ას-1267-1287-2011 27 ოქტომბერი, 2011 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია სულხანიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს “მ-ა”
წარმომადგენელი - ნ. ლ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ი-ა”
წარმომადგენელი – ა. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივნისის განჩინება
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “ი-ამ” თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შპს “მ-ის” წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა თბილისში, წ-ის ქ. ¹133-ში მდებარე შენობაში არსებული მოპასუხის კუთვნილი კიბისა და მისი მოედნის (ბაქნის) მოშლა, ასევე ამავე შენობის პირველი სართულის ორი ფანჯრისა და კარის ღიობის ამოშენება.
მოსარჩელის მითითებით, შპს “ი-ას” ეკუთვნის ქ. თბილისში, წ-ის ქ. ¹133-ში მდებარე მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს შპს “მ-ისა” და ზ. გ-ის კუთვინილი შენობა-ნაგებობა. ზ. გ-ის სარდაფის კედელზე გამოჭრილია ფანჯრები, ხოლო შპს “მ-ის” მიერ დაკავებული შენობის პირველ სართულზე გამოჭრილია ფანჯრები და კარი. იმავე კართან მიშენებულია კიბე, რომელიც ეშვება შპს “ი-ას” კუთვნილ მიწის ნაკვეთზე. ღიობის ამოჭრა და კიბის მიშენება მოსარჩელის უფლებებს არღვევს, რადგანაც ქ. თბილისის მერიის არქიტექტორის 1998 წლის 21 ოქტომბრის ¹631 ბრძანებით შეთანხმებულ იქნა ქ. თბილისში, , წ-ის ქ. ¹133-ში მდებარე ეზოში არსებული ბაზრის ტერიტორიაზე სასაწყობო სათავსოს გაფართოების პროექტი. აღნიშნულის საფუძველზე ქ. თბილისის არქიტექტორულ-სამშენებლო ინსპექციის მიერ შპს “ი-ის” სახელზე 2001 წლის 13 ივლისს გაიცა მშენებლობის დაწყების ნებართვა. აღნიშნული მშენებლობა ვერ ხორციელდება, რადგანაც იმ ადგილას, სადაც სათავსო უნდა აშენდეს, მოპასუხის კიბე მდებარეობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,ი-ას” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს ,,მ-ას” დაევალა ქ. თბილისში, მ. წ-ის ქ. ¹133-ში მდებარე ნაგებობის მის საკუთრებაში არსებულ პირველი სართულიდან გამომავალი კიბისა და მისი მოედნის (ბაქნის) მოშლა, შპს ,,ი-ას” სარჩელი ქ.თბილისში, მ.წ-ის ქ. ¹133-ში მდებარე ნაგებობის შპს ,,მ-ას” საკუთრებაში არსებული პირველი სართულის ორი ფანჯრისა და კარის ღიობის ამოშენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება შპს “მ-ამ” სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. თბილისში, წ-ის ქ. ¹133-ში მდებარე 9697 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან შპს “ი-ას” საკუთრებაა 815 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 1326 კვ.მ;
2. დიდუბის რაიონის გამგეობის 1996 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს “ი-ას” მის მფლობელობაში არსებულ ნაკვეთზე სასაწყობო სათავსების გაფართოების ნებართვა მიეცა. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1998 წლის 21 ოქტომბრის ¹631 ბრძანებით შეთანხმებულ იქნა თბილისში, წ-ის ქ. ¹133-ის ეზოში არსებული ბაზრის ტერიტორიაზე სასაწყობო სათავსის გაფართოების პროექტი (მოშენების ფართი – 60 კვ.მ). 2001 წლის 13 ივლისს კი, ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციამ მშენებლობის დაწყების ნებართვა გასცა;
3. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2005 წლის 25 ოქტომბრის ¹69 ბრძანებით შპს ,,მ-ასა” და ზ. გ-ეს თბილისის მთავარი არქიტექტორის 1998 წლის 21 ოქტომბრის ¹631 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობაზე უარი ეთქვათ. აღნიშნული ბრძანება უცვლელად დარჩა ქალაქ თბილისის მერიის 2006 წლის 26 ივნისის ¹110 განკარგულებით. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2005 წლის 25 ოქტომბრის ¹69 ბრძანებისა და ქალაქ თბილისის მერიის 2006 წლის 26 ივნისის ¹110 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელი არ დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის განჩინებით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 2 მარტის განჩინებით შპს ,,მ-ის” საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად;
4. შპს “მ-ის” საკუთრებას წარმოადგენს თბილისში, წ-ის ქ. ¹133-ში მდებარე ორსართულიანი შენობის I სართულზე განთავსებული 333 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. შენობას წინა მხრიდან ორი შესასვლელი აქვს, რომელთაგან ერთი შპს ,,მ-ას” ეკუთვნის, ხოლო მეორე – შპს ,,ქ-ას”. სადავო კიბე და ფანჯრის ღიობები შპს “ი-ის” მიწის ნაკვეთს ესაზღვრება. სადავო კიბე დღეის მდგომარეობით არ არსებობს, არის მხოლოდ კიბის უჯრედის მოედანი რკინის ფურცლებით, რომელზეც გასასვლელია ორფრთიანი კარის ღიობით. Dშპს ,,მ-ის” საკუთრებაში არსებული ფართიდან კიბე ეშვება შპს ,,ი-ის” კუთვნილ მიწის ნაკვეთზე;
5. შპს ,,მ-ამ” მის საკუთრებაში არსებული ფართის პრივატიზება 1997 წლის 12 ნოემბრის ტექნიკური პასპორტისა და შესაბამისი ნახაზების საფუძველზე განახორციელა, რომლებშიც სადავო კიბე და ღიობები მითითებული არ არის.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე და 115-ე მუხლებიდან გამომდინარე, შპს “ი-ას” მოთხოვნა საფუძვლიანი იყო. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მართებულად გაიზიარა და მიუთითა, რომ ამ შემთხვევაში მოქმედებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების კანონიერების, ჭეშმარიტებისა და უტყუარობის პრეზუმფცია, რომელიც გამორიცხავს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტების საეჭვოობას და, აქედან გამომდინარე, ხელახლა დამტკიცების საჭიროებასაც.
აღნიშნული განჩინება შპს “მ-ამ” საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. საკასაციო საჩივარი შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ წანამძღვრებს ემყარება:
1. საჯარო რეესტრის ამონაწერით, შპს “ი-ას” ეკუთვნის 815 კვ.მ დაუზუსტებელი ფართი. აქედან 645 კვ.მ-ზე შენობა-ნაგებობაა განთავსებული, ხოლო 170 კვ.მ არის მიწის ნაკვეთის 1/14 წილი, რომელიც 14 პირის თანასაკუთრებაა და არ გამიჯნულა, შესაბამისად, დაუდგენელია კონკრეტულად რომელი მიწის ნაკვეთი ეკუთვნის მოსარჩელეს;
2. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადვო კიბე უკანონო მიშენება იყო, რომელიც პრივატიზების დროს არ არსებობდა. აღნიშნული სინამდვილეს არ შეეფერება. მოპასუხემ სასმართლოს წარუდგინა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გაცემული უძრავი ქონების ტექნიკური პასპროტი, სადაც ლიტერ “ვ-ზე” აღნიშნულია კიბე. 1995 წელს შედგენილ შენობის ნახაზზე ლიტერ “ვ-ზე” ასევეა კიბე აღნიშნული. სასამართლომ კი, აღნიშნული მტკიცებულებები არ გაითვალისწინა;
3. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო არასწორად დაეყრდნო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილებას პრეიუდიციული ძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ იმავე მხარეების მიმართაა გამოტანილი. მოცემულ შემთხვევაში კი, ადმინისტრაციულ საქმეზე მოპასუხეები ქ. თბილისის მერია და ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახური იყვნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებები სამოქალაქო საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა დაედგინა;
4. შპს “მ-ა” კეთილსინდისიერი შემძენია და მოსარჩელეს თუ რაიმე პრეტენზია გააჩნდა კიბესთან დაკავშირებით, იგი თავდაპირველი მესაკუთრისათვის - ქონების მართვის სამინისტროსათვის უნდა წაეყენებინა;
5. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “მ-ა” უფლებას ბოროტად იყენებს, რადგანაც მის კუთვნილ შენობას რამდენიმე კიბე გააჩნია, ხოლო ერთ-ერთი, რომლითაც არ სარგებლობს, შპს “ი-ას” მშენებლობის განხორციელებაში ხელს უშლის. აღნიშნული სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგანაც შპს “მ-ის” კუთვნილ შენობას მხოლოდ ერთი კიბე აქვს, რომელიც ეზოსთან აკავშირებს და რომელიც აუცილებელია შენობის დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. შენობის ცენტრალური შესასვლელიდან ტვირთის შეტანა შეუძლებელია;
6. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მშენებლობის განხორციელების ვადა ამოწურული იყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინებით შპს “მ-ის” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “მ-ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას შპს “მ-ას” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს “მ-ის” (საიდენტიფიკაციო ...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.