Facebook Twitter

ას-1231-1251-2011 13 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს «მ. ჯ-ა» (შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «კ. ე-ი» (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ხელშეშლის აღკვეთა, ვალდებულების მომავალში შესრულება, ხელშეკრულების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «მ. ჯ-ამ» სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «კ. ე-ის» მიმართ და მოითხოვა, რომ შპს «მ. ჯ-ას” აეკრძალოს შპს «კ. ე-ისათვის” 2010 წლის 5 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე ქ.თბილისში, ... გზატკეცილზე მდებარე ავტობაზრობის ტერიტორიაზე იჯარით გადაცემული ფართით სარგებლობაში ხელშეშლა, 2010 წლის 5 ივნისის საიჯარო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მომავალში შესრულება, ხელშეკრულების დადების დღიდან 5 წლის ვადით შპს «კ. ე-ისათვის” ხელშეკრულებით განსაზღვრული იჯარის საგნის ამავე ხელშეკრულებით დადგენილი პირობებითა და წესით გამოყენების მიზნით გადაცემა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს «მ. ჯ-ას» მიმართ მხარეთა შორის 2010 წლის 5 ივნისს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს «კ. ე-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს «მ. ჯ-ას” აეკრძალა შპს «კ. ე-ისათვის” 2010 წლის 5 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე ქ.თბილისში, ... გზატკეცილზე მდებარე ავტობაზრობის ტერიტორიაზე იჯარით გადაცემული ფართით სარგებლობაში ხელშეშლა, «კ. ე-ის” მოთხოვნა შპს «მ. ჯ-ასათვის” 2010 წლის 5 ივნისის საიჯარო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მომავალში შესრულების დავალების შესახებ არ დაკმაყოფილდა, შპს «მ. ჯ-ას” შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განჩინებით შპს ,,მ. ჯ-ას» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ შპს ,,კ. ე-ის» მიერ ავანსის სახით 3 თვის საიჯარო ქირის გადახდის დაგვიანება ერთ თვეზე მეტი ვადით წარმოადგენს შპს ,,მ. ჯ-ას» მხრიდან, დამატებითი ვადის დაწესების გარეშე, იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველს.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,კ. ე-ის» მიერ შპს მ. ჯ-ასათვის» სამი კალენდარული თვის საიჯარო ქირის ავანსი გადახდილ იქნა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ერთ თვეზე მეტი ვადის დაგვიანებით. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.2.2. პუნქტის შესაბამისად, მეიჯარეს უფლება აქვს, ვადამდე ადრე ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება მოიჯარის მიერ ერთი თვის განმავლობაში საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში.

სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის მეორე ნაწილის, 405-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დამატებითი ვადის დაწესების ვალდებულების გამომრიცხავი საფუძვლების არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდება.

2010 წლის 5 ივნისის იჯარის ხელშეკრულების 6.5 მუხლის თანახმად, მხარე, რომელიც მიიჩნევს, რომ მეორე მხარემ მნიშვნელოვნად დაარღვია მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ვალდებულების დამრღვევ მხარეს მიმართავს წერილობითი შეტყობინებით, რომელიც ავალდებულებს ვალდებულების დამრღვევ მხარეს, გამოასწოროს დარღვევა სულ ცოტა 15 დღის განმავლობაში, ან მხარეთა მიერ წერილობით შეთანხმებულ სხვა ვადაში.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,მ. ჯ-ამ» ცალმხრივად, დამატებითი ვადის დაწესების გარეშე შეუწყვიტა შპს ,,კ. ე-ს» გრძელვადიანი (5-წლიანი) საიჯარო ხელშეკრულება, რაც ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ ნორმებს.

ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საიჯარო ქირის გადახდის დაგვიანების საფუძვლით საიჯარო ხელშეკრულების ცალმხრივად, ვადის დაწესების გარეშე მოშლის უფლება შპს ,,მ. ჯ-ას» არ გააჩნდა.

სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს 2010 წლის 5 ივნისს დადებული იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძვლად აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებებს მოიჯარის მიერ ხელშეკრულების მიზნობრიობის დარღვევისა და საიჯარო ფართის ქვეიჯარით გაცემის შესახებ. 2010 წლის 05 ივნისს შპს ,,მ. ჯ-ასა» და შპს ,,კ. ე-ს» შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 1.1. მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გადაცემულ ფართს მოიჯარე გამოიყენებდა სატრანსპორტო საშუალებების, მათი სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების გასაყიდად ან/და გასაქირავებლად და ისეთი ბიზნეს ოპერაციებისათვის, რომლებიც ხელს შეუწყობდა სატრანსპორტო საშუალებების ან/და მათი სათადარიგო ნაწილების ან/და აქსესუარების გაყიდვებს.

სს ,,... ბანკსა» და შპს ,,კ. ე-ს» შორის 2010 წლის 15 ივლისს გაფორმებული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებით პალატამ დადასტურებულად ჩათვალა, რომ ბანკის და კომპანიის თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს სწორედ ავტომობილებისა და მათი სათადარიგო ნაწილების გაყიდვების ხელშეწყობა, რაც გამოიხატება შპს ,,კ. ე-ის» კლიენტებისათვის ავტომობილების საბანკო კრედიტის საშუალებით შეძენის მომსახურების შეთავაზებაში.

სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ქვეიჯარა, ისევე, როგორც იჯარა წარმოადგენს ორმხრივ, სასყიდლიან ხელშეკრულებას. იჯარის ქირის განსაზღვრა საიჯარო ხელშეკრულების არსებითი პირობაა, რომლის გარეშეც იჯარის ხელშეკრულება ვერ დაიდება. მოცემულ შემთხვევაში, სს ,,... ბანკსა» და შპს ,,კ. ე-ს» შორის თანამშრომლობის შესახებ 2010 წლის 15 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება არ წარმოადგენს სასყიდლიან გარიგებას, რაც გამორიცხავს სს ,,... ბანკსა» და შპს ,,კ. ე-ს» შორის არსებული სამართალურთიერთობის საიჯარო ურთიერთობად კვალიფიკაციას. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მითითებული ხელშეკრულება არ არის გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით და მხარეთა ნების თავისუფალი გამოვლინების რეზულტატია.

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლისა და 581-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულება წარმოიშვა საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, შპს ,,მ. ჯ-ამ» დაარღვია საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რაც გამოიხატა შპს ,,კ. ე-ისათვის» იჯარით გადაცემული ფართის სარგებლობის უკანონო ხელშეშლაში, გადაცემული ფართის შესასვლელის დაკეტვის გზით.

სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ შპს ,,კ. ე-ი» წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელს და უფლებამოსილია, მოსთხოვოს შპს «მ. ჯ-ას» იჯარით გადაცემული ფართით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს «მ. ჯ-ამ» გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

შპს „მ. ჯ-ას“ მხრიდან შპს „კაუკაუსუს „ე-ის“ მიმართ სარგებლობის ხელშეშლა არ განხორციელებულა, ვინაიდან ამ დროისათვს ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო და შპს „კავკასუს ე-ი“ არ წარმოადგენდა საიჯარო ფართის მართლზომიერ მფლობელს. მართლზომიერი მფლობელობა, სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოიშობა მხოლოდ ორმხრივი ნების გამოვლენის შედეგად ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის განხორციელებით. როგორც ზემოთ აღინიშნა, შპს „მ. ჯ-ამ“ გამოავლინა ნება სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტაზე, რაც, ამავე დროს, მართლზომიერი მფლობელობის შეწყვეტასაც განაპირობებს.

არასწორია სააპელაცო სასამართლოს მსჯელობა იმ გარემოებაზე, რომ კასატორს შპს „კ. ე-ისათვის“ დარღვევის გამოსასწორებლად ვადა არ მიუცია. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ კასატორმა მოწინააღმდეგე მხარე არაერთხელ უშედეგოდ გააფრთხილა. ასევე კასატორმა დაკარგა ინტერესი ხელშეკრულების მიმართ, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარემ ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე დღეში უხეშად დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ძირითადი ვალდებულებები, არ გადაიხადა საიჯარო ქირა.

ამდენად, კასატორს სრული უფლება ჰქონდა, ემოქმედა სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მეორე ნაწილს შესაბამისად, თუმცა აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე მოწინააღმდეგე მხარე არაერთხელ იქნა გაფრთხილებული საიჯარო ქირის გადაუხდელობის შედეგებზე. ასევე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 5.22 და 6.6 მუხლები, რომლის თანახმად საიჯარო ქირის ერთი თვის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში მეიჯარეს უფლება ჰქონდა ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება. ბუნებრივია, ხელშეკრულების მითითებული პირობები წარმოადგენდა მხარეთა შეთანხმების საგანს და სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, არ გაეთვალისწინებინა საქმის გადაწყვეტისას ხელშეკრულების ის მუხლები, რომლებიც ადგენდნენ ხელშეკრულების შეწყვეტის წესსა და პირობებს.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ შპს «მ. ჯ-ას» სადავო ფართი ქვეიჯარით არ გადაუცია. პალატას არ შეუფასებია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები _ ფოტოსურათები და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება. ამასთან, შპს «კ. ე-ის» წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ იჯარით აღებულ ფართში სს «... ბანკი» ახორციელებს საბანო პროდუქციის რეალიზაციას. აღნიშნულის შედეგად ბანკი კრედიტის გაცემის გამო იღებდა სარგებელს პროცენტის სახით, ხოლო შპს «კ. ე-ი» შეძლებდა მეტი პროდუქციის გასაღებას. ამდენად, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება იყო უსასყიდლო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 სექტემბრის განჩინებით შპს «მ. ჯ-ას» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს «მ. ჯ-ას» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს «მ. ჯ-ას» უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2011 წლის 14 ივლისს გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს «მ. ჯ-ას» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ შპს «მ. ჯ-ას» (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.