ას-1321-1341-2011 20 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს «ს. რ-ა» (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. და მ. მ-ეები (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. და მ. მ-ეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს «ს. რ-ის» მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს ,,ს. რ-ას” დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ 15228 ლარის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში _ მოპასუხემ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შპს «ს. რ-ის» სააპელაციო საჩივრის არგუმენტი, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 394-ე და 408-ე მუხლები, ვინაიდან, დანგრეული ბინის სანაცვლოდ, მ-ეების ოჯახმა მიიღო ერთოთახიანი ბინა ... ქუჩაზე, რომელიც მას უნდა გაეთავისუფლებინა ახალი ოროთახიანი ბინის მიღების შემდეგ. საქმეში ზემოხსენებული ერთოთახიანი ბინის გათავისუფლების მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. ამდენად, პალატის მოსაზრებით, აპელანტების ასეთი დასკვნა საქმეში არსებული მასალებიდან არ გამომდინარეობს.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ რ-ის სამტრედიის განყოფილების 1991 წლის 13 აგვისტოს საგარანტიო წერილის შინაარსზე, რომლითაც ა. მ-ეს ერთოთახიანი ბინა მიეცა დროებით, რათა მას გაეთავისუფლებინა მის სახელზე რიცხული ბინა რკინიგზის ¹1 სახლში. ამის შემდეგ კი, მას უნდა გამოყოფოდა ბინა სანიტარული ნორმების დაცვით. ამ წერილიდან ირკვევა, რომ ბინის ჩაბარების ვალდებულება ა. მ-ეს წარმოეშობოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც აშენდებოდა ის სახლი, რომელიც იმ დანგრეული სახლის ადგილზე უნდა აშენებულიყო, სადაც მას ბინა მის სახელზე ერიცხებოდა. მხარეები არ უარყოფენ, რომ ახალი სახლი არ აშენებულა, შესაბამისად, არც ა. მ-ის ვალდებულება მისთვის დროებით გადაცემული ერთოთახიანი ბინის გათავისუფლებაზე არ წარმოშობილა.
პალატამ უსაფუძვლოდ ჩათვალა შპს «ს. რ-ის» სააპელაციო საჩივრის მოსაზრება, რომ საგარანტიო წერილში არ იყო საუბარი ბინის ა. მ-ისათვის საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ, რის გამოც არასწორად იქნა განმარტებული ს. რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილება და ს. პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულება.
სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მოწინააღმდეგე მხარეები შესახლებული არიან გ. ... ქუჩაზე და მათზე ზემოხსენებული დადგენილება არ უნდა გავრცელდეს. თავად საგარანტიო წერილში აღნიშნულია, რომ ერთოთახიანი ბინა დროებით იქნა გამოყოფილი, მხოლოდ იმ ვადით, რაც საჭირო იქნებოდა დანგრეული სახლის სანაცვლო სახლის მშენებლობის დასასრულებლად.
რაც შეეხება პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებას, მისი პირველი მუხლით დადგინდა კანონიერ მოსარგებლეებისათვის დროებით გადაცემული, არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები. ამავე ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ე» ქვეპუნქტით კი, განისაზღვრა კანონიერი მოსარგებლის ცნება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. მ-ეს გააჩნდა საგარანტიო წერილი, ამდენად, შეეძლო ესარგებლა ამ კანონით მინიჭებული უფლებით და დაეწყო შესაბამისი წარმოება, მაგრამ თავად სახლის აუშენებლობის გამო ვერ გამოიყენა ეს უფლება. ორივე ნორმატიული აქტი პირდაპირ შეეხება მოცემულ სადავო სამართლებრივ ურთიერთობებს, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა ისინი.
ა. და მ. მ-ეების სააპელაციო საჩივრის მსჯელობა, რომ მათ სანიტარული ნორმების დაცვით უნდა გამოყოფოდათ ფართი ხუთსულიანი ოჯახისათვის, პალატამ ფაქტების არასწორ შეფასებად ჩათვალა. საქმის მასლებით, კერძოდ, ზემოხსენებული საგარანტიო წერილით დგინდება, რომ შპს «ს. რ-ამ» საგარანტიო წერილით ვალდებულება აიღო, რათა სანიტარული ნორმების დაცვით გამოყოფდა ბინას სამსულიანი ოჯახისათვის. მართალია, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2002 წლის 4 იანვრისთვის ა. მ-ესთან 5 სული ცხოვრობდა, მაგრამ საგარანტიო წერილი არ მოიცავს მითითებას შპს «ს. რ-ის» ვალდებულებების გაფართოებაზე ა. მ-ის ოჯახის გაზრდის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომლითაც შპს «ს. რ-ის» პასუხისმგებლობა შემოიფარგლა სამსულიანი ოჯახისათვის გადასაცემი ფართის საბაზრო ღირებულებით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს «ს. რ-ის» მოთხოვნის დაუკმაყოფილების ნაწილში ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მითითებულ ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის, 361-ე მუხლის მეორე ნაწილის, 394-ე და 408-ე მუხლების საფუძველზე უკანონოდ გადაწყვიტა, რადგან კასატორს მოწინააღმდეგე მხარის მიმართ არანაირი ვალდებულება არ ეკისრება.
სასამართლომ არასწორად განმარტა ს. მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების პირველი პუნქტი, რადგან სამოქალაქო საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები შესახლებული არიან ქ.ზესტაფონში, ... ქუჩაზე არსებულ საცხოვრებელ სახლში, სადაც ისინი ჩაეწერნენ და მუდმივად ცხოვრობენ.
სააპელაციო პალატას ასევე არ უნდა გამოეყენებინა ს. პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულება, რადგან მითითებული ნორმატიული აქტი სადავო ურთიერთობას არ არეგულირებს.
ს. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინებით შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე ს. უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს «ს. რ-ას» უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2011 წლის 26 აგვისტოს გადახდილი 761,40 ლარის 70% _ 532,98 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ შპს «ს. რ-ას» (საიდენტიფიკაციო კოდი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი ს. უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 532,98 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.