ას-1127-1154-2011 6 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ ო. კ-ე, უ. გ-ე, ვ. გ-ე, გ. ჭ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ უფლებამონაცვლედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. კ-ემ, უ. გ-ემ, ვ. გ-ემ და გ. ჭ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს, მოპასუხე ცნობილიყო სს «ვ. კ-დის» უფლებამონაცვლედ და მის სახელზე გაცემულიყო სააღსრულებო ფურცელი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა. მოპასუხე სს «ვ. კ-დს’’ სამტრედიის რაიონის სოფელ ...ის მოსახლეობის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული მატერიალური ზიანის _ 302078 ლარის ანაზღაურება. მათ შორის განსახილველ დავაში მოსარჩელე ო. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 8194 ლარის, მოსარჩელე უ. გ-ის სასარგებლოდ _ 2314 ლარის, ხოლო ვ. გვენცაძის სასარგებლოდ _ 2523 ლარის ანაზღაურება.
სსიპ «საწარმოთა მართვის სააგენტოს’’ 2006 წლის 18 მაისის ბრძანებით სს «ვ. კ-დი’’ გარდაიქმნა შპს «ვ. კ-დად’’. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებაში მოპასუხის სს «ვ. კ-დის’’ ნაცვლად, მიეთითა შპს «ვ. კ-დი’’.
სს «ვ. კ-დის’’ საწესდებო კაპიტალიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2005 წლის 21 თებერვლის ¹16/126 წერილისა და აუდიტორული კომპანია შპს «პ-ის’’ 2005 წლის 2 მარტის ¹.../03-1 აუდიტორული დასკვნის შესაბამისად, ამოღებულ იქნა 21822238 ლარის ღირებულების ქონება, რომელიც გადაეცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შემდგომი განკარგვის მიზნით. სს «ვ. კ-დის’’ საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 54654 ლარით.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის განჩინებით, გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილი საბოლოო ანგარიშის საფუძველზე შპს «ვ. კ-დის’’ გაკოტრების საქმის წარმოება გამოცხადდა დასრულებულად. მოსარჩელეთათვის ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით წარმოადგენდა შპს «ვ. კ-დი”, რომელიც გაკოტრდა და მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოებაც დასრულდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლისა და «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს «ვ. კ-დი”, როგორც იურიდიული პირი აღარ არსებობს, სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაცია გაუქმდა და მას უფლებამონაცვლე არ ჰყავს.
«გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე და 44-ე მუხლების მიხედვით პალატამ არ გაიზიარა აპელანტთა მითითება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ვალდებულებებზე, იმ საფუძვლით, რომ მან, როგორც პარტნიორმა, ბოროტად გამოიყენა უფლებები და სააქციო საზოგადოება გარდაქმნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ მხარის აღნიშნული პოზიცია დადასტურებული რომც იყოს, ის მაინც ვერ წარმოქმნიდა უფლებამონაცვლეობას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, პალატამ ჩათვალა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, როგორც შპს «ვ. კ-დის” უფლებამონაცვლის სახელზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ო. კ-ემ, უ. გ-ემ, ვ. გ-ემ და გ. ჭ-ემ გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა «მეწარმეთა შესახებ» კანონის მე-3 მუხლის მეექვსე პუნქტი. პალატამ არ გაითვალისწინა, რომ სამინისტროსათვის ცნობილი იყო ზემოხსენებული ნორმის შინაარსი, რის გამოც მან, როგორც შპს «ვ. კ-დის» პარტნიორმა და 100% წილის მფლობელმა, საზოგადოების საწესდებო კაპიტალიდან ამოიღო მნიშვნელოვანი ღირებულების ქონება. აღნიშნულით საზოგადოება გაკოტრდა და ვერ დაფარა არსებული დავალიანებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ივლისის განჩინებით ო. კ-ის, უ. გ-ის, ვ. გ-ისა და გ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდნენ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ო. კ-ის, უ. გ-ის, ვ. გ-ისა და გ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო. კ-ის, უ. გ-ის, ვ. გ-ისა და გ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.