Facebook Twitter

ას-1204-1224-2011 17 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ. ბ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. თ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მცირეწლოვანი შვილისათვის წილის სარგებლობის უფლებით გამოყოფა

დავის საგანი _ სარგებლობის უფლებით წილის გამოყოფა, ქორწინების განმავლობაში შეძენილი უძრავი ქონების 1/2 წილზე თანამესაკუთრედ ცნობა, ჩუქებით მიღებული ნივთების დაბრუნება, მკურნალობის ხარჯისა და 500 ლარის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. თ-ის მიმართ განქორწინების, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების, საერთო საცხოვრებლიდან სარგებლობის უფლებით წილის გამოყოფის, ქორწინების განმავლობაში შეძენილი უძრავი ქონებისა და «ოპელის» მარკის ავტომობილის ½ წილის თანამესაკუთრედ ცნობის, სხვა მოძრავი ნივთების გაყოფისა და ჩუქებით მიღებული ნივთების ღირებულების _ 500 ლარის დაბრუნების, ასევე მკურნალობის ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარენოებათა გამო:

მოსარჩელის განმარტებით, ის მოპასუხე გ.თ-თან ფაქტობრივად განქორწინდა 2007 წელს. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი _ ლ. თ-ი. მხარეებმა ერთად ცხოვრების პერიოდში 9000 ლარად შეიძინეს სახლი მდებარე ქ.სამტრედიაში, ასევე 3500 დოლარად _ «ოპელის» მარკის ავტომობილი, სხვა მოძრავი ნივთები: საძინებელი _ 1500 ლარად, მაგიდა _ 500 ლარად, სკამები _ 400 ლარად, გარდერობი _ 200 ლარად, კომოდი _ 150 ლარად, ტელევიზორი _ 300 ლარად, «დივიდი» _ 150 ლარად, «სატელაიტი» _ 200 ლარად, ხალიჩა _ 400 ლარად. მოსარჩელეს ჰქონდა ასევე 9-გრამიანი ბაჯაღლოს ბეჭედი, 8-გრამიანი სამაჯური, 11 და 4-გრამიანი 2 «ცეპი», 4-გრამიანი თვლიანი ბეჭედი, რომელსაც მოპასუხის დედა არ უბრუნებს, გ.თ-მა მიითვისა შვილის დაბადებასთან დაკავშირებით სამტრედიის სალოკომოტივო სამასახურის მიერ გადაცემული ფულადი თანხა _ 500 ლარი.

მ.ბ-ის მშობლებთან შეთანხმებით მოსარჩელის მკურნალობის ხარჯები უნდა გაეღო ასევე მოპასუხეც. ამასთან, მოპასუხის ხელფასი არის 700 ლარი და არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ მოითხოვა ალიმენტის დაკისრება 350 ლარის ოდენობაით.

მოპასუხემ სარჩელი განქორწინების ასევე ალიმენტის დაკისრების ნაწილში ცნო, დანარჩენ ნაწილში კი მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

მოპასუხის განმარტებით, მხარეთა განქორწინების მიზეზი მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. მ.ბ-ემ ქორწინებამდე დაუმალა, რომ იყო ავად. ამასთან, მან განქორწინების დროს მის მიერ მოთხოვნილი ნივთები წაიღო მშობლების საცხოვრებელ სახლში. მოპასუხემ განმარტა, რომ მან შვილის დაბადების შემდეგ მ.ბ-ეს გადასცა 500 ლარი, ხოლო მშობიარობის ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფომ აუნაზღაურა, გ.თ-ის განმარტებით, ნივთები რომლის გაყოფასა და თანამესაკუთრედ ცნობასაც მოსარჩელი მოითხოვს, შეძენილია მოპასუხის მშობლების მიერ მათ ქორწინებამდე, შესაბამისად, არ წარმოადგენს მხარეთა საკუთრებას. ალიმენტის ოდენობის ნაწილში კი მოპასუხემ განმარტა, რომ მისი შემოსავალი არა 700, არამედ 575 ლარია და ასაღები თანხა _ 460 ლარი.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 თებერვლის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ასევე მისი სარჩელი ალიმენტის დაკისრების თაობაზე, მოპასუხეს 2008 წლის 10 თებერვალს დაბადებული ლ. თ-ის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის დღიდან _ 2010 წლის 7 დეკემბრიდან დაეკისრა თვეში 120 ლარის გადახდა, ამავე სასამართლოს 2011 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით კი, მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ. თ-ს დაევალა მ. ბ-ისათვის შემდეგი ოქროს ნივთების დაბრუნება: 9-გრამიანი ბაჯაღლოს რგოლი (ბეჭედი); 8-გრამიანი ოქროს სამაჯური; 11-გრამიანი ოქროს ყელსაბამი (ჯაჭვი); 4-გრამიანი თვლიანი ოქროს ბეჭედი; 4-გრამიანი ოქროს ყელსაბამი (ჯაჭვი); თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას გ. თ-ს არ აღმოაჩნდება მითითებული ოქროს ნივთები, გ. თ-ს მ. ბ-ის სასარგებლოდ გადახდება 9-გრამიანი ბაჯაღლოს რგოლის (ბეჭედი) სანაცვლოდ 700 ლარის; 8-გრამიანი ოქროს სამაჯურის სანაცვლოდ 320 ლარის; 11-გრამიანი ოქროს ყელსაბამის (ჯაჭვი) სანაცვლოდ 440 ლარის; 4-გრამიანი თვლიანი ოქროს ბეჭედის სანაცვლოდ 160 ლარის; 4-გრამიანი ოქროს ყელსაბამის (ჯაჭვი) სანაცვლოდ 160 ლარის გადახდა. მ. ბ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ბ-ე და გ. თ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2007 წლის 15 იანვრიდან და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით მათი ქორწინება შეწყდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ¹18116 ცნობის თანახმად, გ. თ-ის საკუთრებაში, სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურში უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის. მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ დაქორწინების შემდეგ გ. თ-ი და მ. ბ-ე ცხოვრობდნენ გ. თ-ის მშობლებთან ერთად მათსავე სახლში, ქ.სამტრედიაში, ...ის ქ.¹24/40/7-ში. მოწმეთა ჩვენებებით, ასევე, თავად მ.ბ-ის განმარტებით, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საძინებელი გარნიტური გ. თ-მა და მისმა ოჯახმა შეიძინა მ. ბ-ესთან დაქორწინებამდე. მ.ბ-ის ჩვენებით დგინდება, რომ ბავშვის შეძენასთან დაკავშირებით თანამშრომლებისაგან, გ.თ-ს საჩუქრად გადაეცა 500 ლარი. მოწმე მ. ტორონჯაძის ჩვენებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მ. ბ-ის მიერ სარჩელში მითითებული საოჯახო ნივთები ეკუთვნით გ. თ-ის მშობლებს. პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის შუამდგომლობით, მოწმის სახით დაკითხულმა გ. თ-ის დედა ნორა თ-მა აჩვენა, რომ მ. ბ-ეს ქორწინებასთან დაკავშირებით აჩუქეს ოქროს ნივთები: ექვსგრამიანი ბეჭედი, ერთი «ცეპი», ბაჯაღლოს რგოლი, ოქროს საყურეები, ოქროს ორგრამიანი თვლიანი ბეჭედი, ოქროს სამაჯური. ამ ნივთებიდან ოქროს საყურე დღესაც გ. თ-თანაა. მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ სარჩელით მოთხოვნილი საოჯახო ნივთების გ. თ-ის მიერ შეძენის ფაქტი მათთვის ცნობილი გახდა მ. ბ-ისაგან. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა მ. ბ-ემ დააზუსტა სარჩელით მოთხოვნილი ოქროს ნივთების დასახელება, რაოდენობა და ხარისხი და განმარტა, რომ ქორწინებასთან დაკავშირებით, ჩუქების გზით მიღებული ჰქონდა შემდეგი ნივთები: 9-გრამიანი ბაჯაღლოს რგოლი (ბეჭედი), ღირებულებით 700 ლარი; 8-გრამიანი ოქროს სამაჯური, ღირებულებით 320 ლარი; 11-გრამიანი ოქროს ყელსაბამი (ჯაჭვი), ღირებულებით 440 ლარი; 4-გრამიანი თვლიანი ოქროს ბეჭედი, ღირებული 160 ლარი; 4-გრამიანი ოქროს ყელსაბამი («ცეფი»), ღირებულებით 160 ლარი; სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება სამოქალაქო კოდექსის 1158-1159-ე მუხლებზე და განმარტა, რომ თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მათი ურთიერთშეთანხმებით. იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის, ასევე მ. ბ-ის განმარტების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ 1500 ლარად ღირებული საძინებელი გარნიტური გ. თ-ისა და მისი ოჯახის მიერ მათი ქორწინების რეგისტრაციამდეა შეძენილი, არ წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას და არ უნდა განაწილდეს მხარეთა შორის. სასამართლოს მთავარ სხდომაზეMმ. ბ-ემ ასევე დაადასტურა გ. თ-ისათვის მისივე სამსახურისაგან 500 ლარის საჩუქრად გადაცემის ფაქტი, რაც სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლეთა შორის გაყოფაზე უარის თქმის საფუძველია.

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 103-ე და 105-ე მუხლებზე და, ვინაიდან, მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რაც უდავოდ დაადასტურებდა, ქორწინების განმავლობაში, სამტრედიაში, ...ის ქუჩაზე უძრავი ქონების, ასევე მოძრავი ნივთების: ავტომანქანა «ოპელის», 500 ლარად ღირებული მაგიდის, 400 ლარად ღირებული სკამების, 200 ლარად ღირებული «გარდეროფის», 250 ლარად ღირებული «კომოდის», 300 ლარად ღირებული ტელევიზორის, 150 ლარად ღირებული «დივიდის», 200 ლარად ღირებული «სატელაიტის», 400 ლარად ღირებული ხალიჩის გ. თ-ის მიერ შეძენის ფაქტს, პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა აღნიშნული ქონების თანასაკუთრებად მიჩნევასა და მხარეთა შორის განაწილებაზე უარის თაობაზე მართებულად ჩათვალა. დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული აპელანტის მოსაზრება, რომ სასამართლომ არასაკმარისად შეაფასა მოწმეთა ჩვენებები და საქმეში განთავსებული მტკიცებულებები, ასევე მკურნალობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა, რადგანაც მოსარჩელეს არ წარუდგენია მკურნალობის ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ოქროს ნივთების დაბრუნების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეს, არც შესაგებელში და არც სასამართლო სხდომაზე სადავო არ გაუხდია სარჩელით მოთხოვნილი ოქროს ნივთების დასახელება, უარყო მხოლოდ მ.ბ-ის ოქროს ნივთების მასთან არსებობის ფაქტი, თუმცა მისივე შუამდგომლობით დაკითხული მოწმის _ მოპასუხის დედა ნორა თ-ის ჩვენებით დადასტურდა ოქროს ნივთებიდან საყურის გ.თ-ის მიერ ფლობის ფაქტი.

სასამართლომ იხელლმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1161-ე მუხლით და ჩათვალა, რომ გ.თ-ს არ გააჩნია იმ ოქროს ნივთების ფლობის უფლება, რაც მ.ბ-ეს ქორწილზე გადაეცა საჩუქრად. სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 253-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან, მოპასუხეს, მოსარჩელის განმარტების საწინააღმდეგო მტკიცებულება სარჩელით მოთხოვნილი ოქროს ნივთების ღირებულებასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია, დადასტურებულად ჩაითვალა მოსარჩელის მითითება ნივთების ფასთან დაკავშირებით და განიმარტა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას გ. თ-ს არ აღმოაჩნდებოდა მითითებული ოქროს ნივთები, მასვე გადახდებოდა სარჩელში მითითებული ამ ნივთების ღირებულება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ემ, მოითხოვა მისი საცხოვრებელი სახლიდან წილის გამოყოფის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარგებლობის უფლებით საცხოვრებელი სახლიდან არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ წილის გამოყოფა შემდეგი საფუძვლებით:

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა მ.ბ-ის მოთხოვნა შვილის ბებია-ბაბუის საცხოვრებელი სახლიდან წილის გამოყოფის თაობაზე, რადგანაც მათ აქვთ ორი სახლი, სამსულიან ოჯახს საცხოვრებლად მეორე სახლი არ სჭირდება, კასატორი განქორწინების შემდგომ მშობლებთან ცხოვრობს მცირეფართიან სახლში, რაც მისი შვილის სრულყოფილი აღზრდისა და განვითარებისათვის საკმარისი არაა, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მ.ბ-ე უმუშევარია, არ აქვს შემოსავალი და მის მიერ ბინის შეძენა ან დაქირავება შეუძლებელია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 სექტემბრის განჩინებით მ. ბ-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «მ1» ქვეპუნქტის საფუძვლეზე, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.