ას-1301-1321-2011 13 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ნ. მ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ყ.- თ-ი».(მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ დავალიანების განაწილვადება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ყ. თ-ის» მიმართ მოპასუხისათვის ბუნებრივი აირის გადასახადის 3 წელსა და 3 თვეზე გადანაწილების დავალების შესახებ, რაც ყოველთვიურად შეადგენს 35 ლარს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი, შესაბამისად, დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
2008 წლის 5 ნოემბრის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ნ. მ-ე დაინიშნა მისი შვილის _ მ. ბ-ის მეურვედ.
შპს ,,ყ. თ-ის» მიერ ამოწერილი ქვითრით, ასევე შეტყობინებით დასტურდება, რომ შპს ,,ყ. თ-ის» აბონენტად რეგისტრირებულია ბ-ე და მისი დავალიანება შპს ,,ყ. თ-ის» მიმართ შეადგენს 1408,35 ლარს.
ძველი თბილისის რაიონის გამგეობის მიერ გაცემული ცნობით, გამგეობამ დადგენილების საფუძველზე ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და ბუნებრივი აირის დავალიანების დასაფარად გამოუყო 500 აშშ დოლარი.
შპს ,,ყ. თ-ის» მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ მოსარჩელისათვის შეთავაზებულ იქნა დავალიანების თანხის გადანაწილება 5 თვეზე, რაზეც აბონენტმა უარი განაცხადა. 2010 წლის 14 დეკემბრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მოსარჩელეს შესთავაზა დავალიანების გადანაწილება 1 წელზე, რაც მოსარჩელემ კვლავ უარყო.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი ნ. მ-ე სააპელაციო საჩივარსა და სარჩელში მიუთითებს მხოლოდ მისი ოჯახის მძიმე ეკონომიკური და უკიდურესი შეჭირვების გამო შპს «ყ.- თ-ისათვის» 1408 ლარის დავალიანების გადახდის შეუძლებლობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოხსენებული არგუმენტი არ წარმოშობს მითითებული დავალიანების 3 წელიწადზე განაწილების შესახებ მოწინააღმდეგე მხარის დავალდებულების წინაპირობას. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე მუხლების დანაწესზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სარჩელის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო თუ სხვა კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. მ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ მისი ოჯახი მძიმე მატერიალურ მდგომარეობაშია და სადავო დავალიანების ერთდროულად გადახდას ვერ შეძლებს, რაც სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია საქმის ზეპირი განხილვის საფუძველზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.