Facebook Twitter

საქმე # 330100119002949350

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №973აპ-21 ქ. თბილისი

გ-ი ი, 973აპ-21 31 მარტი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ი. გ-ს, - დაბადებულს .... წლის .. ნოემბერს, - ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2019 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე, თ-ში, კ-ას ქუჩის N..-ში მდებარე „ზ-ი“ ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, ი. გ-ა მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით სცადა ზ. კ-ს მოკვლა, კერძოდ, გულმკერდის მარცხენა ნახევრის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, შემავალი ნაკვეთი ჭრილობა

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 დეკემბრის განაჩენით:

2.1. ი. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 122-ე მუხლზე.

2.2. ი. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით და მიესაჯა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 20 აპრილიდან და ვინაიდან დანიშნული სასჯელი უკვე მოხდილი ჰქონდა, დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. გ-ა ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. 2019 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე, თ-ი, კ-ს ქუჩის N..-ში მდებარე „ზ-ი“ ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, ზ. კ-ა ი. გ. გაიყვანა გვერდზე და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაშიც დაეხმარა ორი პირი. მათ ი. გ. წააქციეს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ, რა დროსაც ბრალდებული ცდილობდა თავის დაცვას და აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, ზ. კ-ს გულმკერდის მარცხენა ნახევრის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განაჩენით:

4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

4.2. ი. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 122-ე მუხლზე.

4.3. ი. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით და მიესაჯა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის 1-ლი მუხლის საფუძველზე ი. გ-ი გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელის - 8 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია).

5. კასატორმა - თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა მედეა ცირამუამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ი. გ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია აშკარა, დამაჯერებელ და ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მსჯავრდებულ ი. გ-ს მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენას.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის მიერ ჩადენილი ქმედების მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირებისთვის შესაძლოა არსებითი მნიშვნელობა არ მიენიჭოს დამდგარ შედეგს, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩამდენი პირის განზრახვას, მის ქცევას - მიზანმიმართულ ქმედებას დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ და იმ ხელის შემშლელ გარემოებებს, რომელთა გამოც განზრახვა ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი. ასევე, ქმედების შეფასებისას გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, თუ რა პირობებშია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, ბრალდებული არის თუ არა მარტო ქმედების ჩადენისას, შემთხვევის ადგილზე არის თუ არა სხვა პირი, ვინც შესაძლოა, ბრალდებულს დახმარება აღმოუჩინოს და მიყენებული ჭრილობების რაოდენობა.

10. კასატორი - პროკურორი მედეა ცირამუა საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ განაჩენი არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული მოსაზრების დასადასტურებლად პროკურორი აპელირებს დაზარალებულ ზ. კ-ს ჩვენებასა და 2019 წლის 1 აპრილის ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმზე.

11. საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. პირი, რომელიც აუცილებელი მოგერიების ვითარებაში აღმოჩნდება, აღელვებულია, არაა გამორიცხული ძლიერი სულიერი აღელვებაც. ეს კი ხელს უშლის მას გაითვალისწინოს მისი მოქმედების თანმდევი შედეგი. სუბიექტური მხრივ, დანაშაულის მოტივს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ხოლო მიზანი უნდა იყოს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დაცვა ხელყოფისაგან, რაც მოცემულ შემთხვევაში არის გამოკვეთილი.

12. დაზარალებულმა ზ. კ-ა აჩვენა, რომ მუშაობს „ზ-ი“ ატრაქციონზე, ბატუტზე. 2019 წლის 24 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში. ამ დროს მასთან მივიდა კლიენტი და ბავშვი ბატუტზე ფეხსაცმლით შეიყვანა, რაც აკრძალულია. მან მოუწოდა მამაკაცს ბავშვისთვის ფეხსაცმელი გაეხადა. ცოტა ხანში შენიშნა, რომ მიუხედავად თანხმობისა, ბავშვს ფეხსაცმელი კვლავ ეცვა, რის გამოც ი. გ-ს კვლავ მოუწოდა, გაეხადა ფეხსაცმელი ან გაეყვანა ბავშვი ბატუტიდან. ამის გამო იგი გახდა აგრესიული და სიცოცხლის მოსპობით - შუბლის გახვრეტით დაემუქრა. შედეგად დაიწყეს ჩხუბი, რა დროსაც გ-ა მოუქნია ხელი, თავად კი ფეხით იგერიებდა. მამაკაცმა ამოიღო დანა და მოუქნია. ის თავის არიდებას ცდილობდა და ორჯერ დაიხია უკან, თუმცა შემდეგ ხემ და იქ მყოფმა პირებმა - გ. გ-ა და თ. ჯ-ა შეუშალეს ხელი და ვეღარ შეძლო თავის დაღწევა, რა დროსაც ი. გ-ა დანა მარცხენა ფერდში დაარტყა, გულის მხარეს. ხმაურზე მივიდნენ გ. გ, თ. ჯ. და დამთვალიერებლები, რომლებმაც ისინი გააშველეს, მაგრამ ამის შემდეგაც აგრძელებდა ი. მუქარას მისი მისამართით. ზ. კ-ის ჩვენებით, მის გარდა იქ მყოფ პირებს ი. გ-ის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.

13. ამდენად, დაზარალებულ ზ. კ-ს ჩვენებით, კონფლიქტი დაიწყო ი. გ-ა, გვერდით მან გაიყვანა ურთიერთობის გასარკვევად და პირველმაც სწორედ ი. გ-ა დაარტყა. მათ დაპირისპირებაში სხვა არავინ ჩარეულა და მოქნეული დანის არიდებაში ხელი გ. გ-ა და თ. ჯ-ა შეუშალეს.

14. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს აღნიშნული ჩვენების შეფასებასთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ზ. კ-ს ეს ჩვენება არადამაჯერებელია, რის გამოც იგი გაზიარებული ვერ იქნება. დაზარალებულის მონათხრობი არ დასტურდება და ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს - თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებსა და ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმს.

15. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებული ზ. კ. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას არ იყო გულწრფელი, როდესაც აცხადებდა, რომ კონფლიქტი მსჯავრდებულმა დაიწყო; ასევე სრულიად ალოგიკურია სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია კონფლიქტის ინიციატორთან დაკავშირებით, რადგან საქმეში არსებული მასალები სრულიად საწინააღმდეგოზე მეტყველებს - მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერზე ბრალდების მხარის პოზიციისაგან რადიკალურად განსხვავებულად ვითარდება მოვლენები, კერძოდ:

16. 2019 წლის 1 აპრილის ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ა. ჩ-ს მონაწილეობით დათვალიერდა ქალაქ თ-ის „ზ-ის“ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების სარეზერვო ჩანაწერი. 17:11:20 საათზე კადრში ჩანს მამაკაცი გასაბერ ბატუტზე როგორ სვამს ბავშვს. სწორედ ამ დროს ატრაქციონის მარცხენა კუთხიდან გამოდის ნაცრისფერ სპორტულ ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი, რომელსაც მარჯვენა კუთხიდან ჯერ პატარა ბიჭი, ხოლო შემდეგ კი მუქი ფერის ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი მიუახლოვდნენ. ა. ჩ-ს განმარტებით, კადრში არსებული ეს მომენტი არის სწორედ ის, როდესაც მან გაიგონა საუბარი სპორტულ ფორმაში ჩაცმულ მამაკაცსა და მასთან მიახლოებულ მუქი ფერის ქურთუკიან მამაკაცს შორის, რის შემდეგაც იწყება ფიზიკური შეხლა-შემოხლა სპორტულ ტანსაცმლიან მამაკაცსა და მუქი ფერის ქურთუკიან მამაკაცს შორის. ამ დროს კადრში ჩანს, რომ მუქი ფერის ქურთუკიან მამაკაცს ეხმარება კიდევ რამდენიმე მამაკაცი, რომლებიც ერთვებიან დაპირისპირებაში. ამ დროს მუქი ფერის ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი ანუ მოწმე ა. ჩ, მისივე განმარტებით, იდგა ისევ ბავშვთან - მომხდარი მოვლენების სიახლოვეს, გასაბერი ბატუტის მარცხენა კუთხესთან. კადრში ჩანს ნაცრისფერ სპორტულ ტანსაცმლიან მამაკაცს როგორ ურტყამენ მუქ ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცები და შედეგად როგორ ეცემა ძირს ნაცრისფერ ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი. მოწმე ა. ჩ-ს განმარტებით, კადრში ასახული მოვლენების განვითარების დროს თვითონ იდგა ბატუტთან და ხედავდა ამ ყველაფერს და ამავე დროს ესმოდა ასევე ურთიერთშეურაცხყოფის ხმებიც. ხედავდა ასევე ვარდისფერ ქურთუკში ჩაცმულ პატარა ბავშვს, რომელიც ჩანს ვიდეოფირის დათვალიერებისას კადრში და რომელიც მთელი ამ მოვლენების განვითარების პერიოდში იდგა გასაბერი ბატუტის ძირში და ტიროდა. ვიდეომასალის სასამართლო სხდომაზე გამოკვლევისას მოწმე ა. ჩ-მა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც იდგა კონფლიქტისას და დაადასტურა ის გარემოება, რომ კადრში ასახული პირი, რომელიც უყურებს შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს, არის თვითონ.

17. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა - ა. ჩ-მა, ლ. ო-მა და თ. ჯ-მა, კერძოდ:

18. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას მოწმე ა. ჩ-მა აჩვენა, რომ 2019 წლის 24 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში, ბავშვი წაიყვანა სასეირნოდ „ზ-ი“. იქ სეირნობისას იგი შეიყვანა გასაბერ ბატუტზე და ამ დროს შეესწრო გინებისა და ჩხუბის ფაქტს, კერძოდ, ი. გ-ს რამდენიმე ადამიანი სცემდა; იგი თავდამსხმელებს სთხოვდა, თავი დაენებებინათ, რადგან ბავშვებთან ერთად იყო, მაგრამ ისინი არ ჩერდებოდნენ და პასუხობდნენ - „ბავშვებთან ერთად რომ არ იყო, ვის რა უნდა მოჭამოო.“ მანვე აჩვენა, რომ გაიგონა ი. გ-ს სიტყვები, რომელმაც დაზარალებულს უთხრა, ტელეფონის ნომერი მიეცა, დაურეკავდა და ბავშვების გარეშე გაერკვიათ ურთიერთობა, რაზეც კ-მა უპასუხა, რომ ,,ნაშა“ კი არ იყო, ტელეფონს რომ სთხოვდა. მოწმე ჩ-ა აჩვენა ისიც, რომ მან დაინახა ძირს დავარდნილი ი. გ, რომელსაც აგინებდნენ დედას და ურტყამდნენ, ის კი თავის დაცვას ცდილობდა - ხელებსა და ფეხებს იქნევდა.

19. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას მოწმე ლ. ო-ა აჩვენა, რომ შემთხვევის დღეს მეუღლესა და შვილებთან ერთად იმყოფებოდა „ზ-ი“, ისინი შეჩერდნენ ატრაქციონებთან, გასაბერ ბატუტთან და ნავებთან. ამ დროს მისგან მარჯვენა მხარეს შემოესმა ხმაური. იყო ჩოჩქოლი. გაიხედა და დაინახა ორი დაპირისპირებული ადამიანი, რომლებთანაც მივიდა 3-4 პირი და დაიწყო ხელჩართული ჩხუბი. ერთ ადამიანს სცემდნენ დანარჩენები, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. ამ ადამიანებს ი. გ. მომწყვდეული ჰყავდათ შუაში და სცემდნენ. ძირს დაგდებული ი. გ. ცდილობდა მათგან თავის დაღწევას, თავდასხმას იგერიებდა ხელებით, მაგრამ ისინი წასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. შემდეგ სიტუაცია დამშვიდდა და თავადაც ოჯახთან ერთად წავიდა სახლში.

20. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას მოწმე თ. ჯ-მა აჩვენა, რომ მუშაობს „ზ-ი“ ატრაქციონებზე. 2019 წლის 24 თებერვალს, საღამოს საათებში, გაიგონა ხმაური. გაიხედა და დაახლოებით მისგან 15 მეტრის მოშორებით დაინახა, თუ როგორ სცემდა სამი ადამიანი ი. გ-ს, რომელიც წაიქცა და თავს იცავდა, კერძოდ, ხელებს იფარებდა თავში. ამავე დროს გ. ყვიროდა და სთხოვდა აღნიშნულ პირებს მოშორებოდნენ და თავი დაენებებინათ. ი. გ-მა რამდენჯერმე მოიქნია ხელი ჰაერში, რათა თავი გაეთავისუფლებინა თავდამსხმელებისგან. აღნიშნული პირებიდან ორი ვერ ამოიცნო, რადგან ზურგით იდგნენ და მათი სახე ვერ დაინახა, ხოლო მესამე იყო დაზარალებული ზ. კ. მოწმის განმარტებითვე, ი. თავდამსხმელებს ეუბნებოდა, რომ ბავშვებით იყო, რომლებიც ტიროდნენ და სთხოვდა თავი დაენებებინათ. მოწმემ განმარტა ისიც, რომ მას დაზარალებულისათვის ხელი არაფერში შეუშლია, მოვლენებს დაახლოებით 15 მეტრის დაშორებიდან უყურებდა და ვინაიდან ჰყავდა ვიზიტორი, დაზარალებულთანაც მოგვიანებით მივიდა. მომხდარის შემდეგ იგი გაესაუბრა დაზარალებულს, რომელმაც უთხრა, რომ თავად დაიწყო ჩხუბი.

21. მოწმე გ. გ-ს მიერ მიცემულ ჩვენებასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგს: სააპელაციო სასამართლომ არც შეაფასა და, შესაბამისად, ვერც გაიზიარა აღნიშნული მოწმის ჩვენება, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოიკვლიეს 2019 წლის 14 მაისის ამბულატორიული სასამართლო- ფსიქიატრიული ექსპერტიზის N,,, დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ გ. გ. დაავადებულია ორგანული პიროვნული აშლილობით FO7.0. თანმხლები: სტიმულატორების („ვინტი“) მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი. აღკვეთის მდგომარეობა (F 15.3). ტოქსიკური ენცეფალოპათია G 92 - (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია მე-10 გადასინჯვა) - მას გაძნელებული აქვს მეტყველება, ასევე სიტუაციის აღქმისა და გააზრების უნარი, მეხსიერება - რეპროდუქციის და რეტენციის დაქვეითება, გამღიზიანებლობა, ემოციურობა, ინტელექტუალურ - მნესტიური ფუნქციების დაქვეითება, ფორმალური კრიტიკა. აღნიშნული დიაგნოზი წარმოადგენს ფსიქიკურ ნაკლს, რის გამოც გ. გ-ს, თავისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ აქვს უნარი, სწორად აღიქვას, დაიხსომოს და აღიდგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები და მისცეს სწორი ჩვენება, რაც სრულად დაადასტურეს დაკითხულმა ექსპერტებმა: ნ. დ-მა და ა. ბ-მა.

22. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს შემდეგს: სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ი. გ-ს განზრახ მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია. ასეთის არსებობის შემთხვევაში, მას ხელს არაფერი უშლიდა. მისი ქმედება არ იყო მიმართული დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, იგი თავს იცავდა და ზ. კ-ის დაზიანების - მხოლოდ ერთი დარტყმის მიყენების შემდეგ, ხელში აიყვანა შვილი და შემთხვევის ადგილი დატოვა მიუხედავად იმისა, რომ განმეორებითი დარტყმების საშუალება ჰქონდა და რაიმე ხელის შემშლელი გარემოება არ არსებობდა. კონფლიქტისას დაზარალებული იდგა ფეხზე და ის ვარაუდი, რომ მსჯავრდებულს მკვლელობის განზრახვა ბოლომდე მიყვანილად ჩაეთვალა, გამორიცხულია - ზ. კ. თავის ფეხით მივიდა და დაჯდა სკამზე. ამასთან, მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის დაპირისპირება მოხდა დღისით, ხალხმრავალ ადგილას.

23. საკასაციო სასამართლო სახელმწიფო ბრალმდებლის ვერც იმ არგუმენტს გაიზიარებს, რომლის თანახმად, თითქოს, ი. გ. თავად იყო თავდამსხმელი, ვის მოგერიებასაც ცდილობდა დაზარალებული და არა - პირიქით. პალატას მიაჩნია, რომ ი. გ-ა ჩაიდინა ზ. კ-ს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით - სამი ადამიანის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის დროს მსჯავრდებული იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში - ხელყოფა იყო მართლსაწინააღმდეგო, რეალური და იმწუთიერი, მაგრამ მის მიერ კონფლიქტში მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებითა და დაზარალებულისათვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენებით, რისი აუცილებლობაც, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ იყო, მოხდა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება. პირმა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს შეიძლება გადააცილოს შიშით, დაბნეულობით ან სხვა ექსტრემალური სიტუაციის გამო, რაც განსახილველ შემთხვევაში არის გამოკვეთილი - ი. გ-ს ფიზიკურად უსწორდებიან მცირეწლოვანი გოგონას თანდასწრებით, რომელიც ტირის და მამამისს არ ეძლევა საშუალება, მივიდეს მასთან, დაამშვიდოს და შემთხვევის ადგილს განარიდოს. საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ურთიერთთავსებადია და ისინი ერთობლივად ქმნიან დამაჯერებლობის ისეთ ხარისხს, რაც გამორიცხავს მათ მიმართ გონივრული ეჭვის საფუძველს გარეშე ობიექტური დამკვირვებლისათვის.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს ი. გ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება მართებულად მიაჩნია. სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და, შესაბამისად, გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

25. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

26. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

27. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

28. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი