Facebook Twitter

ას-1249-1269-2011 22 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ ს. გ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება

დავის საგანი _ უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის დაბრუნება, ზიანის ანზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში ხარვეზის სრულად შეუვსებლობის გამო, განუხილველად იქნა დატოვებული ს. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე, ლ. ჯ-ის სარჩელის გამო ს. გ-ის მიმართ, ასევე ს. გ-ის შეგებებული სარჩელის გამო ლ. ჯ-ის მიმართ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზრაურების თაობაზე. ამავე განჩინებით კასატორ ს. გ-ს დაუბრუნდა ა. გ-ის მიერ საკასაციო წარმოების გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1017.38 ლარი.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა. მისი განმარტებით უზენაესი სასამართლოს განჩინებაში დაშვებულია უსწორება, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადამხდელის, ა. გ-ის ნაცვლად, უნდა ეწეროს ა. გრ-ი. აღნიშნულის დასადასტურებლად განმცხადებელმა სასამართლოს წარმოუდგინა ა.გრ-ის პირადობის მოწმობის ასლი.

დასახელებული გარემოების გათვალისწინებით, განმცხადებელმა მოითხოვა საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობების გასწორება და სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და განცხადების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ს. გ-ის განცხადება საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობების გასწორების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა. აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა დასაშვებია როგორც სასამართლო სხდომაზე, ისე ზეპირი მოსმენის გარეშე.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ამავე პალატის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ სახელმწიფო ბაჟი მოცემულ საქმეზე გადაიხადა ა. გრ-მა 1017.38 ლარი (იხ. ტ.II, ს.ფ. 120-121), საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით კი, კასატორს დაუბრუნდა ა. გ-ის მიერ საკასაციო საჩივრზე გადახდილი 1017.38 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდნარე, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადამხდელის გვარი გ-ი უნდა გასწორდეს გრ-ით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. გ-ის განცხადება უსწორობის გასწორების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში დაშვებული შემდეგი უსწორობა: განჩინებაში მითითებული «ა. გ-ი» გასწორდეს «ა. გრ-ით».

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.