Facebook Twitter

ას-1196-1216-2011 20 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ რ. ბ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. მ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ სესხისა და პროცენტის დაბრუნება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ბ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. მ-ის მიმართ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე 3800 აშშ დოლარის დაბრუნების, 2010 წლის დეკემბრიდან 2011 წლის თებერვლის ჩათვლით პროცენტის სახით 360 აშშ დოლარის გადახდისა და სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთიასის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

2007 წლის 24 მაისს ნ. მ-ესა და ნ. დ-ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება (სანოტარო აქტი ¹1-....), რომლის თანახმად ნ. დ-ემ ნ. მ-ეს სესხად გადასცა 4000 აშშ დოლარი, თვეში 3%-ის დარიცხვით 6 თვის ვადით, 2007 წლის 23 ნოემბრის ჩათვლით.

2007 წლის 24 მაისის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე და მის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე ნ.მ-ის კუთვნილი ქ.ქუთაისში, ბუხაიძის მე-2 მ/რ-ის ¹22/31-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი.

2009 წლის 18 თებერვალს გამსესხებელი, იგივე იპოთეკარი ნ. დ-ე გარდაიცვალა და რეესტრში იპოთეკარად აღირიცხა სამკვიდროს მიმღები მემკვიდრე, გარდაცვლილის დედა _ ბ. ბ-ა, ხოლო 2011 წლის 11 იანვრიდან _ რ. ბ-ა.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტებს და მართებულად მიუთითა, რომ, სამოქალაქო კოდექსის 129-130-ე მუხლების თანახმად, სარჩელი ხანდაზმულია.

სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლის საფუძველზე კი სასამართლომ მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობასთან ერთად, ასევე ხანდაზმულია მოთხოვნა ამ სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებისთვისაც.

პალატა არ დაეთანხმა აპელანტის პოზიციას, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა. სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, კრედიტორის სასარგებლოდ რაიმე სახის ქმედების განახორციელება ხანდაზმულობის ვადის დენას არ წყვეტს. ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდება, თუ მოვალე თავისი მოქმედებით, გადახდით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. აღნიშნული კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი პუბლიკაციიდანაც არ დგინდება. ამ საბუთით, 2011 წლის 25 თებერვალს ნ. მ-ემ ბ. ბ-ას გაუგზავნა 200 აშშ დოლარი, თუმცა პუბლიკაციით არ დასტურდება, რომ ეს თანხა გადაიგზავნა სასესხო ვალდებულების შესრულების მიზნით. ამასთან, სესხის ხელშეკრულების თანახმად, სესხი იყო სარგებლიანი და სარგებელი შეადგენდა სესხის ძირითადი თანხის 3%-ს. აპელანტის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარეს სესხის ძირითადი თანხა ნაწილობრივაც კი არ დაუფარავს. შესაბამისად, სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა 4000 აშშ დოლარს. 4000 აშშ დოლარის 3% არის 120 აშშ დოლარი. ამგვარად, ნ. მ-ეს კრედიტორისათვის ყოველთვიურად უნდა გადაეხადა პროცენტი 120 აშშ დოლარის ოდენობით. ნ. მ-ის მიერ ბ. ბ-ასათვის გაგზავნილი თანხა აღემატება ერთ თვეში გადასახდელ პროცენტს და ნაკლებია 2 თვის პროცენტზე. აღნიშნულის გამო, სასამართლოს მოსაზრებით, ეს გადარიცხვა არ ამტკიცებს, რომ მოვალემ თანხა გადაიხადა სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ანგარიშში.

პალატის მითითებით, საყურადღებოა ისიც, რომ მხარეებს ურთიერთშორის, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ანგარიშსწორება საბანკო გადარიცხვების მეშვეობით არ უწარმოებიათ. აპელანტის პოზიციის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები კი საქმეში წარმოდგენილი არ არის.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება რ. ბ-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:L

საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ, რადგან ნ. მ-ის წარმომადგენელი იმავდროულად არის საქმის განმხილველი შემადგენლობის ერთ-ერთი წევრის _ ი. პ-ის თანაშემწის მეუღლე, რაც ეჭვეს ბადებს მოსამართლის მიუკერძოებლობაში.

სასამართლომ თავისი განჩინება ააგო ვარაუდზე და დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, 317-ე მუხლის პირველი ნაწილი და 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, რითაც უხეშად შელახა როგორც ევროკონვენციით, ისე საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა.

სასამართლოს მიერ იგნორირებულია სამოქალაქო კოდექსის 137-ე, 141-ე და 144-ე მუხლები. მოპასუხეს 2007 წლის ნოემბრიდან თანხა რომ არც გადაეხადა, 2011 წლის 25 თებერვალს პროცენტის გადახდით ხანდაზმულობის ვადის დენა მაინც შეწყდებოდა და მისი დენა თავიდან დაიწყებოდა. 2010 წლის დეკემბრამდე მოპასუხე სისტემატურად იხდიდა პროცენტს, ხოლო 2011 წლის 25 თებერვალს მოსარჩელის დას, ბ. ბ-ას გადაუხადა 200 აშშ დოლარი და ამით აღიარა ვალის არსებობა. მართალია, აღნიშნული თანხა გადახდილ იქნა ბ. ბ-ასათვის, მაგრამ სწორედ იგი წარმოადგენს მევალის მემკვიდრეს და მოპასუხისათვის არ იყო ცნობილი იპოთეკარის შეცვლის შესახებ. შესაბამისად, მოპასუხემ 200 აშშ დოლარი უფლებამოსილ პირს გადაუხადა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს ამ გადარიცხვის შესახებ ინფორმაციას გაურკვევლად მიიჩნევდა ამ მიმართებით მოპასუხისათვის კითხვები უნდა დაესვა, რაც მას არ განუხორციელებია. მით უფრო, რომ სასამართლო თავადვე ეთანხმება მოსარჩელეს, რომ მოპასუხეს არ შეუსრულებია მისი სახელშეკრულებო ვალდებულება და დაუსაბუთებელია მოპასუხის მითითება, რომ მან ვალდებულება შეასრულა 2007 წლის ბოლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 სექტემბრის განჩინებით რ. ბ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა რ. ბ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. ბ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.