Facebook Twitter

ას-1326-1346-2011 17 ოქტომბერი, 2011 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია სულხანიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ გ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «რ. გ-ი»

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლა და თანხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 3 ნოემბერს გ. მ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შპს «რ. გ-ის» წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 512 096 ევროს, ასევე პირგასამტეხლოს სახით 51 209 ევროს დაკისრება.

მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 1 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა ბინისა და ავტოფარეხის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები. ხელშეკრულებების საფუძველზე, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება გ. მ-ის მიერ თანხის სრულად გადახდის შემდეგ, მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ი. ... გამზ. ¹5-ში არსებული მე-2 ბლოკის მე-7 სართულზე მდებარე ¹44 ბინა (საერთო ფართობი 313,1 კვ.მ, ტიხრებით და აივნის ჩათვლით) და ¹73 ავტოფარეხი. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო ქონების საკუთრებაში გადაცემა განეხორციელებინა შენობის ექსპლუატაციაში მიღებიდან არა უგვიანეს 2 თვისა. შენობის ექსპლუატაციაში მიღების ვადად განისაზღვრა 2008 წლის 31 დეკემბერი. მოპასუხემ ვალდებულება დათქმულ ვადაში ვერ შეასრულა, რის გამოც, 2009 წლის 30 აპრილის წერილით, მოსარჩელემ თანხის დაბრუნება მოითხოვა. მოპასუხემ საპასუხოდ აცნობა, რომ ვადის გადაცილება გამოწვეული იყო 2008 წლის მოვლენებით და ვალდებულება იკისრა ნასყიდობის ხელშეკრულება გაეფორმებინა არაუგვიანეს 2009 წლის 30 ივლისისა. 2009 წლის 15 ოქტომბერს მოპასუხემ მზადყოფნა განაცხადა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე და წერილს ხელშეკრულების პროექტი დაურთო. 2009 წლის 16 ოქტომბერს მოსარჩელემ შპს «რ. გ-ს» წერილობით მიმართა და, მათი მხრიდან პირგასამტეხლოს გადახდის შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, ვალდებულება არ შეასრულა დათქმულ ვადაში, გარდა ამისა, წერილზე თანდართული ხელშეკრულების პროექტში აღნიშნულია სხვა ბინა, რომლის ფართი 300 კვ.მ-ს შეადგენს. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ხელშეკრულების დადების ინტერესი დაკრგა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს «რ. გ-ს» დაეკისრა 512 096 ევროს ეკვივალენტი ლარის, ასევე პირგასამტეხლოს სახით 26 116,89 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა გ. მ-ის სასარგებლოდ, მოპასუხე შპს «რ. გ-ს» დაეკისრა მოსარჩელის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის – 5382,12 ევროს გ. მ-ისათვის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით შპს «რ. გ-ის» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით გ. მ-ეს უარი ეთქვა შპს «რ. გ-ზე» ძირითადი თანხის სახით 512 096 ევროს, პირგასამტეხლოს სახით 51 209,6 ევროს, საადვოკატო მომსახურების საფასურის - 20487,85 ევროს დაკისრებაზე.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. 2008 წლის 1 ივნისს შპს «რ. გ-სა» და გ. მ-ეს შორის საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება ¹2-ბ-44 გაფორმდა, ბინის ფართი განისაზღვრა 313 კვ.მ-ით, 1 კვ.მ ფართის ფასი განისაზღვრა 1600 ევროთი. ნასყიდობის ფასი შეადგენს 500 960 ევროს ეკვივალენტს ლარს;

2. 2008 წლის 1 ივნისის ხელშეკრულების მუხლი 5.1.1-ის თანახმად, გამყიდველი ვალდებულია მყიდველთან ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულება დადოს მშენებარე ობიექტის დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღებიდან ორი თვის განმავლობაში. ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებული უნდა ყოფილიყო 2008 წლის დეკემბრის ბოლოს. მუხლი 7.1.-ის თანახმად, ვალდებულების (ძირითადი ხელშეკრულების დადების) დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამყიდველს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ნასყიდობის ფასის 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს ნასყიდობის ფასის 10%-ისა. ამასთან, აღნიშნული ვალდებულების 1 თვის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, მყიდველს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, ასევე ზიანის ანაზღაურება;

3. 2008 წლის 1 ივნისს შპს «რ. გ-ს» და გ. მ-ეს შორის ავტოფარეხის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება ¹ა-73 გაფორმდა, რომლის თანახმად, შპს «რ. გ-ი» გადასცემს გ. მ-ეს ქ. თბილისში, ... გამზირ ¹5-ში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ ¹73 ავტოფარეხს. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 12 000 ევროს ეკვივალენტი ლარით;

4. მოსარჩელე გ. მ-ემ სრულად გადაიხადა 2008 წლის 1 ივნისის ბინის და ავტოფარეხის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის ფასი;

5. 2009 წლის 30 აპრილს გ. მ-ემ წერილით მიმართა შპს «რ. გ-ს» და, ¹2-ბ-44 ხელშეკრულების 5.1.1, 7.1, 7.3 მუხლების საფუძველზე, გადახდილი თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა;

6. შპს «რ. გ-ის» 2009 წლის 20 მაისის წერილის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ძირითადი ხელშეკრულების დადება მოხდებოდა არაუგვიანეს 2009 წლის 30 ივლისისა;

7. 2009 წლის 11 სექტემბრისათვის ქ. თბილისში ... გამზირ ¹5-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, ყადაღა ან იპოთეკის უფლება არ არის რეგისტრირებული.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არასწორად შეაფასა. სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ შესრულების ახალ ვადაზე – 2009 წლის 30 ივლისზე, 2009 წლის 12 ივნისს უძრავი ნივთი მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში და 2009 წლის 15 სექტემბრისათვის უძრავი ნივთი მზად იყო საკუთრების უფლებით გ. მ-ისათვის გადასაცემად. ამ გარემოებების გათვალისწინებით კი, ხელშეკრულებიდან გასვლა დაუშვებელი იყო. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გ. მ-ემ ვერ დაამტკიცა, რომ ხელშეკრულების შესრულების მიმართ ინტერესი დაკარგა, ამასთან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელო იყო, ხელშეკრულების მოშლა დაუშვებელი იყო. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ, თუნდაც ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბინის ფართი ნაკლები ყოფილიყო წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფართზე, აღნიშნული ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნის საფუძველია და არა ხელშეკრულების მოშლის. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაკისრებას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო აქცესორული უფლებაა და ვინაიდან ძირითადი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა, არც აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო.

აღნიშნული გადაწყვეტილება გ. მ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ მხარეთა განმარტების საფუძველზე მიიჩნია, რომ შესრულების ვადა 2008 წლის 30 ივლისი იყო, რეალურად კი, მხარეები შესრულების ახალ ვადაზე არ იყვნენ შეთანხმებულები, არამედ მოვალემ თავად შესთავაზე ახალი ვადა და ისიც დაარღვია, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტება მხარის აღიარებად არ უნდა მიეჩნია. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად მიიჩნია, რომ 2009 წლის 15 სექტემბერს ბინა მზად იყო საკუთრებაში გადასაცემად, რადგანაც საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერი 2009 წლის 17 და არა 15 სექტემბერსაა გაცემული.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი, რადგანაც მოცემულ შემთხვევაში ნაწილ-ნაწილ შესასრულებელ ვალდებულებაზე არ იყო საუბარი. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ, 2009 წლის 16 ოქტომბრის წერილიდან გამომდინარე, გ. მ-ეს არ დაუკარგავს ხელშეკრულების დადების ინტერესი, აღნიშნული სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგანაც წერილში ნათლადაა დაფიქსირებული, რომ კასატორი მხოლოდ პირგასამტეხლოს გადახდის შემთხვევაში იყო თანახმა ხელშეკრულება გაეფორმებინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ გ. მ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. 2008 წლის 1 ივნისს შპს «რ. გ-სა» და გ. მ-ეს შორის საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება ¹2-ბ-44 გაფორმდა, ბინის ფართი განისაზღვრა 313 კვ.მ-ით, 1 კვ.მ ფართის ფასი განისაზღვრა 1600 ევროთი. ნასყიდობის ფასი შეადგენს 500 960 ევროს ეკვივალენტ ლარს;

2. 2008 წლის 1 ივნისის ხელშეკრულების მუხლი 5.1.1-ის თანახმად, გამყიდველი ვალდებულია მყიდველთან ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულება დადოს მშენებარე ობიექტის დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღებიდან ორი თვის განმავლობაში. ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებული უნდა ყოფილიყო 2008 წლის დეკემბრის ბოლოს. მუხლი 7.1.-ის თანახმად, ვალდებულების (ძირითადი ხელშეკრულების დადების) დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამყიდველს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ნასყიდობის ფასის 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს ნასყიდობის ფასის 10%-ისა. ამასთან, აღნიშნული ვალდებულების 1 თვის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, მყიდველს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, ასევე ზიანის ანაზღაურება;

3. 2008 წლის 1 ივნისს შპს «რ. გ-ს» და გ. მ-ეს შორის ავტოფარეხის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება ¹ა-73 გაფორმდა, რომლის თანახმად, შპს «რ. გ-ი» გადასცემს გ. მ-ეს ქ. თბილისში, ...გამზირ ¹5-ში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ ¹73 ავტოფარეხს. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 12 000 ევროს ეკვივალენტი ლარით;

4. მოსარჩელე გ. მ-ემ სრულად გადაიხადა 2008 წლის 1 ივნისის ბინის და ავტოფარეხის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის ფასი;

5. 2009 წლის 30 აპრილს გ. მ-ემ წერილით მიმართა შპს «რ. გ-ს» და, ¹2-ბ-44 ხელშეკრულების 5.1.1, 7.1, 7.3 მუხლების საფუძველზე, გადახდილი თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა;

6. შპს «რ. გ-ის» 2009 წლის 20 მაისის წერილის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ძირითადი ხელშეკრულების დადება მოხდებოდა არაუგვიანეს 2009 წლის 30 ივლისისა;

7. 2009 წლის 11 სექტემბრისათვის ქ. თბილისში ... გამზირ ¹5-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, ყადაღა ან იპოთეკის უფლება არ არის რეგისტრირებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია წარმოადგენს მხარის მითითებას პროცესუალურ-სამართლებრივ დარღვევებზე, რომლებმაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენა განაპირობეს. კასატორს ამგვარი პრეტენზია არ წარმოუდგენია, რის გამოც ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ მხარეები ვალდებულების შესრულების ახალ ვადაზე შეთანხმებულები არ ყოფილან.

როგორც საქმის მასალებიდან და თავად მხარეთა განმარტებებიდან ირკვევა, შპს «რ. გ-მა» 2009 წლის 20 მაისის წერილით გ. მ-ეს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების ახალი ვადა – 2009 წლის 30 ივლისი შესთავაზა. აღნიშნულის შემდეგ, გ. მ-ეს ხელშეკრულებიდან გასვლა და თანხის დაბრუნება აღარ მოუთხოვია, იგი ჩვეულებრივად აგრძელებდა მოპასუხესთან თანამშრომლობას, წარადგინა ელექტრო-ტექნიკური სამონტაჟო სამუშაოების პროექტი და ა.შ. სამოქალაქო სამართალი ითვალისწინებს ნების გამოვლენას როგორც სიტყვიერად, ისე კონკლუდენტური მოქმედებებითაც. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გ. მ-ე დაეთანხმა კონტრაჰენტის მიერ შეთავაზებულ შესრულების ახალ ვადას.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს.

სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი არ უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულებას.

მართალია, მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა გულისხმობს ვალდებულების ერთჯერადად შესრულებას (თანხის მიღების სანაცვლოდ ბინის საკუთრებაში გადაცემას), მაგრამ, აღნიშნულის მიუხედავად, ამ ტიპის ხელშეკრულებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული საკითხები გრძელვადიანი სახელშეკრულებო ვალდებულებების ანალოგიურად წესრიგდება. ერთდაერთი განსხვავება, პირველ შემთხვევაში ორმხრივი რესტიტუციის ვალდებულების არსებობაა. აღნიშნულს თავად სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლი ადასტურებს, რომელიც 405-ე მუხლის პირობებზე მიუთითებს, ამასთან, მითითებული ნორმის დანაწესი «405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას» გულისხმობს როგორც ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძვლებზე, ისე აღნიშნულის გამომრიცხავ გარემოებებზე მითითებას.

სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის მიხედვით კი, ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია, თუ ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ გ. მ-ემ მისი მხრიდან ვალდებულების შესრულების მიმართ ინტერესის დაკარგვა ვერ დაადასტურა.

საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ ვალდებულების დარღვევა იმდენად მნიშვნელოვანი არ იყო, რომ ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი გამხდარიყო.

მოცემულ შემთხვევაში მხარემ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება თვენახევრით დააგვიანა. ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა სასამართლოს შესაფასებელია. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია თავად ხელშეკრულების ხასიათი, აგრეთვე ის ზიანი და ობიექტური სირთულეები, რაც ხელშეკრულების მეორე მხარეს მოვალის მიერ ვადის გადაცილებით შეექმნა. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ვალდებულების შესრულება ერთი თვისა და თხუთმეტი დღის დაგვიანებით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენებისა და ფართზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე დადებულ გარიგებებზე სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული უმნიშვნელო დარღვევაა.

მოსარჩელე აგრეთვე პრეტენზიას გამოთქვამდა, რომ გადაცემული ბინის ფართი ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები იყო, ამასთან, ჩატარებული არ იყო იმ სახის რემონტი, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ. საკასაციო პალატა ამ შემთხვევაშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აღნიშნული გარემოებები ხელშეკრულებაზე უარის თქმის კი არა, ფასის შემცირების და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარმოშობის საფუძველია. ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების მე-3.1 მუხლის დარღვევის შემთხვევაში გ. მ-ეს შეეძლო მოეთხოვა ამავე ხელშეკრულების მე-4.4 მუხლით განსაზღვრული ზედმეტი ფართისათვის გადახდილი თანხის დაბრუნება, ხოლო მე-5.1.4 მუხლის დარღვევის შემთხვევაში – ზიანის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ ვინაიდან არ არსებობს ნასყიდობის თანხის დაბრუნების საფუძველი, არც პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში. კრედიტორს ყოველთვის აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ნათელია, რომ პირგასამტეხლოს დაკისრება ყველა შემთხვევაში დამოკიდებული არ არის ხელშეკრულებიდან გასვლაზე. თუ პირგასამტეხლო გათვალისწინებულია შესრულების ვადის დარღვევისათვის, კრედიტორს ყველა შემთხვევაში შეუძლია მოითხოვოს მისი დაკისრება, მიუხედავად იმისა, იღებს თუ არა ვადაგადაცილებულ შესრულებას. მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების მუხლი 7.1.-ის მიხედვით, პირგასამტეხლო სწორედ ვადის გადაცილებისთვისაა გათვალისწინებული, აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მითითება აქცესორულ უფლებებზე უსაფუძვლოა.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლი, ასევე არ გამოიყენა 419-ე მუხლი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის «ა» და «გ» ქვეპუნქტების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

ვინაიდან მოცემულ საქმეზე დავის გადაჭრისათვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორადაა დადგენილი, ამასთან საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს არ გამოუკვლევია ან არ შეუფასებია, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. მ-ის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

წინარე ხელშეკრულების მიხედვით, ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამყიდველს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ნასყიდობის ფასის 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს ნასყიდობის ფასის 10%-ისა. მოცემულ შემთხვევაში ვადა 47 დღითაა გადაცილებული, შესაბამისად პირგასამტეხლოს ოდენობა 23545,12 ევროს შეადგენს.

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი, აღნიშნულით გამოწვეული ზიანი, აგრეთვე სხვა ობიექტური ფაქტორები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ვადის გადაცილების მნიშვნელობისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე შესრულებასაც იღებს და პირგასამტეხლოსაც, 10 000 ევროს ეკვივალენტი ლარი სამართლიანი ოდენობაა.

გარდა ამისა, გ. მ-ის ერთ-ერთი მოთხოვნაა ადვოკატის მომსახურების საფასურის მოპასუხისათვის დაკისრება.

საქმეში არსებული იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 3.1. მუხლის მიხედვით, გაწეული მომსახურებისათვის დამკვეთი გადაუხდის შემსრულებელს გ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 7 დღის ვადაში მოპასუხეზე დაკისრებული თანხის 4%-ს, რაც შეადგენს 21528 ევროს ეკვივალენტ ლარს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 21 528 ევრო მოსარჩელის მიერ მთლიანად მოთხოვნილი თანხის 4%-ია, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მოპასუხეს 10000 ევროს ეკვივალენტი ლარი ეკისრება, შესაბამისად, სწორედ აღნიშნული თანხის 4% - 400 ევრო უნდა დაეკისროს მოპასუხეს გ. მ-ის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების სახით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

იმავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს «რ. გ-მა» გ. მ-ეს უნდა აუნაზღაუროს ამ უკანასკნელის მიერ პირველ და საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2%, სულ 180 ლარი, ხოლო გ. მ-ემ შპს «რ. გ-ს» უნდა აუნაზღაუროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 98% - 6860 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. შპს «რ. გ-ს» დაეკისროს გ. მ-ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 10000 ევროს ეკვივალენტი ლარი;

5. შპს «რ. გ-ს» დაეკისროს გ. მ-ის ადვოკატის მომსახურების საფასური – 400 ევროს ეკვივალენტი ლარი;

6. დანარჩენ ნაწილში გ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

7. შპს «რ. გ-ს» დაეკისროს გ. მ-ის მიერ პირველ და საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2%-ის - 180 ლარის ანაზღაურება;

8. გ. მ-ეს დაეკისროს შპს «რ. გ-ის» მიერ სააპელაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 98%-ის – 6860 ლარის ანაზღაურება; P

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.