Facebook Twitter

ას-224-210-2011 6 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს “ა-ოს” ლიკვიდატორი ზ. გ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ “საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო” (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ შპს “ა-ოს” მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამოშლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს “ა-ოს” ლიკვიდატორმა ზ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ შპს “ა-ოს” ლიკვიდაციის რეგისტრაციის თაობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემისა და აღნიშნულის გამო სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: 2004 წლის 3 ივნისს შპს “ა-ოს” ლიკვიდატორმა განცხადებით მიმართა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა შპს “ა-ოს” სამეწარმეო რეესტრიდან ამორიცხვა, რისთვისაც წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტი. მოგვიანებით მოსარჩელემ შეიტყო, რომ რეგისტრაცია გაუქმებული არ არის.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “ა-ოს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივნისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ.თბილისის რეგიონალური ცენტრის უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა სსიპ “შემოსავლების სამსახურის ქ.თბილისის რეგიონული ცენტრი”, ხოლო მის უფლებამონაცვლედ კი _ სსიპ “საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო”.

ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “ა-ოს” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და შპს “ა-ოს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ 2004 წლის 3 ივნისს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში, ანუ იმ პერიოდში სამეწარმეო რეესტრის მწარმოებელ ორგანოში, წარდგენილ იქნა შპს “ა-ოს” დირექტორის განცხადება შპს “ა-ოს” სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლის მოთხოვნით. განცხადებას არ მოჰყოლია საპროცესო წარმოება. საქმეში არ არის წარდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა განმცხადებლის მიერ 2004 წლის 3 ივნისიდან 2008 წლის 14 აპრილამდე მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მიმართვას.

შპს “ა-ოს” წარმომადგენელმა 2008 წლის 14 აპრილის განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას, ანუ შესაბამის პერიოდში სამეწარმეო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს და მოითხოვა 2004 წლის 3 ივნისის განცხადებაზე რეაგირება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციაში საწარმოს ლიკვიდაციის რეგისტრაცია არ განხორციელებულა. მას შემდეგ, რაც “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მარეგისტრირებელ ორგანოდ განისაზღვრა სსიპ “საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო”, შპს “ა-ოს” განცხადება არქივთან ერთად გადაეცა ამ უკანასკნელს.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი, მეხუთე ნაწილებით, 25-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და მიიჩნია, რომ შპს “ა-ოს” ლიკვიდაციის რეგისტრაცია არ განხორციელებულა, იგი ამჟამადაც ითვლება სამოქალაქო უფლებაუნარიანობის მქონე სუბიექტად.

“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მეორე, მეშვიდე პუნქტების, “მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის” საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “ა-ოს” დირექტორის მიერ წარდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ ლიკვიდაციის რეგისტრაციის მოთხოვნებს. ამას ადასტურებს თავად მოსარჩელეც. შპს “ა-ოს” ლიკვიდაცია რეგისტრირებული არ არის, იგი ამჟამადაც ითვლება სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტად. სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი ამჟამინდელ პერიოდამდე ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, ჩაბმულიყო სამოქალაქო ბრუნვაში, დაედო გარიგება და ა.შ. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომ ამჟამად მას არ ერიცხება არანაირი დავალიანება და ყველა კრედიტორი დაკმაყოფილებულია.

საქმის მასალებით არ დასტურდება არც განცხადების წარდგენის მომენტში იმ პერიოდში მოქმედი სალიკვიდაციო პროცესის მარეგულირებელი და რეგისტრაციის წესის განმსაზღვრელი საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვის ფაქტი. კერძოდ, როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც არის მართებულად აღნიშნული, “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 14.2 მუხლის შესაბამისი პერიოდის რედაქცია განამტკიცებდა ლიკვიდატორის ვალდებულებას, დანიშვნისთანავე შეედგინა ბალანსი და, თუ ბალანსიდან არ გამომდინარეობდა გადახდისუუნარობა, გაესტუმრებინა საზოგადოების ვალდებულებები. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ შპს “ა-ოს” განცხადების წარდგენის მომენტში არ გააჩნდა საგადასახადო ვალდებულებები, თუმცა საქმეში არ მოიპოვება რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა დადასტურებულიყო, რომ შპს “ა-ოს” მაშინ არ ჰქონდა სხვა სახის, ჩვეულებრივი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებები.

პალატამ აღნიშნა, რომ 2004 წლის 8 თებერვალს შპს “ა-ომ” განახორციელა საჯარო პუბლიკაცია ლიკვიდაციის თაობაზე დაინტერესებულ პირთათვის შეტყობინების მიზნით. რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ 2004 წლის 3 ივნისს განცხადების ბოლოს დანართის ჩამონათვალში ასევე აღნიშნულია ბალანსი, ეს თავისთავად ვერ ადასტურებს სათანადო შინაარსის ბალანსის არსებობას, ანუ იმ ფაქტს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი იყო ბალანსი, რომლის თანახმადაც საწარმოს აღარ ჰქონდა დავალიანება და ყველა კრედიტორი იყო გასტუმრებული.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “ა-ომ” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: შპს “ა-ომ” კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს სამეწარმეო რეესტრიდან საზოგადოების ამოშლის მოთხოვნით და მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო, მოეხდინა ლიკვიდაციის რეგისტრაცია, მიუხედავად იმისა, მიმართავდა თუ არა შემდეგ მხარე თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების გამოსარკვევად.

სასამართლომ ვერ მიუთითა სამართლებრივი ნორმა, რომლითაც შპს “ა-ოს” ევალებოდა იმაზე მეტი დოკუმენტაციის წარდგენა, ვიდრე ეს კანონითაა გათვალისწინებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ა-ოს” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში შპს “ა-ო” სარჩელით ითხოვს შპს “ა-ოს” ლიკვიდაციის რეგისტრაციასა და აღნიშნულის გამო საზოგადოების სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლას. სამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაციის განხორციელება “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შედის სსიპ “საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს” მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრის კომპეტენციაში. თავის მხრივ, სსიპ “საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო” არის “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო.

,,მეწარმეთა შესახებ’’ კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოების პირობები და რეესტრიდან ამონაწერების ფორმები განისაზღვრება საქართველოს იუსტიცის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული “მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით”. მითითებული ნორმატიული აქტის თანახმად, “მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის” მიზანია სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის სამართლებრივი და პროცედურული საკითხების განსაზღვრა, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის, საჯარო ინფორმაციისა და სხვა მონაცემების შემცველი დოკუმენტების შინაარსის, ფორმებისა და ტექნიკური პირობების დადგენა, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ადმინისტრაციული წარმოებებისა და ინფორმაციის გაცემის რეგულირება.

2011 წლის 24 ივნისს ,,მეწარმეთა შესახებ’’ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის შესაბამისადაც მეწარმე სუბიექტთა სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება ადმინისტრაციული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე. განხორციელებული ცვლილების თანახმად, ,,მეწარმეთა შესახებ’’ მე-142 მუხლის პირველი პუნქტით, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება ჩაითვალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და დადგინდა მისი გაუქმების შესაძლებლობა საქართველოს კანონმდებლობით ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გაუქმებისათვის დადგენილი წესით, გარდა მითითებული მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მე-4 პუნქტი განსაზღვრავს პროცედურას, როდესაც მარეგისტრირებელი ორგანოს მართლსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების გაუქმება იწვევს რეგისტრირებული მეწარმის რეგისტრაციის შეწყვეტას ისე, რომ მას არ რჩება სამართალმემკვიდრე, ასეთ დროს მარეგისტრირებელი ორგანო გამოსცემს რეგისტრაციისათვის ხარვეზის დადგენის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მეწარმეს განუსაზღვრავს ვადას.

ზემოაღნიშნული ცვლილება ცხადყოფს, რომ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია არ შეიძლება განხორციელდეს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით და, შესაბამისად, მითითებული დავა არ შეიძლება, გადაწყდეს სამოქალაქო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე.

სწორედ იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების მოთხოვნები შეცვლილია და განმცხადებელი არ აკმაყოფილებდა მოქმედ მოთხოვნებს, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხემ სარჩელი არ ცნო (ტ.I, ს.ფ.59-65). აპელანტი ვერ აკმაყოფილებს ვერც ამჟამად მოქმედ სარეგისტრაციო მოთხოვნებს, რა საფუძვლითაც არ ცნობდა სააპელაციო საჩივარს ამჟამად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოც.

სამოქალაქო საქმეთა პალატამ აღნიშნული დავა განიხილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. სასამართლოს ასეთი სახის მოქმედება არ გამომდინარეობს ზემოთ მითითებულ ნორმათა შინაარსიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული დავა განსახილველად უნდა გადაეცეს ადმინისტრაციულ სამართლებრივ დავათა განმხილველ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ა-ოს” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ხელახლა განსახილველად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.