ას-1124-1151-2011 10 ოქტომბერი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ ს. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. შ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 2 თებერვალს ხაშურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ს. კ-იმ მოპასუხე ზ. შ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მასა და მოპასუხეს შორის 2004 წლის 23 ივნისს დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება (ტომი I, ს.ფ. 1-11).
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოდავე მხარეებს Dშორის 2004 წლის 23 ივნისის დადებული და სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდროს ჩუქების ხელშეკრულება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. შ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ზ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ს. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2004 წლის 23 ივნისის ხელშეკრულებით ს. კ-იმ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს ქარელში, მ-ის ქ.¹7-ში, აჩუქა ზ. შ-ს;
ჩუქების ხელშეკრულება გაფორმებიდან მეორე დღესვე _ 2004 წლის 24 ივნისს ზ. შ-ი დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში და შესაბამისად, აღირიცხა საჩუქრად მიღებული უძრავი ქონების მესაკუთრედ;
ჩუქების ხელშეკრულების დადებამდე, და მის შემდეგ, 2010 წლის მაისამდე მხარეები, რომლებიც არიან ერთმანეთის ახლო ნათესავები (ს. კ-ი არის ზ. შ-ის მამიდა) ცხოვრობდნენ სადავო ხელშეკრულებით გაჩუქებულ სახლში ცალ-ცალკე ოთახებში. 2010 წლის მაისიდან ს. კ-ი ცხოვრობს ძმასთან;
დასახელებული გარემოება არ ყოფილა გამხდარი სადავოდ და დასტურდება მხარეთა ახსნა-განმარტებებით;
ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ზ. შ-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოპასუხეს, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოწმის _ ნ. კ-ის ჩვენებით, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოპასუხემ ხელი ჰკრა მოსარჩელეს სოციალური მუშაკის მიერ სარეიტინგო შეფასების ჩატარების მიზნით სტუმრობის დროს. მოწმემ სხდომაზე განმარტა, რომ აღნიშნული ფაქტის თვითმხილველია. თავად მოსარჩელემ, ს. კ-იმ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არავინ შესწრებია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოწმის ჩვენება აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად არ უნდა გაზიარებულიყო.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მოწმეთა ჩვენებებით დაადგინა, რომ უთანხმოების მიზეზი გახდა მოსარჩელის სტუმრობა შვილთან და ნათესავებთან ქ.ბაქოში, რის შემდეგაც იგი აღარ შეუშვეს სახლში. სახლში შესვლის შეუძლებლობა, როგორც თვითონ მოსარჩელის, ასევე მოწმე სამანგიულ შ-ის (რომელიც არის მოსარჩელის ძმის ცოლი) განმარტებით გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ ბაქოდან დაბრუნების შემდეგ ს. კ-ის თავისი ოთახის საცხოვრებელი კარი დაკეტილი დახვდა, კარი დაკეტა ბავშვმა და ვერ იპოვეს გასაღები. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ არ შეუშვეს სახლში, შეიძლებოდა შეფასებულიყო არა როგორც გარემოების ობიექტური ასახვა, არამედ მისი გადმოცემა საკითხისადმი სუბიექტური დამოკიდებულების ზეგავლენით. ის გარემოება, რომ კარი დაკეტილი იყო და ვერ მოხერხდა მისი გაღება, ვერ ჩაითვლებოდა სახლში შეშვებაზე უარის თქმად, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის ბაქოში გამგზავრებამდე მხარეები ცხოვრობდნენ ერთ სახლში და რაიმე სახის არსებითი პრეტენზიის არსებობასთან დაკავშირებული გარემოება არ დასტურდებოდა.
სარჩელში მოყვანილი გარემოებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ზ. შ-ი დევნიდა და ავიწროებდა ს. კ-ის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მისი დადასტურებისათვის საჭირო მტკიცების არარსებობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდებოდა, რომ მხარეთა შორის იყო კონფლიქტური დამოკიდებულება, რომლის წარმოშობას მოსარჩელე უკავშირებდა მოპასუხის მხრიდან შეურაცხყოფას, ბინით სარგებლობაზე უარის თქმას, ასევე ახლობლებთან და მეზობლებთან ურთიერთობის აკრძალვას, ხოლო მოპასუხე, მხარეთა შორის უთანხმოების წარმოშობის მიზეზად ასახელებდა მათ ურთიერთობაში მესამე პირების ჩარევას და მოსარჩელეზე მათი მხრიდან ზეგავლენას. მოპასუხის განმარტებით, მას შემდე, რაც მოსარჩელე დაბრუნდა ბაქოდან, მოსთხოვა ქარელში ბინის შეძენა ან თანხის გადაცემა, რაზეც მოპასუხემ უარი განუცხადა. ასევე უდავოდ დასტურდებოდა, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოსარჩელე ფლობდა და სარგებლობდა სადავო უძრავი ქონებით, ხოლო 2010 წლის მაისიდან ის ცხოვრობდა თავისი ძმის საცხოვრებელ სახლში.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლეზე, 529-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომელთა თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით; ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებელი მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დადასტურდა მჩუქებლისათვის მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტობრივი გარემოება. სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულების უსასყიდლო ბუნებიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულს არ ეკისრებოდა საპასუხო შესრულება მჩუქებლის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს არ ეკისრებოდა კანონისმიერი ვალდებულება ერჩინა მჩუქებელი ან ეზრუნა იმაზე, რომ ეს უკანასკნელი მატერიალურად უზრუნველყოფილი ყოფილიყო. შესაბამისად, არ არსებობდა მოპასუხის მხრიდან მჩუქებლის მიმართ გამოვლენილი უმადურობის ფაქტი. რაც შეეხებოდა მხარეთა შორის არსებულ უთანხმოებას, აღნიშნული ვერ შეფასდებოდა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების წინაპირობად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესახებ დაუსაბუთებელი იყო და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რაც შემდეგი არგუმენტებით დაასაბუთა:
სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა გაიგო ან უნდა გაეგო დარღვეული უფლების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა ჩუქების გაუქმების შესახებ ემყარებოდა კონკრეტულ ფაქტებს, კერძოდ, შეურაცხყოფისა და უმადურობის შესახებ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც მართალია ვერ დადასტურდა საქმის მასალებით, მაგრამ მოსარჩელის განმარტებით, მათ ადგილი ჰქონდა 2010 წლის აპრილის ბოლოს და მაისის თვეში, ხოლო სარჩელი წარდგენილ იქნა 2011 წლის 2 თებერვალს (ტომი II, ს.ფ. 41-49).
სააპელაციო სასასმართლოს 2011 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. კ-იმ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისას სამართლებრივი შეფასება არ მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დაუსაბუთებლად გაიზიარა აპელანტის ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში აპელანტმა განმარტა, რომ თითქოს მოსარჩელის ბაქოდან დაბრუნების დროს სახლის კარები დაკეტილი იმიტომ დახვდა, რომ ბავშვმა დაკარგა მისი ოთახის გასაღები. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის შეკითხვაზე, თუ რატომ არ შეუშვეს სახლში უპასუხა, რომ თითქოს იგი სახლში არ მისულა და პირდაპირ წავიდა თავის ძმასთან. რეალურად, მოსარჩელეს კარები დაუკეტეს და სახლში არ შეუშვეს, მაშინ როდესაც შეიძლებოდა, რომ იგი იმ ღამეს სხვა ოთახში მოეთავსებინათ და ქუჩაში არ დაეტოვებინათ. კასატორის მითითებით, მოწინააღმდეგე მხარის განმარტებიდან ნათლად ჩანს მისი სახლში შეუშვებლობის ფაქტი.
კასატორმა აღნიშნა, რომ სოციალური მუშაკის ვიზიტის დროს შ-მა ის სახლში არ შეუშვა, რა დროსაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მას ნამდვილად არ უთქვამს, რომ იქ არავინ ყოფილა, რადგან იყვნენ სხვა პირებიც, თუმცა ნ. ყ-ის გარდა ვერავინ დაიმახსოვრა დაბნეულობისა და მომხდარით აღელვების გამო. ამდენად, მოპასუხემ სოციალური მუშაკი სახლში არ შეუშვა, მას შეუწყვიტეს 30 ლარიანი შემწეობა და განიცადა მორალური ზიანი.
კასატორის მითითებით, ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარე მას სისტემატურად ავიწროებდა დასტურდება თავად ამ მხარის განმარტებით. მოპასუხე შესაგებელში უთითებს, რომ მოსარჩელეს სურდა ცალკე ეცხოვრა, დახმარება მიეღო სახელმწიფოსაგან, ხოლო თვითონ ურჩევდა, რომ მათთან ყოფილიყო და არაფერი მოაკლდებოდა. აღნიშნული სასამართლომ არ ჩათვალა მოსარჩელის შეურაცხყოფად.
სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული მუხლის მოთხოვნები მთლიანად მიესადაგება მოპასუხის დამოკიდებულებას მის მიმართ (ტომი II, ს.ფ. 56-63).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინებით ს. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ს. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.