Facebook Twitter

ას-1351-1369-2011 27 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ., თ., ნ. და მ. ვ-ეები

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. წ-ე, რ. ს-ე, მ. ა-ე

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რეესტრის ჩანაწერის გაუქმება

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ., ნ., მ. და ნ. ვ-ეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეების მ. ა-ის, რ. ს-ისა და თ. წ-ის მიმართ და მოითხოვეს თ. წ-ესა და რ. ს-ეს შორის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... მდებარე 0.13 ჰა მიწის ნაკვეთზე და 151.3 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე 2007 წლის 22 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რ. ს-ესა და მ. ა-ეს შორის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... მდებარე 0.13 ჰა მიწის ნაკვეთზე და 151.3 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე 2009 წლის 28 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ასევე თ. წ-ის, რ. ს-ისა და მ. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციების გაუქმება საჯარო რეესტრში მითითებულ უძრავ ქონებაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით თ., ნ., მ. და ნ. ვ-ეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თა, ნ., ნ. და მ. ვ-ეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის განჩინებით ნ., თ., ნ. და მ. ვ-ეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება, აპელანტების სააპელაციო საჩივარი თანამესაკუთრედ ცნობისა და ინდივიდუალური წილების მიკუთვნების მოთხოვნის თაობაზე დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით ო. ვ-ეს თ. წ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7 700 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ 2002 წლის 22 იანვარს ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი ¹2-253, სააღსრულებო ფურცლისა და მატერიალური ვალდებულების დაფარვის მიზნით ხელვაჩაურის რაიონულმა სააღსრულებო ბიურომ 2002 წლის 24 იანვარს აღწერა და დააყადაღა მოვალე ო. ვ-ის უძრავ-მოძრავი ქონება, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ .... .

ნ., ნ. და თ. ვ-ეებმა სარჩელით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს დაყადაღებული ქონებიდან ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... მდებარე ო. ვ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან და მიწის ნაკვეთიდან წილის გამოყოფა და აღწერილობითი სიიდან მათ საკუთრებაში არსებული ნივთების ამორიცხვა.

2002 წლის 31 იანვარს ექსპერტიზის მიერ შეფასდა მოვალე ო. ვ-ის სახლი და 1 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი. საცხოვრებელი სახლი აუდიტის მიერ შეფასდა 52 731 ლარად, მიწის ნაკვეთი კი, 7 053 ლარად. პირველი აუქციონი დაინიშნა 2002 წლის 15 თებერვალს, რაც შეჩერდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 14 თებერვლის განჩინებით სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვით. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... მდებარე ო. ვ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან და მიწის ნაკვეთიდან წილის გამოყოფაზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა და მოძრავი ქონება ამორიცხულ იქნა ქონების აღწერის სიიდან.

2002 წლის 27 ნოემბერს დანიშნული იქნა კვლავ პირველი აუქციონი, განმეორებითი იძულებითი აუქციონი დანიშნული იქნა 2003 წლის 12 თებერვალს, რის გამოც კრედიტორმა თ. წ-ემ განცხადებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს 2003 წლის 13 თებერვალს საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის ნატურით გადაცემის შესახებ, ხელვაჩაურის რაიონის სააღსრულებო ბიუროს სასამართლოს აღამასრულებლის 2003 წლის 14 თებერვლის განკარგულებით მოხდა აღნიშნული უძრავი ქონების ნატურით გადაცემა თ. წ-ეზე, აღნიშნული განკარგულების საფუძველზე თ. წ-ემ საკუთრების უფლებით გაიფორმა სადავო საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი.

2003 წლის 13 მარტს ნ. და ო. ვ-ეებმა სარჩელით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს სააღსრულებო ბიუროს უფროსის რამაზ ხალვაშის მიერ 2003 წლის 14 თებერვალს მიღებული განკარგულების გაუქმება და მისი შედეგების ბათილად ცნობა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სააღსრულებო ბიუროს 2003 წლის 14 თებერვლის განკარგულება და მისი შედეგები. სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სადაო საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, კახაბრის თემის საკრებულოს მიერ 2004 წლის 3 თებერვალს გაცემული ცნობის თანახმად, ო. ვ-ის მამის მემედ ვ-ის საკუთრებას წარმოადგენდა და მემედ ვ-ის გარდაცვალების შემდეგ ქონება მემკვიდრეობით არ იყო გადაფორმებული არავისზე, აღნიშნული საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ტექ. აღრიცხვის სამსახურში აღირიცხვაზე არ იმყოფებოდა, უცნობი იყო თუ ვის საკუთრებას წარმოადგენდა აღნიშნული ქონება, აღმასრულებლის მიერ 2003 წლის 14 თებერვლის განკარგულების გამოცემის დროს, რითაც აღმასრულებლის მიერ დარღვეული იყო სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 61, 68, და 69 მუხლების მოთხოვნები, რომელთა თანახმად აღსრულებას ექვემდებარება ის უძრავი ქონება, რომელიც მოვალის საკუთრებაა და თუ მოვალე რეგისტრირებულია, როგორც ამ უძრავი ნივთების მესაკუთრე საჯარო რეესტრში.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე 2002 წლის 22 იანვარს ამოწერილი სააღსრულებო ფურცელი ¹2-253 და მასთან დაკავშირებული სააღსრულებო საქმე 2005 წელს გადაეცა აჭარის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს მერაბ პაპიძეს, რომელმაც დაიწყო სააღსრულებო მოქმედებების განხორციელება, კერძოდ: 2005 წლის 31 ოქტომბერს მიმართა ხელვაჩაურის რაიონის საჯარო რეესტრს მოვალე ო. ვ-ის სახელზე უძრავი ქონების არსებობის დადგენის მიზნით. საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 31 ოქტომბრის ¹278 მომართვით დადგინდა, რომ მოვალე ო. ვ-ის სახელზე ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრირებულია 1 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლი 151. 3 კვ.მ სასარგებლო ფართით, მდებარე კახაბრის თემის საკრებულოს სოფელ ....

2005 წლის 2 ნოემბერს კრედიტორმა თ. წ-ემ განცხადებით მიმართა აჭარის სააღსრულებო ბიუროს იძულებით აუქციონის ჩატარების შესახებ. პირველი აუქციონი ჩატარდა 2005 წლის 29 ნოემბერს. 2005 წლის 30 ნოემბერს ო. ვ-ემ სააღსრულებო ბიუროში წარადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 30.11. 05 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად სააღსრულებო ბიუროს აეკრძალა აუქციონის ჩატარება, აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი ამოწერილი იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 29 ნოემბრის განჩინებიდან, რომლითაც დაკმაყოფილებული იყო ო. ვ-ის განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა თ. წ-ის მოთხოვნა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 29 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და 2006 წლის 12 იანვარს გაიცა სააღსრულებო ფურცელი ¹203.

თ. წ-ემ 2006 წლის 12 იანვარს აჭარის სააღსრულებო ბიუროში წარადგინა ზემოაღნიშნული 2006 წლის 12 იანვარის ¹203 სააღსრულებო ფურცელი, რის საფუძველზეც აღმასრულებლის მიერ 2006 წლის 26 იანვარს დანიშნა განმეორებითი აუქციონი, მაგრამ ქონების რეალიზაცია არ მოხდა.

2006 წლის 30 იანვარს კრედიტორმა თ. წ-ემ განცხადებით მიმართა აჭარის სააღსრულებო ბიუროს ქონების ნატურით გადაცემის შესახებ, რის შესაბამისად აჭარის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2006 წლის 31 იანვარს გამოსცა განკარგულება ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად სოფელ ... მდებარე მოვალე ო. ვ-ის სახელზე დარეგისტრირებული 1 300 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლის კრედიტორ თ. წ-ეზე ნატურით გადაცემის შესახებ .აღნიშნული განკარგულების საფუძველზე 2006 წლის 06 თებერვალს სადავო საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში თ. წ-ემ დაირეგისტრირა თავის საკუთრებაში.

სასამართლოს აღმასრულებლის 2006 წლის 31 იანვრის განკარგულების ასლი ჩაბარდა მოვალე ო. ვ-ეს 2006 წლის 03 თებერვალს.

2007 წლის 22 ივნისს თ. წ-ესა და რ. ს-ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თ. წ-ემ რ. ს-ეს მიჰყიდა უძრავი ქონება, კერძოდ 1 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე აღმართული 151. 3 კვ.მ შენობა – ნაგებობით, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ..., რაც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა რ. ს-ის საკუთრებად, ხოლო 2009 წლის 28 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად რ. ს-ემ აღნიშნული ქონება მიჰყიდა მ. ა-ეს და ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მ. ა-ის საკუთრებად.

მოპასუხე თ. წ-ეს სადავო ქონება ნატურით გადაეცა სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 31 იანვარს გამოცემული განკარგულების საფუძველზე, აღნიშნული გაკარგულების ასლი ჩაბარდა მოვალე ო. ვ-ეს 2006 წლის 03 თებერვალს, განკარგულება დღემდე კანონიერი ძალის მქონეა.

დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ აუქციონზე ნატურით გადაცემული ქონება 2006 წლის 06 თებერვალს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა თ. წ-ის საკუთრებად, აჭარის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის 2006 წლის 31 იანვრის განკარგულების საფუძველზე. რის გამოც თ. წ-ეს სრული უფლება ჰქონდა საკუთარი შეხედულებისამებრ განეკარგა მისი კუთვნილი ქონება.

რ. ს-ე და მ. ა-ე არიან კეთილსინდისიერი შემძენები, მოპასუხეებს გასაჩივრებული ნასაყიდობის ხელშეკრულებები არ დაუდიათ მოსაჩვენებლად ან სხვა გარიგების დაფარვის მიზნით.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება და დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ 2001 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და იგი არ გაუქმებულა 2004 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილებით (როგორც ამას აპელანტი უთითებს).

იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ 2004 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეების ნ. და ო. ვ-ეების სარჩელი ხელვაჩაურის რაიონის სააღსრულებო ბიუროსა და თ. წ-ის მიმართ და გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონის სააღსრულებო ბიუროს 2003 წლის 14 თებერვლის განკარგულება ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... მდებარე საცხოვრებელი სახლისა და 0,13 ჰა მიწის ნაკვეთის თ.წ-ეზე ნატურით გადაცემის შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ. წ-ის სარჩელი მოპასუხეების ნ. და ო. ვ-ის შვილებთან ერთად საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების შესახებ, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ მითითებულ გადაწყვეტილებას არ გაუუქმებია 2007 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება და იგი შესულია კანონიერ ძალაში. ამასთან აღნიშნა, რომ სწორედ ამ გადაწყვეტილების (2001 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების) აღსრულების მიზნით 2005 წლის ბოლოს კვლავ განახლდა სააღსრულებო წარმოება.

სააპელაციო პალატამ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია ისიც, რომ ამ დროისათვის 2005 წლის 09 ივნისისთვის სადავო მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის რეესტრში რეგისტრირებულ მესაკუთრეს უკვე 2001 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოვალე ო.ი ვ-ე წარმოადგენდა (იხ. სააღსრულებო საქმე ს.ფ. 39).

რადგან 2006 წლის 26 იანვარს უშედეგოდ დასრულდა განმეორებითი იძულებითი აუქციონი კრედიტორის სურვილის გათვალისწინებით სააღსრულებო წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გამოიცა აღმასრულებლის განკარგულება 2006 წლის 31 იანვრისა (რომელიც არ არის გაუქმებული) კრედიტორისათვის სადავო ქონების ნატურით გადაცემის შესახებ.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებები ნამდვილი გარიგებები იყო და ისინი არ წარმოადგენდნენ მოჩვენებით და თვალთმაქცურ ხელშეკრულებებს.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რომ მხარეთა შორის მიმდინარე დავა უნდა გადაწყვეტილიყო გარიგებათა შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი დანაწესებით.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლზე მითითებით არ გაიზიარა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო 2007 წლის 22 ივნისის თ. წ-ისა და რ. ს-ეს შორის და 2009 წლის 28 დეკემბრის რ. ს-ესა და მ. ა-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები თვალთმაქცური ან მოჩვენებითი ხელშეკრულებებია (მხარე დავობს როგორც ერთი, ისე მეორე საფუძვლით). პალატის განმარტებით, იმის დასტურად, რომ გარიგება თვალთმაქცურია მხარე აკეთებს მითითებას – ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობაზე, რადგან არ არის წარმოდგენილი თანხის გადახდის ქვითარი, ამასთან თანხა არ არის გადახდილი საგადასახადო ორგანოში (იხ. სხდომის ოქმი, მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება ს.ფ. 102) აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხოლოდ მითითება არ იყო საკმარისი სადაო ფაქტობრივი გარემოების დადასტურებულად მიჩნევისათვის. Aამ შემთხვევაში, პალატამ უფრო სარწმუნოდ ჩათვალა მოწინააღმდეგე მხარეთა მითითება, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტავდნენ, რომ სადაო ნასყიდობები 2 წლის წინათ შედგა, ანგარისწორება მოხდა ნაღდი ანგარისწორებით, რის გამოც შეუძლებელია თანხის გადახდის თაობაზე რაიმე ქვითრების სასამართლოში წარმოდგენა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტები სრულიად არასწორ სამართლებრივ ინტერპრეტაციას აძლევენ 2004 წლის 03 თებერვლის სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ სამართლებრივ შედეგს. მიიჩნევენ რა ამ გადაწყვეტილებას სადაო ქონებაზე მათი საკუთრების უფლების დამდგენ სამართლებრივ აქტად. სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რომ მითითებული გადაწყვეტილების შემდეგ, თ. წ-ემ უკვე კანონშესაბამისად მოახდინა 2001 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულება და დარეგისტრირდა სადავო ქონების მესაკუთრედ, და აქედან, დაახლოებით, წელიწადნახევარში გაასხვისა სადავო ქონება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2007 წლის 22 ივნისისათვის თ. წ-ე სრულიად უფლებამოსილი პირი იყო როგორც მესაკუთრე გაესხვისებინა სადავო ქონება. პალატამ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში სამართლებრივი ხარვეზი გამსხვისებლის უფლებამოსილების თვალსაზრისით არ არსებობდა. თუმცა ასეც რომ ყოფილიყო, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საშეღავათო გარემოება მოსარჩელისათვის ვერ შეიქმნებოდა, რადგან სრულიად დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელეთა პოზიცია სადავო ნივთის შემძენთა არაკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით და ამ მხრივ მათი პოზიცია მხოლოდ საკუთრივ მათი განმარტებებითYამოიწურებოდა.

პალატამ კიდევ ერთხელ მიუთითა იმ გაემოებაზე, რომ გარდა საკუთრივ თავიანთი განმარტებისა, შემძენთა არაკეთილსინდისიერების დასადასტურებლად მოსარჩელეებს სასამართლოსათვის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენიათ.

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 185-ე და 312-ე მუხლებზე მითითებით, მიიჩნია, რომ სადავო გარიგებათა ბათილობის თაობაზე მოთხოვნა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო, რის გამოც დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

სადაო ქონების თანამესაკუთრედ ცნობისა და წილის მიკუთვნების თაობაზე აპელანტთა მოთხოვნა, პალატამ მიიჩნია, რომ განუხილველად უნდა დარჩენილიყო, რადგან სავსებით მართებულად, საქმის მასალებზე დაყრდნობით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მითითება მასზე, რომ მათ აღნიშნული მოთხოვნით ჰქონდათ დაზუსტებული სარჩელი წარდგენილი სასამართლოში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ., თ., ნ. და მ. ვ-ეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორთა განმარტებით, განჩინების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 54-56-ე მუხლები, ვინაიდან მათ მიერ სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტები ცხადყოფდა, რომ მოპასუხეები არ იყვნენ კეთილსინდისიერი შემძენები.

კასატორითა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი, კერძოდ,. სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 185-ე და 312-ე მუხლები. გადაწყვეტილება ააგო დაუსაბუთებელი და გამოუკვლეველი მტკიცებულებების საფუძველზე. არ გამოიკვლია ის ფაქტი თუ რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს უძრავი ქონების ნასყიდობის ფასის ხელზე ანგარიშსწორება და ფასის წარმომავლობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ნ., თ., ნ. და მ. ვ-ების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ., თ., ნ. და მ. ვ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ., თ., ნ. და მ. ვ-ების საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი დალი პეტრიაშვილი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ., თ., ნ. და მ. ვ-ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.