ას-1407-1422-2011 20 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს “ს. რ-ა” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ო. ჯ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. ჯ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ს. რ-ის” მიმართ მატერიალური ზიანის _ 15000 ლარისა და მორალური ზიანის _ 10 000 ლარის ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით ო. ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს ,,ს. რ-ას” ო. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4 000 ლარის გადახდა მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
გორში, ქ-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს ო. ჯ-ი.
2003 წლის 8 იანვარს გრაკალი-უფლისციხის გადასარბენზე შევრონის ვაგონის გადავარდნის შედეგად დაზიანდა ქ-ის თემის საკრებულოს საადგილმამულო ზონარგაყრილ წიგნში ¹231-ით ფიქსირებული ე.წ. ,,ლ-ში” მდებარე მოსარჩელის კუთვნილი 0.12 ჰა მიწის ნაკვეთი და მის მფლობელობაში არსებული ნარგავები (15-20 წლიანი 18 ძირი კაკალი, ასევე 60-70 ძირი ვენახი). ყურძნის საშუალო საცალო საბაზრო ფასები ერთ კილოგრამზე შეადგენს 1.30 ლარს.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, დადასტურებულია მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელისათვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, არსებობს სამართალდარღვევის შემადგენლობის სამივე ნიშანი, რაც სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე წარმოშობს მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს “ს. რ-ამ” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლოს არ შეუფასებია შპს “ს. რ-ის” გეოლოგების _ ზ. ვ-ასა და ზ. ჯ-ის განმარტება, რომ 2005 წლის 28 მარტის ახსნა-განმარტებაში ინფორმაცია მოსარჩელის კუთვნილი მცენარეების დაზიანების შესახებ დაფიქსირდა შეცდომით, მხოლოდ მოსარჩელის განმარტებაზე დაყრდნობით.
სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ 2005 წლის 15 თებერვლის ¹4-1-9/224 წერილი და 2004 წლის 12 ნოემბრის აქტი დაუსაბუთებელია, რადგან არ არის მითითება იურიდიული ძალის მქონე წერილობით მტკიცებულებაზე და დასკვნები სადავო ნარგავების დაზიანებისა და ამ დაზიანებაში რ-ის ბრალეულობის თაობაზე აქტში მოცემულია ვარაუდის სახით.
სასამართლოს მოცემული დავის განხილვისას არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408-ე, 409-ე მუხლები, რადგან მიზეზობრივი კავშირი მომხდარ ფაქტსა და დამდგარ შედეგს შორის არ არსებობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით შპს “ს. რ-ის” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს “ს. რ-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს “ს. რ-ას” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2011 წლის 26 აგვისტოს გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ს. რ-ის” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ შპს “ს. რ-ას” (საიდენტიფიკაციო კოდი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ “სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე” გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.