ას-1308-1328-2011 31 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ე. შ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ს. კ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება; 2010 წლის 20 დეკემბრის საოქმო განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით ს. კ-ის და ე. შ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
2. ე. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ს. კ-ს ე. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5206.98 ლარის გადახდა;
3. ს. კ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ე. შ-ეს ს. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4200 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. შ-ემ და მოითხოვა:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ე. შ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხე ს. კ-ისათვის 17882,1 ლარის გადახდის დაკისრების მიზნით;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ს. კ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ე. შ-ეს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 843.756 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
2011 წლის 04 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა, წარმოადგინა 250 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება ან ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 15 დღით.
უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით ე. შ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების შესახებ არ დაკმაყოფილდა. კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით.
2011 წლის 17 ოქტომბერს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა, რომ მის მიერ გადახდილი 250 ლარი ჩაეთვალოს გადახდილად საკასაციო საჩივრის იმ ნაწილში, რომლითაც გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ს. კ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. ამასთან, კასატორი მოითხოვდა, რომ სასამართლოს გაეთვალისწინებინა მისი მძიმე ეკონომიური მდგომარეობა და წარმოებაში მიეღო საკასაციო საჩივარი.
უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით კასატორს 3 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა.
2011 წლის 27 ოქტომბერს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება იმ ნაწილში, რომლითაც გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება ს. კ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. შ-ის საკასაციო საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება ს. კ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული, ხოლო დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ე. შ-ის საკასაციო საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება ს. კ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ვინაიდან საკასაციო საჩივარი მითითებულ ნაწილში აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე და 397-ე მუხლების მოთხოვნებს.
რაც შეეხება საკასაციო საჩივრის მეორე მოთხოვნას (გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ე. შ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხე ს. კ-ისათვის 17882,1 ლარის გადახდის დაკისრების მიზნით), ამ მოთხოვნის ნაწილში ე. შ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, კერძოდ, არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნული კი, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია სამოქალქო საპროცესო კოდექსის 63-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 399-ე მუხლებით, 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. შ-ის საკასაციო საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება ე. შ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე განუხილველად იქნეს დატოვებული.
2. ე. შ-ის საკასაციო საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება ს. კ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე წარმოებაში იქნეს მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
3. მოწინააღმდეგე მხარეს გადაეგზავნოს საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები და განემარტოს, რომ მას უფლება აქვს ამ განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში წარმოადგინოს წერილობითი პასუხი საკასაციო საჩივარზე.
4. საკასაციო საჩივრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის საკითხს საკასაციო სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.