ას-1256-1276-2011 31 ოქტომბერი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ დ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ მარტვილის ¹... საჯარო სკოლა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მარტვილის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სარჩელი მოპასუხე მარტვილის ¹... საჯარო სკოლის დირექტორის მიმართ, რომლითაც მან მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება, არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 127-133).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-მა (ს.ფ. 140-148).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინებით დ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მარტვილის ¹... საშუალო სკოლის დირექტორის, ნ. ჯ-ას 2004 წლის 25 სექტემბრის ¹119 ბრძანებით, დ. ბ-ი დაინიშნა ამავე სკოლის ბიბლიოთეკის გამგედ და შრომითი სწავლების მასწავლებლად;
მარტვილის ¹... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ი. ბ-ის 2009 წლის 27 აპრილის ¹23 ბრძანებით, დ. ბ-ი გათავისუფლდა სამუშაოდან;
გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ¹46/ნ ბრძანების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი;
დ. ბ-ი არის პენსიონერი;
მოწმის სახით დაკითხული სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, მ. ყ-ისა და ამავე სკოლის პედაგოგის, ს. ე-ას ჩვენებით დადგინდა, რომ დ. ბ-ი არ დადიოდა სკოლაში, ბიბლიოთეკა საერთოდ არ ფუნქციონირებდა. ი. ბ-ის სკოლის დირექტორად დანიშვნის შემდეგ ამ უკანასკნელმა მოსთხოვა მოეხდინა სკოლის კუთვნილი წიგნების აღრიცხვა და ბიბლიოთეკის ამუშავება, რაც პირად დევნად იქნა აღქმული;
2009 წლის 6 აპრილს, დ. ბ-ს სკოლის დირექტორ ი.ბ-ის მიერ ეცნობა, რომ ვინაიდან იგი იყო პენსიონერი, გაეკეთებინა არჩევანი სახელმწიფო პენსიის მიღებასა და ხელფასს შორის;
სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მარტვილის განყოფილების უფროსის 2009 წლის 8 მაისის ცნობით დგინდება, რომ დ. ბ-ს პენსია შეუწყდა 2009 წლის 1 მაისს;
მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2009 წლის 25 მაისის ¹130 წერილით დ. ბ-ს მისივე განცხადების პასუხად ეცნობა, რომ “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის “გ” პუნქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ¹249/ნ ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის” მე-3 მუხლის “დ” პუნქტში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, მოქალაქე უფლებას იპოვებდა მუშაობის პერიოდში პენსიის მიღებაზე.
სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგი განმარტებები:
შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია შრომითი ხელშეკრულების მოშლა. ამავე კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების მოშლა შეიძლება ერთ-ერთი მხარის ინიციატივით. შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. მითითებული ნორმა უზრუნველყოფს მოქალაქის უფლებას, დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში ინფორმირებული იყოს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველის შესახებ, ხოლო ამ საფუძვლის არაკანონიერების შემთხვევაში, დაიცვას თავისი უფლებები. ამავდროულად დამსაქმებელი თავის მხრივ ვალდებულია აცნობოს დასაქმებულს სამუშაოდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძვლი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტთან შრომითი ურთიერთობის მოშლას საფუძვლად დაედო ის, რომ იგი იყო ასაკით პენსიონერი და იღებდა პენსიას. მხარეთა შორის არ არსებობდა რაიმე სახის შეთანხმება, რომელიც დაარეგულირებდა შრომითი ხელშეკრულების პირობებს და დაადგენდა მისი მოშლის წესს. კანონი არ უზღუდავდა დამსაქმებელს უფლებას, მოეშალა ხელშეკრულება საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის. ამის გამო, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ დამსაქმებელი უფლებამოსილი იყო აპელანტთან შრომითი ხელშეკრულება მოეშალა ზემოხსენებული საფუძვლით (ს.ფ. 289-298).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება დ. ბ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას, შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, 2011 წლის 30 ივნისს, დ. ბ-მა სხდომის თავმჯდომარეს გადასცა ახსნა-განმარტება, ანუ მისი საპაექრო სიტყვა, სადაც დოკუმენტებზე დაყრდნობით მითითებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობისა და კანონსაწინააღმდეგობის თაობაზე. იქვე, აღნიშნულია იმის შესახებაც, რომ საქმეში არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, რითაც შეიძლება დამტკიცდეს დ. ბ-ის სარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობა. სააპელაციო სასამართლომ ხსენებულ მტკიცებულებებზე არ იმსჯელა;
საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიღებულ ოფიციალურ წერილი, სადაც განმარტებულია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, დ. ბ-ს უფლება აქვს ხელფასთან ერთად პენსიაც მიიღოს. საქმეში განთავსებულია მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ, კასატორის განცხადებების შესწავლის შემდეგ მიღებული დასკვნა, სადაც აღნიშნულია თუ რა უკანონო ძალადობებს ეწეოდა მის მიმართ მარტვილის ¹... საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ ი.ბ-ი. სააპელაციო სასამართლომ მითითებულ დოკუმენტებსაც არ მისცა იურიდიული შეფასება;
სააპელაციო სასამართლომ იურიდიული შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ საქმეში არსებული დოკუმენტებით დადასტურდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტების სიყალბე. გასაჩივრებული განჩინებით დარღვეულია კასატორის კონსტიტუციური უფლებები (ს.ფ. 303-310).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინებით დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების ნაწილში, ხოლო სამუშაოზე აღდგენის ნაწილში საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული ამავე სასამართლოს 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.