Facebook Twitter

ას-1262-1282-2011 27 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – 1. ჟ. გ-ი (მოსარჩელე)

2. ზ. გ-ა (მოპასუხე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით _ ნ. კ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს ჟ. გ-მა და მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ნ. კ-ემ მოპასუხე ზ. გ-ას მიმართ და მოითხოვეს 2005 წლის 11 ივნისის სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანა და ნ. სის დანაშთ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ... მე-2 მ/რ, 31-ე კორპუსი, ბინა ¹133, 1/3-1/3 წილის მიკუთვნება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჟ. გ-ისა და ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ჟ. გ-ი ცნობილ იქნა ქ. თბილისი, ... მე-2 მ/რ, კორპუსი 31 ბინა ¹133, ზ. გ-ას სახელზე რიცხული უძრავი ქონების 1/3-ის მესაკუთრედ და ამ ნაწილში ცვლილება შევიდა 2005 წლის 11 ივნისს ნოტარიუს მან. მინდიაშვილის მიერ, ზ. გ-ას სასარგებლოდ გაცემულ ¹2-92 სამკვიდრო მოწმობაში, ნ. კ-ე ცნობილ იქნა ქ. თბილისი, ... მე-2 მ/რ, კორპუსი 31, ბინა ¹133, ზ. გ-ას სახელზე რიცხული უძრავი ქონების 1/3-ის მესაკუთრედ და ამ ნაწილში ცვლილება შევიდა 2005 წლის 11 ივნისს ნოტარიუს მან. მინდიაშვილის მიერ ზ. გ-ას სასარგებლოდ გაცემულ ¹2-92 სამკვიდრო მოწმობაში, ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხე ზ. გ-ას დაეკისრა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის გადახდა მოსარჩელე ჟ. გ-ას სასარგებლოდ. ზ. გ-ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 300 (სამასი) ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. გ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. გ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ჟ. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ჟ. გ-ის სარჩელი არ დაკამყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების ის ნაწილიც, რომლითაც ზ. გ-ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 300 (სამასი) ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მამკვიდრებლის, ნ. სის სახელზე გარდაცვალების დროისათვის ირიცხებოდა ქ. თბილისში, ... მე-2 მ/რ, კორპუსი 31, ¹133 ბინაში მდებარე უძრავი ქონება.

მამკვიდრებელი ნ. სი გარდაიცვალა 2004 წლის 18 ივლისს. გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღია 2004 წლის 22 ივლისი. ნ. სის პირველი რიგის მემკვიდრებს წარმოადგენენ შვილები _ ზ. გ-ა, ჟ. გ-ი, ნ. კ-ე და მათი ძმა, რომელიც 1996 წელს გარდაიცვალა, მისი შვილები რუსეთში ცხოვრობენ და საქართველოში არ ჩამოდიან.

ზ. გ-ამ დედის სამკვიდრო ქონება მიიღო სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით; დედის გარდაცვალებამდე და მის შემდეგაც, დღემდე ცხოვრობს სადავო სახლში.

2005 წლის 11 ივნისს ზ. გ-ას სასარგებლოდ გაიცა სამკვიდრო მოწმობა ქ. თბილისში, ... მე-2 მ/რ, კორპუსი 31, ბინა ¹133 ბინაზე.

მოპასუხე – ზ. გ-ა 2005 წლის 11 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, საჯარო რეესტრში აღირიცხა სადავო ქონების _ ქ. თბილისში, ... მე-2 მ/რ, კორპუსი 31, ¹133 ბინის მესაკუთრედ.

ჟ. გ-ს და ნ. კ-ეს, დედის სამკვიდროს მიღების მიზნით, სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოსათვის კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავთ.

ჟ. გ-ი 1978 წელიდან რეგისტრირებულ ქორწინებაშია ვაჟა გ-თან. მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისათვის ცხოვრობდა ქირით, ...ის დასახლებაში. რეგისტრირებულია სადავო ბინაში.

ნ. კ-ე 1988 წლის 04 თებერვალიდან რეგისტრირებულ ქორწინებაშია გ. კ-ესთან და საცხოვრებლად გადავიდა რაიონში. რეგისტრირებულია სადავო ბინაში.

ზ. გ-ას სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მისი და _ ნ. კ-ე და დისშვილები _ ლ. კ-ე, გ. კ-ე და შ. გ-ი პერიოდულად ცხოვრობდნენ და სარგებლოდნენ სადავო ბინით.U

სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მითითება იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ჟ. გ-ს, დედის სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია და შესაბამისად, არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება მასზე, რომ ჟ. გ-ი დაეუფლა დედის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ჟ. გ-მა სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ იგი დედის გარდაცვალებამდე – 1994 წლიდან და მისი გარდაცვალების შემდეგ ექვს თვეში ცხოვრობდა მის ბინაში, უვლიდა, მართავდა სამკვიდროს, იხდიდა გადასახადებს და სხვა. გარდა ამისა, სასამართლომ გაითვალისწინა ასევე თავად მოსარჩელის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი დედის გარდაცვალებამდე საცხოვრებლად გადასული იყო დედის სახლიდან, ხოლო დედის გარდაცვალების დროისათვის კი, იმყოფებოდა რუსეთში;

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებად სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება მასზე, რომ მან მოპასუხეს ბინის გასაღები გამოართვა ,,მაღაზიის გასხნის“ შემდგომ, ვინაიდან, აღნიშნული ფაქტი არ უკავშირდებოდა სადავო პერიოდს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ ყურადღებას გაამახვილა ნ. კ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მიცემულ განმარტებაზე, რომლის თანახმად, ჟ. გ-მა ,,მაღაზია გახსნა“ 2009 წელს. მისივე განმარტებით, პალატამ გამოარკვია, რომ ჟ. გ-ი ...ის დასახლებაში ქირით გადასვლის შემდეგ სადავო ბინაში საცხოვრებლად არ დაბრუნებულა.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მასზე, რომ მემკვიდრეთა შვილების, კონკრეტულ შემთხვევაში, შ. გ-ის სადავო ბინაში ცხოვრებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ჟ. გ-ი ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო ქონებას. სასამართლომ მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტები (სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლება), წარმოადგენდა საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებას სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებდა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ჟ. გ-ი დედის გარდაცვალებიდან ექვს თვეში სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით არ დაუფლებია.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მიერ მითითებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ. კ-ეს დედის სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1421.2-ე, 1424-ე მუხლებზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმები სამკვიდროს მიღებას უკავშირებს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში მემკვიდრის მიერ სამკვიდროს დაუფლების სურვილს, რისი ერთ-ერთი გამოხატულებაცაა დანაშთი ქონების ფაქტობრივად მიღება და მართვა. იმის გათვალისწინებით, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება და დამოკიდებულია სამკვიდროს მიმღების ნება-სურვილზე, პალატამ მიიჩნია, რომ უნდა გამორკვეულიყო, აპელანტმა სამკვიდროს შეძენის დროს გამოხატა თუ არა ეს ნება და რა გზით მოხდა მისი განხორციელება.

ამ საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განიხლვისას ნ. კ-ის მიერ მიცემულ განმარტებაზე, რომლის თანახმად, იგი დედის გარდაცვალებამდეც და გარდაცვალების შემდეგაც ხშირად ჩადიოდა და სარგებლობდა ზემოაღნიშნული ქონებით. ვინაიდან, იგი არის ავად სადავო ბინაში ცხოვრების პერიოდი განისაზღვრებოდა ერთი თვით, ერთი კვირით რამდენი ხანიც სჭირდებოდა. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ნ. კ-ემ განმარტა, რომ დედის გარდაცვალების შეტყობისთანავე იგი ჩავიდა და 2 კვირით დარჩა სადავო ბინაში. 2007 წლიდან კი, როდესაც მისი შვილი გახდა სტუდენტი, შვილთან ერთად ცხოვრობდა აღნიშნულ ბინაში, ჰქონდა თავისი ოთახი და ბინის გასაღები (იხ. 21.06.11წ. სხდომის ოქმი).

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განიხლვისას მოპასუხის მიერ მითითებულ იმ გარემოებაზე, რომ ნ. კ-ე იყო ავად და ხშირად ჩადიოდა სადავო ბინაში; ნ. კ-ეს ჰქონდა ასევე ბინის გასაღებიც. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ზ. გ-ას მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით დასტურდებოდა, რომ ნ. კ-ე მასთან რჩებოდა 4-5 დღით, ხოლო შვილთან ერთად სწავლის პერიოდში იქ ცხოვრობდა. სწავლის პერიოდში ასევე ცხოვრობდა ლ. კ-ე, ხოლო გ. კ-ე და შ. გ-ი პერიოდულად რჩებოდნენ მასთან.

აღნიშნულ მისამართზე ნ. კ-ის ცხოვრების (ხშირად ყოფნის) ფაქტი სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ასევე მოწმის სახით დაკითხული პირის, ა. მებონიას ჩვენებით, რომლის თანახმად, ავადმყოფობის გამო ნ. კ-ე სადავო ბინაში ხშირად ჩადიოდა და თვეობით რჩებოდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.1-ე მუხლზე და ზემოთ მითითებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია, რომ ნ. კ-ე დედის გარდაცვალებამდეც და დედის გარდაცვლების შემდგომაც, ფლობდა სადავო უძრავ ქონებას რაც ცხადყოფდა, რომ ნ. კ-ემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო დედის სამკვიდრო ქონება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1306-ე, 1469-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე და 1433-ე მუხლებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ზ. გ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა, და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით უნდა მიღებულიყო ახალი გადაწყვეტილება ჟ. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ჟ. გ-მა და ზ. გ-ამ.

ჟ. გ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასაკმარისი დასაბუთების ფარგლებში უგულებელყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში, რაც უკავშირდებოდა ზ. გ-ას მიერ დადასტურებას იმ ფაქტისა, რომ მოსარჩელეები დედის გარდაცვალების შემდეგ თავისუფლად სარგებლობდნენ სადავოდ ქცეული საკუთრებით.

ზ. გ-ამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ნ. კ-ესთან მიმართებაში და აღნიშნულ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ნ. კ-ემ სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში ფაქტობრივი ფლობით მიიღო დედის დანატოვარი საცხოვრებელი ბინა, არ ემყარებოდა სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგებს, მათ ურთიერთშეჯერებებსა და ლოგიკურ ანალიზს და იგი მხოლოდ ნ. კ-ის განმარტებებიდან გამომდინარეობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ოქტომბრის განჩინებებით ჟ. გ-ისა და ზ. გ-ას საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ. გ-ისა და ზ. გ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ჟ. გ-ისა და ზ. გ-ას საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (500 -500 ლარი) 70% _ 350-350 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჟ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ზ. გ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. კასატორ ჟ. გ-ს დაუბრუნდეს გ. დ.ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (500 ლარი) 70% _ 350 ლარი;

4. კასატორ ზ. გ-ას დაუბრუნდეს გ. დ.ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (500 ლარი) 70% _ 350 ლარი;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.