Facebook Twitter

¹ბს-1422-997(კ-05) 24 თებერვალი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი – შპს ,,კ...ი»

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი;

მესამე პირი - რუსთავის საგადასახადო ინსპექცია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 ივლისის განჩინება

დავის საგანი – საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2003 წლის 31 მარტს შპს ,,კ...მა» სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს ბოლნისის ზონალური ინსპექციის, ქ. რუსთავის საოლქო-საგადასახადო ინსპექციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა ბოლნისის საგადასახადო ინსპექციის 2002 წლის 19 ნოემბრის საგადასახდო შემოწმების აქტის ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც შპს ,,კ...ს» დაერიცხა: ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადზე საურავი 156 960 ლარი, არარეზიდენტთა საშემოსავლო გადასახადზე საურავი 281 019 ლარი და საბუღალტრო დოკუმენტაციაში აღურიცხავი ფასეულობების გამო ფინანსური სანქცია ჯარიმის სახით 1 977 556 ლარი.

ბოლნისის რიონული სასამართლოს 2003 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს ,,კ...ის» სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2002 წლის 19 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა, რომლითაც მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 13 აგისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2004 წლის 17 მაისს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე შპს ,,კ...ის» წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, ვინაიდან განსახილველ დავაში მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ შემოწმების აქტით მათთვის დარიცხულ საურავებს, ხოლო ამავე აქტით ძირითადი გადასახადების თანხების დარიცხვის კანონიერება მათ გასაჩივრებული აქვთ ცალკე, რომელზეც მიმდინარეობს საკასაციო წარმოება და საქმის განხილვა ჯერ არ დამთავრებულა.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 17 მაისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა შპს ,,კ...ის» შუამდგომლობა და შეჩერდა საქმის წარმოება საკასაციო სასამართლოში საქმის გადაწყვეტამდე.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა, რომელიც კერძო საჩივრით ითხოვდა 2004 წლის 17 მაისის განჩინების გაუქმებას, ვინაიდან სააპელაციო საჩივარში დაყენებული მოთხოვნა, საურავებისა და ჯარიმების გარდა, ეხებოდა საბუღალტრო დოკუმენტებში აღურიცხავი ფასეულობების გამოვლენის გამო, 1 977 586 ლარის ჯარიმის დარიცხვას, რომელიც არანაირად არ უკავშირდება უზენაესი სასამართლოს მიერ მომავალში მისაღებ განჩინებას და წარმოადგენს დამოუკიდებელ დავის საგანს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 30 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 23 დეკემბრის განჩინებით .საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 17 მაისის განჩინება საბუღალტრო დოკუმენტებში აღურიცხავი ფასეულობების გამო შპს ,,კ...ისათვის” ჯარიმის დარიცხვის ნაწილში სააპელაციო წარმოების შეჩერების შესახებ და ამ ნაწილში საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; ხოლო ფიზიკურ პირთა და არარეზიდენტთა საშემოსავლო გადასახადზე საურავების დარიცხვის ნაწილში, უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 17 მაისის განჩინება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 ივნისის საოქმო განჩინებით განახლდა საქმის წარმოება ფიზიკურ პირთა და არარეზიდენტთა საშემოსავლო გადასახადზე საურავების დარიცხვის ნაწილში.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოწინააღმდეგე მხარემ – შპს ,,კ...მა» უარი განაცხადა ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადზე საურავის 156 960 ლარისა და არარეზიდენტთა საშემოსავლო გადასახადზე საურავის 281 019 ლარის დარიცხვის ნაწილში 2002 წლის 19 ნოემბრის საგადასახადო აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 ივლისის განჩინებით გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადებზე საურავის 156 960 ლარისა და არარეზიდნტთა საშემოსავლო გადასახადებზე საურავის 281 019 ლარის დარიცხვის ნაწილში, 2002 წლის 19 ნოემბრის საგადასახადო აქტის ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.

ამავე სასამართლოს 2005 წლის 18 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება საბუღალტრო დოკუმენტებში აღურიცხავი ფასეულობების გამო ჯარიმის 1 977 556 ლარის დარიცხვის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,კ...ის» სარჩელი საბუღალტრო დოკუმენტებში აღურიცხავი ფასეულობების გამო ჯარიმის 1 977 556 ლარის დარიცხვის ნაწილში, 2002 წლის 19 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,კ...მა», რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 ივლისის იმ განჩინების გაუქმებას, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 2002 წლის 19 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, საბუღალტრო დოკუმენტებში აღურიცხავი ფასეულობების გამო ჯარიმის 1 977 556 ლარის დარიცხვის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას 2006 წლის 21 თებერვალს, შპს ,,კ...ის» დირექტორმა ვ. ჩ-მ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კასატორის - შპს ,,კ...ის» დირექტორ ვ. ჩ-ს განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მისი შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა შეწყდეს ,,კ...ის» საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართლაწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებერ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

კონკრეტულ შემთხვევაში კასატორმა შპს ,,კ...მა» უარი განაცხადა რა საკასაციო საჩივარზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე მხარის ნების შეუზღუდავი გამოვლენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუU საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო ანალოგიის პრინციპის გამოყენებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ" პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

ყოველივე აღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, დააკმაყოფილოს შპს ,,კ...ის» დირექტორის - ვ. ჩ-ს განცხადება და საკასაციო საჩივარზე შეწყვიტოს საქმის წარმოება.

აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» პუნქტზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯების ოდენობა განახევრდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე ან მოპასუხემ ცნო სარჩელი, აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,კ...ის» დირექტორმა ვ. ჩ-მ უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (5000 ლარი) ნახევარი 2500 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» პუნქტით, 378-ე, 399-ე მუხლებით, 272-ე მუხლის «გ" პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,კ...ის» დირექტორ ვ. ჩ-ს განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. შპს ,,კ...ის» საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;

3. კასატორ – შპს ,,კ...ს» განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მას ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება;

4. შპს ,,კ...ს» დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი – 2500 ლარი საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 30003114-დან (ანგარიშის ¹200122900 საქართველოს ბანკი; ბანკის კოდი - 220101107).

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.