Facebook Twitter

ას-1123-1150-2011 13 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. ს-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – უძრავი ნივთის ღირებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ს-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, მ. ს-ის სახელზე არრიცხული. ქ. მცხეთაში, ა-ის ქ. ¹158-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ღირებულების - 27 700 ლარის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-მა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხისათვის უძრავი ნივთის ღირებულების ანაზღაურების სახით 12000 ლარის დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მ. მ-ის სარჩელის მოთხოვნა ლ. ს-ის მიმართ უძრავი ნივთის ნასყიდობის საფასურის _ 12 000 ლარის _ დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. მ-ის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ლ. ს-ს მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის გადახდა, მასვე, მ. მ-ის სასარგებლოდ, დაეკისრა სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟების _ სულ 840 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2000 წლის 31 ივლისს მარინა ს-ის მიერ მ. მ-ის სახელზე გაიცა სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობა, რომლითაც მარწმუნებელმა მარინა ს-მა მ. მ-ს მიანიჭა უფლებამოსილება მისი სახელით ეყიდა და გაეფორმებინა მარწმუნებლის სახელზე ბინა. მინდობილობის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2000 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (ტ.I, ს.ფ. 16);

2000 წლის 25 ოქტომბერს მ. მ-ს, როგორც მარინა ს-ის წარმომადგენელსა და ბესიკ ნამორაძეს შორის სანოტარო წესით გაფორდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მარინა ს-ის წარმომადგენელმა მ. მ-მა შეიძინა მცხეთაში, ა-ის ქ. ¹158-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა ¹3 (ტ.I, ს.ფ. 14,15);

2006 წლის 13 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში, განცხადების რეგისტრაციის ¹..., 2000 წლის 25 ოქტომბრის ნოტარიულად დამოწმებული (რეესტრის ¹1-186, ნოტარიუსი მ. მ-ი) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. მცხეთაში, ა-ის ქ. ¹158-ში მდებარე ¹3 საცხოვრებელი ბინაზე დარეგისტრირდა მ. მ-ის საკუთრების უფლება (ტ.I, ს.ფ.19);

საქმეში წარმოდგენილი 2006 წლის 14 ივნისით დათარიღებული (სადავო ბინაზე მ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან მეორე დღე) სანოტარო წესით დადასტურებული უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება მ. მ-სა და მარინა ს-ს შორის დადგინდა, რომ მ. მ-მა 12 ათას ლარად გაყიდა, ხოლო მარინა ს-მა იყიდა ქ. მცხეთაში, ა-ის ქ. ¹158-ში მდებარე ¹3 საცხოვრებელი ბინა (იხ.ტ.1, ს.ფ. 20-23);

2006 წლის 29 ივნისის სანოტარო აქტის მიხედვით, მ. მ-მა და მარინა ს-მა მიმართეს ნოტარიუსს და მოითხოვეს 2006 წლის 14 ივნისს მათ შორის გაფორმებული ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მყიდველმა (მარინა ს-ი) ვერ გადაიხადა ნასყიდობის ფასის (12 ათასი ლარი) ნაწილი. მითითებული სანოტარო აქტის მიხედვით, მხარეებმა ერთმანეთს დაუბრუნეს ის, რაც მიიღეს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ერთმანეთის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩნით (ტ.1, ს.ფ. 24);

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მცხეთის სამსახურის წერილით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქ. მცხეთაში, ა-ის ქ. ¹158-ში მდებარე ¹3 საცხოვრებელ ბინაში, ბინის მესაკუთრის მ. მ-ის თანხმობით, 2007 წლის 04 დეკემბერს რეგისტრირებული იქნა მარინა ს-ი (ტ.1, ს.ფ. 26-27);

მარინა ს-ი გარდაიცვალა 2009 წლის 04 აპრილს (ტ.I, ს.ფ. 28). დადგენილია, რომ გარდაცვალებამდე მას კანონით დადგენილი წესით სადავო ბინაზე მ. მ-ის საკუთრების უფლება სადავოდ არ გაუხდია, მისგან ასევე არ მოუთხოვია ამ ბინის ღირებულების ანაზღაურება.

სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის შესახებ 17.07.2009წ. მოწმობით პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მარინა ს-ის სამკვიდროს მისაღებად სანოტარო ბიუროში განცხადება წარადგინა დედამისმა _ მოპასუხე ლ. ს-მა. მოწმობის მე-3 პუნქტის თანახმად, განმცხადებელს, როგორც სამკვიდროს კანონისმიერ მმართველს, უფლება აქვს მართოს სამკვიდრო მასაში შემავალი აქტივები და პასივები. სამკვიდროს მართვის ფარგლებში განმცხადებელი, სამკვიდროს კანონისმიერი მმართველი უფლებამოსილია წარმოადგინოს მამკვიდრებლის სამკვიდრო მასა ყველა იმ სამართლებრივ ურთიერთობაში, რომლის მონაწილეც იყო მამკვიდრებელი (ტ.I, ს.ფ. 34-37).

2009 წლის 30 ივნისს, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა აღმოჩენილი არსებითი შეცდომის გასასწორებლად გამოსცა ¹... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რეგისტრაციის შესახებ და საჯარო რეესტრში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქ. მცხეთაში, ა-ის ქ. ¹158, ¹3 საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რეგისტრირებული იქნა მარინა ს-ი. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ 2000 წლის 25 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მოქალაქე ბესიკ ნამორაძესა და მ. მ-ს, როგორც მარინა ს-ის წარმომადგენელს შორის, რის გამოც საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლება წარმოეშვა არა მ. მ-ს, არამედ მარინა ს-ს (ტ.I, ს.ფ. 30, 31);

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 10 აგვისტოს ¹166736 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 30 ივნისის ¹... გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე (ტ.I, ს.ფ. 38-44);

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის წარმომადგენელ მზია პატარაშვილის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 10 აგვისტოს ¹166736 და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 30 ივნისის ¹... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ტ.I, ს.ფ. 38-44);

გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2010წ. განჩინებით (ტ.I, ს.ფ. 45-51). მითითებული სასამართლო აქტებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2000 წლის 25 ოქტომბერს მ. მ-მა გარიგება დადო მ. ს-ის სახელით, რის გამოც ამ გარიგების საფუძველზე უფლებები წარმოეშვა წარმოდგენილ პირს, მ. ს-ს. რაც შეეხება მ. მ-ის მითითებას 2006 წლის 14 ივნისს მასსა და მ. ს-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებასა და მის შემდგომ გაუქმებაზე, ასევე, იმ გარემოებაზე, რომ მ. ს-ს თავის სოცოცხლეში არ გაუხდია სადავოდ მ. მ-ის მესაკუთრედ რეგისტრაცია, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მითითებით, აღნიშნული წარმოადგენდა მ. მ-სა და მ. ს-ის უფლებამონაცვლეს შორის უფლებრივი დავის საგანს, რაზეც ადმინისტრაციული დავის განმხილველი სასამართლო ვერ იმსჯელებდა.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მითითებით, მ. მ-ი, მოთხოვნის შემცირების შემდეგ, მოპასუხე ლ. ს-ისაგან ითხოვს სადავო ბინის ღირებულების ანაზღაურებას იმ საფუძვლით, რომ საცხოვრებელი ბინის შესაძენად ხარჯები გაიღო არა წარმოდგენილმა პირმა _ მარინა ს-მა, არამედ წარმომადგენელმა _ მ. მ-მა. მოსარჩელე აღნიშნულის დასადასტურებლად უთითებდა მასსა და მარინა ს-ს შორის 2006 წლის 14 ივნისს გაფორმებულ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებასა და ამავე წლის 29 ივნისს შედგენილ სანოტარო აქტზე, რომლითაც გაუქმდა ეს ხელშეკრულება მ. ს-ის მხრიდან ნასყიდობის ფასის ნაწილის გადაუხდელობის გამო.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ისე უთხრა უარი მოსარჩელეს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ საერთოდ არ დაუსაბუთებია, რას ეფუძნებოდა მისი დასკვნა იმის შესახებ, რომ სადავო ბინის ნასყიდობის ფასი არ გადაუხდია მ. მ-ს. პირველი ინსტანციის სასამართლოს სადავო საკითხთან დაკავშირებით საერთოდ არ შეუფასებია 2006 წლის 14 ივნისისა და 29 ივნისის სანოტარო აქტები, საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ახსნილი არ არის, რატომ გახდა აუცილებელი მ. მ-სა და მარინა ს-ს შორის 2006 წლის 14 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება, თუ სადავო ბინის ნასყიდობის საფასური გადახდილი იყო მარინა სიასურის და არა მ. მ-ის მიერ.

აღნიშნულთან მიმართებაში, სასამართლომ მიუთითა, რომ 2006 წლის 14 ივნისის სანოტარო წესით დადასტურებული ხელშეკრულებით მ. მ-ს (“გამყიდველი”) და მარინა ს-ს (“მყიდველი”) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მარინა ს-მა შეიძინა მცხეთაში, ა-ის ქ. ¹158-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა ¹3. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 12000 ლარით; 14.06.20106წ. ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ დარეგისტრირებულა.

2006 წლის 29 ივნისის სანოტარო აქტით, მხარეთა შორის 14.06.2006წ. გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გაუქმდა. მხარეთა განცხადებით, ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი გახდა მყიდველის (მარინა ს-ის) მიერ ნასყიდობის ფასის ნაწილის გადაუხდელობა. სანოტარო აქტების მიხედვით, ხელშეკრულების გაუქმების შედეგად მხარეებმა ერთმანეთს დაუბრუნეს ის, რაც მიიღეს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ერთმანეთის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩნიათ. ორივე შემთხვევაში ნოტარიუსების მიერ შემოწმდა მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობა და დადგინდა გარიგებების შინაარსი.

ამდენად, სააპელაციო პალატამ, აღნიშნული ხელშეკრულებებით დადგენილად მიიჩნია, რომ თავად აწ გარდაცვლილ მარინა ს-ის მიერ გამოვლინდა ნება, აენაზღაურებინა მ. მ-ისათვის ამ უკანასკნელის მიერ 2000 წლის 25 ოქტომბრის გარიგებით მ. ს-ის სახელით შეძენილი ბინის ღირებულება, მხარეთა შორის გააფორმდა კიდეც 14.06.2006წ. ხელშეკრულება ბინის ნასყიდობის შესახებ, თუმცა თანხის სრულად გადაუხდელობის გამო, მხარეთა ერთობლივი ნებით ნასყიდობის ხელშეკრულება გაუქმდა და მხარეებმა ერთმანეთს დაუბრუნეს ის, რაც მიიღეს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. აღნიშნულის შემდგომ მხარეებს შორის შენარჩუნებული იქნა მეგობრული ურთიერთობა, რასაც ადასტურებს მ. მ-ის მიერ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში 04.12.2007წ. მიცემულ თანხმობა მის სახელზე აღრიცხულ საცხოვრებელ ბინაში მარინა ს-ის რეგისტრაციის შესახებ. პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რაც მიუთითებდა მარინა ს-ის სიცოცხლეში მასსა და მ. მ-ს შორის უთანხმოების არსებობაზე Dდღეს სადავოდ გამხდარ საკითხთან დაკავშირებით.

რაც შეეხება საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ მათი ერთი ნაწილი ადასტურებს სადავო ბინის შეძენას მ. მ-ის მიერ, ხოლო მეორე ნაწილი აჩვენებს, რომ ბინა მ. მ-მა შეიძინა მარინა ს-ის ფულით, პალატამ ჩათვალა, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ეს ჩვენებები წარმოადგენდა არაპირდაპირ მტკიცებულებებს, რადგან დაკითხული მოწმეები (ნ. კ-ს გარდა) უშუალოდ არ შესწრებიან 2000 წლის 25 ოქტომბერს ბესიკ ნამორაძესა და მ. მ-ს შორის დადებულ გარიგებას, რის გამოც, პალატის აზრით, ამ ჩვენებებს ვერ მიეცემოდა უპირატესი ძალა ზემოაღნიშნულ წერილობით მტკიცებულებებთან შედარებით, რადგან ამ სანოტარო აქტებში გამოვლენილია უშუალოდ სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე პირთა ნება, რომელთა ნამდვილობაც შემოწმებულია ნოტარიუსების მიერ.

ამასთან, სააპელაციო პალატამ სადავო საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად მიიჩნია სასაცხოვრებელი ბინის თავდაპირველი მესაკუთრის ბესიკ ნამორაძის ფაქტობრივი მეუღლის, ნ. კ-ის ჩვენება, რომელიც უთითებს, რომ ბინის გაყიდვის პერიოდში აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდა ბესიკ ნამორაძესთან ერთად და თავად დაესწრო ნასყიდობის თანხის გადახდას მ. მ-ის მიერ.

სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებზე მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების შინაგანი რწმენით შეფასების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბინის ღირებულება გადახდილი იყო მ. მ-ის მიერ და 2006 წლის ივნისში (დრო, საიდანაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2010წ. განჩინებით სადავო ბინაზე რეგისტრირებულად ჩაითვალა მ. ს-ის საკუთრების უფლება) ბინის ღირებულებად მ. მ-მა და მ. ს-მა განსაზღვრეს 12 ათასი ლარი.

სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილება სამართლებრივად დააფუძნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე 316.1-ე 317.1-ე, 453-ე, 1336.1-ე, 1421.2-ე, 1433-ე, 1328.1-ე, 1484.1-ე მუხლებზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ მოვალე მარინა ს-ის პირველი რიგის მემკვიდრე მოპასუხე ლ. ს-ს უნდა დაეკმაყოფილებინა კრედიტორ (მოსარჩელე) მ. მ-ის მოთხოვნა _ 12 ათასი ლარის ანაზღაურების შესახებ _ მამკვიდრებლისაგან მიღებული აქტივის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: კასატორის განმარტებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 709-ე, 317-ე, 453-ე, 1336.1-ე, 1328.1-ე, 1484-ე მუხლები, ვინაიდან მ. მ-ს არ გააჩნდა საკუთრების უფლება ბინაზე მასსა და მარინა ს-ს შორის 2006 წლის 14 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და 2006 წსლი 29 ივნისს დადებული ნასყიდობის გაუქმების შესახებ ხელშეკრულება წარმოადგენს არარა გარიგებებს და მათი შეფასებისას სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 61-ე მუხლის პირველი ნაწილი და არ უნდა მიენიჭებინა მათთვის მტკიცებულებითი ძალა. ამასთან კასატორის აზრით, სასამართლომ მოწმეთა ჩვენებებთან შედარებით უპირატესი ძალა მიანიჭა წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს, რითაც არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი ლ. ს-ის გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.