Facebook Twitter

ას-1250-1270-2011 5 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ი. ც-ე

მოწინააღმდეგე მხარეები _ თ. ც-ე, ლ. ც-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ქონებიდან წილის გამოყოფა, ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ც-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ც-ისა და ლ. ც-ის წინააღმდეგ წილის გამოყოფისა და ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით ი. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ც-ემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ც-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს და ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

კასატორის წარმომადგენელმა ნ. გ-მა, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაიბარა ვადის დარღვევით, კერძოდ ნაცვლად 25 ივნისისა (გადაწყვეტილების ჩაბარების საბოლოო ვადა) 28 ივნისს, მიუხედავად ამისა, ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 26 ივნისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში.

დასახელებული ნორმების თანახმად, გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 26 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 26 ივლისს, ი. ც-ემ კი საკასაციო საჩივარი შეიტანა 1 აგვისტოს, ანუ 6 დღის დაგვიანებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ც-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ც-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.