოსვლის თარიღის მითითებით, რომლითაც უტყუარად დასტურდება დანიშნულების სადგურში მიწოდებული ტვირთის სს «ყ-ის» მიერ დაგვიანებით მიღების ფაქტი (ტ.2, ს.ფ. 73-81)

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ივლისის განჩინებით შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე ს. უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს «ს. რ-ას» დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.