ას-1194-1214-2011 31 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ი. ჩ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. კ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება
დავის საგანი _ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ჩ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. და ნ. კ-ების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის, სამოქალაქო კოდექსის 1323-ე, 1336-ე, 1421-ე და 1424-ე მუხლების საფუძველზე ქ. გ-ძის დანაშთი ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:
მოსარჩელის განმარტებით, ტყიბულის რაიონის სოფელ კურსების ყოფილი სასოფლო საბჭოს 1983-1985 წლების საკომლო წიგნებში ირიცხებოდნენ ნ. და ქ. გ-ძეები მ/მომსახურების კატეგორიით, ფლობდნენ როგორც მიწის ნაკვეთს, ასევე საცხოვრებელ სახლს. ოჯახის უფროსი ნ. გ-ძე გარდაიცვალა 1984 წელს, რის საფუძველზეც კომლის უფროსად გატარებულია მისი მეუღლე ქ. გ-ძე, რომელიც გარდაიცვალა 1993 წელს და, შესაბამისად, კომლის საერთო საკუთრებაზე გაიხსნა სამკვიდრო. ამ დროისათვის ქ. გ-ძის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ მისი შვილი ი. ჩ-ე და ნ. გ-ძის ქალიშვილი ნ. გ-ძე (კ-ი). სამკვიდროს ფაქტობრივ მართვას შეუდგა მოსარჩელე ი. ჩ-ე, მეორე მემკვიდრემ კი გაუშვა სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადა. მოსარჩელის განმარტებით, 2007 წელს ნ. გ-ძის შვილმა მ. კ-მა სადავო ქონება უკანონოდ გაიფორმა საკუთრების უფლებით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს უსაფუძვლობის გამო, მოპასუხე ნ. კ-მა განმარტა, რომ მისი მშობლების გარდაცვალების შემდეგ თავის ოჯახთან ერთად შეუდგა სამკვიდროს მართვას, რის საფუძველზეც სამკვიდრო მის მიერ მიღებულად ითვლება. ნ.კ-ი უვლიდა სახლს, ეზოს, მოჰყავდა მოსავალი, უვლიდა და დღემდე უვლის მამის _ ნ. გ-ძისა და დედინაცვლის _ ქ. დ-ის საფლავებს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა ქ. გ-ძის დანაშთი ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. და ნ. კ-ებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივნისის განჩინებით მ. და ნ. კ-ების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ჩ-ე მოითხოვს ქ. გ-ძის სამკვიდროს მესაკუთრედ აღიარებას. მხარეთა შორის დავა მიმდინარეობს ტყიბულის რაიონის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, რომელიც 2010 წლის 17 მარტს მ. კ-ისაგან შეიძინა ჟ. ს-ემ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მის სახელზე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია ი. ჩ-ის სარჩელი ზემოხსენებული გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლის წარმოებაც შეჩერებულია სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის გადაწყვეტამდე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეები დავობენ არა იმაზე, თუ ვინ არის ქ. გ-ძის მემკვიდრე, არამედ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე, რომლის მესაკუთრე ჟ. ს-ეა. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლზე და განმარტა, საჯარო რეესტრის მონაცემებით სადავო ქონების მესაკუთრე ჟ.ს-ეა და უძრავ ნივთზე მესაკუთრედ აღიარების ნაწილში სწორედ ის არის ამ დავაზე სათანადო მოპასუხე, რომელიც საქმის განხილვაში არ მონაწილეობდა. სასამართლოს მოსაზრებით, მართალია საქალაქო სასამართლო ვერ გადაწყვეტდა ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხს მანამ, ვიდრე ქონებაზე მოსარჩელის უფლება არ დადგინდება, თუმცა სააპელაციო პალატა, თავის მხრივ, ვერ გადაწყვეტს არის თუ არა მოსარჩელე სადავო ქონების მესაკუთრე, ვიდრე ნასყიდობის ხელკშეკრულების ნამდვილობა არ გაირკვევა. პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული საფუძვლიდან გამომდინარე, არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტის შესაბამისად გაუქმების საფუძველი. სასამართლოს განმარტებით, საქმის ხელახლა განხილვისას ზემოაღნიშნული სარჩელები ერთ წარმოებად უნდა გაერთიანდეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ჩ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მხარეები დავობენ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე და არა ზოგადად ქ. გ-ძის მემკვიდრეობაზე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით ი.ჩ-ე ცნობილ იქნა არა ქ. გ-ძის კონკრეტული ქონების არამედ, ზოგადად მისი დანაშთი ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა ქონებას. ის არ ყოფილა მესაკუთრედ ცნობილი ჟ. ს-ის კუთვნილ რაიმე ქონებაზე, ამდენად ჟ.ს-ე დავაში არ უნდა ჩართულიყო.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო უთითებს ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებებს, კერძოდ, პალატა განმარტავს, რომ საქალაქო სასამართლო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობის თაობაზე, სანამ არ დადგინდება, არის თუ არა ი.ჩ-ე მემკვიდრე, ასევე განმარტავს, რომ ჯერ უნდა გადაწყდეს მ.კ-სა და ჟ.ს-ეს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილობის საკითხი და მერე გაირკვეს ი.ჩ-ის მესაკუთრედ ცნობის კანონიერება. კასატორის განმარტებით, ჯერ ის უნდა იქნეს ცნობილი ქ. გ-ძის დანაშთი ქონების მესაკუთრედ და შემდეგ უნდა მოხდეს ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობის განხილვა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება არასრულია, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანოების შემოწმება შეუძლებელია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ი. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ი. ჩ-ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ეთერ ჩ-ის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ ი. ჩ-ეს (პირადი ¹ ...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» ეთერ ჩ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 210 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.