Facebook Twitter

ას-1424-1439-2011 24 ოქტომბერი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ შპს «ს. რ-ა»

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. კ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ სარჩოს ოდენობის გაზრდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 6 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მ. კ-ემ მოპასუხე შპს «ს. რ-ის» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 2010 წლის დეკემბრის თვიდან ყოველთვიური სარჩოს დაკისრება 328.30 ლარის ოდენობით (ტომი I, ს.ფ. 1-9).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის 6 დეკემბრიდან ყოველთვიურად 328.30 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით შპს «ს. რ-ას» დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 354.5 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით დადგინდა მოპასუხის _ შპს «ს. რ-ის» ბრალი დამდგარ ზიანში და მ. კ-ეს სრულად აუნაზღაურდა სტაციონარში მკურნალობის სხვადასხვა დანახარჯი;

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ასევე დადგინდა, რომ მ. კ-ის დასახიჩრებაში ბრალი მიუძღოდა მოპასუხეს _ შპს «ს. რ-ას» და სარჩელი 2004 წლის დეკემბრიდან ყოველთვიური სარჩოს სახით 108 ლარის დაკისრების შესახებ სრულად დაკმაყოფილდა;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს «ს. რ-ას» დაეკისრა 2003 წლის 18 იანვრიდან 2004 წლის 29 ნოემბრის პერიოდისათვის თითოეულ თვეზე 108 ლარი, სულ 2376 ლარი სარჩოს სახით;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 იანვრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დადგენილია, რომ მ. კ-ემ 1997 წლის 25 მარტს მიიღო დასახიჩრება შპს «ს. რ-ის” ბრალეული ქმედებით, რა დროსაც საჭირო გახდა ორივე ქვედა კიდურის ამპუტაცია. ამავე განჩინებით დგინდება, რომ მ. კ-ე 1997 წლის 25 მარტამდე მუშაობდა მასწავლებლად და შპს «ს. რ-ას” მის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიური სარჩო 166 ლარის ოდენობით;

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 1997 წლის 10 ნოემბრის დასკვნით მ. კ-ეს დაუდგინდა I ჯგუფის ინვალიდობა მუდმივად. ამავე დასკვნის თანახმად, მას მუდმივად სჭირდება მომვლელი;

2010 წლის 29 ნოემბერს ს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზუგდიდის რაიონის ოქტომბრის საჯარო სკოლის დირექტორის, მ.ა-ას მიერ გაცემული ¹458 ცნობის მიხედვით, მ. კ-ის ცენზის, კატეგორიისა და სტაჟის მქონე მასწავლებლის ხელფასი შეადგენს 328.30 ლარს.

საქმის განმხილველმა სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის «ბ” ქვეპუნქტზე. ამ ნორმის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ, ესენია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დადგენილია მ. კ-ისათვის მოაპსუხის ბრალეული ქმედებით ზიანის მიყენების ფაქტი. დადგენილია ასევე, რომ საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილ ზიანზე პასუხისმგებლობა დაეკისრა მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს _ შპს «ს. რ-ას».

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს, თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ საქმეში, მოსარჩელემ წარადგინა ზუგდიდის რაიონის ოქტომბრის საჯარო სკოლის დირექტორის მ.ა-ას მიერ გაცემული ¹458 ცნობა, რომლითაც მ. კ-ის ცენზის, კატეგორიისა და სტაჟის მქონე მასწავლებლის ხელფასი შეადგენდა 328.30 ლარს.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე. აღნიშნულის შესაბამისად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

მოცემულ შემთხვევაში ცალსახად დგინდებოდა, რომ მოსარჩელეს მოპასუხის ბრალეული ქმედებით მიადგა ზიანი, მოსარჩელემ დაკარგა შრომის უნარი, იგი ვერ იღებდა იმ შემოსავალს, რაც შეეძლო მიეღო სამსახურში ყოფნის შემთხვევაში და რომლის ოდენობა საქმეში არსებული მტკიცებულებით შეადგენდა 328.30 ლარს. საქმეზე ასევე დგინდებოდა, რომ მ. კ-ე მუშაობდა პედაგოგად და ზემომითითებული გარემოებების გამო დაკარგა აღნიშნული სამსახური. ამასთან, მისი მდგომარეობა არ იძლეოდა საშუალებას კვლავ შეესრულებინა ადრე არსებული სამსახურებრივი მოვალეობები. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. კ-ეს მოპასუხის ბრალეული ქმედების შედეგად დამდგარი ზიანის გამო, წაერთვა შესაძლებლობა მიეღო შემოსავალი სწორედ აღნიშნული ოდენობით.

საქალაქო სასამართლომ მოიხმო სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვდა დასახიჩრების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას _ დაკისრებული სარჩოს გადაანგარიშებას.

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხეზე დასაკისრებლად საჭიროა სახეზე იყოს ,,სამართალდარღვევის» შემადგენლობა, რომლის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

საქმის განმხილველმა სასამართლომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელისა და მოპასუხის ახსნა-განმარტებებით, საქმეში წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, პრეიუდიციული ხასიათის მტკიცებულებებით, დადასტურებულად მიიჩნია მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელისათვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზე იყო სამართალდარღვევის შემადგენლობის სამივე ნიშანი, აღნიშნული კი სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე წარმოშობდა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია, ან ამისთვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგინდა, რომ მ. კ-ემ 1997 წლის 25 მარტს მიიღო დასახიჩრება შპს «ს. რ-ის» ბრალეული ქმედებით, რა დროსაც მოეკვეთა ორივე ქვედა კიდური. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 1997 წლის 10 ნოემბრის დასკვნით მ. კ-ეს დაუდგინდა I ჯგუფის ინვალიდობა მუდმივად და ამავე დასკვნის თანახმად, მას მუდმივად სჭირდება მომვლელი. დასახიჩრებამდე იგი მოღვაწეობდა პედაგოგად და იღებდა შესაბამის ანაზღაურებას, რომელიც დღევანდელი დღისათვის შეადგენს 328.30 ლარს. დასახიჩრების შედეგად კი იგი გახდა შრომისუუნარო.

საქალაქო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, ბუნებრივია, არ შეიძლებოდა მსჯელობა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შესაძლებლობაზე. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა მისცემოდა განცდილი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება.

ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მითითებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების (გადაანგარიშების) ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო და მოთხოვნილი თანხა უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს (ტომი I, ს.ფ. 81-87).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს. რ-ამ» (ტომი I, ს.ფ. 93-102).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით შპს «ს. რ-ის» სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ის პუნქტი, რომლითაც დადგინდა შპს «ს. რ-ისათვის» სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 354.5 ლარის დაკისრება და მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისრა 58.43 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა, შპს «ს. რ-ას» სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 ლარიდან, ზედმეტად გადახდილი 75 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზუგდიდის რაიონის ოქტომბრის საჯარო სკოლის დირექტორ მ.ა-ას 29.11.2010წ. ¹458 ცნობა არასაკმარისი მტკიცებულება იყო იმის დასადასტურებლად, თუ რა იქნებოდა მ. კ-ის სახელფასო განაკვეთი დღეის მდგომარეობით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სწორედ აპელანტის მიერ მითითებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის ¹576 ბრძანებით დამტკიცებულ «საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციით» არის განსაზღვრული, პედაგოგის განათლების და კვალიფიკაციის, საჯარო სკოლაში პედაგოგის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილებისა (სამუშაო სტაჟი) და სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით, მასწავლებლების ხელფასებისა და ხელფასებზე დანამატების მინიმალური ზღვარი, რომელიც, როგორც ირკვეოდა, საქმეში წარდგენილი ცნობის გაცემისას მხედველობაში იქნა მიღებული, ვინაიდან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების დიპლომის (აღნიშნული ინსტრუქციის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის «დ» ქვეპუნქტით გათანაბრებულია მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან), 10 წლის ზემოთ სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგთა სახელფასო განაკვეთის მინიმალურ ზღვარს წარმოადგენს სადავო ცნობაში მითითებული 328.30 ლარი. სხვა მტკიცებულება, რაც მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოების საწინააღმდეგოს დაადასტურებდა, მოპასუხის მხრიდან წარდგენილი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ მ. კ-ეს დამდგარი ზიანის გამო შეეზღუდა უფლება, მიეღო შემოსავალი სწორედ აღნიშნული ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩოს ოდენობის გაზრდის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 408-ე, 409-ე და 992-ე მუხლებით.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 408-ე მუხლები.

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს ეს ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მოსარჩელე მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მ. კ-ის ცენზის, კატეგორიისა და სტაჟის მქონე მასწავლებლის ხელფასი შეადგენდა 328.30 ლარს, დღეის მდგომარეობით დანიშნული სარჩოს ოდენობა კი _ 166 ლარს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაზარალებულისათვის დანიშნული სარჩო ექვემდებარებოდა გადაანგარიშებას და მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი უნდა განსაზღვრულიყო 328.30 ლარის ოდენობით, ე.ი. იმ ოდენობით, რომელსაც იგი მიიღებდა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების შემთხვევაში.

რაც შეეხებოდა აპელანტის მითითებას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების 2011 წლის 10 იანვრის ¹05/64 ცნობაზე, რომლის თანახმად, მ. კ-ეს დანიშნული აქვს პენსია ინვლიდობისათვის, თვეში 80 ლარის ოდენობით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დასახიჩრებული პირი ყოველთვიურ სარჩოს იღებს მისი კატეგორიის მოქმედი მუშაკის ხელფასის ოდენობით. ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ინვალიდობისათვის განსაზღვრული პენსია გათვალისწინებული ვერ იქნება სარჩოს გადაანგარიშებისას, რადგან საქართველოს კანონის «სახელმწიფო პენსიის შესახებ» შესაბამისად, შესაძლებლობის შეზღუდვა წარმოადგენს სახელმწიფო პენსიის დაწესების საფუძველს, რომლითაც სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ კანონით გათვალისწინებულ პირებს მინიმალური საარსებო საშუალებით. ამდენად, შპს «ს. რ-ას» მ. კ-ის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა სარჩოს გადახდა სრულად, 328.30 ლარის ოდენობით, ინვლიდობისათვის სახელმწიფოს მიერ დანიშნული პენსიის გამოკლების გარეშე (150 ლარის ნახევარი) ლარი (ტომი II, ს.ფ. 61-72).

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს. რ-ამ», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივარი შემდეგნაირადაა არგუმენტირებული:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად არასწორი კვალიფიკაცია მისცა მათ. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის ¹576 ბრძანება. აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული «საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის» შესაბამისად, საჯარო სკოლის პედაგოგთა შრომის ანაზღაურებისას მხედველობაშია მისაღები პედაგოგის განათლება და კვალიფიკაცია, საჯარო სკოლაში პედაგოგის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება (სამუშაო სტაჟი) და სამუშაოს სპეციფიკა. ამის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარუდგენია;

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 408-ე მუხლები. მითითებული მუხლები, რომლებიც შეეხება ზიანის, მათ შორის ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანის ანაზღაურების საკითხს, არ ითვალისწინებს სარჩოს გადაანგარიშებას. პირველადი მდგომარეობის აღდგენა სხვადსხვა გარემოებების არსებობის გამო ყოველთვის არ არის შესაძლებელი. პირველადი მდგომარეობის აღდგენა მხარეს სრულად მხოლოდ მაშინ შეიძლება დაეკისროს და მისი სრული ანაზღაურება მხოლოდ მაშინ არის განხორციელებადი, როდესაც სახეზეა აშკარად დაკარგული აქტივი ფაქტობრივად დამდგარი თუ მიუღებელი შემოსავლის სახით. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შეუძლებელია განისაზღვროს ზუსტად აქტივი, რომელსაც მხარე მიიღებდა სრულად იმ ოდენობით რა ოდენობითაც ის მოითხოვს. მხარე ვერ ადასტურებს მის რეალურად არსებობას. უამრავ ფაქტორს შეიძლებოდა მოეხდინა გავლენა იმ გარემოებების არსებობა-არარსებობაზე, რომლის პირობებშიც მოსარჩელე ან მიიღებდა ან ვერ მიიღებდა იმ აქტივს, რასაც დღეისათვის ითხოვს, როგორც მიუღებელ შემოსავალს. მ. კ-ის მიერ წარმოდგენილი ცნობა არის არასაკმარისი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, თუ რა იქნებოდა მისი სახელფასო განაკვეთი დღეის მდგომარეობით, რადგან საჯარო სკოლის პედაგოგთა შრომის ანაზღაურებისას მხედველობაშია მისაღები პედაგოგის განათლება და კვალიფიკაცია, საჯარო სკოლაში პედაგოგის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება (სამუშაო სტაჟი) და სამუშაოს სპეციფიკა. ამის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარუდგენია. ზემოაღნიშნული გარემოებები ნათელს ხდის იმ გარემოებას, რომ პირველადი მდგომარეობა მოსარჩელის მხრიდან დაყენებული მოთხოვნის ლოგიკიდან გამომდინარე მხოლოდ სავარაუდო ხასიათს ატარებს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელსაც თავისი მოთხოვნის საფუძვლად უთითებს. აღნიშნული დანაწესი გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპიდან _ შეჯიბრებითობის პრინციპიდან. გარდა ამისა, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისითაც, ზიანის მიყენებისას მხარემ უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოება, ანუ მოცემულ შემთხვევაში მ. კ-ე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად მიიღებდა ამ შემოსავალს ფიქსირებული სტაბილური ხელფასის სახით მისი გაზრდის გათვალისწინებით სიცოცხლის ბოლომდე.

სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია და არ უმსჯელია მოპასუხის მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მიერ 2011 წლის 10 იანვარს გაცემულ ¹05/64 ცნობაზეც, რომლის თანახმად მ. კ-ეს ამჟამად დანიშნული აქვს პენსია ინვალიდობისათვის, 80 ლარის ოდენობით. თუ საუბარია პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაზე, ანუ თუკი მ. კ-ეს ტრამვა არ მოუვიდოდა და იმუშავებდა, ასეთ შემთხვევაში ის ვერ მიიღებდა ინვალიდობის პენსიას თვეში 80 ლარის ოდენობით, რასაც ტრავმის გამო იღებს. საგულისხმოა რომ დღეს ის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე იღებს სარჩოს, რომელიც არის ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობა (ტომი II, ს.ფ. 75-82).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით შპს «საქართველოს რ-ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) 70% _ 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს «ს. რ-ას» დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) 70% _ 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.