ას-1290-1310-2011 10 ოქტომბერი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ბ.დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ძ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ძ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ლ. ს-ის, ბ.დ-ისა და დ. პ-ის მიმართ სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენის თობაზე შემდეგი დასაბუთებით: 2009 წლის 10 ოქტომბერს მოსარჩელემ რწმუნებულების საფუძველზე მიმართა ნოტარიუს ნ. თ-ას, თავისი დედის – დ. პ-ის სახელით სამკვიდრო მოწმობის მიღების განცხადებით. მოსარჩელე გახლავთ აწ გარდაცვლილი ე.ი დ-ის მემკვიდრე, დედა დ. პ-ესთან, ძმა ბ.დ-თან და და ლ. ს-თან ერთად. მამკვიდრებლის სიცოცხლეში იყო ზეპირი შეთანხმება მშობლებსა და შვილებს შორის, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ქონება მთლიანად გადაეცემოდა დედას, ხოლო მისი გარდაცვალების შემდგომ თითოეული მიიღებდა წილს თანაბრად, თუმცა მემკვიდრეებმა, ბ.დ-მა და ლ. ს-მა დაარღვიეს შეთანხმება და მამის გარდაცვალების შემდეგ, 2009 წლის 25 დეკემბერს, განცხადებით მიმართეს ნოტარიუს ნ.თ-ას სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით. ამის შეტყობის შემდგომ იგივე გააკეთა მოსარჩელემაც, თუმცა ნოტარიუსის საპატიო მიზეზით არყოფნის, სადღესასწაულო და უქმე დღეების დამთხვევისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ნოტარიუსისთვის მიმართვა განხორციელდა მხოლოდ 2010 წლის 15 თებერვალს. ნოტარიუსმა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარი განუცხადა, რადგან გაშვებული იყო სამკვიდრო მოწმობის მიღების კანონით დადგენილი ვადა. ამასთანავე მოსარჩელემ ვერ შესძლო ნოტარიუსისათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენა, რომლითაც დგინდებოდა მის მიერ სამკვიდრო ქონების ფლობის ფაქტი.
მოპასუხეებმა ბ.დ-მა და ლ. ს-მა სარჩელი არ ცნეს შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში მიემართა ნოტარიუსისთვის სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით, როგორც მემკვიდრეს და არა, როგორც დედის წარმომადგენელს. ამასთანავე, მხარეები მამის სიცოცხლეში სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით არაფერზე შეთანხმებულან. მოსარჩელე სარჩელში მითითებულ სხვა ფაქტობრივ გარემოებებს ვერ ადასტურებს შესაბამისი მტკიცებულებებით.
მოპასუხე დ. პ-ემ სარჩელი ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. ძ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ლ. ძ-ე ცნობილ იქნა საჯარო რეესტრში ე. დ-ის სახელზე რეგისტრირებული – ქ.თბილისში, წ-ის ქ. ¹137-ში მდებარე უძრავი ქონების 1/4 წილის მესაკუთრედ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბ.დ-მა და ლ. ს-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბ.დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.
აღნიშნულ დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე 2011 წლის პირველ აპრილს საჩივარი წარადგინა ბ.დ-მა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აპრილის განჩინებით ბ.დ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება შემდეგი დასაბუთებით: პალატამ დადგენილად ცნო, რომ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 26 იანვარს, 16:00 საათზე, დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი ბ.დ-ი, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამ უკანასკნელის გასაჩივრების უფლებით, მისი გაუქმების მოთხოვნითა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნის უფლებით აღჭურვილია მხარე, თუკი იგი შეძლებს დაამტკიცოს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის გათვალისწინებით განმარტა, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, მხარეს, რომლის მიმართაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსთვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს. ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლზე დაყრდნობით, განმარტა, რომ მაშინ, როდესაც პირი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზად უთითებს ავადმყოფობას, აუცილებელია ეს დადასტურებულ იქნას სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზე. არსებულ შემთხვევაში კი, ბ. დ-ის მიერ წარდგენილი სამედიცინო ცნობები ადასტურებს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ იგი არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი, შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ პროცესზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რის გამოც ბ.დ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საპელაციო სასამართლოს 2011 წლის 29 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ.დ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: თბილისის საპელაციო სასამართლოს 2011 წლის 29 აპრილის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა 2011 წლის 6 ივლისს. აღნიშნული განჩინება მას არ ჩაჰბარებია კანონით დადგენილი წესით, რაც გულისხომბს იმას, რომ განჩინება სასამართლოს თავად უნდა გაეგზავნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ.დ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.
განსახილველ შემთხვევაში ბ.დ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 29 აპრილის განჩინება 2011 წლის 26 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. საკასაციო პალატის 2011 წლის 21 სექტემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ბ. დ-ის კერძო საჩივარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების გასაჩივრებისათვის აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეს საპროცესო კანონმდებლობა უფლებას ანიჭებს კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივროს მხოლოდ ის განჩინებები, რომელთა მიმართაც კანონმდებელი ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად საჩივრდება სააპელაციო წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ.დ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 29 აპრილის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ.დ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.