Facebook Twitter

ბს-1423-998(კ-05) 18 იანვარი, 2006 წ.‚ ქ თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. სხირტლაძე,

ნ. ქადაგიძე

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 27 დეკემბერს რ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს მიმართ.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავდა, რომ 1993 წლიდან მუშაობდა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ........ პოლიციაში რიგით ინსპექტორად. აღნიშნული სამმართველოს უფროსის 1999წ. 8 ივნისის ¹42 პ/შ ბრძანებით მოსარჩელე უკანონოდ დაითხოვეს სამსახურიდან, რის გამოც მან პატაკით მიმართა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელმაც აღნიშნულ პატაკს დაადო ხსენებული ბრძანების გაუქმების შესახებ რ. ლ-ა და მოსარჩელე აღდგა სამუშაოზე, ამასთან, 2004 წლამდე იგი მუშაობდა უხელფასოდ, ხოლო შტატების შეკვეცის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის 2004წ. 10 ივლისის ¹379 ბრძანების საფუძველზე 2004წ. 12 ივლისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. 2004წ. 2 აგვისტოს მოსარჩელემ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა მოპასუხეს, თუმცა უშედეგოდ. მოსარჩელის განმარტებით, მისი ხელფასი შეადგენდა 90 ლარს.

მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე და 109-ე მუხლების თანახმად, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასისა და კომპენსაციის ანაზღაურება.

2005წ. 14 თებერვალს მოსარჩელემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით, რომლითაც დააზუსტა სარჩელი და აღნიშნა, რომ ითხოვდა მოპასუხეს დაკისრებოდა მისი სახელფასო დავალიანება 1999წ. 12 ივლისიდან 2004წ. 12 ივლისამდე, რაც შეადგენდა 5400 ლარს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 10 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს დაეკისრა რ. ა-თვის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის დავალიანების ანაზღაურება 5400 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 10 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს მის სასარგებლოდ დაეკისრა ბოლო 3 წლის ხელფასის _ 3240 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ა-ე 1993 წლიდან მუშაობდა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს ........ პოლიციის სამმართველოში რიგით ინსპექტორად. სამმართველოს უფროსის 1999წ. 8 ივნისის ¹42 პ/შ ბრძანების საფუძველზე იგი დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან «სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების 65-ე მუხლის «ე» პუნქტით, რის გამოც მან პატაკით მიმართა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა. აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს ...... პოლიციის სამმართველოს უფროსმა 1999წ. 12 ივლისის ¹52 პ/შ ბრძანებით გააუქმა 1999წ. 8 ივნისის ¹42 პ/შ ბრძანება რ. ა-ის სამუშაოდან დათხოვნის ნაწილში და რ. ა-ე სამსახურის გასავლელად მიავლინა შსს დაცვის პოლიციის სამმართველოში. შტატების შეკვეცის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004წ. 10 ივლისის ¹379 ბრძანების საფუძველზე რ. ა-ე 2004წ. 12 ივლისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის 2004წ. 29 ივლისის ¹75 ბრძანებით რ. ა-ეს 1999წ. 12 ივლისიდან 2004წ. 12 ივლისამდე დრო ჩაეთვალა ადრე დაკავებულ თანამდებობაზე ნამუშევრად.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. ა-ეს უნდა ანაზღაურებოდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ნაწილი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-130-ე მუხლების თანახმად, მოპასუხე ორგანიზაციას მისთვის უნდა აენაზღაურებინა ბოლო 3 წლის მიუღებელი ხელფასი _ 3240 ლარი.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 9 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ.

კასატორის განმარტებით, რ. ა-ე შინაგან საქმეთა ორგანოებში სამუშაოდ მიღებულ იქნა 1993წ. აგვისტოში, ხოლო იმავეწ. ნოემბრიდან 1999წ. ივნისამდე მუშაობდა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს ........ პოლიციის სამმართველოს ........ ზედამხედველობის ცალკეული ასეულის პირველი ოცეულის ინსპექტორად. ......... პოლიციის სამმართველოს უფროსის 1999წ. 8 ივნისის ¹42 პ/შ ბრძანებით რ. ა-ე დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან «შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების 65-ე მუხლის «ე» პუნქტით, დისციპლინის დარღვევისათვის. რ. ა-ემ პატაკით მიმართა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მინისტრს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან მისი დათხოვნის გარემოებათა შესწავლისა და ......... პოლიციის რიგებში მისი აღდგენის თაობაზე. ....... პოლიციის სამმართველოს უფროსმა გააუქმა 1999წ. 8 ივნისის ¹42 პ/შ ბრძანება შინაგან საქმეთა ორგანოებიდან რ. ა-ის დათხოვნის ნაწილში და 1999წ. 12 ივლისის ¹52 პ/შ ბრძანებით რ. ა-ე მივლინებულ იქნა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის სამმართველოში. მიუხედავად იმისა, რომ რ. ა-თვის ცნობილი იყო ...... პოლიციის სამმართველოდან დაცვის პოლიციის სამმართველოში მივლინების ფაქტი, იგი მივლინების ადგილზე არ გამოცხადდა და თვითნებურად გააგრძელა მუშაობა ....... პოლიციის სამმართველოში. აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის 2004წ. 29 ივლისის ბრძანებით გაუქმდა რ. ა-ის მიმართ კანონის დარღვევით გამოცემული ბრძანებები და, ვინაიდან სხვა გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო რ. ა-ე ჩაითვალა ადრე დაკავებულ თანამდებობაზე მომუშავედ.

კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 129-ე და 130-ე მუხლები. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერიც რომ ყოფილიყო, მან არასწორად დაიანგარიშა მოსარჩელისთვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა., კერძოდ, აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს უნდა დაკისრებოდა 2 წლის, 6 თვისა და 16 დღის ხელფასის ანაზღაურება, ვინაიდან რ. ა-ის ხელფასი შეადგენდა 90,05 ლარს, მისი განაცდური კი _ 2749,53 ლარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რადგანაც კასატორს არ წარმოუდგენია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, მისთვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

რ. ა-ე 1993 წლიდან მუშაობდა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს ...... პოლიციის სამმართველოში რიგით ინსპექტორად. აღნიშნული სამმართველოს უფროსის 1999წ. 8 ივნისის ¹42 ბრძანების საფუძველზე დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან «სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების 65-ე მუხლის «ე» პუნქტით, რის გამოც პატაკით მიმართა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა. აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის 1999წ. 12 ივლისის ¹52 პ/შ ბრძანებით გაუქმდა 1999წ. 8 ივნისის ¹42 პ/შ ბრძანება და რ. ა-ე სამსახურის გასავლელად მივლინებულ იქნა აჭარის ა/რ შსს დაცვის პოლიციის სამმართველოში, თუმცა იგი მუშაობას ძველ ადგილზე განაგრძობდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004წ. 10 ივლისის ¹379 ბრძანების საფუძველზე რ. ა-ე 2004წ. 12 ივლისიდან გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან. აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის 2004წ. 29 ივლისის ¹75 ბრძანებით რ. ა-ეს 1999წ. 12 ივლისიდან 2004წ. 12 ივლისამდე დრო ჩაეთვალა ადრე დაკავებულ თანამდებობაზე ნამუშევრად.

საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ იგი სადავოდ არ ხდის აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის 2004წ. 29 ივლისის ¹75 ბრძანების კანონიერებას და მიიჩნევს, რომ, ვინაიდან სხვა გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო, რ. ა-ე ჩაითვალა ადრე დაკავებულ თანამდებობაზე მომუშავედ 1999წ. 12 ივლისიდან 2004წ. 12 ივლისამდე. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რ. ა-ის უფლება, მიეღო ხელფასი, ადმინისტრაციულმა ორგანომ 2004წ. 29 ივლისს მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აღიარა, რითაც სკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რ. ა-ის მიმართ სახელფასო ვალდებულების შესრულება იკისრა.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ა-ეს არ გაუშვია სახელფასო დავალიანების მოთხოვნის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, მაგრამ საკასაციო სასამართლო, სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 409-ე მუხლის შესაბამისად, ვერ იმსჯელებს აღნიშნულ გარემოებაზე, რადგან რ. ა-ეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრის ფარგლებში და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 9 აგვისტოს გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.