Facebook Twitter

ას-1274-1294-11 17 ოქტომბერი, 2011წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე -Mბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ი. ა-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე _ ი. ა-ის სარჩელის გამო, მოპასუხე რ. ბ-ის მიმართ, ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების შესახებ.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ი. ა-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 335 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელ ო. ს-ს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2011 წლის 3 ოქტომბერს (ტ.III, ს.ფ. 126).

2011 წლის 10 ოქტომბერს ო. ს-მა განცხადებით მომართა სასამართლოს და იშუამდგომლა საპროცესო ვადის 7 (შვიდი) დღით გაგრძელების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ კასატორი საზღვარგარეთ გადის მკურნალობას, რის გამოც არ შეუძლია ხარვეზის შევსება სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავის ინიციატივით. აღნიშნული ნორმა არაა იმპერატიული ხასიათის და არ მოიაზრებს საპროცესო ვადის გაგრძელებას ყოველი მოთხოვნისას. შესაბამისად, მხარის შუამდგომლობის უტყუარობის თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლოს უნდა შეექმნას მყარი შინაგანი რწმენა მის დასაკმაყოფილებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, უარს ეტყვის შუამდგომლობის ავტორს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლი შეიცავს მხარის ვალდებულებას შუამდგომლობა წარმოადგინოს დასაბუთებული სახით, შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული. მოცემულ შემთხვევაში, მხარე შუამდგომლობს რა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, მას შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის. მხოლოდ იმაზე მითითება, რომ კასატორი მკურნალობას გადის საავადმყოფოში, სასამართლოს არ მიაჩნია საკმარის საფუძვლად საპროცესო ვადის გაგრძელებისათვის. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. ა-ის წარმომადგენელ ო. ს-ის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ი. ა-მა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, რის გამოც მისი საკასაციო საჩივრი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.