Facebook Twitter

ას-1121-1148-2011 3 ოქტომბერი, 2011 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ა. ნ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ დ. კ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა _ გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ნ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. კ-ის მიმართ 4500 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოპასუხესთან დადო ზეპირი ფორმის სესხის ხელშეკრულება, მსესხებელს უნდა გადაეხადა ყოველთვიურად ძირითადი თანხის 5%. მოპასუხე თავს არიდებს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.

მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, კერძოდ, გადაიხადა 2000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულება დადო არა ა. ნ-თან, არამედ ლ. ვ-თან. მოსარჩელე იყო მხოლოდ მაკლერი. ვალდებულების შესრულების მიზნით მას გადახდილი აქვს 3340 აშშ დოლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. კ-ს დაეკისრა ა. ნ-ის სასარგებლოდ 4500 აშშ დოლარის გადახდა, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა დ. კ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით დ. კ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. კ-ს ა. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3525 აშშ დოლარი. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2008 წლის სექტემბრის დასაწყისში დ. კ-თან გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელს საკუთრებაში გადაეცა 4500 აშშ დოლარი. სესხისათვის გათვალისწინებულ იქნა სარგებელი თვეში 5%-ის ოდენობით. დ. კ-მა 4500 აშშ დოლარი მიიღო ა. ნ-ისაგან, ასევე მასვე გადასცა აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე გარკვეული თანხა. მოსარჩელემ დაადასტურა, რომ დ. კ-ისაგან მიღებული აქვს 1200 აშშ დოლარი. აპელანტის მითითება, რომ მის მიერ ა. ნ-ის მიერ გადაცემული თანხიდან დაბრუნებულ იქნა 3340 აშშ დოლარი, პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან აღნიშნული გარემოების მტკიცებისას დ. კ-ი შემოიფარგლა ზეპირი განმარტებითა და მოწმეთა ჩვენებებზე მითითებით.

პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება მხარეთა შორის ხელშეკრულებისა და მისგან გამომდინარე თანხის გადახდაზე ვადამოსული ვალდებულების არსებობას. რაც შეეხება ვალდებულების შესრულებას, მისი როგორც შესაგებლის საუძველისა და ამასთან, პოზიტიურად მტკიცების ობიექტის დადასტურება ეკისრება მოპასუხე მხარეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით. კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ ფულადი ვალდებულების სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი შესრულება უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე. შესაბამისად, მოპასუხეს ფულადი ვალდებულების შესრულების დადასტურება უნდა განეხორციელებინა მისი ამსახველი რაიმე სახის დოკუმენტით, მაგალითად, როგორიცაა _ ხელწერილი, თანხის გადარიცხვის დოკუმენტი და სხვა.

დ. კ-ი სადავოდ ხდის მას და ა. ნ-ს შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას და განმარტავს, რომ მართალია, ფული ისესხა ა. ნ-ისაგან, მასვე შეუსრულა ნაწილობრივ ვალდებულება, მაგრამ ა. ნ-ი მას და ლ. ვ-ს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობაში წარმოადგენდა შუამავალს, შესაბამისად დ. კ-ს მიაჩნია, რომ კრედიტორს წარმოადგენს ლ. ვ-ი. ა. ნ-სა და დ. კ-ს შორის წერილობითი შეთანხმება სესხის ხელშეკრულების დადების შუამავლობასთან დაკავშირებით გაფორმებული არ ყოფილა, დ. კ-სა და ა. ნ-ს შორის მხოლოდ სესხთან დაკავშირებული საშუამავლო ხასიათის ურთიერთობა არსებობდა. აღნიშნული, სამოქალაქო კოდექსის 751-752-ე მუხლების შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ ასეთი სახის ურთიერთობის წარმოშობისათვის კანონი იმპერატიულად ადგენს წერილობითი ფორმის ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობას.

დადგენილი გარემოებებისა და სამოქალაქო კოდექსის 623-626-ე მუხლების შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ დ. კ-ს თანხის მიღებიდან ერთი თვის შემდეგ წარმოეშვა ვალდებულება, დაებრუნებინა სესხის ძირითადი თანხა – 4500 აშშ დოლარი და 1 თვის სარგებელი აღნიშნული თანხის 5%. – 225 აშშ დოლარს, სულ 4725 აშშ დოლარს. გამომდინარე იქიდან, რომ დ. კ-მა ა. ნ-ს გადაუხადა 1200 აშშ დოლარი, მას გადასახდელი დარჩა 3525 აშშ დოლარი. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია მხოლოდ მოპასუხისათვის 3525 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ნ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია. სასამართლოს აზრით, მას და მოპასუხეს შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო ერთი თვის ვადით, რაც არის არასწორი, ხელშეკრულება დაიდო რამოდენიმე თვით, ვიდრე მოპასუხე არ იშოვიდა თანხას მისი ვალის დასაფარავად. სასამართლომ არასწორად გაიგო მისი განმარტება, რასაც მოჰყვა თანხის შემცირება და არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

მოცემული დავის საგანია, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება სამოქალაქო კოდექსის 623-ე-625-ე მუხლების შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.