¹ბს-1424-999(კ-05) 18 აპრილი, 2006 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ ლ. ჭანტურია
კასატორი (მოპასუხე) – აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, წარმომადგენელი ო. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ. ბ-ე, გ. ლ-ა, ნ. ნ-ე, ზ. ს-ა, დ. ხ-ე, ე. ბ-ა, წარმომადგენლები ე. კ-ე, ნ. დ-ე
მოპასუხე _ Qქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილება
თანამოპასუხე – ქ. ბათუმის მერია
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პაალტის 2005 წლის 10 აგვისტოს განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2004 წლის 28 სექტემბერს ნ. ბ-მ, გ. ლ-მ, ნ. ნ-ემ, ზ. ს-მ, დ. ხ-მ, ე. ბ-მ და რ. მ-მა სარჩელი აღძრეს ბათუმის საქალაქო სასამართოში აჭარის ა/რ ფინანსთა სამინისტროსა და ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილების მიმართ და მოითხოვეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის 2001-2003 წლების დარჩენილი და 2004 წლის დავალიანების 23400 ლარის ანაზღაურებისა და ყოველთვიურად სარჩოს სახით 600 ლარის გადახდის დაკისრება, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურება თითოეულისათვის სამი თვის ხელფასის ოდენობით, სულ 1800 ლარის ოდენობით შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელეები მუშაობდნენ ბათუმის საყოფაცხოვრებო მანქანათსაშენ ქარხანაში. შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიღებული საწარმოო ტრამვის გამო ყოველთვიურად ღებულობდნენ სარჩოს. მანქანათსაშენი ქარხნის ლიკვიდაციის შემდეგ მიღებული თანხებიდან მოხდა მანქანათსაშენი ქარხნის მუშაკებზე ლიკვიდაციამდე დაგროვილი დავალიანების 34000 ლარის მხოლოდ ნაწილის, 13000 ლარის დაფარვა. მოსარჩელეთა მითითებით, არასწორია მოპასუხის მოსაზრება საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული «შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურების წესის» 23-ე პუნქტის საფუძველზე, გაცემული თანხების საკომპენსაციო თანხად მიჩნევის შესახებ, რის არგუმენტადაც უთითებენ იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული წესი ითვალისწინებს დამქირავებელი ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში ორგანიზაციის ქონებიდან ყოველთვიური სარჩოს ნაცვლად ფულადი სახით კომპენსაციის გაცემას. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის 23-ე პუნქტი ვერ შევიდა ძალაში იმის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ განსაზღვრულა ყოველთვიური სარჩოს ნაცვლად ერთდროული საკომპენსაციო თანხის გაანგარიშების მეთოდი, რის გამოც აღნიშნულ საკითხზე არ იქნა გათვალისწინებული ქარხნების სალიკვიდაციო სამთავრობო კომისიის მიერ აჭარის ა/რ შრომის დასაქმებისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადება. გარდა აღნიშნულისა, 23-ე პუნქტში მითითებული საკომპენსაციო თანხის გადახდა ხდება ერთდროულად და არა ნაწილ-ნაწილ (ს.ფ. 2-4).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ იქნა ჩართული ქ. ბათუმის მერია (ს.ფ. 18).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის, გ. ლ-ს, ნ. ნ-ის, ზ. ს-ს, დ. ხ-ის, ე. ბ-სა და რ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილებას მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 2001-2003 წლებში გასაცემი დავალანებისა და 2004 წლიდან ყოველთვიურად მოსარჩელეებზე შემდეგი თანხების გაცემა: ნ. ბ-ისათვის 1080 ლარის, ყოვლთვიურად 30 ლარის გადახდა, გ. ლ-სათვის 2160 ლარის, ყოველთვიურად 60 ლარის, ნ. ნ-ისათვის 2160 ლარის, ყოველთვიურად 60 ლარის, ზ. ს-სათვის 2640 ლარის, ყოველთვიურად 100 ლარის, ე. ბ-ა-ბ-სათვის 3600 ლარის, ყოველთვიურად 50 ლარის, დ. ხ-ის სასარგებლოდ 3600 ლარის, ყოველთვიურად 100 ლარის, რ. მ-ის სასარგებლოდ 2000 ლარის, ყოველთვიურად 50 ლარის გადახდა, მოპასუხეს დაევალა აღნიშნული თანხების გამოყოფა ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილების მოთხოვნის საფუძველზე, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები მუშაობდნენ ბათუმის საყოფაცხოვრებო მანქანათმშენებელ ქარხანაში სხვადასხვა სპეციალობით. მუშაობის განმავლობაში მიღებული საწარმოოო ტრამვების საფუძველზე დაუდგინდათ შრომის უნარის დაკარგვა სხვადასხვა პროცენტით უვადოდ და დაენიშნათ საკომპენსაციო თანხები. 2003 წელს განხორციელდა საყოფაცხოვრებო მანქანათმშენებელი ქარხნის ლიკვიდაცია, რის შემდეგ მოსარჩელეებზე თანხის გადახდა ვერ მოხდა. ქარხნის ლიკვიდაციის შემდეგ უფლებამონაცვლე არ დადგენილა.
საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული «შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურების წესის» მე2-3 პუნქტებით და აღნიშნულ ბრძანებულებაში 2004 წლის 18 ნოემბერს შეტანილი ცვლილებებით და აღნიშნა, რომ სახელმწიფო საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის უფლებამონაცვლის არ არსებობის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურებისათვის საჭირო თანხა გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხების მოცულობაში და უნდა გამოიყოს ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების განყოფილების მოთხოვნის მიხედვით (ს.ფ. 49-51).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი მოტივით:
აპელანტმა მიიჩნია, რომ მოცემული დავის განხილვა შეუძლებელი იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაწილეობის გარეშე, სასამართლომ კი დავის გადაწყვეტისას საკმარისად მიიჩნია ქ. ბათუმის მერიის სოციალური დახმარების განყოფილების აღიარება. სასამართლომ არ გამოიყენა «საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ» საქართველოს კანონი, რომლის მე-4 მუხლის თანახმად, ყველა ბიუჯეტი თავისი შემოსავლებისა და ხარჯების განსაზღვრისას დამოუკიდებელია, შესაბამისად, პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულების მე-2 პუნქტი ზიანის ასანაზღაურებლად თანხების საქრათველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფის შესახებ ნიშნავს, რომ თანხები უნდა გამოიყოს კონკრეტულად საქართველოს ცენტრალური და არა აჭარის ა/რ ბიუჯეტიდან (ს.ფ. 54-56).
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 აგვისტოს განჩინებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-2 პუნქტის თანახმად, აღნიშნული ბრძანებულების ამოქმედებამდე სახელმწიფოსა და უფლებამონაცვლე საწარმოების მიერ საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულების შესაბამისად, დაზარალებულთა მიმართ აღიარებული ვალდებულებების შესრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა უზრუნველყონ შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ან უფლებამონაცვლე საწარმომ. სახელმწიფო ვალდებულებათა შესრულება უნდა განხორციელდეს წლიური საბიუჯეტო კანონით ამ მიზნებისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. საყოფაცხოვრებო მანქანათმშენებელი ქარხნის სრული ლიკვიდაციის განხორციელებისა და მისი სამართალმემკვიდრის არარსებობის პირობებში ზემოაღნიშნული ბრძანებულების მე-2 თავის მე-11 მუხლის «გ» პუნქტის თანახმად, მოსარჩელეებისათვის საკომპენსაციო დავალიანების თანხები ანაზღაურებულ უნდა იქნეს ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილების მიერ.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ ასანაზღაურებელი თანხების ოდენობა და საუბარია უკვე აღიარებული ვალდებულებების, დაწყებული სარჩოს გადახდის პროცესის განახლებაზე, რომელიც შეჩერებულია მოპასუხის მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება გასაცემი საკომპენსაციო თანხების გაანგარიშების უსწორობის შესახებ, რადგან აღნიშნული საკითხი არ დამდგარა პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც შემდგომში გამხდარა სადავო.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვის შეუძლებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ საქმეში მოპასუხეებად ჩართული აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილება არიან შესაბამისი სამინისტროების სტრუქტურული ერთეულები და დაფინანსების მიუხედავად, თანხების გამოყოფა უნდა მოხდეს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ, რომელმაც უნდა დააფინანსოს ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილება (ს.ფ. 154-160).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 აგვისტოს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიღებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის დარღვევით, სასამართლომ არ გამოიყენა არც ერთი კანონი, გარდა საპროცესო კანონმდებლობისა, ასევე დარღვეულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ე» ქვეპუნქტი, რადგან განჩინებაში მითითებული დასკვნები არ არის გამყარებული კანონით, განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
კასატორის მოსაზრებით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია საკითხის განუხილველობის შესახებ იმის გამო, რომ აღნიშნული არ დამდგარა პირველი ინსტანციის სასამართლოში, რადგან აღნიშული არ შეესაბამება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს.
სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა საქმეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჩართვის შესახებ, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტს განაგებს მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხოლო აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განაგებს აჭარის ა/რ ბიუჯეტს. აღნიშნული ბიუჯეტები «საბიუჯეტო სისტემის შესახებ» კანონის მე-4 მუხლის თანახმად, დამოუკიდებელია, გააჩნიათ საკუთარი შემოსავლის წყაროები და საკუთარი ხარჯების დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება. შესაბამისად, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არ შეიძლება დაეკისროს იმ ხარჯების გაწევის ვალდებულება, რომელიც უნდა დაფინანსდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით თანხების გადახდა დაეკისრა ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილებას, რომელიც ფინანსდება ქ. ბათუმის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ სოციალური დახმარების განყოფილების პირდაპირი დაფინანსება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.
სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ თანხების გამოთვლაში არის უხეში შეცდომები, რისი შემოწმებაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის თანახმად, მის მოვალეობას წარმოადგენდა, ამასთან, სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას აღნიშნული გარემოებები ფაქტობრივად დადგენილ იქნა, მაგრამ არ აისახა განჩინებაში (ს.ფ. 165-168).
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ცნო ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილებამ და შეპასუხებით მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები თანხების დაკისრების შესახებ. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საწარმოო ტრამვებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესისა» და მასში პრეზიდენტის ბრძანებულებებით შეტანილი ცვლილებების შესაბამისად. 2003 წლის 11 სექტემბრის ¹443 ბრძანებულების მე-5 პუნქტის თანახმად, დაზარალებულის სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური ხელფასის სამმაგი ოდენობიდან, მინიმალური ხელფასი კი, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 ივნისის ბრძანებულების თანახმად, შეადგენს 20 ლარს. ამდენად, შეპასუხების ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ თანხების გამოთვლაში დაუშვა შეცდომა, ასევე მოპასუხისათვის თანხების დაკისრებისას სასამართლოს არ გაურკვევია არსებობდა თუ არა მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
შეპასუხების ავტორის განმარტებით, ვინაიდან არ არსებობს იმ ორგანიზაციის უფლებამონაცვლე, რომელმაც საწარმოო ტრამვით მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 ნოემბრის ¹520 ბრძანებულების მე-3 პუნქტის, 2005 წლის 3 მაისის ¹303 ბრძანებულების მე-2 პუნქტის თანახმად, ასეთი თანხების ანაზღაურება ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, წლიური საბიუჯეტო კანონით ამ მიზნისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. შესაბამისად, ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილებასა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არ უნდა დაეკისროთ თანხების გადახდა (ს.ფ. ).
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ ცნო ნ. ბ-ის, გ. ლ-ს, ნ. ნ-ისა და სხვათა წარმომადგენლებმა უსაფუძვლობის გამო და მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:
ტრამვირებული პირების მიმართ დავალიანების არსებობა აღიარებული იყო, როგორც ლიკვიდირებული ბათუმის საყოფაცხოვრებო მანქანათმშენებელი ქარხნის მიერ, რომელმაც 2001 წლამდე დაგროვილი დავალიანების ნაწილი დაფარა, არამედ, უშუალოდ მოპასუხეების მიერაც, კერძოდ, აჭარის ა/რ მეთაურის 2003 წლის 5 აგვისტოს ¹199 განკარგულებით გამოყოფილი თანხებიდან დაიფარა 2003 წლის სექტემბერ-დეკემბრის სარჩო, ხოლო აჭარის ა/რ მეთაურის 2004 წლის 23 მარტის ¹170 განკარგულებით გამოყოფილი თანხებით დაიფარა 15 თვის დავალიანება. აღნიშნულ განკარგულებებში აღნიშნული იყო, რომ თანხების დაფინანსებას უზრუნველყოფდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. აღნიშნული თანხების გამოყოფა მოხდა იმ გაანგარიშების საფუძველზე, რასაც ითხოვენ მოსარჩელეები. დავის წარმოშობა განაპირობა მხოლოდ იმ გარემოებამ, რომ 2005 წლის ბიუჯეტში ამ დანიშნულებით თანხები არ გამოიყო ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილების მოთხოვნის მიუხედავად.
მოწინააღმდეგე მხარეების წარმომადგენლებმა არ გაიზიარეს კასატორის მოთხოვნა საქმეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჩართვის შესახებ იმ მოტივით, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2005 წლის 21 მარტს, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ამ დანიშნულებით თანხების დაფინანსების უზრუნველყოფა დაევალა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 3 მაისის ¹303 ბრძანებულებით, ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის 42-ე მუხლის შესაბამისად კი, თანხების მოთხოვნა და გაცემა ევალებოდა სოციალური დახმარების განყოფილებას.
ასევე არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მოტივი სხვადასხვა დონის ბიუჯეტების დამოუკიდებლობის შესახებ, რადგან დაფინანსება უნდა მოხდეს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მეშვეობით დამფინანსებლის მიუხედავად, როგორც ხდებოდა 2001-2004 წლებში და კასატორი ცდილობს დაფინანსების წესის შეცვლით დაასაბუთოს სარჩოს გადახდის შეწყვეტა (ს.ფ. ).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გამჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 10 აგვისტოს განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის თანხების გამოყოფის დავალდებულების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დარჩეს უცვლელად იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილების მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის თანხების გამოყოფის დაკისრების შესახებ, მიღებულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, კერძოდ, დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტი, განჩინება სრულიად დაუსაბუთებელია, რის გამოც შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. ასევე დარღვეულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა, რადგან განჩინებაში არ არის მითითებული მტკიცებულებები, რომლებზეც დაამყარა სააპელაციო სასამართლომ თავისი დასკვნები, მოსაზრებები, რომლებითაც უარყო ესა თუ ის მტკიცებულებები და კანონი, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სრულიად დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეებისათვის თანხების გამოყოფა უნდა მოხდეს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ, სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია არც ერთ კანონზე, რომელზე დაყრდნობითაც მივიდა მითითებულ დასკვნამდე, რის გამოც საკასაციო სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებას, რაც განჩინების გაუქმების საფუძველია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს მოსარჩელეებისათვის გამოსაყოფი თანხების დაფინანსების საკითხი, როგორ რეგულირდებოდა აღნიშნული და რა სამართლებრივი კავშირი ჰქონდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსების საკითხთან და დაასაბუთოს, რატომ უნდა მოხდეს თანხების დაფინანსება აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ და გამომდინარეობს თუ არა იგი სამინისტროს საქმიანობის წესიდან, შესაბამისად, დაადგინოს წარმოადგენს თუ არა სამინისტრო საქმეზე სათანადო თანამოპასუხეს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილების მიერ მოსარჩელეებისათვის თანხების გამოყოფის შესახებ და თვლის, რომ ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ განჩინება მიიღო კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით და კანონის მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი» და მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებისათვის თანხების გამოყოფა უნდა მოხდეს ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილების მიერ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა კასატორის მოსაზრება თანხების გამოთვლაში დაშვებული შეცდომების შესახებ, რადგან თანხების ოდენობა არ წარმოადგენდა სადავო საკითხს და თვლის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორის საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებელია.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ მითითებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია, კასატორის მიერ წამოყენებული საკასაციო პრეტენზიები არ არის დასაბუთებელი, სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების მიღებისას ადგილი არ ჰქონია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» და «გ» ქვეპუნქტების დარღვევას, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის მოტივები არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს გასაჩივრებული განჩინების მითითებულ ნაწილში გაუქმებისათვის, შესაბამისად, ამ ნაწილში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «საერთო სასამართლოების შესახებ» ორგანულ კანონში 25.11.2005წ. ცვლილების შესაბამისად, აღნიშნულ კანონს დაემატა 884-ე მუხლი, რომლის თანახმად, 2006 წლის 1 იანვრამდე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაევალათ უზრუნველეყოთ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოსა და აჭარის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს ლიკვიდაცია, ხოლო ამავე ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აჭარის ა./რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები ლიკვიდაციის შემდეგ გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რის გამოც, მოცემული საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს უფლებამოსილ სასამართლოს _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 აგვისტოს განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის თანხების გამოყოფის დავალდებულების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს; სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სოცდახმარების განყოფილების მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, უცვლელად დარჩეს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.