ას-1392-1408-2011 20 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს «ო. მ-ი» (შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე _ შ. გ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ო. მ-ის» მიმართ მის მიერ გადახდილი ავტომანქანის ღირებულების _ 105 645 ლარის დაკისრების შესახებ.
შპს «ო. მ-მა» სარჩელი არ ცნო, შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს შ. გ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა, მისთვის შპს «ო. მ-ის” სასარგებლოდ ავტომანქანის შენახვის საზღაურის ყოველდღიურად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით, 5 ევროს ეკვივალენტი ლარისა და პირგასამტეხლოს _ 18 200 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შპს «ო. მ-ის” შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შ. გ-ს მოსარჩელე შპს «ო. მ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა ავტომანქანის შენახვის საზღაურის _ 4 555 ევროს შესაბამისი ლარისა და პირგასამტეხლოს _ 1 820 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს «ო. მ-მა» გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და შ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შპს ,,ო. მ-ის” შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შ. გ-ს შპს ,,ო. მ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 1 820 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2008 წლის 11 იანვარს შ. გ-სა და შპს ,,ო. მ-ის” წარმომადგენელს შორის გაფორმდა ¹2 ბეს ხელშეკრულება. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, მხარეებმა დაადასტურეს, რომ ბეს გამცემი თანახმაა, შეიძინოს ბეს მიმღებისაგან შპს ,,ო. მ-ის” კუთვნილი ავტომობილი, შავი ფერის «BMჭ – ... ი», საიდენტიფიკაციო ნომრით ...38. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, ბეს გამცემი გადასცემს, ხოლო ბეს მიმღები იღებს საკუთრებაში 1000 ლარს.
2008 წლის 23 იანვარს შ. გ-სა და შპს ,,ო. მ-” შორის გაფორმდა სატრანსპორტო საშუალების ყიდვა-გაყიდვის ¹2 ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შავი ფერის «BMჭ – ... ი» მარკის ავტომობილი, საიდენტიფიკაციო ნომრით ...38. 3.1. პუნქტის მიხედვით, ავტომობილის საერთო ღირებულება განისაზღვრა 45 000 ევროს ეკვივალენტი ლარით. 2008 წლის 23 იანვრის ხელშეკრულება არ შეიცავს მითითებას ნასყიდობის საგნის წარმოების (გამოშვების) წელთან დაკავშირებით.
ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება დამთავრებულად ითვლება ორივე მხარის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო ორგანოში ავტომანქანის ტექნიკური პასპორტის გასაფორმებლად სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ. ხელშეკრულების 5.2.2. მუხლით, 2.4. პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, მყიდველს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა გადაეხადა 5 ევროს ეკვივალენტი ლარი ავტომობილის შენახვისათვის.
მხარეთა მიერ ავტომანქანის მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილი და ხელმოწერილი არ ყოფილა.
ხელშეკრულების 8.2. პუნქტის შესაბამისად, მყიდველის მიერ ავტომობილის გაყვანის შეფერხების შემთხვევაში, მყიდველს გამყიდველისათვის უნდა გადაეხადა 20 ევროს ეკვივალენტი ლარი ყოველ გადაცილებულ დღეზე.
2008 წლის 7 თებერვალს შ. გ-მა ავტომანქანის შეძენის საზღაური სრულად დაფარა.
2008 წლის 8 თებერვალს სსიპ «შსს მომსახურების სააგენტოს» მხარეებმა მიმართეს ¹ ...16 ერთობლივი განცხადებით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისებისა და რეგისტრაციის მიზნით. განცხადების თანახმად, შემძენი შ. გ-ი ითხოვდა მის საკუთრებაში გადაცემული 2006 წელს გამოშვებული შავი ფერის «BMჭ – ... ი» მარკის, « ...» სანომრე ნიშნის, ...138 საიდენტიფიკაციო კოდის ავტომობილის ერთობლივი განცხადების პირველი ნაწილით რეგისტრაციაში გატარებას. განცხადება შ. გ-ის მხრიდან დადასტურებულია მის მიერ შესრულებული ხელმოწერით. აღნიშნული ავტომანქანა რეგისტრირებულია შ. გ-ის საკუთრებად.
შ. გ-ს ნასყიდობის საგანი _ ავტომანქანა შპს ,,ო. მ-ის” ტერიტორიიდან არ გაუყვანია.
2008 წლის 23 იანვრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შპს ,,ო. მ-ის” მხრიდან არ დარღვეულა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება ავტომანქანის გამოშვების წელთან დაკავშირებით მხარეთა ზეპირი შეთანხმების შესახებ, ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში იგი ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ შესაფასებელ ისეთ მტკიცებულებებზე, რომლითაც ზემოაღნიშნული შეთანხმება დადასტურდებოდა.
სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ გარემოებას, რომ შ. გ-ის მიზანს წარმოადგენდა 2008 წლის იანვრის მდგომარეობით ,,BMჭ-ს” წარმოების მხოლოდ ბოლო სერიის ავტომობილის შეძენა, ვინაიდან აღნიშნული ფაქტი არ გამომდინარეობს 2008 წლის 23 იანვრის ხელშეკრულების შინაარსიდან, რომლის თანახმად, მყიდველის მიერ გამოხატულია ნება შპს ,,ო. მ-ის” კუთვნილ კონკრეტული ავტომობილის შეძენაზე და მის არსებით პირობად ავტომობილის წარმოების წელი მხარეთა მიერ გათვალისწინებული არ არის, შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ო. მ-ს” არ უკისრია აპელანტისათვის 2007 წელს წარმოებული ავტომანქანის გადაცემა.
ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის დასადასტურებლად სააპელაციო პალატამ არ ჩათვალა არც საპატრულო პოლიციის მიერ 2008 წლის 11 თებერვალს შედგენილი ოქმი.
საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ინსპექტორთა მიერ 2008 წლის 11 იანვარს შედგენილი ოქმით ირკვევა, რომ 2008 წლის 11 თებერვალს შპს ,,ო. მ-ის” ადმინისტრაციამ უარი განაცხადა შ. გ-ისათვის 5000 ევროსა და 45 000 ევროს დაბრუნებაზე. აღნიშნული ოქმით ირკვევა, რომ, შპს ,,ო. მ-ის” ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს ოქმის შედგენაში მონაწილეობის მიღებაზე, რითაც აშკარა ხდება, რომ ოქმში მითითებული ფაქტები შ. გ-ის წინაშე შეცდომის აღიარებისა და თანხის დაბრუნების შესახებ არ ეყრდნობა მოპასუხის მიერ მიცემულ განმარტებებს. ამდენად, აღნიშნული ოქმით არათუ დადასტურებული, არამედ უარყოფილია შპს ,,ო. მ-ის” მხრიდან თანხის დაბრუნების შეპირებისა და მათი მხრიდან ავტომობილის წელთან დაკავშირებით შეცდომის დაშვების ფაქტი.
პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის (2007 წლის გამოშვების ავტომანქანის გადაცემაზე შეთანხების) არსებობა მაშინ, როცა მოპასუხე თავის პოზიციას აღნიშნული ფაქტის არარსებობაზე ამყარებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე მითითებით პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტები (შეთანხმება 2007 წლის გამოშვების სატრანსპორტო საშუალების შეძენაზე), წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება საკმარისი არ არის.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით _ 2008 წლის 11 იანვრის ბეს ხელშეკრულებით, 2008 წლის 23 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომლებშიც მითითებულია სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო კოდი, 2008 წლის 8 თებერვალს შედგენილი ერთობლივი განცხადებით, სადაც სატრანსპორტო საშუალების მახასიათებლებში გამოშვების წელის ჩანაწერში მითითებულია 2006 წელი, დადასტურებულია ის გარემოება, რომ შ. გ-სა და შპს ,,ო. მ-ს” შორის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ არსებობდა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისაგან განსხვავებული შეთანხმება 2006 წელს გამოშვებული სატრანსპორტო საშუალების შეძენის თაობაზე, რაც სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მითითებული საფუძვლებით ნივთის ნაკლიანად მიჩნევის შესაძლებლობას გამორიცხავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები არ არის დასაბუთებული შესაბამისი მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით და მხარეთა შორის 2008 წლის 23 იანვრის სატრანსპორტო საშუალების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების 2.4, 5.2.2 და 8.2 პუნქტების შინაარსის ანალიზიდან გამომდინარე ჩათვალა, რომ 5.2.2 პუნქტის მიზნებისათვის მყიდველის მიერ ავტომანქანის შენახვის საფასურის გადახდის ვალდებულების წარმოშობის ფაქტობრივი საფუძველია მყიდველის მიერ სახელმწიფო სარეგისტრაციო ორგანოში ავტომანქანის ტექნიკური პასპორტის გასაფორმებლად სათანადო დოკუმენტაციის წარდგენასა და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის ვალდებულებების დარღვევა.
სასამართლოს მოსაზრებით, შ. გ-მა დაარღვია არა 2.4. პუნქტის მოთხოვნა, რომლის დარღვევაც წარმოადგენს 5.2.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების საფუძველს, არამედ ავტომანქანის გაყვანის ვალდებულება, რომლის დარღვევაც წარმოადგენს 8.2. პუნქტით გათვალისწინებული გაყვანის შეფერხებისათვის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებული საზღაურის გადახდის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება 5.2.2. პუნქტით გათვალისწინებული შენახვის საფასურის აპელანტისათვის დაკისრების უსაფუძვლობის თაობაზე და მიიჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში შპს ,,ო. მ-ის” შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, სააპელაციო პალატა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით არ დაეთანხმა აპელანტის პოზიციას, 8.2. პუნქტის შესაბამისად, 1820 ევროს დაკისრების ნაწილში, რადგან განსახილველ შემთხვევაში, შ. გ-ის მიერ შეძენილი ნივთის მიღების (ავტომანქანის გაყვანის) ვალდებულების დარღვევა დადგენილია. შესაბამისად დასაბუთებულია შეგებებული სარჩელის მოთხოვნა 8.2. პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით აპელანტისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, 2008 წლის 23 იანვრის ხელშეკრულების 5.2.2. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო, სატრანსპორტო საშუალების შენახვის ხარჯის ანაზღაურების სახით შ. გ-ისათვის 2008 წლის 11 თებერვლიდან 2010 წლის 21 ივნისამდე 4 555 ევროს დაკისრების შესახებ და ჩათვალა, რომ ამ ნაწილში შპს ,,ო. მ-ს” უარი უნდა ეთქვას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის, 488-ე მუხლის პირველი ნაწილის, 491-ე მუხლის პირველი ნაწილის, 352-ე, 405-ე მუხლების თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება შპს ,,ო. მ-ის” მხრიდან, სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევა, კერძოდ, ნაკლიანი ნივთის გადაცემის ფაქტი, რის გამოც შ. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ავტომანქანის შენახვის საზღაურის გადახდის შესახებ შპს «ო. მ-ის» მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მითითებულ ნაწილში მისი გაუქმება და შ. გ-სათვის 4555 ევროს ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ არ შეასრულა ხელშეკრულების 2.4 პუნქტით განსაზღვრული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების ვალდებულება, რაც, იმავე ხელშეკრულების 5.2.2 პუნქტის შესაბამისად, წარმოშობს ავტომანქანის შენახვის საფასურის გადახდის ვალდებულებას. აღნიშნული კი უნდა განხორციელდეს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
პალატამ სათანადოდ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 2.4 და 8.2 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები სხვადასხვა სამართლებრივი ბუნებისაა. 2.4 მუხლი ადგენს ავტომანქანის შენახვის საზღაურის გადახდის ვალდებულებას, როგორც 5.1.6 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების _ ავტომანქანის შენახვის საცალო შესრულებას. რაც შეეხება 8.2 პუნქტს, იგი მიზნად ისახავს ავტომანქანის დროულად გაყვანაზე მყიდველის ვალდებულების უზრუნველყოფას და ადგენს პირგასამტეხლოს აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის. ამასთან, პირგასამტეხლოს დარიცხვა მოწინააღმდეგე მხარეს არ ათავისუფლებს სხვა ვალდებულების _ ავტომანქანის შენახვის მომსახურების ღირებულების გადახდისაგან.
ამდენად, სააპელაციო პალატამ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებანი, თუმცა მათი შეფასებისას არასწორად მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის ვალდებულება პირგასამტეხლოს გადახდაზე გამორიცხავდა მის ვალდებულებას, ავტომანქანის შენახვის მომსახურების ღირებულების გადახდაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით შპს «ო. მ-ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს «ო. მ-ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს «ო. მ-ს» უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2011 წლის 12 აგვისტოს გადახდილი 540 ლარის 70% _ 378 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «ო. მ-ის» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ შპს «ო. მ-ს» (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 378 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.