Facebook Twitter

ას-1411-1426-2011 24 ოქტომბერი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ვ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ივლისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. მ-ის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ შემდეგი დასაბუთებით: 2008 წლის 18 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულებით მ. მ-მა საკუთრებაში მიიღო რა მოსარჩელის ქონება შეწყვიტა მასზე ზრუნვა, აყენებს შეურაცხოფას მის მიმართ უმადურობას იჩენს. აღნიშნული ქმედებები მოსარჩელეს აყენებს მორალურ ტრავმას, რაც ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველია.

მ. მ-მა სარჩელი არ ცნოBშემდეგი დასაბუთებით:H ვ. მ-ის მიმართ მზრუნველობას იჩენდა სადავო ხელშეკრულების დადებამდე და მას შემდეგაც. ჩუქების ხელშეკრულება არ უნდა გაუქმდეს, რადგან დასაჩუქრებულს მჩუქებლის მიმართ უმადურობა არ გამოუჩენია, უვლის და არც შეურაცხყოფა მიუყენებია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2008 წლის 18 აგვისტოს, უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, ვ. მ-მა თბილისში, მ-ს ქ. ¹123-ში მდებარე უძრავი ნივთი საკუთრებაში გადასცა მ. მ-ს. ჩუქების ხელშეკრულება დამოწმებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ და უძრავი ქონება ირიცხება მოპასუხის სახელზე. მ. მ-ი არის ვ. მ-ის ქალიშვილი. სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით, დადასტურებულად არ მიიჩნია ვ. მ-ის მიერ სარჩელში ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად მითითებული გარემოებები მ. მ-ის მხრიდან მოსარჩელის მიმართ სადავო გარიგების დადების შემდეგ შეურაცხყოფის ან უმადურობის გამოვლენის შესახებ. მ. მ-ის მიერ მოსარჩელის მიმართ უმადურობის გამოვლენის ფაქტი არ დასტურდებოდა არც მოწმეთა ჩვენებით, კერძოდ, მოწმის სახით დაკითხული ნ. მ-ის ჩვენებასთან დაკავშირებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. მ-ი ვერ ფლობდა სრულყოფილ ინფორმაციას საქმის სადავო ფაქტობრივი გარემოებების შესახებ და მისი ჩვენება ეწინააღმდეგებოდა მოსარჩელის განმარტებასაც. სასამართლომ არ გაიზიარა ასევე მოწმის სახით დაკითხულ მაია გულისაშვილისა და ნ. წ-ის ჩვენებები და აღნიშნა, რომ მათ ვერ მიუთითეს, მოსარჩელის მიმართ უმადურობის ან შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებზე.

სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ მჩუქებლისაგან ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ მიღების სანაცვლოდ დასაჩუქრებულს აკისრებს ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. ჩუქების მოშლას იწვევს არა ყოველგვარი ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედება, არამედ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხს მჩუქებლის ქცევის გათვალისწინებით და ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას წარმოადგენს თუ არა გამოვლენილი უმადურობა და მიყენებული შეურაცხყოფა ხელშეკრულების გაუქმების საფუძველს, მითითებული ნორმით გათვალისწინებულ გარემოებათა მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ზეპირი განმარტების გარდა არ არსებობდა სხვა რაიმე მტკიცებულება მოპასუხე (დასაჩუქრებული) მ. მ-ის მხრიდან ვ. მ-ისათვის მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად.

აპელანტის მიერ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას საფუძვლად მითითებულ გარემოებები სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია და აღნიშნა, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდგომ, 2010 წლის ივნისამდე ვ. მ-ი ცხოვრობდა მ. მ-თან და უვლიდა მას. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ვ. მ-ი ამჟამად ცხოვრობს მის მიერ გაჩუქებულ ბინაში და მ. მ-ს არასდროს აუკრძალავს მისთვის ნაჩუქარი ქონებით სარგებლობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მ. მ-ი არ იცავს ზნეობრივ ფასეულობებს და უპატივცემულობას იჩენს დედის მიმართ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. მ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლო პროცესზე გამოიკვეთა, რომ მოპასუხე ნამდვილად იჩენდა უმადურობას მის მიმართ, აყენებდა შეურაცხყოფას, რაც სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ თითქოს მოსარჩელემ ვერ შესძლო სასარჩელო მოთხოვნის ფაქტის დადასტურება, რაც სასამართლომ ასევე არასწორად შეაფასა. ჩუქების შემდეგ ვ. მ-ი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, ვინაიდან იგი, შრომის უნარის დაქვეითების გამო, საყოფაცხოვრებო პირობებს ვერ შეიქმნის. დასაჩუქრებულმა ჩუქების ხელშეკრულებით იკისრა ვალდებულება, რომ მოუვლიდა დედას და უზრუნველყოფდა ცხოვრების პირობებით, რაც ფაქტობრივად მან არ შეასრულა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

მოცემული დავის საგანია ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.