ას-1386-1403-2011 24 ოქტომბერი, 2011 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია სულხანიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ბ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის განჩინება
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 10 თებერვალს ა. ბ-ამ წალენჯიხის რაიონულ სასამართლოში საქართველოს ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების მოთხოვნით.
მოსარჩელის მითითებით, 2009 წლის 5 თებერვალს წალენჯიხის რაიონულმა სასამართლომ, შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, დააყადაღა წალენჯიხის რაიონის სოფ. ...ში არსებული ინდმეწარმე “კ-ას” კუთვნილი ქონება. დაყადაღებული ქონების ნუსხაში კი, შემთხვევით მოხვდა მისი კუთვნილი ¹7 საძროხე, რომელიც დაყადაღებული ქონების ნუსხიდან უნდა ამოშლილიყო.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ინდმეწარმე “კ-ას” მიმართ საგადასახადო გირავნობა-იპოთეკა წარმოიშვა 2006 წლის 29 ივნისს, სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება კი, მოსარჩელემ საჯარო რეესტრში 2007 წლის 8 მაისს, ანუ გირავნობა-იპოთეკის წარმოშობის შემდეგ დაარეგისტრირა.
წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ა. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ფოთის რეგიონაული ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ 2008 წლის 16 დეკემბერს მოვალის – კოოპერატივ ,,კ-ას” (ს/ნ 242732432) ქონების აღწერის (და დაყადაღების) შესახებ შედგენილი აქტიდან ამორიცხულ იქნა მოსარჩელე ა. ბ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ¹7 საძროხე, მდებარე წალენჯიხის რაიონის სოფელი ...ში (სარეგისტრაციო ზონა წალენჯიხა, კოდი ..., სექტორი ...ი, კოდი 13, კვარტალი 5, ნაკვეთის ¹..., დაუზუსტებელი ფართობი 2016 კვ.მ).
აღნიშნული გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის განჩინებით შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და წალენჯიხის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა წალენჯიხის რაიონის სოფელ ...ში, ყოფილი კ-ას სახელობის კოლმეურნეობის ბალანსზე არსებული მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ფერმის შენობა-ნაგებობის ა. ბ-ასათვის საკუთრების უფლებით გადაცემისა და ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის ფაქტი. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო შენობა ალ. ბ-ას საკუთრებას წარმოადგენს და რეგისტრაციის საფუძველია 2002 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება. ქონება რეგისტრაციის დროისათვის საგასახადო გირავნობა-იპოთეკით დატვირთული არ ყოფილა. წალენჯიხის რაიონის სოფელი ...ის ყოფილი კ-ას კოლმეურნეობის მეცხოველეობის ფერმის ეზოს ტერიტორიიდან ა. ბ-ას სახელზე რეგისტრირებულია მხოლოდ 2016 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 958 კვ.მ შენობა-ნაგებობა. მისი ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის უფლებით. წალენჯიხის ტექინვენტარიზაციის ბიუროს არქივის მონაცემების თანახმად, კოოპერატივ ,,კ-ას” სახელზე აღრიცხულია ყოფილი კოლმეურნეობის კანტორა, ავტოგარაჟი, საწყობი, დაყადაღებულია კლუბკანტორის შენობა, სამჭედლო, ხის შენობა კანტორის წინ, მინერალური სასუქების საწყობი, ასევე მთელი ქონება დატვირთულია საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის უფლებით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა სასამართლოს ვერ წარუდგინა სადავო ქონების კოოპერატივ “კ-ასათვის” კუთვნილების დამადასტურებელი მტკიცებულება. გარდა ამისა, ვინაიდან, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ალ. ბ-ას მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროისათვის სადავო ქონებაზე საგადასახადო გირავნობა-იპოთეკა რეგისტრირებული არ იყო, აღნიშნული ქონების დაყადაღების საფუძველი არ არსებობდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შემოსავლების სამსახურმა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორის მტკიცებით, ა. ბ-ამ სადავო უძრავი ქონება, რომელიც წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით მიეკუთვნა, საჯარო რეესტრში 2007 წლის 8 მაისს დაარეგისტრირა. სწორედ ამ მომენტიდან წარმოეშვა მას ქონებაზე საკუთრების უფლება. საგადასახადო გირავნობა-იპოთეკა კი 2006 წელსაა წარმოშობილი, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, იგი შემძენზე უნდა გადასულიყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც, პალატა მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.