Facebook Twitter

ას-1184-1204-2011 10 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შ. ქ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «საფინანსო კომპანია ... « (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ იპოთეკის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ. ქ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «საფინანსო კომპანია ... -ის» მიმართ მოსარჩელის კუთვნილი, ქ.ბათუმში, ... გამზირის ¹44/48-ში მდებარე ¹75 ბინის იპოთეკისაგან გათავისუფლების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

2006 წლის 2 ივლისს მოსარჩელემ აწ გარდაცვლილი ზ. ა-ასაგან შეიძინა ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც მოპასუხის სასარგებლოდ დატვირთული იყო იპოთეკით. გამყიდველსა და კრედიტორს შორის არსებული შეთანმების თანახმად, იპოთეკა უძრავი ქონების ნაყოფზეც ვრცელდებოდა, თუ იგი ნორმალური სამეურნეო საქმიანობის შედეგად არ მოპოვებულა ან ვიდრე არ გასხვისებულა. მოსარჩელის განმარტებით, მხარეებმა ხელშეკრულებით გააკეთეს დათქმა, უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შემთხვევაში, ახალი მესაკუთრე ვალდებულებისაგან გათავისუფლდებოდა.

უძრავი ნივთის შეძენის შემდგომ მოსარჩელემ მიმართა შპს «საფინანსო კომპანია ... -ს» ნივთის იპოთეკისაგან გათავისუფლების მოთხოვნით, რაც მოპასუხემ არ შეასრულა, მოსარჩელეს აღნიშნულზე უარი უთხრა ასევე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

შპს «საფინანსო კომპანია ... -მა» სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

სარჩელის არგუმენტი უსაფუძვლოა და საქმის მასალებით არ დასტურდება, რადგან ზ.ა-ასა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების არც ერთი ნორმა მითითებულ დებულებას არ ითვალისწინებს, ამასთან მოთხოვნა არც საქართველოს კანონმდებლობას შეესაბამება, ზ.ა-ას კომპანიის მიმართ ერიცხება დავალიანება 1729 ლარი და უზრუნველყოფის საგანი მანამ არ გათავისუფლდება იპოთეკისაგან, ვიდრე არ მოხდება დავალიანების დაფარვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით შ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივნისის განჩინებით შ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ 2004 წლის 4 თებერვალს შპს «საფინანსო კომპანია ...-სა» და ზ. ა-ას შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკა აღირიცხა საჯარო რეესტრში. 2006 წლის 5 ივლისს აპელანტმა ზ. ა-ასაგან შეიძინა იპოთეკით დატვირთული ქონება.

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე უფლებამოსილი იყო, პირველ რიგში მიეღო თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება იპოთეკით დატვირთული ქონებით. კანონის თანახმად, იპოთეკის საგნის მესაკუთრის ცვლილება იპოთეკის გაუქმებას ვერ გამოიწვევდა. პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას იპოთეკის ხელშეკრულების ე.წ განსაკუთრებულ პირობასთან დაკავშირებით და ჩათვალა, რომ ხელშეკრულების დათქმა: «იპოთეკა ვრცელდება უძრავი ქონების ნაყოფზეც, თუ იგი ნორმალური სამეურნეო საქმიანობის შედეგად არ მოპოვებულა ან ვიდრე არ გასხვისებულა», გამომდინარეობდა სამოქალაქო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილიდან. განსამარტავი წინადადების ტექსტიდან ნათლად და ცალსახად ჩანს, რომ მხარეთა შეთანხმება ეხებოდა იპოთეკით დატვირთული ქონების ნაყოფს, ანუ შემოსავალს, ნამატს ან/და უპირატესობას და მხარეები შეთანხმდნენ, მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოეყენებინათ იპოთეკით დატვირთული საგნის ნაყოფიც, ვიდრე იგი არ გასხვისებოდა, შესაბამისად, სადავო დასკვნა არ მოიაზრებდა მხარეთა შეთანხმებას, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში, იპოთეკა გაუქმდებოდა. ამდენად, სარჩელი უსაფუძვლო იყო და საქალაქო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა იგი, ამასთან სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავდა უსწორობას, თუმცა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 აპრილის განჩინებით ეს უსწორობა გასწორდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. ქ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილი, რადგანაც სადავო ხელშეკრულების დადებისას მოწინააღმდეგე მხარემ უარი განაცხადა კანონით მინიჭებულ ზემოაღნიშნულ უფლებაზე. გასხვისების შემდგომ შემძენს არ წარმოშობია რაიმე ვალდებულება შპს «საფინანსო კომპანია ... -ის» მიმართ. არც პირველმა და არც სააპელაციო სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება იპოთეკის წარმოშობის დროს მოქმედ 289-ე მუხლის მე-2 ნაწილის 2004 წლისთვის მოქმედ რედაქციას. სასამართლომ არც იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ სადავო ხელშეკრულების დებულება _ იპოთეკა ვრცელდება უძრავი ქონების ნაყოფზეც, თუ იგი ნორმალური სამეურნეო საქმიანობის შედეგად არ მოპოვებულა ან ვიდრე არ გასხვისებულა სამოქალაქო კოდექსის 2004 წელს მოქმედი რედაქციის 293-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვასიტყვითი დანაწესია. სასამართლომ არ შეაფასა მითითება _ «ვიდრე არ გასხვისებულა», რაც მისივე განმარტებით, დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ზ.ა-ამ ბინა კასატორს მიჰყიდა, რაც სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. კასატორის განმარტებით, დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან ის გათავისუფლებულია სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 342-ე მუხლების საფუძველზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინებით შ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად და «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «მ» ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შ. ქ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.