ბს-1425-1000(კ-05) 31 მაისი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. წკეპლაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: სამსახურში აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
12.11.04წ. გ. მ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და ....... შს განყოფილების მიმართ და მისი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1990 წლიდან აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს ......... განყოფილებაში მუშაობდა, 3 წლის განმავლობაში _ არასრულწლოვანთა განყოფილებაში ინსპექტორად, შემდეგ _ უბნის ინსპექტორად, 2 წლის განმავლობაში _ ......... შს განყოფილების ......... პოლიციის ქვეგანყოფილების უბნის უფროსად, ხოლო განთავისუფლებამდე 2 წელი _ უბნის ინსპექტორის თანამდებობაზე. 12.07.04წ. გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ, ხოლო 23.12.04წ. შტატების შემცირების მოტივით გაათავისუფლეს სამსახურიდან. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ........ შს განყოფილების .......... პოლიციის ქვეგანყოფილების პოლიციის უბნის ინსპექტორის შტატი არ შემცირებულა და მის ნაცვლად აღნიშნულ თანამდებობაზე მიღებულია სხვა თანამშრომელი. მოპასუხე ......... რაიონის შს განყოფილებამ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს შს მინისტრის 10.07.04წ. ¹379 ბრძანების მოთხოვნის შესაბამისად საქართველოს შს სამინისტროს ყველა თანამშრომელს, მათ შორის გ. მ-აც კადრების განკარგულებაში გადასვლასთან დაკავშირებით დაწერილი ჰქონდა პატაკი. მოპასუხის განმარტებით, თანამშრომლების შერჩევა მიმდინარეობდა მათი განათლების და ნამსახურობის გათვალისწინებით. მოპასუხის განცხადებით, გ. მ-ე მხოლოდ ბოლო სამიწ. განმავლობაში ........ შს განყოფილების ხელმძღვანელების მიერ დისციპლინური წესით ორჯერ იქნა დასჯილი: 08.06.02წ. ....... შს რაიგანყოფილების ¹19 ბრძანებით გამოცხადებული ჰქონდა «საყვედური», 16.04.03წ. ¹13 ბრძანებით _ «სასტიკი საყვედური». აღნიშნულის გათვალისწინებით გ. მ-ეს არ მიენიჭა უპირატესობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 15.02.05წ. გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გ. მ-ის განთავისუფლების შესახებ აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 23.12.04წ. ¹269 პ/შ ბრძანება და გ. მ-ე აღდგენილ იქნა კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამსახურის განკარგულებაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 15.02.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა ორგანოებში მნიშვნელოვნად შემცირდა საშტატო ერთეულები და ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად ლიკვიდირებულ იქნა რიგი სამსახურები, მათ შორის, უბნის ინსპექტორის სამსახური, სადაც მუშაობდა მოსარჩელე.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 15.08.05წ. გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 15.02.05წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. მ-ის სარჩელი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შს მინისტრის 10.07.04წ. ¹379 ბრძანებით გამოცხადდა აჭარის ა/რ შს ორგანოების სტრუქტურული რეორგანიზაცია და ახალი საშტატო განლაგება, მნიშვნელოვნად შემცირდა შტატების რაოდენობა როგორც მთავარ სამმართველოში, ასევე, ......... შს განყოფილებაში, რის გამო, «შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე მთლიანი შემადგენლობა აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. 23.12.04წ. ¹269 პ/შ ბრძანებით, გ. მ-ე განთავისუფლდა სამუშაოდან კადრების განკარგულებაში ყოფნის ზღვრული 4-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ შტატების შემცირებით სამსახურში გამოყენების შეუძლებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შს ორგანოების მუშაკთათვის სპეციალური კანონმდებლობას წარმოადგენს «პოლიციის შესახებ» კანონი, «საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ»´დებულება, რომელთა შესაბამისადაც განხორციელდა შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლების, მათ შორის, გ. მ-ის ჯერ კადრების განკარგულებაში აყვანა, ხოლო შემდეგ _ შს ორგანოებიდან სამხედრო ძალების თადარიგში დათხოვნა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ბრძანება გამოცემულია შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა დაცვით. სააპელაციო სასამართლოს აზრით, სწორედ შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტით არ მიენიჭა გ. მ-ეს სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება, კერძოდ, კვალიფიკაციის და შრომის ნაყოფიერების ნიშნით.
სააპელაციო სასამართლოს 15.08.05წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-ემ. კასატორის აზრით, სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევით დაადგინა, რომ რეორგანიზაციის შემდეგ ........ შს განყოფილების ....... ქვეგანყოფილებაში მნიშვნელოვნად შემცირდა საშტატო ერთეულები. კასატორის განცხადებით, შს მთავარი სამმართველოს მიერ წარმოდგენილი საშტატო განრიგით დასტურდება, რომ უბნის ინსპექტორების საშტატო ერთეული ........ ქვეგანყოფილებაში გ. მ-ის სამუშაოდან განთავისუფლების შემდეგაც უცვლელია.
კასატორის აზრით, სააპელაციო პალატა არასაწორად ასაბუთებს გ. მ-ის სამუშაოდან დათხოვნის საფუძველს და მიუთითებს ხანდაზმულ დისციპლინურ სასჯელებზე. კასატორმა აღნიშნა, რომ «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების 45-ე მუხლის თანახმად, დისციპლინური სახდელი შს ორგანოს თანამშრომლის მიმართ ითვლება მოხსნილად, თუ მისი შეფარდების დღიდან 1წ. განმავლობაში მას ახალი სახდელი არ შეეფარდა. გ. მ-ის განთავისუფლების საფუძვლად გასაჩივრებულ ბრძანებაში მითითებულია შტატების შემცირება. უბნის ინსპექტორის საშტატო ერთეული არ შეცვლილა. სასამართლოს საერთოდ არ უნდა ემსჯელა ხანდაზმულ დისციპლინურ სასჯელებზე. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ გ. მ-ეს მონაწილეობა ჰქონდა მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებაში. კასატორმა აღნიშნა, რომ «ომისა და შეიარაღებულ ძალებში მონაწილეთა შესახებ» კანონის მე-15 მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად, სამუშაო სტაჟის ხანგრძლივობის მიუხედავად სახელმწიფო დაწესებულებებში შტატების შემცირების დროს სამუშაოზე უპირატესი დარჩენის უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეებს. კასატორის აზრით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, რადგან ამ მუხლის გამოყენება შეიძლებოდა მხოლოდ მაშინ, თუ თანამშრომელთა შორის კონკურენცია წარმოიშობოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის საფუძვლების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთ. სამმართველოს უფროსის 23.12.04წ. ¹269 პ/შ სადავო ბრძანებით კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამსახურის განკარგულებაში მყოფი, ........ შს რაიგანყოფილების ........ პოლიციის ქვეგანყოფილების პოლიციის უბნის ყოფილი ინსპექტორი, პოლიციის მაიორი გ. მ-ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგში. სადავო ბრძანებაში დათხოვნის საფუძვლად მითითებულია შტატების შემცირება. ამდენად, გ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების საკითხის გარკვევა, სავალდებულო წესით მოითხოვს შტატების შემცირების არსებობის ფაქტის დადგენას. მიუხედავად ამისა, სასამართლოს არ დაუდგენია რეორგანიზაციამდე და მის შემდეგ არსებული საშტატო ერთეულების რაოდენობა, შესაბამისად, არ არის შესრულებული სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა მტკიცებულებების შეფასების შედეგად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის შესახებ სასამართლოს მიერ დასკვნის გამოტანის შესახებ.
გ. მ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნის სააპელაციო პალატის მითითება იმის შესახებ, რომ უკანასკნელი სამიწ. განმავლობაში გ. მ-ის მიერ ორჯერ იქნა გამოყენებული დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება, ვინაიდან სადავო ბრძანების გამოცემის მომენტისათვის დისციპლინური სასჯელები, საქართველოს პრეზიდენტის 17.03.97წ. ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების 45-ე მუხლის, აგრეთვე, შს მინისტრის 26.11.96წ ¹906 ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების დისციპლინური წესდების» 35-ე მუხლის თანახმად, მოხსნილად ითვლებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სსკ-ის 397-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის მიხედვით საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის სრულყოფილად გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც არ იძლევა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების, საქმის სამართლებრივი ასპექტების შეფასების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა საჭიროდ თვლის საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას, სსკ-ის 377-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სრულყოფილ შემოწმებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 15.08.05წ. გადაწყვეტილება. საქმე განსჯადობით არსებითად განსახილველად გადაეგზავნოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.