Facebook Twitter

ას-1342-1360-2011 24 ოქტომბერი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ სს « ... ბანკი»

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ა. ა-ი»

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 24 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს «ა. ა-მა» მოპასუხე სს « ... ბანკის» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის თანხის დაკისრება 34164.09 ლარის ოდენობით (ს.ფ. 2-11).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს «ა. ა-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 34164.09 ლარის გადახდა (ს.ფ. 90-96).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს « ... ბანკმა» (ს.ფ. 99-108).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინებით სს « ... ბანკის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2009 წლის 17 სექტემბერს სს « ... ბანკსა» და «ა. ა-ს» შორის დაიდო ხელშეკრულება აირის ყიდვა-გაყიდვისა და ბუნებრივი აირის ხელსაწყოების ტექნიკური მომსახურების თაობაზე;

ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, მოპასუხე სს « ... ბანკმა» აიღო ვალდებულება ნებისნიერ დროს შეუფერხებლად დაეშვა მიმწოდებლის წარმომადგენელი ობიექტში გაზმომარაგების სისტემის დათვალიერების თუ შეკეთების მიზნით, ასევე ეწარმოებინა ანგარიშსწორება ბუნებრივი აირის მოხმარებაზე და გადაეხადა გახარჯული გაზის ღირებულება აღმრიცხველი ხელსაწყოს მიხედვით ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე;

ამავე ხელშეკრულების 5.8 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველის მიერ გაზის თვიური საკონტროლო ღირებულების გადაუხდელობის ან არასრულად გადახდის შემთხვევაში მომხმარებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გაზის თვიური ღირებულების გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, მაგრამ არანაკლებ 10 ლარისა;

2010 წლის 31 ოქტომბერს შპს «ა. ა-ის» წარმომადგენელსა და სს « ... ბანკის» წარმომადგენელს შორის შედგა ურთიერთშედარების აქტი, რომელშიც მითითებულია, რომ აღრიცხვის სამსახურის მიერ 2010 წლის 31 ოქტომბერს გეგმიური შემოწმების დროს სს « ... ბანკის» მრიცხველზე დაფიქსირებული მონაცემი 48419მ3 იყო სადავო და საჭიროებდა ლაბორატორიულ შემოწმებას, ხოლო აღნიშნული თანხის გადახდის საკითხი გადაწყდებოდა მრიცხველის ლაბორატორიული დასკვნის შემდეგ. ამავე შედარების აქტის თანახმად, აღნიშნული მონაცემის მიხედვით სადავო მოხმარებული გაზის ღირებულება შეადგენდა 33659.2 ლარს;

საქმეში არსებული სს «ს-ის» 2010 წლის 30 ნოემბრის ლაბორატორიული შემოწმების ოქმის თანახმად მრიცხველი აჩვენებდა მონაცემებს 10% ცდომილებით აჭარის ბუნებრივი აირის საზიანოდ. ანუ, დგინდებოდა, რომ მრიცხველი მოხმარებული გაზის აღრიცხვას აწარმოებდა 10%-იანი ცდომილებით, მოსარჩელის საზიანოდ;

მოპასუხის მიერ არ მომხდარა აღრიცხვის სამსახურის მიერ 2010 წლის 31 ოქტომბერს გეგმიური შემოწმების დროს სს « ... ბანკის» მრიცხველზე ფიქსირებული მონაცემის 48419მ3 მიხედვით მოხმარებული გაზის ღირებულების გადახდა, ანუ დგინდებოდა, რომ მოპასუხემ ხელშეკრულების პირობები არ შეასრულა და თანხის გადახდის ვადას გადააცილა;

აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2010 წლის 4 ნოემბრის ე.წ. მრიცხველის ჩახსნის აქტი (ს.ფ. 109). მითითებული მტკიცებულებით აპელანტს სურდა დაედასტურებინა, რომ მრიცხველი იყო დაზიანებული და აჩვენებდა დიდ ცდომილებას. სააპელაციო სასამართლომ, მითითებული მტკიცებულება, როგორც დაგვიანებით წარმოდგენილი – არ მიიღო. მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, მრიცხველის ჩახსნის აქტში დაფიქსირებულ მოსაზრებებს იგი სადავოდ არ ხდიდა (ანუ იმას, რომ მრიცხველი ნამდვილად დაზიანებული იყო), თუმცა მტკიცებულების საქმეზე დართვაზე უარი განაცხადა;

2010 წლის 11 ნოემბერს მოპასუხეს შეუწყდა ბუნებრივი აირის მიწოდება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ დავალიანების არსებობა გამოიწვია მთლიანად დაზიანებულმა მრიცხველმა, რეალურად კი მათ ბუნებრივი აირი არ მოუხმარიათ, რადგან აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტით, სს «ს-ის» 2010 წლის 30 ნოემბრის ლაბორატორიული შემოწმების ოქმით კი დასტურდებოდა, რომ მრიცხველი აჩვენებდა მონაცემებს 10% ცდომილებით აჭარის ბუნებრივი აირის საზიანოდ. მითითებული ოქმი აპელანტს სადავოდ არ გაუხდია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ს.ფ. 12-ზე წარდგენილ 2009 წლის 17 სექტემბრის ბუნებრივი აირის ყიდვა-გაყიდვისა და ბუნებრივი აირის ხელსაწყოების ტექნიკური მომსახურების თაობაზე მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულების საგანია ბუნებრივი აირის მიწოდება, რომლითაც მიმწოდებელი ყიდის, ხოლო მომხმარებელი ყიდულობს ბუნებრივ აირს ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების მე-2 და მე-3 მუხლებში გაწერილია მიმწოდებლისა და მომხმარებლის ვალდებულებები, ირკვევა, რომ მხარეთა დათქმით მიმწოდებლის ძირითადი ვალდებულება იყო მომხმარებლისათვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ხარისხის შესაბამისობა სტანდარტებთან, მიწოდების უწყვეტი სახით განხორციელება, მომხმარებლისათვის ბუნებრივი აირის ხელსაწყოების აპარატებისა და არსებული ქსელის უსაფრთხო ექსპლოატაციისა და მოხმარების ინსტრუქციის ჩატარება მომხმარებლის განაცხადის საფუძველზე ბუნებრივი აირის ხელსაწყოების ტექნიკური მომსახურების ჩატარების შესახებ შესაბამისი ღირებულების გადახდით და სხვა. მომხმარებლის ვალდებულებებს კი შეადგენდა: ბუნებრივი აირის უსაფრთხო მომსახურებაზე ინსტრუქტაჟის გავლა, ბუნებრივი აირის ხელსაწყოების უსაფრთხო მომსახურების სრულად დაცვა, ბუნებრივი აირის ხელსაწყოების უსაფრთხო მოხმარების წესების სრულად დაცვა, გამართულ მდგომარეობაში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის ხელსაწყოების, გაყვანილობების და მრიცხველის ქონა, მომწოდებლისათვის ბუნებრივი აირის მრიცხველის, ქსელის ან სხვა რაიმე მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის შესახებ დაუყოვნებლივ შეტყობინება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის შერეული ტიპის, ნასყიდობისა და მომსახურების ხელშეკრულება იქნა გაფორმებული, რომლის თანახმადაც მხარეებმა ერთმანეთის მიმართ გარკვეული ვალდებულებები იკისრეს. მრიცხველის გამართულ მდგომარეობაში ქონა სრულიად ერთმნიშვნელოვნად მომხმარებლის, იგივე აპელანტის ვალდებულებას წარმოადგენდა. მისივე ვალდებულებას წარმოადგენდა მიმწოდებლისათვის დაუყოვნებლივ შეტყობინება იმისა, რომ მრიცხველი არ იყო გამართულ მდგომარეობაში. როგორც ირკვეოდა, არც ერთი ვალდებულება მოპასუხეს არ შეუსრულებია.

საქმეში წარდგენილი ხელშეკრულებით და მოსარჩელის მიერ წარდგენილი სხვა მტკიცებულებებით სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ შპს «ა. აირმა» სს « ... ბანკს» მიაწოდა 33659.20 ლარის პროდუქტი. მოსარჩელის განმარტებით, და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ვერ წარადგინა შპს «ა. ბუნებრივი ა-ის» წინაშე ვალდებულების გამორიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულებები, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სს « ... ბანკის» დავალიანება შპს «ა. ა-ის» მიმართ შეადგენდა 33659.20 ლარს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შპს «ა. ა-ის» მოთხოვნა სს « ... ბანკისათვის» 33659.20 ლარის დაკისრების თაობაზე კანონშესაბამისად დააკმაყოფილა.

რაც შეეხებოდა პირგასამტახლოს სახით მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას, სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილშიც გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება და განმარტა შემდეგი:

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.8 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველის მიერ გაზის თვიური საკონტროლო ღირებულების გადაუხდელობის ან არასრულად გადახდის შემთხვევაში მომხმარებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გაზის თვიური საკონტრაქტო ღირებულების გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, მაგრამ არანაკლებ 10 ლარისა.

საქმეზე დადგინდა, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენდა 33659.20 ლარს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს სანივთო უზრუნველყოფის ღონისძიებებს, კერძოდ მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებით საშუალებებს. სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ ისეთი დამატებითი საშუალება როგორიცაა პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი დამატებითი საშუალებაა, მხარეთა შეთანხმებით დადგენილი ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის დროს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 504.89 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანი იყო, იგი გამყარებული იყო მტკიცებულებებით (წარდგენილი ხელშეკრულებით) და არ არსებობდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი (ს.ფ. 160-171).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს « ... ბანკმა», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლო გადაწყვეტილების 3.1.2 პუნქტში აღნიშნულია, რომ 2009 წლის 17 სექტემბერს სს « ... ბანკსა» და «ა. ბუნებრივ ა-ს» შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ბანკმა აიღო ვალდებულება შეუფერხებლად შეეშვა ნებისმიერ დროს მომწოდებლის წარმომადგენელი ობიექტში გაზმომარაგების სისტემის დათვალიერების თუ შეკეთების მიზნით. ეს ვალდებულება ბანკს არ დაურღვევია. უფრო მეტიც, მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულება (მოხსენებითი ბარათი), სადაც აღნიშნულია, რომ მოსარჩელის წარმომადგენლები არ შეუშვეს ბანკში გეგმიური შემოწმების ჩატარების მიზნით – არ შეესაბამება რეალობას. მოსარჩელის წარმომადგებლები ელემენტარულად ვერ მიუთითებენ, თუ ვის მიერ არ იქნენ ისინი დაშვებულნი ბანკში. ამასთან, ალოგიკურია იმის მტკიცება, რომ თითქოს მშენებლობის მიმდინარეობის მოტივით ისინი არ იქნენ დაშვებულნი ობიექტზე. თუ ფართზე მომდინარეობს მშენებლობა, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ ფართი ღიაა და ნებისმიერ პირს შეეძლო დაუბრკოლებლად განეხორციელებინა ობიექტის დათვალიერება. ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოცემული აქტი შედგენილ იქნა არარეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მიზნით;

კასატორი არ ეთანხმება გადაწყვეტილების 3.2.4 პუნტში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად, ზამთრის სეზონის დამთავრებასთან დაკავშირებით, 21.04.2010 წელს (აქტი ¹26 გაზის ხელსაწყოს ჩართვა-გამორთვაზე) შეწყვეტილ იქნა ბანკზე ბუნებრივი აირის მიწოდება და მხარეთა შორის შესაბამისი აქტის შედგენით მრიცხველზე დაიდო ლუქი. კასატორის განმარტებით, ოქტომბრის თვეში, მოსარჩელის მიერ განხორციელდა გეგმიური შემოწმება, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ დალუქულ პირობებში მრიცხველს დარიცხული ჰქონდა 48419კმ, ანუ 33659.2 ლარის ღირებულების ბუნებრივი აირი. იმის გამო, რომ მოსარჩელის წარმომადგენლებიც აღიარებდნენ ტექნიკური ხარვეზის არსებობას, ბანკსა და შპს «ა. აირს» შორის გაფორმდა ურთიერთშედარების აქტი, სადაც დაფიქსირდა მრიცხველის ჩვენება და მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ თანხის გადახდის (არ გადახდის) საკითხის გადაწყვეტა მოხდებოდა მრიცხველის ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ. აქვე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სს « ... ბანკსა» და შპს «ა. ა-ს» შორის გაფორმებულია მროცხველის ჩახსნის აქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩართვის დროს მრიცხველმა აჩვენა ძალიან დიდი ცდომილება, რამდენიმე დღეში კი საერთოდ გაითიშა. აღნიშნული, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მრიცხველის მიერ ამ რაოდენობის ბუნებრივი აირის მოხმარების დაფიქსირება იყო მხოლოდ მრიცხველის ტექნიკური გაუმართაობის შედეგი (ს.ფ. 179-186).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით სს « ... ბანკის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს « ... ბანკის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს « ... ბანკის» საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1708.20 ლარი) 70% _ 1195.74 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს « ... ბანკის» საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს « ... ბანკს» დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1708.20 ლარი) 70% _ 1195.74 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.