Facebook Twitter

ას-1306-1326-2011 13 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ბ. შ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ჯ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ჯ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. შ-ას მიმართ ქ.თბილისში, დაბა წყნეთში, ... (ყოფილი ო-ის) ქუჩა ¹5-ის ,,გ’’ კორპუსში (ლიტერში) მდებარე ¹6 ბინის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ.თბილისში, დაბა წყნეთში, ... (ყოფილი ო-ის) ქუჩა ¹5-ის ,,გ’’ კორპუსში (ლიტერში) მდებარე ¹6 ბინა (საკადასტრო კოდი ¹ ...) გამოთხოვილ იქნა მოპასუხე ბ. შ-ას უკანონო მფლობელობიდან, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ. თბილისში, დაბა წყნეთში, ... (ყოფილი ო-ის) ქუჩა ¹5-ის ,,გ’’ კორპუსში (ლიტერში) მდებარე ¹6 ბინაზე (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებულია ზ. ჯ-ას საკუთრების უფლება რ. და ზ. ჯ-ებს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე.

1991 წლის 18 ოქტომბრის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების თანახმად, ამავე დღის მიღება-ჩაბარების აქტით რ. ჯ-ას იჯარით სარგებლობაში გადაეცა სადავო ¹6 ბინა მასში არსებული ინვენტარით. 1995 წელს რ. ჯ-ას სახელზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი ¹268 მოწმობა.

მოპასუხე ბ. შ-ა ფლობს მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულ ბინას.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარეთა პოზიციების გამოვლენის შედეგად პალატამ უდავოდ მიიჩნია, რომ იძულებით გადაადგილებული პირის _ დევნილის მოწმობაში ბ. შ-ას დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებული მისამართი _ წყნეთი, ... ქ. 5, დ/ს. კორპუსი 4 და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინის მისამართი _ წყნეთი, ... ქ.5, კორპუსი (ლიტერ) ,,გ’’ იდენტურია.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ცნობით დასტურდება, რომ წყნეთში, ... ქ.¹5-ში არსებული ფინანსთა სამინისტროს დასასვენებელი სახლის ¹1,2,3,4 კორპუსები და დასასვენებელი სახლი _ კოტეჯი, წარმოადგენს დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტს. პალატამ ჩათვალა, რომ მოპასუხე ვერ ადასტურებს სადავო ბინაში ჩასახლების მართლზომიერ საფუძვლებს.

უპირველეს ყოვლისა, არ დასტურდება მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტი, რომ მოპასუხე სადავო ბინაში შესახლდა 1993 წელს. აღნიშნულის დასამტკიცებლად აპელანტი უთითებს 1993 წლის ხელწერილზე, რომელსაც თითქოსდა ხელს აწერს ფინანსთა სამინისტოს წყნეთის დასასვენებელი სახლების კომენდანტი _ მ. ხ-ი. აღსანიშნავია, რომ ხელწერილზე არსებული ხელმოწერა გაურკვეველია (აღნიშნული გარემოება სადავო გახდა მოსარჩელე მხარის მიერ), რის გამოც ვერ ხერხდება მასზე ნების გამომვლენი პირის იდენტიფიკაცია. გარდა ამისა, სასამართლოს მოსაზრებით, დადასტურებული არ არის, რომ მ. ხ-ი იყო სადავო ქონების რაიმენაირი ფორმით განკარგვაზე (მაგ. სარგებლობაში გადაცემა) უფლებამოსილი პირი. აპელანტის მიერ მითითებული გარემოების გასამყარებლად ასევე არ გამოდგება «ცნობა-დასტური”, რომელშიც მ. ხ-ი ადასტურებს, რომ 1993 წელს ... ¹5-ში მდებარე ფინანსთა სამინისტროს საჯარო მოხელეების, მათ შორის, მოსარჩელის მამის, რ. ჯ-ას, თანდასწრებით მოხდა აფხაზეთიდან დევნილი 19 ოჯახის ჩასახლება.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული დოკუმენტი ვერ იქნება განხილული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლით გათვალისწინებულ მტკიცებულებად. დასახლებული ნორმა განსაზღვრავს, თუ რომელ მტკიცებულებას შეიძლება მიენიჭოს მტკიცებულებითი ძალა და სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ასეთად მიიჩნევს ოფიციალური ორგანოების მიერ შედგენილ, სათანადო ფორმისა და შინაარსის მქონე აქტებს. აპელანტის მიერ მითითებული «ცნობა-დასტური” ასეთი სახის მტკიცებულებად, საქმიან საბუთად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან იგი ცალმხრივად, მხოლოდ მოპასუხის თანდასწრებითაა შედგენილი და მას უდასტურებს გარკვეულ ფაქტებს. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს ასევე ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე მხარეს არ უშუამდგომლია მ. ხ-ის მოწმედ დაკითხვის თაობაზე, რათა სასამართლოსა და მოსარჩელე მხარეს მისცემოდა შესაძლებლობა, საქმისათვის მნიშვნებლობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით მიეღოთ ობიექტური ინფორმაცია.

ამდენად, მოპასუხემ ვერ დაამტკიცა ფაქტი, რომ მოპასუხე სადავო ბინაში ჩასახლდა 1993 წელს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობითა და მოსარჩელის მამის _ რ. ჯ-ას თანდასწრებით, რისი დადასტურების ვალდებულებაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპის შესაბამისად, სწორედ მოპასუხეს გააჩნდა.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 172-ე, 170-ე მუხლებით და მიუთითა, რომ ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემობათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ანუ ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სადავო ნივთზე გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს _ მართლზომიერ მფლობელს.

სასამართლომ მიინია, რომ მოპასუხე ვერ ჩაითვლება მართლზომიერ მფლობელად ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზეც, ვინაიდან, ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დასახელებული კანონის მიზნებიდან გამომდინარე, დაცულია ნივთზე არა ყოველგვარი ბატონობით განხორციელებული მფლობელობა იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ, არამედ მხოლოდ მართლზომიერი მფლობელობა, რისი არსებობაც მოპასუხემ სასამართლოს ვერ დაუდასტურა კანონით დადგენილი წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ბ. შ-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებანი _ ფინანსთა სამინისტროს კომენდანტის ხელწერილი და ბ. შ-ასთან ერთად შესახლებულ პირთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებს, რომ მოპასუხე სადავო ფართში მართლზომიერად ცხოვრობდა.

პალატამ არ გაითვალისწინა არც ის გარემოება, რომ ბ. შ-ა 18 წელია ცხოვრობს და რეგისტრირებულია სადავო მისამართზე, შესაბამისად, სასამართლოს არ გამოურკვევია, როგორ დაარეგისტრირებდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ფართში უკანონოდ მცხოვრებ პირს.

სასამართლომ არასწორად განმარტა ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ’’ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი. გასაჩივრებული განჩინებით არ არის განმარტებული, თუ რომელი კანონი დაარღვია კასატორმა სადავო ფართში შესახლებისას. ამდენად, დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება, რომ კასატორმა ვერ დაადასტურა სადავო ფართში მისი მართლზომიერად ცხოვრების ფაქტი. ამასთან, პალატას უნდა გამოეყენებინა ზემოხსენებული კანონის 11 მუხლის «ვ» ქვეპუნქტი. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის დანაწესი, როდესაც კასატორის მიერ მითითებული დოკუმენტები სათანადოდ შედგენილ მტკიცებულებებად არ ჩათვალა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ბ. შ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ბ. შ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ბ. შ-ას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2011 წლის 29 ივლისს გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ. შ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ ბ. შ-ას (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.