საქმე # 330100120003793959
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№882აპ-21 24 მარტი, 2022 წელი
ც-ე გ, 882აპ-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ც-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ხ-ა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანჟელა გეთიას საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ც-ეს წარედგინა ბრალდება, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ხოლო გ. ა-ს წარედგინა ბრალდება, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 4 მაისს, ღამით, თ–ი, დ-ი, ლ-ს ქუჩის №11-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ც-ე იმყოფებოდა თავის მეგობარ გ. ა-სთან ერთად, რა დროსაც შელაპარაკება მოუხდა შ. მ-ა და ი. ჩ-ნ. შელაპარაკების დროს გ. ც-ემ ჯიბიდან ამოიღო დანა, განზრახ მოკვლის მიზნით რამდენჯერმე მოუქნია შ. მ. და სხეულის სხვადასხვა ადგილას მიაყენა ათი ღია ჭრილობა. გ. ც-ემ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, რადგან დაჭრილმა შ. მ-მ, თავდასხმის მოგერიების მიზნით, სცადა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, რის გამოც გ. ც-ე და გ. ა. გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან. შ. მ. აკადემიკოს ო. ღ-ს სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ექიმების კვალიფიციური დახმარების შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
აღწერილი დანაშაულებრივი ფაქტის თვითმხილველმა გ. ა-მ, რომელმაც ნამდვილად იცოდა, რომ გ. ც-ემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, მომხდარი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 თებერვლის განაჩენით:
გ. ც-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე. გ. ც-ე, - დაბადებული …. წლის …. იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დროიდან - 2020 წლის 4 მაისის 22:56 საათიდან.
გ. ა-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (ძველი რედაქცია). გ. ა, - დაბადებული …. წლის .. მაისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 4 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დროიდან - 2020 წლის 5 მაისის 01:00 საათიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 სექტემბრის განაჩენით თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანჟელა გეთიასა და მსჯავრდებულ გ. ც-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ხ. ხ. სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. ს-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება:
გ. ც-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე. გ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დროიდან - 2020 წლის 4 მაისის 22:56 საათიდან.
გ. ა. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მესამე ნაწილით (2018 წლის 4 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში და მიეთითა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლებულიყო პენიტენციური დაწესებულებიდან;
გამართლებულ გ. ა-ს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. ც-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ხ. ხ-მ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და გ. ც-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
საკასაციო საჩივრის თანახმად, დაზარალებულმა აღნიშნა, რომ გ. ც-ეს იგი არ დაუჭრია და მას შეუძლია იმ ადამიანის ამოცნობა, რომელმაც დაზიანება მიაყენა. ამოცნობა ჩატარდა ოთხი ფოტოსურათით და ამოსაცნობი პირებიდან მხოლოდ გ. ც-ეს ეკეთა სათვალე, აღნიშნულით კი გამომძიებელმა უხეშად დაარღვია კანონი. ლ. ც-ა ისე გადასცა ავტომანქანის გასაღები გამომძიებელს, რომ შესაბამისი ოქმი არ შედგენილა და ამასთან, არც ავტომანქანა დალუქულა. დაცვის მხარის მითითებით, ნ. ნ. ადასტურებს, რომ სატელეფონო საუბრის შემდეგ, მას მიაკითხა პოლიციის თანამშრომელმა, რომელსაც მოთხოვნისამებრ, მისი მეუღლის - გ. ც-ის ჟილეტი გადასცა (მაგრამ რაიმე ოქმი არც ამ დროს შედგენილა). ხსენებულ სატელეფონო კავშირს ადასტურებენ მოწმეები - ი. ლ. და ს. მ. მათ აგრეთვე აღნიშნეს, რომ ნ. ნ-ს მიაკითხა პოლიციის თანამშრომელმა, რა დროსაც მას ჟილეტი გადასცა. აღნიშნული ჟილეტი კი, ნ-ს განმარტებით, მის მეუღლეს ეკუთვნოდა. ადვოკატი საეჭვოდ მიიჩნევს, თუ რატომ გახსნა და დაათვალიერა გამომძიებელმა ს. კ-მ არასამუშაო დროს ნივთიერი მტკიცებულება (2020 წლის 6 ივლისს).
5. კასატორმა - პროკურორმა ანჟელა გეთიამ მოითხოვა გ. ც-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის მისჯა; გ. ა-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძველი რედაქცია) და სამართლიანი სასჯელის მისჯა.
საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლოს შეფასება გ. ც-ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციისა და გ. ა-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ დაუსაბუთებელი და უკანონოა. გ. ც-ეს პირადი ჩხრეკის შედეგად შავტარიანი, ფიქსატორიანი დანა ამოუღეს. ვინაიდან გ. ც-ემ და გ. ა-მ უარი განაცხადეს პირის ამოცნობაში მონაწილეობაზე, 2020 წლის 3 ივლისს ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა, რომლის ოქმიც სასამართლო სხდომაზე გამოიკვლიეს. ლ. ც-ა ამოიცნო N4 ნომრად მონიშნული ფოტოსურათი, რომელზეც გამოსახული იყო გ. ც-ე. ამ ოქმზე ლ. ც–ს შესწორება, შენიშვნა ან დამატება არ წარმოუდგენია. ლ. ც-ა დაადასტურა, რომ ნამდვილად მონაწილეობდა ამოცნობაში. მან აგრეთვე დაადასტურა ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები. ექსპერტიზის დასკვნით, დანაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი და დანაზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის შ. მ. და ასევე ვლინდება გ. ც-ის გენეტიკური თანამონაწილეობა. დანაშაულის განზრახვასთან დაკავშირებით, კასატორი უთითებს, რომ მიყენებულ დაზიანებათა რაოდენობასთან ერთად, მნიშვნელოვანია მათი ლოკალიზაცია და ასევე, თუ რა ვითარებაში მიაყენეს იგი დაზარალებულს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ც-ე თავს დაესხა შ. მ. ისე, რომ მან ვერც კი მოასწრო გონზე მოსვლა. გ. ც-ემ განზრახვა ვერ მიიყვანა ბოლომდე, ვინაიდან დაზარალებულმა თავდაცვის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.
გ. ა-სთან მიმართებით პროკურორი აღნიშნავს, რომ ვიდეოჩანაწერის მიხედვით, იგი ყველაფერს ხედავდა. მეტიც, სიტყვიერადაც იყო ინფორმირებული აღნიშნულთან დაკავშირებით, როდესაც მ. ხ-ს ავტომობილით მგზავრობისას გ. ც-ემ უთხრა, ,,სანამ ისროლა, ხომ დავასწარი და გავთხარეო.“
6. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ, მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ს-მ წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად, ვინაიდან წარმოდგენილი საქმის მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურებულა, რომ გ. ა-მ დანაშაული ჩაიდინა.
შესაგებლის თანახმად, მ. ხ-ს არ შეუძლია გ. ც-ისა და გ. ა-ს ამოცნობა. ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა უტყუარად არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გ. ც-ე და გ. ა ნამდვილად შ. მ-ს დაჭრის ადგილზე იმყოფებოდნენ. მართალია, ვიდეოჩანაწერი მხარემ გამოიკვლია, მაგრამ პროკურორს არ წარმოუდგენია შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდებოდა, რომ ვიდეოჩანაწერის მონტაჟი არ მომხდარა და კადრში აღბეჭდილი პირები ნამდვილად გ. ც-ე და გ. ა. არიან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორ ანჟელა გეთიას საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ (გ. ც-ის მსჯავრდების ნაწილში), ხოლო მსჯავრდებულ გ. ც-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ხ. საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. მსჯავრდებულ გ. ც-ესთან მიმართებით ადვოკატმა ხ. ხ-მ მოითხოვა მისი გამართლება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებაში, ხოლო პროკურორმა ანჟელა გეთიამ კი მოითხოვა ბრალდების შესახებ დადგენილების შესაბამისად, გ. ც-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეში უნდა შეფასდეს ორი კონკრეტული საკითხი: მიაყენა თუ არა გ. ც-ემ შ. მ. სხეულის დაზიანება და ასეთის დადასტურების შემთხვევაში, რისკენ იყო მიმართული მისი განზრახვა - შ. მ-ს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების (ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით), თუ მისი მკვლელობისაკენ (ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით, ვინაიდან, ექიმების კვალიფიციური დახმარების შედეგად, შ. მ. შეუნარჩუნდა სიცოცხლე).
3. გ. ც-ის მიერ შ. მ-ს სხეულის დაზიანებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის მასალები და მათი ანალიზი:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ 2020 წლის 4 მაისს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ: გ. ც-ე, გ. ა, ი. ჩ-ე და შ. მ. მათ შორის კონფლიქტს შემთხვევით შეესწრო ლ. ც–ი (დაახლოებით, 7 მეტრში).
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებში ასახულ საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს დეტალურად მიმოიხილავს (გარდა გ. ც-ისა და გ. ა-სა, ვინაიდან მათ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე), კერძოდ:
საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა შ. მ-მ განაცხადა, რომ 2020 წლის 4 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ძმასთან - ი. ჩ-ნ ერთად ჩავიდა სახლთან, ლ-ს ქუჩაზე მდებარე შპს ,,ნ-ს“ მაღაზიაში. მიმდებარე ტერიტორიაზე ორ უცნობ, სავარაუდოდ, ნასვამ პირთან სიგარეტთან დაკავშირებით შელაპარაკდა, მაგრამ დიალოგის ზუსტი შინაარსი არ ახსოვს. მისი ძმა ი. ჩ-ე მასთან ერთად იყო. ხმამაღალ, აგრესიულ საუბარს მოჰყვა ჩხუბი, რა დროსაც ზურგის არეში იგრძნო ტკივილი. მალევე მიხვდა, რომ სისხლი მოსდიოდა. უცნობების შეშინებისა და მოგერიების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. დაპირისპირება დაახლოებით ნახევარ წუთს გაგრძელდა. თავდამსხმელები გაიქცნენ. ადგილზე შემთხვევით მყოფმა ექიმმა იგი საავადმყოფოში გადაიყვანა. ზურგისა და ხელის არეში დანით მიყენებული დაახლოებით ცხრა-ათი ჭრილობა ჰქონდა. გარდა ამისა, ერთი ჭრილობა შემთხვევით თავად მიიყენა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისას (მოირტყა ფეხში). დანით დაზიანება მიაყენა მაღალმა ბიჭმა, რომელსაც სათვალე ეკეთა თუ არა, არ იცის, თუმცა არ გამორიცხავს. მიუხედავად ამისა, ნახვის შემთხვევაში სახეზე აუცილებლად იცნობს. სხდომაზე წარმოდგენილი ორი პირი (გ. ც-ე და გ. ა) შემთხვევის ადგილზე არ ყოფილან და, შესაბამისად, კონფლიქტი მათთან არ ჰქონია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის მონაწილეობით დათვალიერდა შპს ,,ნ-ს“ გარე სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერი, რა დროსაც მან მიუთითა, რომ ჩანაწერში ნამდვილად თავად, მისი ძმა და ის ორი უცნობი მამაკაცი ფიქსირდებოდნენ, რომლებთანაც ჰქონდა კონფლიქტი.
მოწმე ი. ჩ-ის განმარტებით, 2020 წლის 4 მაისს, საღამოს, ძმასთან - შ. მ-თან ერთად მაღაზიაში ჩავიდა. ორმა უცნობმა მამაკაცმა სიგარეტის ყიდვა სთხოვა, რაზეც უპასუხა, რომ საშუალება არ ჰქონდა. ერთი იყო დაბალი, ქერა თმით, მეორე - მელოტი. დიალოგს მოჰყვა შელაპარაკება და ჩხუბი. ქერათმიანმა დაარტყა ხელი, რის გამოც ი. ჩ-ე წაბარბაცდა. რამდენიმე ნაბიჯში მეორე პირი, რომელიც იყო მელოტი, ეჩხუბებოდა მის ძმას - ისინი ერთმანეთს უქნევდნენ ხელებს. მიუხედავად სიახლოვისა, შ. მ-ს უშუალოდ დაჭრის ფაქტი არ დაუნახავს, თუმცა შენიშნა, რომ ის იყო სისხლიანი. ასევე არ დაუნახავს დანა. დანის დანახვის შემთხვევაში უფრო ადრე მიხვდებოდა, რომ შ. მ. უცნობი ურტყამდა ცივ იარაღს. შ. მ-მ უცნობების შეშინების მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რა დროსაც ფეხში მოირტყა, ხოლო ისინი გაიქცნენ. მიმდებარე ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩნდა ექიმი, რომელმაც დაჭრილი ჩასვა ავტომანქანაში და საავადმყოფოში წაიყვანა. უცნობები ვიზუალურად ახსოვს და ამოცნობა შეუძლია. მოწმემ კატეგორიულად დაადასტურა, რომ სხდომის დარბაზში წარმოდგენილი პირები (გ. ც-ე და გ. ა.) არ არიან ის პირები, რომლებთანაც 2020 წლის 4 მაისს კონფლიქტი მოუვიდათ, რაც გადაიზარდა ჩხუბში.
ამდენად, უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები (დაზარალებული შ. მ. და ი. ჩ-ე) ადასტურებენ იმ ფაქტებს, რომ 2020 წლის 4 მაისს ორ უცნობ პირთან სიგარეტთან დაკავშირებით შელაპარაკდნენ; აღნიშნული გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც შ. მ. დაიჭრა; ადგილზე შემთხვევით მყოფმა ექიმმა შ. მ. საავადმყოფოში გადაიყვანა. ამასთან, მოწმეებმა ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს, რომ სხდომის დარბაზში წარმოდგენილი პირები (იგულისხმება გ. ც-ე და გ. ა.) არ არიან ისინი, ვისთანაც ჩხუბი მოუვიდათ.
ლ. ც–ის ჩვენებით გაირკვა, რომ 2020 წლის 4 მაისს კატასტროფის ბრიგადაში მორიგეობდა. საღამოს, დაახლოებით, 20:30-21:00 საათების შუალედში, გამოძახებიდან დაბრუნებული, პირადი ავტომანქანით ლ-ს ქუჩაზე მდებარე შპს ,,ნ-ს“ მარკეტში წავიდა. დაახლოებით შვიდ მეტრში, მაღაზიასთან, დაინახა ოთხი ადამიანი. სამი მათგანი ჩხუბობდა. მეოთხე იდგა სიღრმეში. შემთხვევის ადგილზე იყო ორი დაპირისპირებული მხარე - ორი ორზე. სათვალიანმა პირმა დაზარალებული შ. მ. საყელოთი დაიჭირა და ზურგის მიდამოში დაარტყა ხელი, მაგრამ ხელში ეჭირა თუ არა რამე საგანი, არ ახსოვს. მოწმემ განმარტა, რომ დააპირა ავტომანქანის გაჩერება და მათი გაშველება, მაგრამ იმავდროულად, გაიგონა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი გასროლის ხმა, რის გამოც შეეშინდა გადასვლა და ავტომანქანით უკუსვლით მოძრაობა გააგრძელა. დაზარალებული ითხოვდა შველას. ლ. ც-ა გააჩერა ავტომანქანა, რა დროსაც დაზარალებულმა მიირბინა მასთან. ადგილზე დახმარების აღმოჩენის შემდეგ დაჭრილი ,,ღ-ს“ კლინიკაში წაიყვანა. დაზიანების მიმყენებელს ეცვა ჯინსი და ეკეთა მხედველობის სათვალე. მოწმემ განმარტა, რომ მონაწილეობდა ფოტოსურათით ამოცნობაში, თუმცა, არ არის დარწმუნებული მასში. მართალია, ამოცნობილი პირი ჰგავს იმ პირს, ვინც დანით დაზიანება მიაყენა დაზარალებულს, მაგრამ სასამართლო სხდომაზე 100%-ით არ შეუძლია დაადასტუროს, რომ ნამდვილად ის არის. შეუძლია თქვას, რომ ამოცნობილი პირი ჰგავს დამნაშავეს, თუმცა, ეჭვგარეშე ვერ იტყვის, რომ ის არის. გარდა ამისა, გამომძიებელთან ამოსაცნობად წარდგენილი ოთხი ფოტოდან მხოლოდ ერთ ფოტოზე გამოსახულ პირს ეკეთა სათვალე. ყველას რომ ჰკეთებოდა, ამოცნობა გაუჭირდებოდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ დათვალიერდა მისი ავტომანქანა და მონაწილეობდა ვიდეოჩანაწერის დათვალიერებაში, სადაც ჩანს ჩხუბი, ასევე მისი ავტომანქანაც. მოწმემ დაადასტურა გამოძიების სტადიაზე შედგენილი გამოკითხვის ოქმის შინაარსი და განმარტა, რომ იმ დროს შეეძლო დამნაშავის ამოცნობა, მაგრამ დღეს უჭირს. ასევე, დაადასტურა, რომ დამნაშავეს ხელში დაუნახა მეტალის საგანი, რაც გამოკითხვისას მოიხსენია, როგორც დანა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიების სტადიაზე ლ. ც-თან მისი გამოკითხვის (ე.ი 2020 წლის 4 მაისის) შემდეგ ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, 2020 წლის 5 მაისს, ღ-ს კლინიკის მიმდებარედ, დათვალიერდა მისი ავტომობილი (მისივე მონაწილეობით). 2020 წლის 3 ივლისს მასთან ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა, ხოლო 2020 წლის 6 ივლისს შედგა ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმადაც, იგი მონაწილეობდა იმ ვიდეოჩანაწერის დათვალიერებაში, რომელიც ,,ნ-ს“ ცენტრალური ოფისიდან იყო გამოთხოვილი. საკასაციო სასამართლო ამ მტკიცებულებებიდან განსაკუთრებულად გამოჰყოფს - ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისა და ამოცნობის ოქმებს; ამასთან, უპასუხებს დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებს, რომელთა თანახმადაც, ხსენებულ მტკიცებულებათა შინაარსი საეჭვოდ არის მიჩნეული.
2020 წლის 3 ივლისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ლ. ც-ა ამოიცნო გ. ც-ე (ფოტოსურათი N4). დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში აღნიშნულ მტკიცებულებასთან მიმართებით უთითებს, რომ ამოცნობა ჩატარდა ოთხი ფოტოსურათით და ამოსაცნობი პირებიდან მხოლოდ ერთს, გ. ც-ეს ეკეთა სათვალე; აღნიშნულით კი გამომძიებელმა უხეშად დაარღვია კანონი.
აღსანიშნავია, რომ თავად ამოცნობის ოქმში, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, ფოტოსურათებში ასახულ არცერთ პირს სათვალე არ უკეთია (ტ. III, ს.ფ. 201-203). გარდა ამისა, ფოტოსურათით ამოცნობის დროს მონაწილე პირის მიერ რაიმე სახის შენიშვნა, შესწორება ან დამატება არ წარმოდგენილა. გამომძიებელმა ს. კ-მ ჩვენების მიცემის დროს აღნიშნა, რომ მან ჩაატარა ფოტოსურათით ამოცნობა, რა დროსაც ლ. ც-ა ამოიცნო გ. ც-ის ფოტოსურათი (სათვალის გარეშე) და მიუთითა, რომ სწორედ მან დაჭრა შ. მ. ამომცნობი პირი გაეცნო ოქმს და ხელმოწერით დაადასტურა მისი შინაარსი. მოწმე ლ. ც-ა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე პროკურორის შეკითხვაზე დაადასტურა, რომ ხელმოწერა ფოტოსურათით ამოცნობის ოქმზე ნამდვილად მისი იყო. ამასთან, ლ. ც–ს გამოძიების სტადიაზე არსად მიუთითებია, რომ ამოსაცნობად წარდგენილი ოთხი ფოტოდან მხოლოდ ერთ ფოტოზე გამოსახულ პირს ეკეთა სათვალე. აღნიშნულს არ ადასტურებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებიც. ამდენად, ლ. ც–ის სასამართლო სხდომაზე დამატებით გაცხადებულ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის თანახმადაც, ამოცნობის დროს ერთ ფოტოზე გამოსახულ პირს ეკეთა სათვალე, - საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.
2020 წლის 6 ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება მოწმე ლ. ც–ის მონაწილეობით ჩატარდა. ვიდეოჩანაწერში ფიქსირდება პირი, რომელსაც აცვია ღია ფერის ჟილეტი და უკეთია სათვალე. მასთან ერთად არის ასევე მეორე პირი. 20:31 საათზე კადრში შემოდის ორი პირი, ერთი - მსუქანი აღნაგობის, მუქი ტანსაცმლით (შ. მ), ხოლო მეორე - მოთეთრო შარვლით (ი. ჩ-ე). აღნიშნულ დროს, სათვალიანი, ღია ფერის ჟილეტიანი პირი და შ. მ. ხვდებიან, ხელს უწვდიან, ეხვევიან ერთმანეთს და მიემართებიან ზედა მხარეს. სათვალიანი პირი მხარზე ხელს ხვევს შ. მ. და ისე მიდიან. იმავე დროს შ. მ. ხვდება სათვალიან პირთან ერთად მოსულ შავებში ჩაცმულ პირს. ისინიც ერთმანეთს ესალმებიან. ამ დროს მათთან მიდის ი. ჩ-ე, რომელიც ასევე ესალმება. რამდენიმე წამში მუქ ფერში ჩაცმული, მუქკეპიანი პირი მარჯვენა ხელს ურტყამს ი. ჩ-ეს, მარჯვენა მხარეს, თავის არეში, რომელიც დარტყმისგან გამოწვეული ინერციით მიდის მოვერცხლისფრო მეტალის მოაჯირთან. შ. მ. მარჯვენა ხელი წელთან აქვს მიტანილი და გამორბის, რა დროსაც მას მხარზე ადევს სათვალიანი პირის ხელი, რომელიც ქაჩავს თავისი მიმართულებით და არ აძლევს გაქცევის საშუალებას. აღნიშნული სათვალიანი პირი მარცხენა ხელს იქნევს შ. მ-ს მიმართულებით და მუქი ფერის მაისურს სანახევროდ ხდის ზურგის მხარეს. მიმდინარე პროცესს შორიდან აკვირდება პირი, რომელსაც აცვია მუქი ტანსაცმელი და ახურავს მუქი კეპი, ასევე გვერდით მყოფი, ღია ფერის შარვლიანი პირი, რომელიც იწყებს სირბილს მოჩხუბარი ორი პირის მიმართულებით. 20:32 საათზე კადრში სირბილით შემოდის სათვალიანი პირი, მიემართება ქუჩის მხარეს და სიბნელეში უჩინარდება. 20:34 საათზე კადრში შემოდის მუქი ფერის ავტომანქანა და მალევე გადის კადრიდან.
შემდეგ ვიდეოჩანაწერში 20:31:45 საათზე კადრში შემოდის შ. მ. და მონაცრისფრო მოკლეჟილეტიანი პირი. ისინი მოძრაობენ და ნაწილობრივ გადიან კადრიდან. ამის შემდეგ მალევე იწყება ერთმანეთთან შეჭიდება. მონაცრისფრო ჟილეტიან პირს მარჯვენა ხელი კისრის არეში ჩაჭიდებული აქვს დაზარალებულისათვის და ექაჩება თავისი მიმართულებით. ამავდროულად, იგი მიდის მისი მიმართულებით და რამდენჯერმე ურტყამს ხელს. მასთან ახლოს მიდის ი. ჩ-ე, რომელიც ცდილობს, ხელი შეუშალოს მათ ქმედებას. ისინი ერთად მიდიან მოწითალო ფერის ავტომანქანასთან და ჩერდებიან. 20:31:57 საათზე მათთან ახლოს, დაახლოებით ათი მეტრის მოშორებით, დგას მუქ ფერებში ჩაცმული პირი, რომელიც მონაცრისფროჟილეტიანი პირის გამოქცევის შემდეგ ასევე გამორბის. 20:32:05 საათზე ი. ჩ-ე მორბის კამერის მიმართულებით და ჩერდება, 20:32:08 საათზე ორივე ხელს მიმართავს წინ, შემდეგ ატრიალებს ხელს გაშლილ მდგომარეობაში და ბრუნდება უკან.
ზემოაღნიშნული ოქმის დათვალიერებაში მონაწილე პირმა (იგულისხმება ლ. ც–ი) განაცხადა, რომ იგი უშუალოდ შეესწრო სწორედ ამ კონფლიქტს და ამოიცნო ის პირი - სათვალიანი და მონაცრისფრო ჟილეტით, რომელიც ჩხუბში მონაწილე მსუქან, შავმაისურიან პირს ურტყამდა, რის შემდეგაც იგი მრავლობითი ჭრილობებით მისი კუთვნილი ავტომანქანით ღ-ს საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც აღინიშნა, ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2020 წლის 3 ივლისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ლ. ც-ა ამოიცნო გ. ც-ე (ფოტოსურათი N4).
ლ. ც-ა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერის დათვალიერება ნამდვილად მისი მონაწილეობით ჩატარდა და მიუთითა, რომ მასზე სწორედ ჩხუბის მომენტი იყო ასახული; ამასთან, ჩანაწერში მისი ავტომანქანაც ფიქსირდებოდა. თავის მხრივ, გამომძიებელმა ს. კ-მ (ოქმის შემდგენმა პირმა) განაცხადა, რომ ლ. ც-ა ვიდეო დათვალიერებისას მიუთითა ადგილები, საიდანაც უყურებდა ინციდენტს.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იმ მტკიცებულებებით, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მყოფ პირს უკავშირდება, ნაწილი მოწმეებისა (დაზარალებული შ. მ. და მისი ძმა - ი. ჩ-ე) გამორიცხავენ გ. ც-ის კონფლიქტსა და ჩხუბში მონაწილეობას, ხოლო ფაქტის თვითმხილველმა მოწმემ, ლ. ც-ა სასამართლო სხდომაზე, მართალია, დარწმუნებით ვერ მიუთითა, რომ გ. ც-ემ მიაყენა დაზარალებულს დაზიანება, მაგრამ აღნიშნა, რომ როდესაც საგამოძიებო მოქმედება (ამოცნობა) ჩატარდა, იმ მოცემულობაში, მან ამოიცნო გ. ც-ე. ლ. ც-ა ასევე დაადასტურა, რომ იგი ვიდეოჩანაწერის დათვალიერებაში მონაწილეობდა და ჩანაწერში სწორედ ჩხუბის მომენტი იყო ასახული.
საკასაციო სასამართლო დაზარალებულისა და მოწმეების ზემოხსენებულ მითითებებს გ. ც-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისათვის ვერ გამოიყენებს, ვინაიდან, ერთი მხრივ, საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ჩვენების ამ ნაწილში მოწმეთა გულწრფელობას საეჭვოს ხდის, მიმართულია გ. ც-ის პასუხისმგებლობის თავის არიდებისაკენ და მეორე მხრივ, ბრალდების მხარემ წარმოადგინა სხვა, უტყუარი ხასიათის მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა მიუთითებს გ. ც-ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, კერძოდ:
შ. მ-სა და ი. ჩ-ის ჩვენებების გულწრფელობას ზემოხსენებულ ნაწილში საეჭვოს ხდის ,,ნ-დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი და მისი დათვალიერების ოქმი. მოცემული მტკიცებულება გამოიკვლიეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, რომელიც საკასაციო პალატამ ასევე დეტალურად შეისწავლა (გასხნა და გაეცნო).
საკასაციო პალატა პირველ რიგში უთითებს, რომ დაზარალებულმა შ. მ-მ სხდომაზე მოწმედ დაკითხვის დროს არ უარყო, რომ ჩანაწერში ნამდვილად ფიქსირდება თვითონ, მისი ძმა და ორი უცნობი მამაკაცი, ვისთანაც ჰქონდა კონფლიქტი. ამდენად, ფაქტს, რომ მოცემული ვიდეოჩანაწერი შემთხვევის მომენტს უკავშირდება, ადასტურებს თავად დაზარალებული. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხსენებულ ვიდეოჩანაწერში ასახულ პირთა შეხვედრის ანალიზი საეჭვოდ ხდის დაზარალებულისა და მისი ძმის ჩვენებებში ასახულ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთისთვის უცნობები იყვნენ, ვინაიდან ჩანაწერში შ. მ. მიემართება სათვალიანი, ღია ფერის ჟილეტიანი მამაკაცისკენ, ისინი გაუწვდიან ერთმანეთს ხელს, გადაკოცნიან, რის შემდეგაც სათვალიანი მამაკაცი დაზარალებულს მხარზე ადებს ხელს და ამგვარად გადაადგილდებიან. ამ დროს შ. მ. ხელს ართმევს შემხვედრ კეპიან პირსაც. ამდენად, შ. მ-სა და ი. ჩ-ის მითითება, რომ ისინი უცნობ პირებთან სიგარეტთან დაკავშირებით შელაპარაკდნენ (შინაარსის ზუსტი დეტალები უცნობია), არ არის სანდო. რაც შეეხება, მოწმე ლ. ც–ის სასამართლო სხდომაზე გაცხადებულ ფაქტს ამოცნობასთან მიმართებით, აღნიშნულზე საკასაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა და დამატებით აგრეთვე მიუთითებს, რომ გამოძიების ყველა ეტაპზე ლ. ც–ის პოზიცია იყო ერთგვაროვანი. 2020 წლის 3 ივლისის ამოცნობის ოქმის შედგენის შემდეგ, იმავე წლის 6 ივლისს, ლ. ც-ა სხვა საგამოძიებო მოქმედებაშიც (ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი) მიუთითა, რომ იგი უშუალოდ სწორედ აღნიშნულ კონფლიქტს შეესწრო და ამოიცნო ის პირი - სათვალიანი და მონაცრისფრო ჟილეტით, რომელიც ჩხუბში მონაწილე მსუქან, შავმაისურიან პირს ურტყამდა, რის შემდეგაც იგი მრავლობითი ჭრილობებით მისი კუთვნილი ავტომანქანით გადაიყვანა. ამასთან, ლ. ც-ა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მასზე რაიმე სახის ზეწოლა არ მომხდარა. მოწმეს მიაჩნია, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მან ამოიცნო - გ. ც-ე, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით, გასული დროის ფაქტორიდან გამომდინარე, განაცხადა, რომ უკვე უჭირს სრულად დადასტურება. საკასაციო სასამართლოს აღნიშნული ბუნებრივად მიაჩნია, რადგან შემთხვევიდან მოწმის სასამართლო სხდომაზე დაკითხვამდე, გასული იყო 7 თვე. შესაბამისად, ლ. ც–ის ჩვენებასთან, მასთან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონობასთან დაკავშირებულ დაცვის მხარის პოზიციებს საკასაციო სასამართლო, უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს.
შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების ჩვენებების ანალიზის შემდეგ, საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს, განიხილოს მოწმე მ. ხ-ს ჩვენება და N4-3-7 ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ხსენებული მოწმე წარმოადგენს პირს, რომელმაც მომხდარი ფაქტის (2020 წლის 4 მაისი, საღამოს საათები) პერიოდში, სწორედ მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანაში ჩაისვა ორი პირი, რომელთა საუბრის შინაარსმა მასში გარკვეული სახის ეჭვები გამოიწვია, რისი გადამოწმებაც მოწმემ მოკლე პერიოდში თავადვე სცადა, კერძოდ:
მოწმე მ. ხ-მ განმარტა, რომ 2020 წლის 4 მაისს, საღამოს, ლ-ს ქუჩაზე მოძრაობდა, რა დროსაც შუა გზის ღერძულა ხაზზე მოსიარულე ორმა ახალგაზრდამ ტაქსამდე მიყვანა სთხოვა. მ. ხ. დასთანხმდა, ვინაიდან კომენდანტის საათი ახლოვდებოდა. უცნობები უკანა სავარძელში ჩასხდნენ. მგზავრების ერთმანეთში საუბრიდან გამომდინარე, იფიქრა, რომ რაღაც მოხდა, კერძოდ, ერთმა მათგანმა მეორეს უთხრა: ,,სანამ მესროლა, ხომ გავთხარე, ხომ დავასწარი.“ უცნობები ჩამოსვა დ-ს საწვრთნელ ბაზასთან, მაგრამ მათი საუბრის შინაარსმა დააფიქრა და გადამოწმების მიზნით, ლ-ს ქუჩაზე მიბრუნდა (ვინაიდან არის სამედიცინო სფეროს მუშაკი და აქვს გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის გამოცდილება), სადაც დახვდა სიმშვიდე. მანვე დარეკა საპატრულო პოლიციაში და იკითხა, მითითებულ ტერიტორიაზე ხომ არ მოხდა რაიმე დანაშაული. მგზავრების ამოცნობა არ შეუძლია, ერთ-ერთი იყო საშუალო სიმაღლის, მეორე კი - მაღალი. ამ უკანასკნელს ეცვა ღია ფერის ქურთუკი და ხელში ეჭირა რაღაც საგანი, მაგრამ მისი დაკონკრეტება არ შეუძლია.
ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დადასტურებულია, რომ 2020 წლის 4 მაისს, თ–ი, ლ-ს ქუჩის N11-ის მიმდებარედ შ. მ-ს დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურებული ნახშირის გამოყენებით მოწმე მ. ხ-ს კუთვნილი ავტომანქანა „SUZUKI GRAND VITARA,“ სახელმწიფო ნომრით: S-ის მარჯვენა და მარცხენა ჩასაფენი ნოხიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია - გ. ც-ისა და გ. ა-საგან აღებული სუნის ნიმუშებისა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 4 მაისის შეტყობინების თანახმად, მ. ხ-მ (ითხოვა ანონიმურობა) თ–ი, ლ-ს ქუჩა N1---სთან, ავტომანქანაში ჩაისვა ორი ახალგაზრდა ბიჭი (გააჩერეს და სთხოვეს წაყვანა) და ჩამოსვა დიღმის მასივში, დ-ს ბაზასთან. ჩასვლისას ისინი ვიღაცის დაზიანებაზე საუბრობდნენ; ერთ-ერთს ხელში ეჭირა დანა, თუ რაღაც რკინის საგანი (ვერ აზუსტებს). ინიციატორმა ასევე განმარტა, რომ დაბრუნდა იმ ადგილას, სადაც ჩაისვა ორი უცნობი მამაკაცი (ექიმია და ვალდებულად ჩათვალა თავი, რომ გადაემოწმებინა), მაგრამ იქ არაფერი ხდებოდა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, დანაშაულებრივი ფაქტი მოხდა თ-ი, ლ-ს ქუჩა N11-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და მ. ხ-ც სწორედ აღნიშნული ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიუთითებს.
ამდენად, მართალია, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა უშუალოდ გ. ც--ის მიერ შ. მ-ს დაჭრის ფაქტს არ ადასტურებს, მაგრამ მ. ხ-ს ჩვენება და ზემოხსენებული მტკიცებულების ერთობლივი ანალიზი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გ. ც-ე და გ. ა. შემთხვევის ადგილზე ნამდვილად იმყოფებოდნენ და ინციდენტის შემდეგ, ისინი სწორედ ხსენებული მოწმის მანქანით გადაადგილდნენ.
სხვა მტკიცებულებები, რომლებიც უშუალო კავშირშია გ. ც-ის ბრალეულობასთან, არის:
გ. ც-ის პირადი ჩხრეკის ოქმი (ტ. I, ს.ფ 75-78) და ამავე პირისგან ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ამოღების ოქმი (ტ. I, ს.ფ 92-95). აღსანიშნავია, რომ ორივე საგამოძიებო მოქმედება თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებებით კანონიერად არის ცნობილი.
გ. ც-ის პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ ჩხრეკა ჩატარდა 2020 წლის 4 მაისს, რა დროსაც გ. ც-ეს შავი შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბიდან ამოუღეს შავტარიანი ფიქსატორიანი დანა, რომელსაც ლითონის პირი და ლითონის ვერცხლისფერი საკიდი აქვს. დანას საკეტ ღილაკსა და პირზე აღენიშნებოდა მოწითალო სისხლისმაგვარი ლაქები. პირადი ჩხრეკის შედეგად, გარდა ამისა, ამოიღეს სხვა ნივთებიც.
ამასთან, 2020 წლის 4 მაისის ამოღების ოქმის თანახმად, გ. ც-ისგან ამოიღეს ტანსაცმელი (მათ შორის: მუქი ფერის ჯინსის შარვალი, რომელსაც სისხლისმაგვარი ლაქები აღენიშნებოდა, ნაცრისფერი ჟილეტი, რომელიც იყო დასვრილი, შავი გრძელსახელოიანი სვიტრი) და ფეხსაცმელი.
ზემოხსენებული ნივთმტკიცებებიდან - ჟილეტი და დანა გაიხსნა და დათვალიერდა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე (2021 წლის 22 იანვარს), კერძოდ, დანა არის შავი, ფიქსატორიანი, გაშლილ მდგომარებაში კი - ორივე მხრიდან ბასრი. ჟილეტი არის დასვრილი, გარედან - სერი/რუხი ფერის, ხოლო შიგნიდან - შავი.
დაცვის მხარის მტკიცებით, გ. ც-ისგან დანა და ჟილეტი რეალურად არ ამოუღიათ და იგი ნ. ნ-მ (გ. ც-ის მეუღლემ) გადასცა პოლიციის თანამშრომელს. ადვოკატი თავის პოზიციას ამყარებს მოწმეების: ნ. ნ-ს, ი. ლ-ა და ს. მ-ს ჩვენებებით, კერძოდ:
მოწმე ნ. ნ-მ განმარტა, რომ 2020 წლის 4 მაისს გ. ც-ე და გ. ა. იყვნენ მასთან. შემდეგ ბიჭები სიგარეტის საყიდლად წავიდნენ, თვითონ კი - მეგობართან. დაახლოებით 20:00-21:00 საათებს შორის შუალედში წერეთელზე კვლავ შეხვდა მეუღლეს, გ. ც-ესა და გ. ა-ს. მიდიოდნენ სახლში - დიღმის მასივში. იმის გამო, რომ იყო ორსულად და დაიწყო წვიმა, გ. ც-ემ მოაცვა თავისი ჟილეტი. ამასთან, თავი შეაფარეს გადახურულ ადგილს, სადაც მან (ნ. ნ-მ) დაინახა ძირს დაგდებული დანა, რომელიც ანახა მეუღლეს და ჩაიდო ჟილეტის ჯიბეში. აღნიშნულიდან დაახლოებით ერთ წუთში მათთან მივიდა ორი პირი, სავარაუდოდ, პოლიციელები. იფიქრეს, რომ რადგან იწყებოდა კომენდანტის საათი, სთხოვდნენ სახლში დროულად წასვლას, თუმცა მათ გ. ც-ესა და გ. ა-ს მოსთხოვეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობების წარდგენა. დაახლოებით ერთ წუთში ხუთ-ექვსი ავტომანქანით მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, გ. ც-ე და გ. ა. გაიყვანეს ცალ-ცალკე ავტომანქანებთან და სანამ ჩასვამდნენ, გაჩხრიკეს. მოწმე იქვე იდგა, სამი ფეხის ნაბიჯზე და გარკვევით დაინახა, რომ მათგან კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოუღიათ. შემდეგ ჩასვეს ავტომანქანებში. ერთ-ერთმა, თანამშრომელმა, სავარაუდოდ, უფროსმა, იგი გვერდზე გაიყვანა, კორპუსსა და ავტოფარეხს შორის. დაახლოებით ხუთი-ექვსი პოლიციელიდან ერთ-ერთმა მამრობითი სქესის პოლიციელმა გაჩხრიკა - შეამოწმა, ჟილეტის ჯიბიდან ხელთათმანის გარეშე - შიშველი ხელით ამოუღო დანა და ჩაიდო შარვლის წინა ჯიბეში. გ. ც-ე და გ. ა. წაიყვანეს ცალ-ცალკე, სხვადახვა ავტომანქანით. პოლიციელმა თ. მას (ნ. ნ-ს) შესთავაზა სახლში წაყვანა, თუმცა მან თავი წააყვანინა მეგობრებთან, ი. ლ-სა და ს. მ-ნ. ი. ლ-მ თავის ტელეფონში ნახა გამოტოვებული ხუთი-ექვსი ზარი და შეტყობინება, ტექსტით - ,,ი, მიპასუხე, პოლიციიდან ვართ, ნ-ნ გვაქვს საქმე.“ თ. ტელეფონით საუბრისას უთხრა, რომ იყო ის პირი, ვინც დატოვა სახლში. უთხრა, ჩასულიყო და რაც ეცვა, მისთვის ჩაეტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოწერდა ორდერს და გაჩხრეკდა ი. ლ. სახლს. ნ. ნ-მ ჩაუტანა ჟილეტი, რომელიც ზემოდან ეცვა და დაჯდა თ-ს ავტომანქანაში უკანა სავარძელზე. თ. ავტომანქანის წინა, მარჯვენა სავარძელზე გაშალა ჟილეტი, გადაუღო ფოტოები, გადაგზავნა ,,ვოთსაფით.“ ჟილეტი გარედან იყო ნაცრისფერი, შავი სარჩულით, ძლიერი წვიმისგან - სველი. მოწმემ განმარტა, რომ ჟილეტს სისხლის ლაქები რომ ჰქონოდა, აუცილებლად შეამჩნევდა, რადგან თავადაც ეცვა. მოწმემ განმარტა, რომ თ-სათვის მას არ უთქვამს მეგობრის ნომერი, ასევე არ უთქვამს, ვისთან მიდიოდა. გარდა თ-ს ზარისა, დაურეკა პოლიციელმა და მოსთხოვა მეუღლის გამოსაცვლელი ტანსაცმელი, შარვალი, რადგან, რომელიც ეცვა, მიჰქონდათ ექსპერტიზაზე.
მოწმე ი. ლ. განმარტებით, 2020 წლის 4 მაისს სტუმრად იყო მეგობარ ს. მ-ნ. 23:00 საათზე მათთან მივიდა ნ. ნ. ნ. იყო ანერვიულებული, რადგან მის მეუღლეს, გ. ც-ეს იჭერდნენ. ი. ლ-ს მობილურ ტელეფონზე ჰქონდა ექვსი გამოტოვებული ზარი და მოკლე ტექსტური შეტყობინება - , პოლიციიდან ვარ, ნ-ნ მჭირდება საუბარი“. ნ. ნ-მ ივარაუდა, რომ ეს იქნებოდა ის პოლიციელი, რომელმაც მეგობართან მიიყვანა. მალე კვლავ დარეკეს, ნ. ნ-მ უპასუხა და ჩავიდა ეზოში. ხუთ-ათ წუთში დაბრუნებულმა ნ. ნ-მ თქვა, რომ მათ სჭირდებოდათ ჟილეტი, რომელიც მას ს. მ-ნ მისვლისას ეცვა. შესაბამისად, ჩაიცვა ჟილეტი და კვლავ ჩავიდა. რამდენადაც ახსოვს, ჟილეტი იყო ნაცრისფერი, შიგნიდან - შავი, დასვრილ თუ სველ მდგომარეობაში, მაგრამ სისხლისფერი ლაქები არ შეუნიშნავს. ასეთის არსებობის შემთხვევაში, სავარაუდოდ, შეამჩნევდა. მოწმემ განმარტა, რომ უცნობია, საიდან გაიგო პოლიციელმა მისი მობილური ტელეფონის ნომერი. სახლში დაბრუნებულ ნ. ნ-ს ჟილეტი თან აღარ ჰქონდა.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე ს. მ.
საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ არგუმენტს (დანასა და ჟილეტთან დაკავშირებით), ისევე როგორც მოწმეების: ნ. ნ-ს, ი. ლ-ა და ს. მ-ს ჩვენებებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირად ჩხრეკაში მონაწილეებმა უფროსმა დეტექტივებმა - მ. კ-მ და გ. დ-მ და უბნის ინსპექტორმა - შ. გ-ა სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვის დროს ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს, რომ მათ დანა, სხვა ნივთებთან ერთად, უშუალოდ გ. ც-ის პირადი ჩხრეკის დროს ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ მოწმეთა ჩვენებებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები ერთმანეთს არსებითად არ ეწინააღმდეგება. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დანაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ლაქების გენეტიკური პროფილი და ამავე დანაზე არსებული ბიომასალის (ობ. N9) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის დაზარალებულ შ. მ. ობ. N9-ის პროფილში ასევე ვლინდება გ. ც-ის გენეტიკური თანამონაწილეობა; 2020 წლის 11 სექტემბერს გაცემული ტრასოლოგიური ექსპერიზის დასკვნის თანახმად, შ. მ-ს ტანსაცმელზე (ჟაკეტი, მაისური, ჯინსის შარვალი ქამრით), მხოლოდ მაისურზე, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მიდამოებში, არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი, ორმხრივლესილი პირის მქონე საგნის მოქმედებით, რომლის მორფოლოგიური მახასიათებლები, კონსტრუქცია და თვისება ემსგავსება წარმოდგენილი დანის პირის (FCD 1221327) მონაცემებს, რაც, თავის მხრივ, არ გამორიცხავს ხსენებული დანის პირით მათი განვითარების შესაძლებლობას.
გამომძიებელმა კ. ჯ-ა აგრეთვე დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება - ამოღება. ამასთან, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ. ც-ის ტანსაცმელზე - შარვალზე, ჯემპრზე, მოკლესახელოიან მაისურზე, ფეხსაცმელებსა და მარცხენა ფეხსაცმელში მოთავსებულ წინდაზე არსებული ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის შ. მ. ამავე პაკეტში მოთავსებულ ჟილეტზე არსებული მოყვითალო-მოყავისფრო და მოვარდისფრო-მოყავისფრო ლაქები სისხლი არ აღმოჩნდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გ. ც-ისგან შემთხვევის დღეს ამოღებული ტანსაცმელი ფაქტობრივად შეესაბამება ვიდეოჩანაწერში აღბეჭდილი პირის ტანსაცმელს: მუქი ფერის შარვალი, ნაცრისფერი ჟილეტი და შავი სვიტრი (მაშინ, როდესაც მოწმე ნ. ნ-ს განმარტებით, იმის გამო, რომ იგი იყო ორსულად და დაიწყო წვიმა, გ. ც-ემ მას მოაცვა თავისი ჟილეტი).
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების ერთობლივად შეფასება ლოგიკურ ჯაჭვს ქმნის და ნათელია, რომ:
· გ. ც-ე შემთხვევის დღესვე, რამდენიმე საათში, პირადად გაჩხრიკეს და ამოიღეს დანა, რომელზეც არსებული ლაქები, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ლაქების გენეტიკური პროფილი და ამავე დანაზე არსებული ბიომასალის (ობ. N9) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის შ. მ. ობ. N9-ის პროფილში ასევე ვლინდება თავად გ. ც-ის გენეტიკური თანამონაწილეობა;
· გ. ც-ისგან შემთხვევის დღეს ასევე ამოიღეს ტანსაცმელიც, რომელზეც არაერთ ადგილას (მათ შორის: შარვალზე, ჯემპრზე) არსებული ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს და აგრეთვე ეკუთვნის დაზარალებულ შ. მ;
· სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით შ. მ. სხეულზე ცხრა დაზიანება აქვს მიყენებული ხოლო მეათე ჭრილობა (მარჯვენა იღლიის არეში) - მჭრელი თვისებების საგნის მოქმედებით; ამავე დასკვნის მიხედვით, დანაც მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგანთა ჯგუფს მიეკუთვნება;
· გ. ც-ისგან ამოღებული ტანსაცმელი ფაქტობრივად შეესაბამება ვიდეოჩანაწერში აღბეჭდილი პირის ტანსაცმელს: მუქი ფერის შარვალი, ნაცრისფერი ჟილეტი და შავი სვიტრი;
· მოწმე მ. ხ-სა და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ 2020 წლის 4 მაისს შემთხვევის ადგილზე გ. ც-ე და გ. ა. ნამდვილად იმყოფებოდნენ და ინციდენტის შემდეგ, მიმდებარე ადგილიდან ისინი მ. ხ-ს მანქანით გადაადგილდნენ;
· დაზარალებულ შ. მ-სა და ი. ჩ-ის ჩვენებები იმ ნაწილში, რომ ისინი ორ, უცნობ პირთან შეკამათდნენ, არ არის უტყუარი, რადგან არ შეესაბამება შპს ,,ნ-ს“ ვიდეოჩანაწერს, სადაც მხარეები შეხვედრის დროს ერთმანეთს გადაკოცნიან, როგორც, მინიმუმ, კარგი ნაცნობები;
· გამოძიების სტადიაზე ლ. ც-ს გ. ც-ის ამოცნობის თაობაზე პოზიცია საეჭვო ფორმით არ დაუფიქსირებია. რაიმე სახის შენიშვნა არც ამოცნობის ოქმსა და არც ,,ნ-ს“ ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმზე მოწმეს არ წარმოუდგენია. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვის დროს მის მითითებას, რომ ამოსაცნობად წარდგენილი ოთხი ფოტოდან მხოლოდ ერთ ფოტოზე გამოსახულ პირს ეკეთა სათვალე, ამოცნობის ოქმით არ დასტურდება;
· საქმის მასალების საფუძველზე არ გამოკვეთილა პროცესუალური კანონმდებლობის იმგვარი სახის დარღვევა, რასაც შესაძლოა, არსებითად ემოქმედება საქმის განხილვის შედეგზე (მათ შორის არ დასტურდება ნ. ნ-ს მითითება, რომ რეალურად, დანა და ჟილეტი გ. ც-ისგან არ ამოუღიათ).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ადვოკატის პოზიციას გ. ც-ის მიერ შ. მ-სათვის სხეულის დაზიანების შეფასების ნაწილში.
4. გ. ც-ის მიერ ჩადენილი ქმედების (შ. მ-ს სხეულის დაზიანების) განზრახვა:
მოცემულ შემთხვევაში, როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოებმა ერთგვაროვნად მიიჩნიეს, რომ გ. ც-ემ ჩაიდინა არა მკვლელობის მცდელობა (საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლი), არამედ - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი). თბილისის სააპელაციო სასამართლომ გ. ც-ის განზრახვის ნაწილში მიუთითა, რომ მის ქმედებაში ცალსახად არ იყო გამოკვეთილი მკვლელობის სუბიექტური შემადგენლობა, მაგრამ სამოტივაციო ნაწილში მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებები დეტალურად აღარ განხილულა.
საკასაციო პალატა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არ ეთანხმება პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას (განზრახვის შეფასების ნაწილში) და მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივ გარემოებათა გასაანალიზებლად, ერთობლივად აფასებს: რა იარაღით არის ჩადენილი დანაშაული; როგორია მიყენებულ დაზიანებათა სიმრავლე, ლოკალიზაცია, მათი სიმძიმის ხარისხი; ქმედების შეწყვეტის მიზეზები.
დანაშაულის ჩადენის იარაღი:
დანაშაულის ჩადენის იარაღი წარმოადგენს ერთ-ერთ კრიტერიუმს, რითაც შესაძლოა, შეფასდეს ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის საფრთხის ცოდნის ხარისხი.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 6 მაისის დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, გ. ც-ისაგან ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. როგორც აღინიშნა, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: დანაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ლაქების გენეტიკური პროფილი და ამავე დანაზე არსებული ბიომასალის (ობ. N9) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის შ. მ. ობ. N9-ის პროფილში ასევე ვლინდება გ. ც-ის გენეტიკური თანამონაწილეობა; ამასთან, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: შ. მ-ს ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი, ორმხრივლესილი პირის მქონე საგნის მოქმედებით, რომლის მორფოლოგიური მახასიათებლები, კონსტრუქცია და თვისება ემსგავსება წარმოდგენილი დანის პირის (FCD 1221327) მონაცემებს, რაც, თავის მხრივ, არ გამორიცხავს ხსენებული დანის პირით მათი განვითარების შესაძლებლობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში უტყუარად დგინდება, რომ გ. ც-ემ შ. მ. დაზიანება მიაყენა დანის გამოყენებით.
მიყენებულ დაზიანებათა სიმრავლე, ლოკალიზაცია და მათი სიმძიმის ხარისხი:
მოცემულ ნაწილში უნდა გააანალიზდეს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, კერძოდ, სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემებით, შ. მ. აღენიშნებოდა შემდეგი სახის დაზიანებები:
მარჯვენა მხრის ზ/მესამედის დონეზე, წინა-გარეთა ზედაპირზე არსებული ჭრილობა, ზომით 7X3 სმ., ორთავა კუნთისა და მხრის არტერიის დაზიანებით (ჭრილობის არხის მიმართულებაა გარედან შიგნით, უკნიდან წინ, ქვემოდან ზემოთ) - განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს;
ასევე: ორი - ნაკლებად მძიმე ხარისხის სხეულის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით (მარჯვენა წინა მხრის შუა-ზემო მესამედის საზღვარზე, უკანა ზედაპირზე არსებული ჭრილობა, ზომით 5X3 სმ. და მარჯვენა სხივ-მაჯის დონეზე არსებული ჭრილობა, ზომით 6X3 სმ) და შვიდი - მსუბუქი ხარისხის, სხეულის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით (მათ შორის: გულმკერდის უკანა ზედაპირზე ვერტებრალურ ხაზზე არსებული ჭრილობა, ზომით 10X2 სმ, მარჯვენა მხრის შუა მესამედის დონეზე, უკანა ზედაპირის არეში არსებული ჭრილობა, ზომით 6X3სმ.).
ზემოხსენებული ცხრა ჭრილობა განვითარებული რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, ხოლო მეათე ჭრილობა (მარჯვენა იღლიის არეში) - მჭრელი თვისებების საგნის მოქმედებით; ამავე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დანაც მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგანთა ჯგუფს მიეკუთვნება.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია მე-11 ჭრილობაც, რომელიც არის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მიყენებული, მაგრამ მასზე თავად დაზარალებულმა შ. მ-მ ჩვენების მიცემის დროს მიუთითა, რომ ერთი ჭრილობა შემთხვევით თავად მიიყენა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისას (მოირტყა ფეხში). ანალოგიურად მიუთითებს მოწმე ი. ჩ-ეც.
ამდენად, გ. ც-ემ შ. მ. სხეულის დაზიანება მიაყენა ათ ადგილზე, მათ შორის: მხარზე, ლავიწქვეშ, ბეჭზე, გულმკერდის უკანა ზედაპირზე და იღლიაში. მათგან დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, განეკუთვნება - მარჯვენა მხრის ზ/მესამედის დონეზე, წინა-გარეთა ზედაპირზე არსებული ჭრილობა, ზომით 7X3 სმ. (ორთავა კუნთისა და მხრის არტერიის დაზიანებით).
ქმედების შეწყვეტის მიზეზი:
დაზარალებულმა შ. მ-მ განაცხადა, რომ ხმამაღალ, აგრესიულ საუბარს მოჰყვა ჩხუბი, რა დროსაც ზურგის არეში იგრძნო ტკივილი. მალევე მიხვდა, რომ სისხლი მოსდიოდა. ამიტომაც, უცნობების შეშინებისა და მოგერიების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.
მოწმე ი. ჩ-ის განმარტებით, შ. მ-მ უცნობების შეშინების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რა დროსაც მოირტყა ფეხში. გასროლის ხმებზე ისინი გაიქცნენ.
მოწმე ლ. ც-ა მიუთითა, რომ სათვალიან პირს დაზარალებული შ. მ. საყელოთი ეჭირა და ზურგის მიდამოში ურტყამდა ხელს, მაგრამ ხელში ეჭირა თუ არა რამე საგანი, არ ახსოვს. მოწმემ განმარტა, რომ დააპირა ავტომანქანის გაჩერება და მათი გაშველება, მაგრამ იმავდროულად, გაიგონა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი გასროლის ხმა, რის გამოც შეეშინდა გადასვლა და ავტომანქანით უკუსვლით დაიწყო მოძრაობა.
2020 წლის 17 ივნისს გაცემული ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) დასკვნით დადგენილია, რომ პაკეტში წარწერით: „ერთი პისტოლეტი მასში არსებული მჭიდითა და მჭიდში 5 ვაზნით,“ მოთავსებულ იარაღის მეტალის ნაწილებზე (ობ. N1), სასხლეტსა და დამცავ რკალზე (ობ. 2) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N1,2-ის გენეტიკური პროფილი და ამავე იარაღის ყბებზე (ობ. N3), ჩახმახსა და მეტალის სხვა ნაწილებზე (ობ. N4) და ამავე პაკეტში მოთავსებულ მეტალის მჭიდზე (ობ. N5) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის შ. მ.
ამდენად, მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ქმედების შეწყვეტა განაპირობა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლამ; აღნიშნული გარემოება კი საფუძვლიანად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ გ. ც-ემ საკუთარი თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად კი არ შეწყვიტა დანაშაულებრივი ქმედება, არამედ - გარეგანი ფაქტორის ძალისხმევით. საკასაციო პალატა დამატებით მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ შპს ,,ნ-დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის მიხედვით, უშუალოდ ქმედების ჩადენის მომენტში, შ. მ. თავდასხმის პარალელურად, უკან-უკან მიიწევს, მაგრამ, მცდელობის მიუხედავად, იგი თავდამსხმელს ამ ფორმითაც ვერ აღწევს თავს.
როგორც უკვე აღინიშნა, შემთხვევის ადგილის შორიახლოს იმყოფებოდა უმცროსი ექიმი ლ. ც–ი, რომელმაც მოწმედ დაკითხვის დროს მიუთითა, რომ ადგილზე დახმარების აღმოჩენის შემდეგ, მან დაჭრილი ავტომანქანაში ჩაისვა და მიიყვანა ,,ღ-ს“ კლინიკაში. შპს ,,ღ-ს ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ ქირურგის ლ. გ-ს უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმის მიხედვით, პაციენტისათვის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება იყო მარჯვენა მხრის არეში შემავალი, მხრის არტერიის დაზიანება, რომლის გაკერვის გარეშე დატოვება იყო სიცოცხლისათვის საშიში, სისხლდენის გამო (ტ. II, ს.ფ 19-22, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 20 ოქტომბრის სხდომაზე მოწმე ლ. გ-ს გამოკითხვის ოქმის დროს მიწოდებული ინფორმაცია ცნობილ იქნა უდავოდ, რის გამოც, მას საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლიდან გამომდინარე, პრეიუდიციული ძალა მიენიჭა).
მაშასადამე, ცივი იარაღის - დანის გამოყენება, სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის - გულმკერდში, მხრისა და ლავიწის მიდამოში მიყენებული ათი, სხვადასხვა სახის სიმძიმის დაზიანება (როგორც მძიმე, ისე - ნაკლებად მძიმე და მსუბუქი ხარისხის), ჭრილობის ზომა და ქმედების შეწყვეტის მიზეზი, ერთობლივად განხილული, მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ გ. ც-ე მოქმედებდა არა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, არამედ - მკვლელობის განზრახვით.
საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეში მიუთითა, რომ: ,,ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა“ (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს №527აპ-17 გადაწყვეტილება).
ამასთან, სხვა საქმეში საკასაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მათ შორის - დაზარალებულის დაზიანებების რაოდენობაზე (სულ - 12), ლოკალიზაციაზე, ხასიათსა და ხარისხზე, განსაკუთრებით კი სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის ჭრილობებზე გულმკერდისა და ასევე, ჭრილობებზე მუცლის არეში, რაც უპირობოდ გამორიცხავდა პირის ქმედებაში მხოლოდ ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვას და ცალსახად მიუთითებდა დაზარალებულის მკვლელობის აშკარა სურვილზე, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ბოლომდე ვერ მიიყვანა (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს №213აპ-20 გადაწყვეტილება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის: ექსპერტიზის დასკვნებისა და მოწმეთა ჩვენებების) საფუძველზე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებულია გ. ც-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლის (განზრახ მკვლელობის მცდელობის) როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის განხორციელების ფაქტი.
5. სასჯელი:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილი უთითებს, რომ ,,განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.“ ამასთან, საკასაციო პალატა, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, თანაბრად ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან.
ამასთან, საკასაციო პალატა უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, დანაშაულის ჩადენა იარაღის გამოყენებით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას (ესე იგი მათ შორის - იარაღის გამოყენებით დანაშაულის ჩადენისას) ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ დაადგინა, რომ გ. ც-ემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით. აღსანიშნავია, რომ ხსენებული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ვადით (იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვით, ან უამისოდ).
წარმოდგენილი საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ გ. ც-ემ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის მცდელობა ჩაიდინა ცივი იარაღის, დანის გამოყენებით; როგორც აღინიშნა, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, გ. ც-ისაგან ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
ამდენად, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, გ. ც-ის მიმართ დანიშნული სასჯელი 1 წლით უნდა აღემატებოდეს განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის დანიშნული სასჯელის მინიმუმს - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთას.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ გ. ც-ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი სხვა გარემოება არ გამოკვეთილა და საბოლოოდ მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა - პროპორციული იქნება მის პიროვნებასა და ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან.
6. გ. ა-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძველი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება:
საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ა-ს ბრალდების ამ ნაწილში და უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში პროკურორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ ადასტურებს დანაშაულის შეუტყობინებლობის ჩადენის ფაქტს, კერძოდ:
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში დადასტურებულია მხოლოდ ის გარემოება, რომ 2020 წლის 4 მაისს შემთხვევის ადგილზე გ. ა. გ. ც-ესთან ერთად იმყოფებოდა, მაგრამ აღნიშნულის მიუხედავად, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადგენილი არ არის, რომ მან ნამდვილად დაინახა შ. მ-ს დაჭრის ფაქტი.
საკასაციო პალატა უთითებს, რომ, ზოგადად, დანაშაულის ადგილზე ყოფნა უპირობოდ კონკრეტული დანაშაულის დანახვასა და მის გაცნობიერებას არ გულისხმობს. აღნიშნულთან ერთად, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რომ პირმა იცის/შეიტყო ჩადენილი დანაშაულის შესახებ. მსგავს შემთხვევაში სწორედ აღნიშნული ორი კრიტერიუმის ერთობლიობა განაპირობებს ცოდნის ნამდვილობას.
მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის - მოწმე მ. ხ-ს ჩვენების შინაარსი, უტყუარად არ მიუთითებს გ. ა-ს მიერ დანაშაულის ხასიათისა და შინაარსის ცოდნის თაობაზე. საქმის მასალების მიხედვით, მხოლოდ ამ ჩვენებით იკვეთება, დაჭრის ფაქტის გაჟღერება, რის შემდეგაც გ. ა-ს მალევე აკავებენ. ამასთან, გ. ა-ს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას არ ადასტურებს შემთხვევის ადგილზე, ახლოს მყოფი - მოწმე ლ. ც–ის ზემომიმოხილული ჩვენებაც და საქმეზე გამოკვლეული - შპს ,,ნ-დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერიც. მითუფრო, რომ აღნიშნულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, არ წარმოდგენილა შესაბამისი ექსპერტიზა, რომელიც დაადასტურებდა გ. ა-ს მიერ გ. ც-ის დანაშაულის ჩადენის უპირობოდ დანახვის ფაქტს.
ამდენად, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საფუძვლიანად უარყოფდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციასა და დაცვის მხარის შესაგებელში გაცხადებულ მითითებას გ. ა-ს უდანაშაულობის თაობაზე. შესაბამისად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღნიშნული გარემოება, რომ გ. ა-მ ნამდვილად იცოდა გ. ც-ის მიერ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის, კერძოდ, შ. მ-ს განზრახ მოკვლის მცდელობის თაობაზე, რის შესახებაც არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს, წარმოადგენს ეჭვს, რომელიც, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (ე.წ. ,,In dubio pro reo“ პრინციპი).
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება გ. ც-ის ნაწილში უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის საუარესოდ, ხოლო გ. ა-ს გამართლების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ც-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ხ. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანჟელა გეთიას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3.1. გ. ც-ის ჩადენილი ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლზე; გ. ც-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
4. გ. ც-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 4 მაისის 22:56 საათიდან.
5. გ. ა. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მესამე ნაწილით (2018 წლის 4 ივლისის კანონით მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 სექტემბრის განაჩენით გ. ა. დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან;
5.2. გამართლებულ გ. ა-ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.
6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული „მოტოს“ ფირმის მობილური ტელეფონი, გ. ც-ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ტყავის საბარათე, მასში მოთავსებული გ. ც-ის სახელზე გაცემული მართვის მოწმობითა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, ასევე სხვადასხვა პლასტიკური ბარათებითა და თეთრი „აიფონ 6S“ ფირმის მობილური ტელეფონი, გ. ც-ის, გ. ა-ს, შ. მ-სა და ი. ჩ-ის ტანსაცმელი, გ. ა-სგან ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, ლ. ც–ის კუთვნილი ავტომობილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ქურთუკი, შ. მ-ს ავადმყოფობის ისტორიის დედანი და ერთი რენტგენოფირი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეებს ან მათ მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირებს;
გ. ც-ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა, გ. ც-ისა და გ. ა-სგან, ასევე მ. ხ-ს ავტომობილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუშები, გ. ც-ის, გ. ა-ს, ი. ჩ-ის ნერწყვის ნიმუშები და შ. მ-ს სისხლის ნიმუში, ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოწითალო ფერის ანაწმენდები, ავტომობილების დათვალიერების დროს აღებული ანაწმენდები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
შემთხვევის ადგილისა და ავტომობილების დათვალიერებისას, „ნ-დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი ერთ დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით;
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნაზე თანდართული ნივთმტკიცება ერთ პაკეტად - საკვლევი ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სამი მასრისა და ერთი ტყვიის, ცეცხლსასროლი იარაღის განმუხტვისას ექსპერტების მიერ გამოყენებული ხელთათმანის, შ. მ-ს საცხოვრებელი ბინის სადარბაზოს ჩხრეკის შედეგად ამოღებული „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტისა და მასში მოთავსებული მჭიდის, ასევე სამი ვაზნის, ი. ჩ-ისა და შ. მ-ს დენთის ანაწმენდების, ასევე შ. მ-ს საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს ჩხრეკისას გადაღებული ფოტოსურათების დისკის საკითხი გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი