საქმე # 330100121004598494
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №177აპ-22 ქ. თბილისი
ტ. მ., 177აპ-22 29 მარტი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ტ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. ტ-მა. კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენით არასწორად აქვს ათვლილი სასჯელის მოხდის ვადა 2021 წლის 22 სექტემბრიდან, ვინაიდან ვადის ათვლა უნდა დასწყებოდა მისი დაკავების დღიდან - 2020 წლის 9 დეკემბრიდან; გარდა ამისა, მსჯავრდებული მიუთითებს, რომ მის მიმართ მსჯავრად შერაცხულ ქმედებას ეხება ამნისტია.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 სექტემბრის განაჩენით მ. ტ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
მ. ტ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოცხადების დღიდან - 2021 წლის 22 სექტემბრიდან.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ტ-მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,
მ. ტ-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის დეკემბრის დასაწყისში მ. ტ., ავტომობილის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ელექტრონულ ვებგვერდ „MYAUTO.GE-ზე“ გამოქვეყნებული განცხადების საშუალებით დაუკავშირდა ავტომობილის მეპატრონეს - ვ. ა-ს და სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, თითქოსდა საბოლოო შესყიდვის მიზნით, 1 წლისა და 6 თვის განმავლობაში ყოველდღიურად 30 ლარის გადახდის პირობით, ... მოტყუებით დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ, 2500 აშშ დოლარად (7423 ლარის და 75 თეთრის ეკვივალენტი ლარში) ღირებულ ,,მერსედეს ბენცის“ მარკის E200 მოდელის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით .. . მ. ტ-მა ზემოაღნიშნული ავტომობილი გაასხვისა, ხოლო დანაშაულებრივი განზრახვის დასაფარად დაახლოებით 3 თვის განმავლობაში დაზარალებულს პერიოდულად ურიცხავდა სხვადასხვა ოდენობის თანხას. მ. ტ-ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულ ვ. ა-ს მიადგა 2500 აშშ დოლარის (7423 ლარისა და 75 თეთრის ეკვივალენტი ლარში) მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. ტ-მა, რომელმაც მოითხოვა შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ მ. ტ-ს მოსაზრებას, რომ სასჯელის ათვლა უნდა დაეწყოს მისი დაკავების დღიდან - 2020 წლის 9 დეკემბრიდან, ვინაიდან, როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე იგი ბრალდებულის სახით დაკავებული არ ყოფილა და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ არის გამოყენებული, რის გამოც მას სასჯელის ათვლა დაეწყო კანონშესაბამისად - პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის დღიდან - 2021 წლის 22 სექტემბრიდან (საქმის მასალებით ირკვევა, რომ მ. ტ. მის მიმართ წარმოებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია 2020 წლის 9 დეკემბერს, რომელზეც, მასალების თანახმად, სისხლის სამართალწარმოება დასრულებული არ არის).
9. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის მითითებას, რომ მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრად შერაცხულ ქმედებას ეხება ამნისტია, შემდეგი საფუძვლით: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. მოცემული საქმის მასალებით დგინდება, რომ მსჯავრდებულს არ აქვს წარმოდგენილი დაზარალებულის თანხმობა და, ამასთან, ასევე არ აქვს ანაზღაურებული მისთვის მიყენებული ზიანი, რის გამოც მის მიმართ კანონიერად ვერ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ტ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი