საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №966აპ-21 თბილისი
მ-ი ზ., 966აპ-21 21 მარტი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. მ-ის ადვოკატ მ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის განაჩენით ზ. მ-ი, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. მ-ს განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2021 წლის 19 აპრილიდან.
2. განაჩენის მიხედვით, ზ. მ-ს მსჯავრი დაედო:
ü ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში;
ü ცეცხლსასროლი იაღარისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში;
ü განზრახ მკვლელობაში არაერთგზის.
3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
o ზ. მ-მა, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა და ამავე იარაღისათვის განკუთვნილი ვაზნები, რომელთაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა გორის რაიონის სოფელ ახალდაბაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში და ამავე სოფელში მდებარე, გელა ზაუტაშვილის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში;
o 2021 წლის 19 აპრილს, დილის საათებში, გ-ის რაიონის სოფელ ა-ში, ზ. მ-ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ და შენახულ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას;
o მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აპრილისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 5 ივნისის განაჩენებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) განზრახ მკვლელობის მომზადებისათვის ნასამართლევმა ზ. მ-მა 2021 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 08:00 საათზე, გ-ის რაიონის სოფელ ა-ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის გვერდით არსებულ ტერიტორიაზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ხელთ არსებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ტანზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ვ. ნ-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
4. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. მ-ის ადვოკატმა მ. გ-მა, რომელმაც საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და ზ. მ-ისათვის სასჯელის შემსუბუქება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. მ-ის ადვოკატმა მ. გ-მა, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და ზ. მ-ისათვის შეფარდებული სასჯელის შემცირებას, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის მინიმუმთან მიახლოებული სასჯელის განსაზღვრასა და სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მკაცრი სასჯელით ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით შეფარდებული, ნაკლებად მკაცრი სასჯელების სრულად შთანთქმას.
7. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს დაცვის მხარის საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ხოლო დაშვების შემთხვევაში - მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
10. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ზ. მ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
11. ამავე დროს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად მიუთითა იმ გარემოებებზე, რომელთა გამო არ შეუმსუბუქა სასჯელი ზ. მ-ს და რატომ მიიჩნია მიზანშეწონილად მისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის უცვლელად დატოვება, რასაც საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. მ-ის ადვოკატ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე