Facebook Twitter

¹ბს-1425-1159-კ-04 3 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ბ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული ფილიალის მიმართ და მოითხოვა მამის _ ვ. ბ-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება და მასზე, როგორც მემკვიდრეზე, “მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” კანონის გავრცელება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ კომუნისტური რეჟიმის შედეგად დაზარალდა მისი ოჯახი, კერძოდ, მამამისი _ ვ. ბ-ი _ საქართველოს შინსახკომის ჯარების სამხედრო ტრიბუნალის მიერ გასამართლებულ იქნა 1943წ. 18 ნოემბერს და საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 58.2 მუხლის (შეიარაღებული აჯანყება) საფუძველზე მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. მამამისი _ გარდაიცვალა 1954წ. 15 აგვისტოს. მოსარჩელე ითხოვდა მამამისის, ვ. ბ-ის, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას და მასზე, როგორც მემკვიდრეზე, “მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” კანონით გათვალისწინებული სოციალური დაცვის შეღავათების გავრცელებას.

სახელმწიფო სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის კრწანისი-მთაწმინდის რაიონის ფილიალის უფროსმა თავის შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა კანონიერი იქნებოდა თუ წარადგენდა ყველა საბუთის დედანს.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 28 იანვრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ. ბ-ის სარჩელი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. ბ-რის სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის 4.2 მუხლის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება პირი, რომელიც მსჯავრდებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბი ბრალდების საფუძველზე, რაც დაკავშირებული იყო პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან, არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ და რელიგიურ კუთვნილებასთან.

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ლ. ბ-ის მამა _ ვ. ბ-ი საქართველოს შინსახკომის სამხედრო ტრიბუნალის 1943წ. 18 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 58.2 მუხლით (შეიარაღებული აჯანყება). სამხედრო ტრიბუნალის განაჩენი ლ. ბ-თან მიმართებაში ძალაში იქნა დატოვებული ამიერკავკასიის სამხედრო პროკურატურის 1959წ. 27 იანვრისა და საქართველოს პროკურატურის 1963წ. 23 აპრილის დადგენილებით და მიიჩნია, რომ ვლ. ბ-ი მსჯავრდებული არ ყოფილა ყალბი ბრალდების საფუძველზე. რის გამოც ლ. ბ-ის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო. ასევე მიუთითა, რომ, ვინაიდან ვ. ბ-ი სისხლის სამართლის საქმეზე რეაბილიტირებული არ ყოფილა სასამართლო წესით, ამიტომ აღნიშნული კანონის საფუძველზე პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება უსაფუძვლო იყო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ბ-მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორი აღნიშნავს, რომ განჩინება მიღებულია სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევებით. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. არასწორად განმარტა კანონი, რაც გამოიხატება შემდეგში: სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ თითქოსდა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით არ იყო დადასტურებული ვ. ბ-ისათვის მსჯავრის დადება ყალბი ბრალდების საფუძველზე და მიუთითა კანონის 4.2 მუხლის მოთხოვნაზე: “პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება პირი, რომელიც ჩადენილი იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბი ბრალდების საფუძველზე, რაც დაკავშირებული იყო პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან, მაშინ, როდესაც ამავე კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრ კავშირის ტერიტორიაზე 1921წ. 21 თებერვლიდან 1990წ. 28 ოქტომბრამდე”. ამასთან, აღნიშნული კანონი არ ითვალისწინებს პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების საფუძვლად მისი რეაბილიტაციის შესახებ დოკუმენტის არსებობას. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს საკითხის განხილვისას უნდა გამოეყენებინა კანონის მე-3 მუხლი და მე-4 მუხლის “ა” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელმაც უშუალოდ განიცადა პოლიტიკური რეპრესია და რომელიც მსჯავრდებული იყო ანტისაბჭოთა და კონტრევოლუციური აგიტაციისა და პროპაგანდისათვის, კონტრევოლუციური და მმართველობის წესის საწინააღმდეგო სსრ კავშირისათვის საშიში სხვა დანაშაულისათვის.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევებით. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. არასწორად განმარტა კანონი. გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ლ. ბ-ის მამა, ვ. ბ-ი, საქართველოს შინსახკომის ჯარების სამხედრო ტრიბუნალის 1943წ. 18 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 58.2 მუხლით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. მას ბრალად დაედო შეიარაღებულ აჯანყებაში მონაწილეობა, რომელიც მიმართული იყო საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ და მიზნად ისახავდა საქართველოს გამოყოფას სსრკ შემადგენლობიდან. ვ. ბ-ი გარდაიცვალა 1954წ. 15 აგვისტოს თავისუფლების აღკვეთის ადგილზე (ყაზახეთში).

სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის 4.2 მუხლის მოთხოვნაზე, რომლის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება პირი, რომელიც მსჯავრდებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბი ბრალდების საფუძველზე, რაც დაკავშირებული იყო პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან, არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ და რელიგიურ კუთვნილებასთან და მიიჩნია, რომ ვ. ბ-ი მსჯავრდებული არ ყოფილა ყალბი ბრალდების საფუძველზე, რის გამოც ლ. ბ-ის მოთხოვნა მისი მამის, ვ. ბ-ის, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ უსაფუძვლო იყო. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ზემოაღნიშნული კანონის 4.2 მუხლი. ვ. ბ-ისათვის წაყენებული ბრალდების საფუძვლიდან გამომდინარე, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა კანონის 4.1 მუხლით, კერძოდ, კონტრევოლუციური და მმართველობის წესის საწინააღმდეგო სსრ კავშირისათვის საშიში სხვა დანაშაული, რადგან იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 58.2 მუხლი, რომლითაც ვ. ბ-ი იქნა მსჯავრდებული, სწორედ აღნიშნულ საფუძველს ითვალისწინებდა.

“საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა _ სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებით ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დასახლების ადგილებში, საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება, ასევე, კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა ან თავისუფლებების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით, სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან, ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ, ან რელიგიურ კუთვნილებასთან. აგრეთვე, ამ კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულების ფორმები. ამავე კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელმაც უშუალოდ განიცადა პოლიტიკური რეპრესია.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ. ბ-ი მსჯავრდებულ იქნა საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში, რაც გამოიხატა საბჭოთა წყობილების დასამხობად შეირაღებული აჯანყების მოწყობით (სსკ 58.2), მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, ჩამოერთვა ქონება და პოლიტიკური უფლებები 5 წლის ვადით, დაიღუპა გადასახლებაში (ყაზახეთში) 1954წ. 15 აგვისტოს.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.

ასევე, საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ვ. ბ-ი რეაბილიტირებული არ ყოფილა სასამართლოს წესით. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მისი მამის, ვ. ბ-ის, აღიარება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად და მასზე, როგორც მემკვიდრეზე, კანონით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიების გავრცელება.

“საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განცხადება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ განიხილება ამ კანონით და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამდენად, აღნიშნული ნორმის საფუძველზე სასამართლოს თავად უნდა გადაეწყვიტა ვ. ბ-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების საკითხი, რადგან ასეთი მოთხოვნა დაყენებული იყო განსახილველ სარჩელში და შემდეგ გადაეწყვიტა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული გარდაცვლილი პირის _ მემკვიდრის შრომისუუნარო ან საპენსიო ასაკს მიღწეული შვილის სოციალური დაცვის გარანტიების მინიჭების უფლება (მუხლი 12).

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.