ას-1421-1436-2011 26 ოქტომბერი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები – მ. ლ-ე, მ. მ-ი, მ. ზ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ივლისის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა _ საქმის წარმოების შეწყვეტა
დავის საგანი – იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. მ-ისა და მ. ლ-ის მიმართ იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 19 ივლისის განჩინებით თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით თ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა თ. მ-მა და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა შემდეგი საფუძვლებით: იპოთეკარმა მერიმ აზ-მა საკუთარი ნებით გააუქმა იპოთეკის ხელშეკრულება კასატორის კუთვნილ ბინაზე და განაცხადა, რომ შესაბამის უძრავ ქონებაზე პრეტენზია აღარ აქვს. სანოტარო აქტი იპოთეკის გაუქმების შესახებ დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, რის შედეგადაც იპოთეკისგან გათავისუფლდა ქ.თბილისში, ტ-ის ქ. ¹106-ში მდებარე ¹2 ბინა. შესაბამისად, კასატორს აღარ აქვს დავის გაგრძელების ინტერესი, ვინაიდან აღარ არსებობს დავის საგანი, რის გამოც სურს სარჩელზე უარის თქმა და საქმის წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა განცხადების საფუძვლების შემოწმებისა და საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. მ-ის განცხადება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 19 ივლისის განჩინებით თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. აღნიშნული საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-მა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.
მოცემულ შემთხვევაში კასატორმა _ თ.მ-მა საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამავე კოდექსის 378-ე, 272-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნევს, რომ, თ.მ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს წარმოება. ამასთანავე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის საფუძველზე ერთმევა შესაძლებლობა, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი;
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე 284-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. მ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს.
შეწყდეს თ. მ-ის საკასაციო საჩივარზე წარმოება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.