ას-1292-1312-2011 27 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ რ. ა-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამკვიდრო ქონების მიკუთვნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. და ნრ. ა-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ნ. ა-ის წინააღმდეგ და მოითხოვეს 2008 წლის 21 ივნისს გარდაცვლილი მ. ა-ის სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე: მცხეთის რაიონში, სოფელ ...ში, საცხოვრებელი სახლის _ თითოეულის 1/3 წილზე მესაკუთრედ ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. ა-ის სარჩელი ნ. ა-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; 2009 წლის 20 ივნისს მ. ა-ის სამკვიდრო ქონებაზე ნ. ა-ის სასარგებლოდ გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში შევიდა ცვლილება იმგვარად, რომ რ. ა-ის წილი სამკვიდროში განისაზღვრა 1/3-ით. რ. ა-ი ცნობილ იქნა მცხეთის რაიონში, ...ის ზონაში მდებარე უძრავის ქონების (საკადასტრო კოდი ¹...) 1/3 წილის მესაკუთრედ. ნრ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
რ. ა-მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მცხეთის რაიონი, სოფ. ...ში, საცხოვრებელი სახლის 1/2 წილზე მესაკუთრედ ცნობა.
ნ. ა-მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; რ. ა-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება, რ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, 2009 წლის 20 ივნისს მ. ა-ის სამკვიდრო ქონებაზე ნ. ა-ის სასარგებლოდ გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში შევიდა ცვლილება და რ. ა-ის წილი სამკვიდრო ქონებაში, მდებარე მცხეთის რაიონში, ...ის ზონაში (საკადასტრო კოდი ¹...) განისაზღვრა 1/2-ით, რ. ა-ი ცნობილ იქნა მცხეთის რაიონში, ...ის ზონაში მდებარე უძრავის ქონების (საკადასტრო კოდი ¹...) 1/2 წილის მესაკუთრედ.
სააპელაციო პალატის განმარტებით, აპელანტი სადავოდ ხდიდა იმ გარემოებას, რომ გასაყოფი ქონება არ იყო მამკვიდრებლის მიერ აშენებული და უთითებდა, რომ მისი მშენებლობა აწარმოა ნ. ა-მა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სარჩელს აფუძნებდა შემდეგ ფაქტებზე: მოსარჩელე 2008 წლის 18 დეკემბერს გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებისგან და იმავე დღეს საცხოვრებლად ჩავიდა მცხეთის რ/სოფ. ...ში, სადაც თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს დღემდე; მამის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელე და მოპასუხე დაეუფლნენ სამკვიდრო ქონებას, ...ში მდებარე საცხოვრებელ სახლს, ფაქტობრივი ფლობით; მოსარჩელეს გაშვებულიც რომ ჰქონდეს სამკვიდროს მიღების კანონისმიერი ვადა, მას ექნებოდა ვადის გაშვების საპატიო მიზეზი, რადგან მოსარჩელე იხდიდა სასჯელს და განთავისუფლდა კანონით დადგენილი ვადის გასვლამდე რამდენიმე ხნით ადრე.
პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი შესაგებელი ეფუძნებოდა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე არ დაუფლებია სადავო სახლს 2008 წლის 18 დეკემბერს და მას გაშვებული აქვს სამკვიდროს მიღების 6-თვიანი ვადა.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, შესაგებელი არ შეიცავდა მოპასუხის მითითებას იმ ფაქტზე, რომ სადავო სახლი არ წარმოადგენდა სამკვიდროს, რადგან აშენებული იყო მოპასუხის მიერ. შესაბამისად, ამ კუთხით არც მტკიცებაა განხორციელებული. სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთ არგუმენტს კი ზემოაღნიშნული წარმოადგენდა.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.4-ე ნაწილის შესაბამისად, მხარე შეზღუდულია, განახორციელოს ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება, რაც არ ყოფილა ასახული შესაგებელში და რაც არ გამხდარა პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას სასამართლოს კვლევის საგანი ფაქტის მიუთითებლობის გამო. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვერ იმსჯელებდა აპელანტის მიერ წარმოდგენილ ზემოაღნიშნულ ფაქტზე. რაც შეეხება იმას, რომ სასამართლო ვალდებულია თავად განსაზღვროს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები, პალატამ მიუთითა, რომ სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, განსხვავებით, მათ მიერ მითითებული სამართლებრივი შეფასებებისგან. შესაბამისად, საქალაქო სასამართლო ვერ გამოიკვლევდა ისეთ ფაქტობრივ გარემოებას, რასაც მოპასუხე არ უთითებდა თავის პასუხში. ამდენად, აპელანტის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია.
აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა სამკვიდროს მიღების 6-თვიანი ვადა, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე სამკვიდრო ქონების კანონით განსაზღვრულ ვადაში ფაქტობრივი დაუფლების დადასტურებას შეეცადა მოწმეთა ჩვენებებით. პალატამ შეაფასა საქმეზე როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის შუამდგომლობით მოწვეული მოწმეების ჩვენებები იმ საკითხთან მიმართებაში, თუ როდის დაეუფლა მოსარჩელე სამკვიდრო ქონებას. სასამართლოს აზრით, აღსანიშნავია, რომ დასახელებულ მოწმეთა ჩვენებათაგან ზოგიერთი მათგანი არ არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენისათვის ამომწურავი ხასიათის, თუმცა მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური გადანაწილების პრინციპის გათვალისწინებით, პალატამ ჩათვალა, რომ იმ გარემოების დამტკიცება, რომ რ. ა-ს პატიმრობის შემდეგ გააჩნდა სხვა საცხოვრებელი ადგილი, სწორედ ნ. ა-ს ეკისრებოდა, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა. იმ პირობებში, როდესაც მხარის ალტერნატიული საცოვრებლის არსებობა დადასტურებული არ არის, პალატამ ალბათობის მაღალი ხარისხით დადასტურებულად მიიჩნია, რომ საპყრობილიდან გამოსვლის შემდეგ რ. ა-ი სწორედ მამისეულ სახლში გააგრძელებდა ცხოვრებას; საამისოდ არსებობს გაუბათილებელი პრეზუმფცია ზემოთ დასახელებული ფაქტისა. ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარე დაეუფლა მამის სამკვიდრო ქონებას კანონით დადგენილ ვადაში _ 2008 წლის 22 დეკემბრამდე (2008 წლის 21 დეკემბერს იწურებოდა სამკვიდრპს მიღების ვადა). იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სასამართლო გაიზიარებდა აპელანტ ნ. ა-ის პოზიციას მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღების ვადის გაშვებასთან დაკავშირებით, პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელეს გააჩნდა აღნიშნულის საპატიო მიზეზი, კერძოდ, ის გარემოება, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 5 თვესა და 27 დღეს მოსარჩელე იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (2008 წლის 21 ივნისიდან 2008 წლის 18 დეკემბრამდე პერიოდი). მოსარჩელის თავისუფლების აღკვეთის ადგილას ყოფნა უკავშირდება დროის განსაზღვრულ მონაკვეთს, რაც, მართალია, სრულად არ ფარავს სამკვიდროს მისაღებად კანონით გათვალისწინებულ 6-თვიან პერიოდს, მაგრამ უტოვებს მხოლოდ მცირეოდენ დროს მის მისაღებად, კერძოდ, 3 დღეს _ 18-დან 21 დეკემბრამდე. შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელე იყო სამკვიდროს მიღების ნების გამოხატვის შესაძლებლობას მოკლებული რამდენიმე ობიექტური საფუძვლით: უპირველესად, იქედან გამომდინარე, რომ იმყოფებოდა საპყრობილეში, და მეორეც: მოსარჩელეს არ გააჩნდა სადავო სახლის დაუფლების რეალური შესაძლებლობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ ყურადღება გაამახვილა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე თავად ნ. ა-ის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომლითაც მან დაადასტურა, რომ რ. ა-მა 2009 წლის თებერვლის ბოლოს შეამტვრია სადავო სახლის კარები და იქ დასახლდა, რაც გამორიცხავდა რ. ა-ის მიერ სამკვიდროს მიღების ნების გამოვლენის შესაძლებლობას. შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ მას გააჩნდა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაშვების საპატიო მიზეზი. აღნიშნული სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად დააფუძნა სამოქალაქო კოდექსის 1424-ე, 1421-ე და 1426-ე მუხლებზე
რ. ა-ის სააპელაციო პრეტენზია სამკვიდრო ქონების წილთა გადანაწილებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად ჩათვალა, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ნრ. ა-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხოლო მემკვიდრეობის ქონებრივი უფლებით სარგებლობენ მამკვიდრებლის შვილები _ რ. და ნ. ა-ები, შესაბამისად, სამკვიდრო ქონება მათ შორის თანაბრად უნდა გადანაწილებულიყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლი, რაც გამოიხატა მასში, რომ რ. ა-ი ცნო სადავო ქონების 1/2 წილის მესაკუთრედ ისე, რომ მას არ მოუთხოვია პირველი ინსტანციის სასამართლოში. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ამავე კოდექსის 105-ე მუხლი, არ გამოიკვლია მტკიცებულებები ობიექტურად და სრულყოფილად და იმსჯელა გაშვებული ვადის აღდგენაზე, რაც არ ყოფილა დავის საგანი. აღნიშნულით კი, დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილი, სადაც პირდაპირაა განმარტებული, რომ სამკვიდროს ფლობა და მართვა უდავოდ უნდა მოწმობდეს სამკვიდროს მიღების ფაქტს, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ ყოფილა. კასატორის აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლი და არ დაადგინა შედიოდა, თუ არა სამკვიდრო მასაში სადავო სახლი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მ. ჩ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.