ას-1190-1210-2011 10 ოქტომბერი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ მ. ხ-ლ-ე
წარმომადგენელი – ა. თ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ც. გ-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი –ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ც. გ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ხ-ლ-ის მიმართ თანხის 52 444 ლარის, დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: 2006 წლის 8 დეკემბერს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მ. ხ-ლ-ეს, ოთხი თვის ვადით ასესხა 16000 აშშ დოლარი 4%-იანი სარგებლით. სესხის დროულად დაბრუნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქ.ქუთაისში, ა-ის გამზირ მე-2 შესახვევში მდებარე ¹4 საცხოვრებელი სახლი. იპოთეკის ხელშეკრულებაში მ. ხ-ლ-ეს მინდობილობით წარმოადგენდა მ. ა-ე. 2007 წლის დეკემბერში, სესხის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, მოპასუხემ მისი რწმუნებულის – მ. ა-ის ხელით დააბრუნა 2000 აშშ დოლარი. აღნიშნული პერიოდის შემდგომ, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, თანხა არ დაუბრუნებია, რაც შეადგენს 14000 აშშ დოლარს, ხელშეკრულების გაფორმების დროს კი, შეადგენდა 24 220 ლარს, ასევე არ გადაუხდია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი, რაც განისაზღვრება მთლიანი თანხის 4%-ით ყოველთვიურად და შეადგინა 560 აშშ დოლარი თვეში.
მოპასუხე მ. ხ-ლ-ის წარმომადგენელმა ა. თ-მა სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: მ. ხ-ლ-ეს თანხა არ უსესხებია. მან მინდობილობა მისცა მის ნათესავს, მ. ა-ეს, რომელმაც ისესხა თანხა და იპოთეკით დატვირთა მ. ხ-ლ-ის მინდობილობის საფუძველზე ამ უკანასკნელის ქონება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 16 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ც. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ც. გ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ც. გ-ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მ. ხ-ლ-ეს ც. გ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 35000 ლარის გადახდა, ამავე გადაწყვეტილებით მ. ხ-ე ლ-ის მიერ, ც. გ-ას სასარგებლოდ 35000 ლარის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს ქ.ქუთაისში, ა-ის გამზირ მე-2 შესახვევ ¹4-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული მ. ხ-ე – ლ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინის იძულებითი აუქციონის შედეგად. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2010 წლის 21 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ც. გ-ამ მოპასუხედ დაასახელა მ. ხ-ე ლ-ე და 2006 წლის 8 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი ვალის, 14000 აშშ დოლარის, ეკვივალენტი ლარისა და 30 თვის შემცირებული საპროცენტო სარგებლის სულ 35000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება, ასევე გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მ. ხ-ლ-ის საკუთრებაში არსებული, ქ.ქუთაისში, ა-ის გამზირ მე-2 შესახვევის ¹4-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია მოითხოვა. მოცემულ დავაზე საქმის მომზადება დასრულდა 2010 წლის 5 მარტს და საქმეზე დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა. შემდგომ 2010 წლის 27 მაისს წარდგენილ სასარჩელო განცხადებით ც.გ-ამ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოპასუხე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნის გაზრდას, აპელანტის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე პალატამ არ გაიზიარა. 2006 წლის 28 ნოემბრის მინდობილობით, მ. ლ-ემ მ. ა-ეს მიანიჭა შემდეგი უფლებამოსილებები: ,,გაყიდოს, გაყიდოს განვადებით, გაცვალოს, გააჩუქოს, დატვირთოს იპოთეკით მ. ლ-ის კუთვნილი უძრავი ქონება – საცხოვრებელი სახლი 165 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე ქ.ქუთაისში, ა-ის გამზირ მე-2 შესახვევის, ¹4-ში. 2006 წლის 8 დეკემბერს, დაიდო სესხისა და იპოთეკის სანოტარო ხელშეკრულება. სესხის მოქმედების ვადა გავიდა 2007 წლის 8 აპრილს. სასარჩელო განცხადებით ირკვევა, რომ 2006 წლის 8 დეკემბერს ნასესხები თანხიდან 2007 წლის დეკემბერში, მ. ა-ემ ც. გ-ას დაუბრუნა 2000 აშშ დოლარი, შესაბამისად, მოცემული სარჩელის საგანს წარმოადგენს ძირითადი თანხის - 14000 აშშ დოლარისა და ვადაგადაცილებული პერიოდისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 4%-ის 560 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, სულ 35000 ლარის ანაზღაურება. მ. ხ-ლ-ეს სადავო არ გაუხდია 2007 წლის დეკემბრიდან ძირითადი თანხის _ 14000 აშშ დოლარისა და ყოველთვიურად 4%-ის ოდენობით მისი სარგებლის – 560 აშშ დოლარის გადაუხდელობის ფაქტი. 2007 წლის დეკემბრიდან, სარჩელის წარდგენამდე 2010 წლის 21 იანვრამდე, გასულია 25 თვე, ამ დროის განმავლობაში ვადაგადაცილებული დროსათვის პროცენტმა შეადგინა 14000 აშშ დოლარი. ეროვნული ბანკის ქუთაისის ფილიალის მიერ, 2009 წლის 4 ნოემბერს გაცემული ცნობის მიხედვით 1 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი შეადგენს 1.6827 ლარს, შესაბამისად, 14000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი შეადგენს – 23520 ლარს, ხოლო 560 აშშ დოლარის – 980,80 ლარს.
სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, 2006 წლის 8 დეკემბრის ხელშეკრულების შეფასებისას, პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების შესაბამისად, გარიგების მხარეს წარმოადგენდა მ. ხ-ლ-ე, მ. ა-ე კი მინდობილ მესაკუთრეს. სამოქალაქო კოდექსის 724-ე, 725-ე, 729-ე, 709-ე მუხლებზე დაყრდნობით, პალატამ მიიჩნია, რომ 2006 წლის 8 დეკემბერს, მ. ა-ის როგორც მინდობილი მესაკუთრის მიერ აღებული სესხიდან, კრედიტორ ც. გ-ას მიმართ ვალდებულება ეკისრება საკუთრების მიმნდობს – მ. ხ-ეს. შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავაში სათანადო მოპასუხეა მ. ხ-ე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ აღნიშნა, რომ არასწორია სასამართლოს მსჯელობა, მ. ა-ის სათანადო მოპასუხედ მიჩნევის თაოაბაზე.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 319-ე, 623-ე 625-ე, 361-ე, 394-ე, 403-ე და 427-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ განმარტა, რომ მ. ხ-ის მიერ სესხის მოქმედების ვადაში ვალდებულება არ შესრულებულა და მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ შესრულდა ნაწილობრივ, კერძოდ, 2007 წლის დეკემბერში კრედიტორზე გადახდილ იქნა, მხოლოდ ძირითადი თანხის ნაწილი – 2000 აშშ დოლარი, ამიტომ სასარჩელო მოთხოვნა, სარჩელის წარდგენის დროისათვის 2006 წლის 8 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი ძირითადი თანხის – 14000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის – 23520 ლარის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია.
პალატამ მიიჩნია, რომ, სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის შესაბამისად, ასევე საფუძვლიანია ვადაგადაცილებული დროისათვის, ზიანის ანაზღაურების მიზნით, ძირითადი თანხის საპროცენტო სარგებლის დაკისრება. მხარეთა შორის დადებულ იქნა რა სასყიდლიანი სესხის ხელშეკრულება, მოვალე მ. ხ-ე ვალდებული იყო, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ოთხი თვის განმავლობაში კრედიტორ ც. გ-ასათვის გადაეხადა ყოველთვიური სარგებელი, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დაებრუნებინა ძირითადი თანხა – 16000 აშშ დოლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძირითადი თანხის სრულად დაბრუნებამდე ყოველთვიურად გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი – 560 აშშ დოლარი. ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების შემდგომ – 2007 წლის 8 დეკემბრიდან, სარჩელის წარდგენის დრომდე ვადაგადაცილებული დროისათვის – 25 თვის საპროცენტო სარგებელი შეადგენს 14000 აშშ დოლარს, ანუ 23520 ლარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 248-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების მიზნით, მოპასუხეს მოსარჩელეს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელით მოთხოვნილი 35000 ლარიდან დარჩენილი ნაწილის – 11480 ლარის ანაზღაურება.
სამოქალაქო კოდექსის 286-ე და 301-ე მუხლების თანახმად პალატამ ასევე აღნიშნა, რომ ც. გ-ას, 2006 წლის 8 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე უფლება გააჩნდა, მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოეთხოვა იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-ლ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: გაუგებარია, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას რომელ მტკიცებულებას დაეყრდნო. გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება არის ზოგადი და არ გამომდინარეობს კანონმდებლობიდან. სააპელაციო პალატამ საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნით არ ჩააბა მ. ა-ე, რომელსაც უშუალოდ აღებული ჰქონდა ვალი მოსარჩელისაგან, არ გაითვალისწინა ის, რომ დავაში სათანადო მოპასუხეს გაცემული მინდობილობისა და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მ. ლ-ე არ წარმოადგენდა. ამასთან, არ გაითვალისწინა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, კერძოდ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ერთ-ერთ კრედიტორს ც. გ-ასთან ერთად წარმოადგენდა ნარგიზა დოღონაძე, რომელმაც აღძრა სარჩელი არა მ. ხ-ლ-ის მიმართ, არამედ მ. ა-ის მიმართ. სააპელაციო პალატას საქმის განხილვისას არ გაუთვალისწინებია საქმეში არსებული მასალები, არ შეუფასებია მტკიცებულებები. ნაცვლად იმისა, სააპელაციო სასამართლოს გაერკვია, სწორად იქნა თუ არა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები და შეესწალა სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, მიიღო არასწორი, იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი გამოიყენა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. ც. გ-ას პირად მოვალეს არა მ. ლ-ე, არამედ, წარმოადგენდა მ. ა-ე, რომელმაც უშუალოდ ისესხა თანხა და იპოთეკით კი დატვირთა მ. ხ-ის კუთვნილი ქონება. სასამართლომ არ შეაფასა და სრულყოფილად არ გამოიკვლია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და მინდობილობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. ხ-ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
მოცემული დავის საგანია თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ხ-ლ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.