Facebook Twitter

ას-1219-1239-2011 31 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ. წ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე _ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელის გამო, მოპასუხე – გ. წ-ის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ძირი თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. წ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინებით გ. წ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 4730.25 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

2011 წლის 6 ოქტომბერს გ. წ-ემ განცხადებით მომართა სასამართლოს და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადახდის გადავადების თაობაზე.

2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით გ. წ-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 2 (ორი) დღით, დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 4730.25 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი უთითებს, რომ საქმეში იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ საკასაციო საჩივრის ავტორს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი 2011 წლის 18 ოქტომბერს ეცნობა საქმეში მის მიერ მითითებულ ნომერზე სატლეფონო შეტყობინებით (სატელეფონო შეტყობინების აქტი _ ტ.II, ს.ფ.111).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სარჩელზე (საკასაციო საჩივარზე) დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ კოდექსის 183-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელის (საკასაციო საჩივრის) ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორცილების დღეს ჩაბარებულად ითვლება.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეეხებოდა მის ფორმალურ და არა შინაარსობრივ მხარეს (არ იყო წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი) პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრის ავტორს კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით ჩაბარდა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება 2011 წლის 18 ოქტომბერს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ორდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 19 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 20 ოქტომბერს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში, კასატორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. წ-ეს დადგენილ ვადაში არ შეუვსია ხარვეზი, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე და 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. წ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.