ას-1162-1182-2011 20 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ე.ჯ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ა., ე. და თ. კ-ეები
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება, ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. კ-ემ, თ. და ე. კ-ეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ე.ჯ-ის მიმართ და მოითხოვეს: თ. და ე. კ-ეებმა არასრულწლოვან შვილიშვილთან, ხოლო ა. კ-ემ შვილთან _ 2008 წლის 08 ოქტომბერს დაბადებული ელ. კ-ესთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა, კერძოდ, ყოველი კვირის ოთხშაბათს დილის 10 საათიდან ხუთშაბათს დილის 10 საათამდე, შაბათს დილის 10 საათიდან კვირას დილის 10 საათამდე, ასევე აგვისტოსა და დეკემბრის თვეში ორი კვირა.
Mმოპასუხე ე.ჯ-ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი არ არის თანახმა მოსარჩელეებს დაუდგინდეთ ბავშვთან ურთიერთობის წესი მათ მიერ მოთხოვნილი დროის გათვალისწინებით და ღამე დარჩენის უფლებით. იგი თანახმაა მოსარჩელეებს ბავშვთან ურთიერთობისათვის განესაზღვროთ ყოველი კვირის ოთხშაბათი და შაბათი დილის 10 საათიდან 13 საათამდე მისი თანდასწრებით, იმ საფუძვლით, რომ ა. კ-ე არის გაუწონასწორებელი პიროვნება, იგი მსჯავრდებულ იქნა დანაშაულისათვის გათვალისწინებული სსსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით. დანიშნული სასაჯელიდან ერთი წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით. ციხიდან გამოსვლის შემდეგ აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით. ბავშვს აქვს ცრუკრუპი და ნერვიულობაზე ემართება სპაზმები. ე. კ-ე ღებულობს ანტიდეპრესანტებს და წარმოუდგენელია ბავშვის დარჩენის უფლებით მიცემა. Aასევე ე.ჯ-ის განმარტებით ბავშვი ფაქტიურად არ იცნობს მოსარჩელეებს, ვინაიდან მათ დიდი ხანია არ ჰქონიათ მასთან ურთიერთობა. თავის მხრივ, ე.ჯ-ემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა ა. კ-ეზე ალიმენტის სახით 350 ლარის დაკისრება.
ა. კ-ემ მოითხოვა ალიმენტის სახით მისთვის მხოლოდ 80 ლარის დაკისრება იმ მოტივით, რომ ამ ეტაპზე უმუშევარია და სხვა შემოსავალი არ გააჩნია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ა. კ-ის, თ. კ-ის და ე. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. კ-ეს, თ. კ-ესა და ე. კ-ეს მიეცათ უფლება ურთიერთობა იქონიონ (წაყვანის უფლებით) 2008 წლის 08 ოქტომბერს დაბადებულ ელ. კ-ესთან ყოველი კვირის ოთხშაბათს და შაბათს დილის 10 საათიდან 13 საათამდე დედის ან დედის მიერ შერჩეული პირის თანდასწრებით, მოსარჩელეების მოთხოვნას აგვისტოს და დეკემბრის თვეში ორი კვირა მიეცეთ უფლება წაიყვანონ ბავშვი და იყოლიონ თავისთან უარი ეთქვათ უსაფუძვლობის გამო; ე.ჯ-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. კ-ეს არასრულწლოვანი შვილის, 2008 წლის 08 ოქტომბერს დაბადებული ელ. კ-ის სასარგებლოდ, დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან -- 2011 წლის 31 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
ე.ჯ-ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ა., ე. და თ. კ-ეებმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ე.ჯ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.03.2011წ. გადაწყვეტილება ა. კ-ისათვის 08.10.2008წ. დაბადებული არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა. კ-ეს არასრულწლოვანი შვილის, 2008 წლის 06 ოქტომბერს დაბადებული ელ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით შეგებებული სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2011 წლის 31 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე; ა. კ-ის, თ. კ-ისა და ე. კ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.03.2011წ. გადაწყვეტილება 08.10.2008წ. დაბადებული არასრულწლოვანი ელ. კ-ესთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა. კ-ეს, თ. კ-ესა და ე. კ-ეს მიეცეთ უფლება ურთიერთობა იქონიონ (წაყვანის უფლებით) 2008 წლის 06 ოქტომბერს დაბადებულ ელ. კ-ესთან ყოველი კვირის ოთხშაბათსა და შაბათს დილის 10 საათიდან 17 საათამდე დედის ან დედის მიერ შერჩეული პირის თანდასწრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.03.2011წ. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ა. კ-ესა და ე.ჯ-ეს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი 2008 წლის 06 ოქტომბერს დაბადებული ელ. კ-ე. მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა 2010 წლის 16 ივნისს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ა. კ-ეს არასრულწლოვანი შვილის ელ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2011 წლის 31 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა როგორც ე.ჯ-ემ, ისე ა. კ-ემ. რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ბავშვის მამის _ ა. კ-ის შემოსავლების ოდენობას, საქმეში არ მოიპოვება. აპელანტ ე.ჯ-ის მიერ მითითებული გარემოება, რომ განაჩენით შეფარდებული ჯარიმის სახით ა. კ-ეს გადახდილი აქვს სოლიდური თანხები, პალატამ მიიჩნია, რომ არ წარმოადგენდა უმუშევარი ა. კ-ისათვის ე.ჯ-ის სარჩელით მოთხოვნილი სრული ოდენობით ალიმენტის დაკისრების საფუძველს.
ელ. კ-ის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო მოთხოვნილებების გათვლისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ ე.ჯ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა, კერძოდ, ა. კ-ეს მისი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ნაცვლად 80 ლარისა უნდა დაეკისრებოდა ყოველთვიური ალიმენტის - 100 ლარის ოდენობით გადახდა სარჩელის აღძვრის მომენტიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, ხოლო ალიმენტის ნაწილში ა. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფლებულიყო. აღნიშნული სააპელაციო პალატამ სამართლებრივად დააფუძნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1202-ე, 1199-ე, 1200-ე მუხლებზე.
ბავშვთან ურთიერთობის საკითხის განსაზღვრასთან დაკავშირებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
თ. და ე. კ-ეები არიან 2008 წლის 06 ოქტომბერს დაბადებული ელ. კ-ის პაპა-ბებია. მოსარჩელეები თ., ე. და ა. კ-ეები ცხოვრობენ ერთად.
2009 წლის 25 სექტემბერს ბავშვი მოთავსებული იქნა საავადმყოფოში დიაგნოზით – მწვავე ინფექცია. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის მიერ გაცემულ ცნობაში გადატანილ დაავადებად მითითებულია მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია;
სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს გლდანი-ნაძლადევის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, იმისთვის, რომ მოხდეს ბავშვის ჯანსაღ პიროვნებად ჩამოყალიბება, აუცილებლობას წარმოადგენს ელ.ს ჰქონდეს თანაბარი ურთიერთობა ორივე მშობელთან მისი ასაკის გათვალისწინებით;
სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის დასკვნის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვის უფლებებიდან და მისი ინტერესებიდან გამომდინარე, მიუხედავად მშობლებს შორის წარმოშობილი კონფლიქტისა, ბავშვს უნდა ჰქონდეს როგრც დედის, ასევე მამის ოჯახთან ურთიერთობის საშუალება. ორივე მშობელი ვალდებულია იზრუნოს ბავშვზე, შეუქმნან მას კეთილსაიმედო გარემო. ამისთვის საჭიროა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მამას, ბებიას და ბაბუას მიეცეს უფლება ჰქონდეთ მჭიდრო ურთიერთობა ბავშვთან, სრულყოფილად იზრუნონ მასზე. ორივე მშობელთან და მათ ოჯახებთან ურთიერთობა აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ, გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაზე და ჩამოაყალიბებს მას სრულყოფილ ადამიანად. ამდენად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ გაცემული დასკვნებით, სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია ბავშვის ურთიერთობა ორივე მშობელთან და როგორც დედის, ასევე მამის ოჯახთან. ამასთან, გასაჩივრებეული გადაწყვეტილებით დადგენილი საათების რაოდენობა _ 10 საათიდან 13 საათამდე თან წაყვანის უფლებით, პალატამ მეტად მცირედ ჩათვალა ბავშვთან ნორმალური ურთიერთობისათვის წაყვანის ფაქტორის გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ ბავშვის ასაკისა და მისი ფსიქოემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, ა. კ-ეს, თ. კ-ესა და ე. კ-ეს უნდა მიეცეთ უფლება ურთიერთობა იქონიონ (წაყვანის უფლებით) 2008 წლის 06 ოქტომბერს დაბადებულ ელ. კ-ესთან ყოველი კვირის ოთხშაბათს და შაბათს დილის 10 საათიდან 17 საათამდე დედის ან დედის მიერ შერჩეული პირის თანდასწრებით, შესაბამისად, ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში ე. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა, ხოლო ა., თ. და ე. კ-ეების სააპელაციო საჩივარი კი, მიიჩნია, რომ ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა. აღნიშნულ ნაწილში სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე.ჯ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება ალიმენტის დაკისრებისა და ბავშვის ნახვის უფლების მინიჭების საკითხში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და ა., თ. და ე. კ-ეებისათვის მცირეწლოვანი ელ. კ-ის ნახვის უფლების მინიჭებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ ა. კ-ეს არ გააჩნია შესაბამისი შემოსავალი და ვერ შეძლებს მოთხოვნილი თანხის გადახდას, ვინაიდან აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გაიზიარა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოდან გაცემული დასკვნა და არასწორად დაადგინა, რომ ბავშვის ნორმალური აღზრდისა და განვითარებისათვის მიზანშეწონილია ორივე მშობელთან ურთიერთობა, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა ზერელე ხასიათს ატარებდა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.
კასატორის აზრით, სასამართლომ არ გაითვალისწინა გარემოება იმის შესახებ, რომ ელ. კ-ე მცირეწლოვანია და მას გააჩნია აღზრდა-განვითარებისათვის სპეციფიური რეჟიმი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ე.ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე.ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ე.ჯ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ჯ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.