ას-1261-1281-2011 6 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს «ს-ი» (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. მ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ს-ის» მიმართ ზიანის: მოსარჩელის მიერ მკურნალობისათვის გაწეული ხარჯის _ 10 000 ლარის, მომავალში მკურნალობისათვის გასაწევი 15 000 ლარის, არაქონებრივი ზიანის სახით – 5 000 ლარის, ყოველთვიური სარჩოს სახით 500 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით _ 5 000 ლარის ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს «ს-ს» დაეკისრა მოსარჩელის მიერ მკურნალობისათვის გაწეული 282.30 ლარის, მოსარჩელის მიერ მკურნალობისათვის გასაწევი 667 ლარის, მოსარჩელისათვის მიყენებული არაქონებრივი ზიანის – 5 000 ლარის, ყოველთვიური სარჩოს სახით 450 ლარის გადახდა, ხოლო მიუღებელი შემოსავლის სახით 5 000 ლარის ანაზღაურებაზე ი. მ-ს უარი ეთქვა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, ხოლო მოსარჩელემ შეიტანა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინებით როგორც ძირითადი, ისე შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად:
სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
«ქართველ გადამზიდავად» წოდებულ შპს ,,ს-სა” და საერთაშორისო ავტობუსების ორგანიზაცია შპს ,,მ-უს” შორის დაიდო საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკებს შორის ,,თბილისი-ანკარა-სტამბულის” მარშრუტზე მგზავრთა რეგულარული საერთაშორისო საავტობუსო გადაყვანის ხელშეკრულება.
ხელშეკრულების 1.1. მუხლის თანახმად, მხარეები 2005 წლის მარტიდან ახორციელებენ საერთაშორისო საავტობუსო რეგულარულ მიმოსვლას ,,თბილისი-ანკარა-სტამბულის” მარშრუტზე, პარიტეტულ საწყისებზე, ხოლო ხელშეკრულების 1.2. მუხლის თანახმად, რეისები ,,თბილისი-ანკარა-სტამბულის” მიმართულებით სრულდება ქართველი გადამზიდავების ძალებით, რეისები ,,სტამბული-ანკარა-თბილისის” მიმართულებით კი სრულდება თურქეთის ფირმის ძალებით. ხელშეკრულების 2.6. მუხლის მიხედვით, მხარეები ბილეთების რეალიზაციას და საგზაო დოკუმენტების გაფორმებას აწარმოებენ ერთად, ორივე მხარის ტერიტორიაზე, ხოლო 3.4. მუხლის შესაბამისად, ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია გადაზიდვებთან განაწილდება მხარეთა შორის თანაბრად, ურთიერთანგარიშსწორებისას დაკავდება მხოლოდ საკომისიო თანხა.
2010 წლის 21 მაისს ქ. თბილისში შპს ,,ს-ის” სალაროში მოსარჩელე ი. მ-მა შეიძინა ავტობუსით სამგზავრო ბილეთი ,,თბილისი-ანკარა-სტამბულის” მიმართულებით. ბილეთის საფასური იყო 70 ლარი.
2010 წლის 21 მაისს თურქეთის ტერიტორიაზე, ქ. სამსუნთან მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ავტოავარიის შედეგად ი. მ-მა მიიღო სხეულის დაზიანება. ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა ქ.ანკარის სტაციონარ ,,ნ-ში”. 2010 წლის 6 ივლისიდან მკურნალობა გააგრძელა ქ.თბილისის მე-3 პროფილაქტიკურ ცენტრში.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2010 წლის 30 დეკემბრის ¹112 აქტის საფუძველზე ი. მ-ს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დაუდგინდა უვადოდ (შრომითი საქმიანობის უნარის პირველი ხარისხის შეზღუდვა).
ი. მ-ი მუშაობდა ინდივიდუალურ მეწარმე ,,ნ. მ-სთან” ქ.თბილისში, ... ქ. ¹7-ში მდებარე მარკეტში გამყიდველად და მისი ანაზღაურება ყოველთვიურად შეადგენდა 450 ლარს.
სასამართლომ სადაზღვევო კომპანია «ი. ს-ას» მიერ გაცემული სადაზღვევო პოლისით დაადგინა, რომ კომპანია «მ-უსთან» გაფორმებული ხელშეკრულებით დაზღვეული იყო მგზავრის გადაყვანა, აუცილებელი სავარძელი, ინდივიდუალური ავარიის შემთხვევა. პოლისი წარმოდგენილ იქნა მოპასუხის მიერ შესაგებელთან ერთად, პოლისი მოსარჩელისთვის ბილეთთან ერთად არ გადაცემულა.
დავის მიმდინარეობის პერიოდში, ი. მ-მა თანხის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა სადაზღვევო კომპანია ,,ი ს-ას”, თუმცა, თურქული სადაზღვევო კომპანიისგან სადაზღვევო შემთხვევის გამო ანაზღაურება არ მიუღია.
საქმის მასალებით არ დგინდება ი. მ-ის მიერ, როგორც მკურნალობის ხარჯებისათვის 10 000 ლარის გადახდის, ასევე შემდგომში სარეაბილიტაციო მკურნალობისათვის 15 000 ლარის საჭიროების ფაქტი. ასევე დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით 5000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება მოსარჩელის განმარტების არასაკმარისად მიჩნევის თაობაზე. სხვა რაიმე მტკიცებულება (თურქული სამედიცინო დაწესებულებისთვის შეკითხვით მიმართვა გაწეული ხარჯების შესახებ, ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სავარაუდო სარეაბილიტაციო მკურნალობის საჭიროების და მისი ღირებულების შესახებ, მოწმეთა ჩვენებები და სხვა) მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი საპროცესო ვალდებულების შესრულება და ვერ დაადასტურა სარჩელში მითითებული გარემოებები.
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად მხოლოდ თურქული კომპანია «მ-უს» და სადაზღვევო კომპანიის მიჩნევის თაობაზე. თურქულ კომპანია «მ-უსა» და შპს «ს-ს» შორის დადებული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, მათი ურთიერთობის სამართლებრივი კვალიფიკაცია უნდა მოხდეს სამოქალაქო კოდექსის 930-940-ე მუხლებით. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა საქმეზე დადგენილი გარემოებები.
სამოქალაქო კოდექსის 930-ე, 668-ე მუხლების, 669-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ შპს «ს-ის» სალაროში კომპანია «მ-უს» სამგზავრო ბილეთის შეძენით დასტურდება ამ კომპანიებთან გადაზიდვის თაობაზე არსებით პირობებზე შეთანხმება – სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლა. აღნიშნული საწარმოები სოლიდარულ მოვალეებს წარმოადგენენ მოსარჩელის მიმართ.
სამოქალაქო კოდექსის 837-ე, 839-ე, 840-ე მუხლების საფუძველზე პალატა არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას სადაზღვევო კომპანიის ვალდებულების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს «ს-მა» გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი და არ გაითვალისწინა, რომ დელიქტური ვალდებულება ბრალის გარეშე არ წარმოიშობა. საქმეში კასატორის განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. მოცემულ შემთხვევაში სადავო ვალდებულება წარმოიშვა ამავე კოდექსის 997-ე მუხლის საფუძველზე საზოგადოების მუშაკის მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო.
სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 669-ე მუხლი. შპს «ს-სა» და «მ-ის» შორის გაფორმებული ხელშეკრულებით არ დგინდება, რომ კასატორმა ვალდებულება იკისრა «მ-ის» მუშაკის ბრალეული ქმედების შედეგად მესამე პირებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.
ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა სასამართლომ ერთობლივ საქმიანობად არასწორად ჩათვალა, რადგან აღნიშნულისათვის მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობა საკმარისი არ არის და საჭიროა 931-936-ე მუხლების მოთხოვნათა არსებობაც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინებით შპს «ს-ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს «ს-ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს «ს-ს» უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2011 წლის 1 სექტემბერს გადახდილი 402 ლარის 70% _ 281,4 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «ს-ის» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ შპს «ს-ს» (საიდენტიფიკაციო კოდი ¹ ...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 281,4 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.