ას-1164-1184-2011 10 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს «ი-ას», თ. ხ-ისა და ი. ხ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე _ სს « ... ბანკის» სარჩელის გამო, შპს «ი-ას», თ. ხ-ისა და ი. ხ-ის მიმართ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და დავალიანების ანაზღაურების თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის განჩინებით შპს «ი-ას», თ. ხ-ისა და ი. ხ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ 5 (ხუთი) დღის ვადაში შპს «ი-ას» წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულების ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება შპს «ი-ას», თ. ხ-სა და ი. ხ-ს გაეგზავნათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების მოთხოვნათა დაცვით და 2011 წლის 23 სექტემბერს ჩაბრდა თ. ხ-ს (ტ. II, ს.ფ. 76-78).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. აღნიშნული ნორმიდან გამომდიანრე, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 24 სექტემბერს და დასრულდა 2011 წლის 28 სექტემბერს. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორებს ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ი-ას», თ. ხ-ისა და ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «ი-ას», თ. ხ-ისა და ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.