ას-1318-1338-2011 24 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ნ. წ-ი, გ. წ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს “... ბანკი”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ივლისის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – საკრედიტო დავალიანების დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით:
1. სს “... ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდა;
2. ნ.და გ. წ-ებს სს “... ბანკის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 21723,06 ლარის გადახდა, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაციის გზით;
3. თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა ვალდებულების დასაფარად, აღსრულება მიექცეოდა ნ. წ-ის სხვა ქონებაზე;
4. გადაწყვეტილება გადაეცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ეს გადაწყვეტილება გადაეცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ნ.და გ. წ-ებმა და მოითხოვეს მითითებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ივლისის განჩინებით ნ.და გ. წ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 ინავრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ნ.და გ. წ-ებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.და გ. წ-ების საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით:
1. სს “... ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდა;
2. ნ.და გ. წ-ებს სს “... ბანკის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 21723,06 ლარის გადახდა, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაციის გზით;
3. თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა ვალდებულების დასაფარად, აღსრულება მიექცეოდა ნ. წ-ის სხვა ქონებაზე;
4. გადაწყვეტილება გადაეცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
ზემოხსენებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ეს გადაწყვეტილება გადაეცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ნ.და გ. წ-ებმა. აპელანტებს სადავოდ არ გაუხდიათ თავად გადაწყვეტილების კანონიერება და მისი გაუქმება ან შეცვლა არ მოუთხოვიათ. სააპელაციო საჩივრით სადავო იყო მხოლოდ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის საკითხი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის საკითხი საჩივრდება ამ გადაწყვეტილებასთან ერთად. სხვა შემთხვევაში კი, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, მიუხედავად იმისა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა დადგინდა სასამართლოს გადაწყვეტილებით თუ განჩინებით. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის შინაარსიდან, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც ეს გადაწყვეტილება გადაეცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. აქედან გამომდინარე, ნ.და გ. წ-ების სააპელაციო საჩივარი თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენდა კერძო საჩივარს. მითითებული საჩივარი განიხილა და არ დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, რომელიც არ გასაჩივრდება.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება წარმოადგენს კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას, რომელიც საბოლოოა და მისი გასაჩივრების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ.და გ. წ-ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187.2-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.და გ. წ-ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.