ას-1324-1344-2011 28 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ნ. ბ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა « ... 2007» (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა « ... 2007-ის» მიმართ ყოველთვიურად მიუღებელი შემოსავლის _ 32 700 აშშ დოლარის 3%-ის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა « ... 2007-ს» მის სასარგებლოდ დაეკისრა 32 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადხდა. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხე არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას, მოსარჩელე კი ვერ სარგებლობს კუთვნილი თანხით, რის გამოც მას ადგება მატერიალური ზიანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ბ-ეს მიაჩნია, რომ აქვს სამართლებრივი საფუძველი, მოითხოვოს მოპასუხისაგან მიუღებელი შემოსავლის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება _ პროცენტი ყოველ გადაცილებულ თვეზე 32700 აშშ დოლარის 3%, რაც რეალური და მინიმალურია ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ცნობის თანახმად.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
მიუღებელი შემოსავლის სახით 3%-ის დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რომ მას შეეძლო და მოპასუხის ბრალით ვერ მიიღო შემოსავალი. რაც შეეხება ეროვნული ბანკის ცნობას, მასში მოცემულია, მხოლოდ კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიში და, გამომდინარე იქიდან, რომ არც მოსარჩელე და არც მოპასუხე არ წარმოადგენს კომერციულ ბანკს, ამ ცნობაში მოცემული საპროცენტო მაჩვენებლების მისადაგება მოსარჩელის მოთხოვნასთან უსაფუძვლოა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა « ... 2007-ს» ნ. ბ-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად დაეკისრა 245,25 აშშ დოლარის ანაზღაურება 2009 წლის 25 აგვისტოდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა « ... 2007-ს» დაეკისრა ნ. ბ-ის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურების ხარჯების _ 353,16 აშშ დოლარის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის არსებითად განხილვისათვის დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე, რომელსაც უწყება ჩაბარებული ჰქონდა კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, უწყება ჩაბარებულ ჰქონდა მის მენეჯერ მ.ქამუშაძეს. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილზე და მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. სასამართლოს განმარტებით, საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარმოებები არ არსებობს. დადგენილია და მხარეებიც არ უარყოფენ იმას, რომ ამხანაგობა « ... 2007-ს» სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ჰქონდა 32 700 აშშ დოლარის გადახდა, რაც საბოლოოდ შესრულებულ იქნა 2011 წლის 13 იანვარს. მოცემული დავის საგანია იმის გარკვევა, შესაძლებელია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ და იძულებით აღსასრულებლად მიქცეულ კონკრეტულ თანხას დაერიცხოს იძულებითი აღსრულების გაჭიანურების გამო დამატებითი თანხა მიუღებელი შემოსავლის სახით. პალატის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მოვალე ნებაყოფლობით არ ასრულებს გადაწყვეტილებას, თუმცა იძულებითი აღსრულებისას კანონი არ ადგენს მოვალის ვალდებულებას მაინცადამიანც ნებაყოფლობით შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა. სასამართლომ მიუთითა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონზე, რომელიც ითვალისწინებს საგანგებო სახის საქმის წარმეობას აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით. სანქცია, რაც აღსრულების პროცესში ნაბაყოფლობით აღსრულებაზე უარს უკავშირდება, არის ის, რომ მოვალეს დამატებით ეკისრება აღსრულების ხარჯების დაფარვა თანახმად «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტისა. ამდენად, გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის მომენტიდან მის აღსრულებამდე თანხის ამოღებაზე პასუხისმგებლობა გადადის ადმინისტრაციულ ორგანოზე – აღსრულების ეროვნულ ბიუროზე, რის გამოც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მოვალისაგან იმის გამო, რომ ნებაყოფლობით ვერ შეასრულა გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება, დაუშვებელია.
სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის არც ერთი ნორმა არ ითვალისწინებს ამ ვალდებულების გამო დამატებითი თანხის დაკისრებას. პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ზიანის ანაზღურების სახით ნ.ბ-ეს უკვე მიღებული აქვს 32 700 აშშ დოლარი. ამ თანხიდან მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის სახით აპელანტს მოთხოვნა შეეძლო, წარედგინა იმ შემთხვევაში და იმ საფუძვლებით, რომ მან ხელშეკრულებიდან გასვლის განცხადების გაკეთების შემდეგ ვერ მიიღო მოვალისაგან მის მიერ უკვე განხორციელებული შესრულება და აღნიშნული მიუღებელი ზიანი დაფუძნებული იქნებოდა მხარეთა შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებსა და მათ შეუსრულებლობაზე. სასამართლოს განმარტებით, მოცემული დავის საგანი ემყარება არა მხარეთა შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას, არამედ აღსრულების პროცესში აღსრულების გაჭიანურებას, რაც არ შეიძლება მოვალის პასუხისმგელობის საგანი გახდეს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე და 411-ე მუხლების თანახმად, ვინაიდან იძულებით აღსრულებას მოვალე არ ახორციელებს. სასამართლოს განმარტებით, თავად აღსრულების არსიც ისაა, რომ გადაწყვეტილება შესრულდეს მიუხედავად მოვალის ნებისა, რომელიც შეიძლება თავს არიდებდეს გადაწყვეტილების ნაბაყოფლობით აღსრულებას.
სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატა ვერ იმსჯელებს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა და გადაწყვეტილება გამოიტანა კანონის დარღვევით და ექვემდებარება გაუქმებას, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად, არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული. სააპელაციო პალატას არ უნდა გამოეყენებინა «სააღსრულებო წარმოების შესახებ» საქართველოს კანონი, ამასთან, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით.
არასწორია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა, რომ გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებისას კანონი არ ითხოვს მოვალის მიერ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებას. როდესაც აღმასრულებელი იწყებს სააღსრულებო წარმოებას, პირველ რიგში მოვალეს აფრთხილებს წერილობით, რომ დადგენილ ვადაში შეასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება ნებაყოფლობით. ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ დგება კანონის შესაბამისად გათვალისწინებული სანქციები, თუმცა ამ სანქციებით სარგებელს იღებს სააღსრულებო ბიურო და არა კრედიტორი. მოვალის მიერ დროის გაჭიანურებით და ვალდებულების დროულად შეუსრულებლობით ზარალდება კრედიტორი, რაც სახეზეა მოცემულ შემთხვევაში.
სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ 2009 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით ამხანაგობას ნ.ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 32 700 აშშ დოლარის ანაზღაურება, რადგანაც ეს თანხა მოპასუხეს დაეკისრა არა ზიანის, არამედ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა არა დამატებით თანხის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურება იყო და მას ეს ზიანი არ მიადგებოდა მოპასუხეს დროულად რომ შეესრულებინა ვალდებულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ნ. ბ-ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 1 013.23 ლარის 70% _ 709.261 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ ნ. ბ-ეს (პირადი ¹ ...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 709.261 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.