Facebook Twitter

ას-1500-1524-2011 21 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ მ. მ-ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ თ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები _ მ. გ-ი, ლ. დ-ი, ც. ჩ-ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ სამკვიდრო მოწმობის, ჩუქების ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. დ-ისა და ც. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მ. გ-ის სარჩელი სამკვიდრო მოწმობის, ჩუქების ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ლ. გ-ის მიერ 2007 წლის 8 მაისს თ. გ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა ¹2-78, 2007 წლის 28 მაისს თ. გ-ის მიერ მ. მ-ის სასარგებლოდ დადებული ჩუქების ხელშეკრულება და მ. მ-ის სახელზე არსებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი (რეგისტრაციის ¹..., სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე და საცხოვრებელ სახლზე).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება მ. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებულ ნაწილში დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ლ. გ-ის მიერ 2007 წლის 8 მაისს თ. გ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა (¹2-78) 1/3 ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 28 მაისს თ. გ-სა და მ. მ-ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება 1/3 ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი მ. მ-ის სახელზე არსებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი (რეგისტრაციის ¹..., სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე და საცხოვრებელ სახლზე) 1/3 ნაწილში; მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ის წარმომადგენელმა ა. პ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ივნისის განჩინებით მ. მ-ის წარმომადგენელ ა. პ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

2011 წლის 1 სექტემბერს მ. მ-მა საჩივრით მიმართა საკასაციო სასამართლოს, ხოლო ამავე წლის 27 სექტემბერს მისმა წარმომადგენელმა თ. მ-ემ კვლავ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუქმებულა.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 თებერვლის განჩინებით და შევიდა კანონიერ ძალაში. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მ. მ-ი ესწრებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების გამოცხადებას და მას ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით დადგენილი პირობები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით უკვე იყო განხილული უზენაესი სასამართლოს მიერ და გასაჩივრებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად, მ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მეორე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-ის წარმომადგენელ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.