Facebook Twitter

ას-1206-1226-2011 6 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. ხ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. გ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ხ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. გ-ის მიმართ მხარეთა შორის 2010 წლის 14 ივლისს ქ.თბილისში, ... ქ.¹5-ში მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2010 წლის 14 ივლისს ნ. ხ-სა და ი. გ-ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ. ხ-მა მყიდველ ი. გ-ეს მიჰყიდა ქ. თბილისში, ... ქ.¹5-ში მდებარე უძრავი ქონებიდან კუთვნილი წილი. ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით,Yნასყიდობის საგანი შეფასებულია 80 000 ლარად. ნასყიდობის ღირებულება მყიდველს უნდა გადაეხადა წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მყიდველი ი. გ-ე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში ქ.თბილისში, ... ქ.¹5-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით, 105-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, სამოქალაქო კოდექსის 85-88-ე მუხლით და ჩათვალა, რომ გარიგების დადების მიზნით, ი. გ-ის მხრიდან ნ. ხ-ის იძულება (ძალადობას ან მუქარას) ან მოტყუება არ მომხდარა.

პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მართებულად მიეთითა, რომ ნების გამოვლენის თავისუფლება შეიძლება ხელყოფილ იქნეს გარიგების კონტრაჰენტის შეგნებული განზახი მოქმედებით _ მოტყუებით. მოტყუებად ითვლება შეცდომის განზრახი გამოწვევა. მოტყუება შეიძლება ეხებოდეს უშუალოდ გარიგების საგანს, ასევე სხვა გარემოებებს, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს გარიგების მონაწილის ნებაზე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არ მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ მოსარჩელის მხრიდან გარიგებასთან დაკავშირებულ გარემოებებზე არასწორი მონაცემების მიწოდების გამო, გააფორმა მასთან სადავო გარიგება. ის საერთოდ უარყოფდა მისი ნების არსებობას კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისების თაობაზე. სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა უკვე თავისთავად ადასტურებდა გარიგების შინაარსის ცოდნას და ასეთი გარიგების დადების ნებას.

გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასევე სწორად მიეთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, უსაფუძვლო იყო მოტყუების გარემოების დასადასტურებლად მყიდველის მიერ ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობაზე მითითება. პალატა განმარტავს, რომ აპელანტის მიერ მითითებული ამ გარემოების (ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობა) დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც, გარიგების ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებული წინაპირობა არ იარსებებდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. ხ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა სამოქალაქო კოდექსის 85-88-ე მუხლებიდან გამომდინარე სადავო შემთხვევაში იძულების არარსებობის თაობაზე. სააპელაციო პალატას არ შეუფასებია ის გარემოება, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ კასატორი იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში, მოპასუხემ კი ბოროტად ისარგებლა აღნიშნულით. ნ. ხ-ს მიეწოდებოდა ინფორმაცია, რომ მისი ბიძა და ბიცოლა კასატორის სიცოცხლის ხელყოფის გზით გეგმავდნენ ქონების დაპატრონებას. ამდენად, კასატორის მიმართ ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა.

სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, როდესაც არ გაიზიარა ნ.ხ-ის არგუმენტი მის მოტყუებასთან დაკავშირებით და მესაკუთრისათვის გარიგების ღირებულების გადაუცემლობა მოტყუების განზრახვად არ ჩათვალა. პალატა ვერ განსაზღვრავდა კასატორის ნების შესაბამისობას გარიგების შინაარსთან და შეეძლო მხოლოდ ფაქტობრივ მონაცემად ჩაეთვალა მისი ხელმოწერა დოკუმენტზე.

სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის დანაწესიც, რადგან მოპასუხის განზრახვას შეადგენდა, უსასყიდლოდ დაუფლებოდა კასატორის ქონებას. მოტყუების ფაქტს ადასტურებს ნასყიდობის ღირებულების მესაკუთრისათვის გადაუცემლობის ფაქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.